აჟვრაცუარა - ჩვენს სისხლისმიერ ძმობას გაუმარჯოს! - კვირის პალიტრა

აჟვრაცუარა - ჩვენს სისხლისმიერ ძმობას გაუმარჯოს!

"დღეს აფხაზეთის ბატონ-პატრონი რუსია, აფხაზი აფხაზეთში აღარავის სჭირდება"

"მე აფხაზეთი აფხაზებისთვის მინდოდა და არა რუსებისთვის"

"თქვენ იცით, რა არის მთვრალი რუსი?"

ორი წლის წინ აფხაზეთში ვიყავი და არცთუ დაიმედებული დავბრუნდი სოხუმიდან - აფხაზებს ქართველების ხსენებაც კი არ უნდოდათ. სოხუმიდან თბილისში მომავალს აფხაზმა მძღოლმა ოსებისა და აფხაზების ძმობაზე დაწერილი სიმღერებით გამომიჭედა ყურები. იცით, რამ გამაკვირვა? ამ კაცს ძმა ჰყავდა მძიმედ დაავადებული, ქართველები მის გადარჩენას, უსასყიდლოდ ოპერაციის გაკეთებას ჰპირდებოდნენ, მაგრამ უარი თქვა, ქართველების ნამკურნალებ ძმას, გვირჩევნია, მოკვდესო... მაშინ აფხაზეთში მყოფს ვერ წარმომედგინა, რომ ძალიან მალე აფხაზები ქართველებთან შერიგებაზე ფიქრსა და გზების ძებნას დაიწყებდნენ. ახლა თბილისში რამდენიმე კვირის წინ აფხაზეთიდან გადმოსულ აფხაზურ ოჯახს უნდა ვესტუმრო. ბუნებრივია, ვღელავ. რას ვეტყვი მათ, ვიცი, მაგრამ რას მეტყვიან ისინი?..

"შობას გილოცავთ!" - ვეუბნები მასპინძლებს და საშობაო სუფრას მივუსხედით. ვარღვევ ტრადიციას და თამადას ვთხოვ, სადღეგრძელო დამითმოს. აფხაზი და ქართველი ხალხის შერიგებისა იყოს-მეთქი! აფხაზებიც მეთანხმებიან და მე და აფხაზი მასპინძელი ვახტანგურად ვსვამთ სადღეგრძელოს. ვატყობ, სათქმელი ბევრი გვაქვს ერთმანეთისთვის. სუფრას შავებში ჩაცმული აფხაზი ქალი ემსახურება. "ეს ჩემი დაა, რომელსაც 17 წლის შემდეგ შევხვდი თბილისში", - მეუბნება თანამესუფრე აფხაზი ძაბავა. ამ ერთი ოჯახის ამბავი კარგად ასახავს, რა  ტრაგედია დაგვატყდა თავს ჩვენ - ქართველებსა და აფხაზებს.

ტატიანა ძაბავა: - კოჩარაში, ქართველ კაცზე ვიყავი გათხოვილი. ომი რომ დაიწყო, ჩემი ქმარ-შვილი ბარიკადების ერთ მხარეს აღმოჩნდა, მამა და ძმები კი - მეორე მხარეს. 21 წლის შვილი აფხაზებმა მომიკლეს, მამა  - ქართველებმა. მამის სიკვდილი აქ, ლტოლვილობაში შევიტყვე. 17 წლის განმავლობაში არაფერი ვიცოდი ჩემს  ძმებზე. ახლა გავიგე, რომ ჩემი ერთ-ერთი ძმა ამ ომს შესწირვია. მეორე ძმა ახლა ოჯახიანად წამოვიდა აფხაზეთიდან. 17 წლის უნახავნი აქ შევხვდით ერთმანეთს. 6 იანვარს, დილით დამირეკეს და მითხრეს, ლილოს დასახლებაში გელოდებითო. ნასესხები ფულით, ტირილ-ტირილით გამოვიქეცი გარდაბნიდან (იქ ვარ ჩასახლებული) ძმის, რძლისა და ძმისშვილების სანახავად. თვითონ აფხაზს აფხაზებმა შვილი მომიკლეს, მაგრამ  ძმობის მადლს ვერავითარი სიმწარე ვერ დაუდგება წინ.

ნანი შაპკოვსკაია: - ორი წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა, მე, აფხაზი, ქართველებთან შერიგებასა და საქართველოში წამოსვლაზე ვიფიქრებდი, დიდ შეურაცხყოფას მივაყენებდი. მთელი არსებით მძულდა მიხეილ სააკაშვილი, აბა, რომელ ნორმალურ ადამიანს შეიძლება უყვარდეს კაცი, რომელიც ბავშვებისა და მოხუცების განადგურების ბრძანებას იძლევა? ასეთი ინფორმაცია გვესმოდა ყოველდღე რუსული და აფხაზური ტელევიზიებით და რა უნდა გვეფიქრა?

