რეიტინგების თემა რომ გავაგრძელოთ... - კვირის პალიტრა

რეიტინგების თემა რომ გავაგრძელოთ...

რეიტინგების თემა რომ გავაგრძელოთ, წინა კვირის დასაწყისში ტელეკომპანია "იმედის” ეთერში გასული სიუჟეტი აუცილებლად უნდა ვახსენოთ. ამ სიუჟეტით გვამცნეს, რომ ამომრჩეველთა 60 პროცენტი სააკაშვილის მესამე ვადით არჩევის მომხრეა. თუმცა სიუჟეტის მსვლელობის დროს გაირკვა, რომ გამოკითხვაში მონაწილე ამომრჩევლებს კითხვა ასე დაუსვეს: ვის ისურვებდით "ნაციონალური მოძრაობის” საპრეზიდენტო კანდიდატად მომავალ არჩევნებზე? ეს ხომ ორი სხვადასხვა რამეა! მიუხედავად ამისა, სიუჟეტის მსვლელობის დროს ეკრანზე წარწერა ჯიუტად გვამცნობდა, რომ ამომრჩეველთა 60 პროცენტი სააკაშვილის მესამე ვადით არჩევის მომხრეა. თვით სიუჟეტში კი რესპონდენტები ლაპარაკობდნენ იმის შესახებ, რომ ეს გამოკითხვა მხოლოდ ადასტურებს მმართველ პარტიაში კადრების კრიზისის არსებობას, ანუ ნაცმოძრაობაში სააკაშვილის გარდა სხვა ლიდერი ვერ გამოიზარდა. მთავარი კითხვა, რომელიც ამ სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ გაჩნდა, ასეთია: - რისი თქმა უნდოდა ამ სიუჟეტით ტელეკომპანია "იმედს”, იმის, რომ მმართველ პარტიაში კადრების კრიზისია? ეჭვი მეპარება. მართალია, სიუჟეტის ბოლოს ისიც შეგვახსენეს, რომ საქართველოს კონსტიტუცია სააკაშვილს მესამე ვადით არჩევის საშუალებას არ აძლევს, მაგრამ თუ გონებას კარგად დავძაბავთ, უსათუოდ გაგვახსენდება, რომ უკვე არსებობს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, რომელმაც სრულიად ახალი კონსტიტუცია უნდა დაწეროს. მესამე ვადით არჩევა არა, მაგრამ თუ ახალი კონსტიტუციით საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკად გამოცხადდა (სადაც პირველი პირი უკვე არა პრეზიდენტი, არამედ პრემიერ-მინისტრია), მაშინ ეს სიუჟეტიც გაგახსენდებათ.

რეიტინგია თუ ქოთანი?

ახალი წლის მოახლოება და სხვადასხვა რეიტინგის გამოქვეყნება ერთი იყო. ჯერ სამთავრობო მედიასაშუალებებმა გაგვიხარეს გული, როდესაც გვამცნეს, რომ ამერიკულმა ფონდმა  Heritage  Foundation-მა "ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი - 2010" გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 179 ქვეყანას შორის საქართველო 26-ე ადგილზე განთავსდა და გასული წლის მაჩვენებელი 6 საფეხურით გააუმჯობესა. საქართველო "ძირითადად თავისუფალი ეკონომიკის" მქონე ქვეყნების რიგებში მოექცა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან მხოლოდ ესტონეთს ჩამორჩება.

ამ ამბით გახარება და ტკბობა ვერ მოვასწარი, რომ სხვა საინფორმაციო საშუალებებმა თავზე მეხი დამატეხეს: "საქართველომ არშემდგარი ქვეყნების სიაში 33-ე ადგილი დაიკავა. ამის შესახებ ამერიკული "მშვიდობის ფონდის" მიერ გამოქვეყნებულ მეხუთე ანგარიშშია ნათქვამი. 2009 წელს საქართველო ისეთი არშემდგარი ქვეყნების გვერდით აღმოჩნდა, როგორიც ზიმბაბვე, სუდანი, კონგო, ავღანეთი, ირანი, სომალი, ბურკინა-ფასო და სხვა მსგავსი ქვეყნებია. საგანგაშო კატეგორიაში სულ 38 ქვეყანა მოხვდა. "მშვიდობის ფონდის" არშემდგარი ქვეყნების ინდექსი ამა თუ იმ ქვეყნებში არსებული რისკების მაჩვენებელს ეყრდნობა, რაც თავის მხრივ, ფონდის პროგრამული უზრუნველყოფით (СAST Software) ათასობით სტატიასა და მოხსენებაზეა დაფუძნებული.

თქვენი არ ვიცი და მე კი ძალიან დავიბენი. ბოლოს და ბოლოს, ვვითარდებით, თუ ისევ ერთ ადგილს ვტკეპნით და ისევ ვერ შევდექით როგორც ქვეყანა?! თუ არშემდგარი ქვეყანა ვართ, ეკონომიკის მხრივ წინ როგორ მივიწევთ. თუ წინ მივიწევთ, მაშინ როგორ შეიძლება არშემდგარი ქვეყანა ვიყოთ? ერთ დასკვნამდე მივდივარ: ან გვატყუებენ, ან ეს რეიტინგები ქოთანივითაა.

"დათვის ტყავში”

ახლა სწორედ ეკლესია ითვლება მთავარ შემაერთებლად, რომელიც რუს და ქართველ ხალხს აკავშირებს... ჩვენ შეგვიძლია, გავაკეთოთ ყველაფერი, რათა შენარჩუნდეს და გაძლიერდეს კავშირები რუს და ქართველ ხალხებს შორის, - განაცხადა რუსეთის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელმა, არქიეპისკოპოსმა ილარიონმა, როდესაც რუსეთის პატრიარქის საქართველოში შესაძლო ვიზიტის შესახებ გვამცნო. "ხალხთა შორის მეგობრობა უნდა აღდგესო, არადა სულ უფრო ხშირად მაწვალებს კითხვა: საჭიროა კი რაიმე სახის ურთიერთობის აღდგენა რუსეთთან? იქნებ ჩვენი ხსნა სწორედ არა მარტო დიპლომატიური, არამედ ყველა სახის, მათ შორის კულტურული ურთიერთობების გაწყვეტაშია? იქნებ რუსეთისგან თავს მხოლოდ მაშინ დავიხსნით, როდესაც რუსებს საერთოდ დავავიწყდებით? დაავიწყდებათ, როგორც საცივის გემო, ისე "სულიკოს” მელოდია? თორემ ვიდრე ახსოვთ, მოდიან ტანკებით, მოგვენატრეთო. კი ბატონო, კეთილშობილური მოწოდებაა - ვიმეგობროთ რუს ხალხთან, მაგრამ საქმეც იმაშია, რომ მათ მეგობრობა სულ სხვანაირად ესმით. მათთვის მეგობრობა მათი გავლენის ქვეშ ყოფნას ნიშნავს, რადგან იგი "დერჟავაა”, შენ კიდევ - მისი ყოფილი კოლონია. ამიტომ რუსთან, ვიდრე იგი იმპერიალისტურ ამბიციებს არ დაემშვიდობება, არც მეგობრობა მინდა და არც "კავშირების გაძლიერება”. ჩემი თუ არ გჯერათ, აგერ აკაკი წერეთელს მაინც მოუსმინეთ, საუკუნის წინ რომ თქვა: "დამეხსენი, ჩრდილოელო! რა მაქვს შენთან საზიარო? თვით ოხერო, მოუვლელო, როგორ გინდა მომიარო? ბუნებისგან დაჩაგრული, განა შესძლებ მეგობრობას?! მოშხამული, ცივი გული  სხვას რას გასწევს, თუ არ მტრობას?! წლიდან წლამდე უცნაურად გეყინება ტვინი თავში! უნდა ძალაუნებურად ეხვეოდე დათვის ტყავში!..”

ქართველი მწერლების თემა რომ გავაგრძელოთ...

აკაკი თუ საუკუნის წინ წერდა, - დამეხსენი, ჩრდილოელოო, თანამედროვე ქართველი მწერლების ნაწილი სულ სხვანაირად ფიქრობს. აგერ პარასკევს, "რუსთავი 2”-ის ეთერში აფხაზეთიდან დევნილმა ქართველმა პოეტმა გენო კალანდიამ განაცხადა, - რუსეთთან უნდა ვიმეგობროთ და ურთიერთობა აღვადგინოთ. რომ არ გვქონდა კარგი ურთიერთობა, იმიტომაა ახლა მე რომ ლტოლვილი ვარო. მოკლედ, ისევ ჩვენი ბრალი ყოფილა, აფხაზეთი რომ რუსებმა წაგვართვეს, თორემ ჩვენ რომ "ჭკვიანად ვყოფილიყავით”, იცხოვრებდა ისევ ბატონი გენო მშვიდად სოხუმში. აი, ასე ბატონო! ჩვენ მოგვივიდა ზედმეტი, გადავაჭარბეთ და დამოუკიდებლობა მოვინდომეთ (აბა მაშინ, როდესაც რუსეთმა აფხაზეთი წაგვართვა, ჩვენ ჯერ არც ნატოსკენ ვიქაჩებოდით და არც ამერიკისკენ. ერთადერთი, რაც გავაკეთეთ, დამოუკიდებლად ცხოვრება გადავწყვიტეთ). ეს ყველაფერი ბატონმა გენომ იმ სიუჟეტში თქვა, რომელიც ალექსანდრე ებრალიძის მიერ ქართველი მწერლებისთვის დაწესებულ პრემიას ეხებოდა. როგორც "რუსთავი 2”-მა გვამცნო, ალექსანდრე ებრალიძეს დაუწესებია ლიტერატურული პრემია "დავით აღმაშენებელი”. საპრიზო ფონდი ასი ათას ლარს აღწევს (პირველი პრემიის მფლობელი 25 ათასს მიიღებს). ჰოდა, არც ქართველი მწერლების ნაწილს გაუშვია შანსი ხელიდან და წარუდგენიათ თავიანთი ნაწარმოებები ამ პრემიაზე (დაახლოებით ასამდე ავტორს!). ბატონმა გენომ ისიც თქვა, - დავით აღმაშენებლის სახელობის პრემიაა და უარი როგორ მეთქვაო. ან ბატონი გენოა ძალზე გულუბრყვილო, ან ჩვენ ვგონივართ სულელები. ალექსანდრე ებრალიძე ვინცაა, ყველამ ვიცით: კრიმინალური წარსულის მქონე პეტერბურგელი მილიონერი, ვისაც პუტინის ხელდასხმით საქართველოს პრეზიდენტობა განუზრახავს. ამისთვის კი მას ქართველი ინტელიგენციის მხარდაჭერა ნამდვილად დასჭირდება. ჰოდა, ახლა ამ მხარდაჭერის მოპოვებას დიდი ფულით ცდილობს.