ჩვენი ხალხი პოლიტიკოსების მზაკვრულ ჩანაფიქრს მაშინ ხვდება, როცა უკვე ხრამშია გადაჩეხილი. აფხაზეთში აფხაზებისა აღარაფერია, ყველაფერი რუსებს მიჰყიდეს. რაღა დამოუკიდებლობაა ეს? ჩვენი გაყოფა, ჩვენ შორის შუღლი მხოლოდ რუსს აძლევდა ხელს. არც აფხაზებსა და არც ქართველებს არ გვეყო გონიერება, რომ ძმები ერთმანეთს არ დავრეოდით. ვინ გააჩაღა ეს ომი, აფხაზებმა და ქართველებმა? რა თქმა უნდა, არა. ეს რუსების პროვოცირებული ომი იყო და დღეს ყველამ კარგად იცის. არც ქართველებისა და არც აფხაზებისთვის ამ ომს კარგი არაფერი მოუტანია. მშვიდობა და ერთიანობა კავკასიაში რუსეთისთვის მიუღებელია. ბუნებრივია, ეს ჯერ კიდევ არა აქვს გათავისებული ყველა აფხაზს. ამიტომ მინდა ჩემმა ნათესავებმა და ახლობლებმა გაიგონ, რომ ჩვენი, ქართველებისა და აფხაზების, გადარჩენის გზა ერთია. მე აფხაზად დავიბადე და აფხაზად მოვკვდები, არასოდეს გავხდები ქართველი, მაგრამ მინდა ჩემმა აფხაზებმა გაიგონ, რომ ჩვენ თავი გვაქვს გადასარჩენი. აფხაზეთის ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის, რა დღეში ჩააგდო აფხაზი ხალხი, მაგრამ სასიკვდილო მორევში ჩათრეულებს სხვა გზა და გამოსავალი აღარ გააჩნიათ.

- მიუხედავად ყველაფრისა, ასეთი ნაბიჯის გადადგმა არ იქნებოდა თქვენთვის იოლი. შეიძლება მოღალატედ შეგრაცხონ...

- უკვე ამუშავდა რუსული დეზინფორმაციული მანქანა. რამდენიმე წუთის წინ ჩემმა დამ დამირეკა აფხაზეთიდან და მითხრა, რას სჩადი, რატომ ლანძღავ აფხაზებსო? აფხაზების სალანძღავად ენა როგორ მომიბრუნდება? მოღალატეობას დამწამებენ, მაგრამ დრო აჩვენებს, ვინ არის მოღალატე. სიმართლე გითხრათ, ამ ნაბიჯის გადადგმა შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ გადავწყვიტე. გული მეწვის, როცა მახსენდება, რა სახლ-კარი დავტოვე. ღამეები არ მძინავს ამაზე დარდით. მინდა ჩემს ხალხს მივაწვდინო ხმა.

თამაზ ქუჩუბერია: - აფხაზეთში მშვიდად ცხოვრება უკვე წარმოუდგენელია. ახალგაზრდებს რუსი ჯარისკაცები ნარკოტიკებს სთავაზობენ. ერთ-ორ ჯერზე ჩუქნიან, შემდეგ კი, როცა ახალგაზრდა ნარკომანი ხდება, უკვე ყიდიან. განსაკუთრებით იმ ბავშვებს აძლევენ ნარკოტიკებს, ვისი მშობლებიც, ასე თუ ისე, შეძლებული არიან. ჩვენ დამოუკიდებლები ორი წლის წინ, "აღიარებამდე" ვიყავით.

რთული გზა გვექნება გასავლელი აფხაზებსა და ქართველებს. ჩემი ასაკის აფხაზებს ყველაფერი ესმით, მაგრამ ახალი თაობა  ამას ვერ იგებს. ისინი იდეოლოგიურად დაამუშავეს. არაფერი იციან იმის გარდა, რომ ქართველი მისი მოსისხლე მტერია. რუსები გვაყვედრიან, ვინ იქნებოდით ჩვენ გარეშე, ქართველები გადაგივლიდნენო.

ნანი შაპკოვსკაია: - ჩემი შვილიშვილებიც კი აღარ არიან უკვე  აფხაზები, მხოლოდ რუსული ენა იციან. მე აფხაზეთი აფხაზებისთვის მინდოდა და არა რუსებისთვის.

ჩემი დისშვილი, რომელიც სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა, ქართველებმა მოკლეს. დაჭრილი საწოლზე მიაბეს, სახლს ცეცხლი წაუკიდეს და ცოცხლად ჩაწვეს. რა ვქნათ ახლა, ერთმანეთს გავუხსენოთ ის ჭირი და უბედურება, რაც ერთმანეთს მოვწიეთ?

თამაზ ქუჩუბერია: - ექვსი თვე ქართველების ტყვე ვიყავი, ძმა ქართველებმა მომიკლეს, მაგრამ თანახმა ვარ, ნაბიჯი გადავდგა შერიგებისკენ. ეს ნაბიჯი ქართველების სიყვარულმა კი არა, უფრო ჩემი ერის გადარჩენის სურვილმა გადამადგმევინა. ვერც ერთი აფხაზი ვერ იტყვის, რომ მის ძარღვებში ცოტაოდენი მაინც ქართული სისხლი არ ჩქეფს. ჩვენ ერთმანეთზე ახლობელი არავინ გვყავს. როდესაც აქ მოვდიოდი, ჩემმა ახლობლებმა მითხრეს, სად მიდიხარ, შენი ძმა ხომ ქართველებმა მოკლესო. ქართველებმა უკვე გადმოდგეს შერიგებისკენ ნაბიჯი, მათ პატიება გვთხოვეს და მოდი, ჩვენც ვთხოვოთ პატიება-მეთქი. თუ აფხაზები ამას არ გავაკეთებთ, გავქრებით უბიხებივით - გავრუსდებით.

საღამოს 8-9 საათის შემდეგ ქუჩაში ბავშვების გაშვება არ შეიძლება. თქვენ იცით, რა არის მთვრალი რუსი? მისი ტვინი უკუღმა მუშაობს, დალოცვა გინებად ეჩვენება. ისედაც დიდ გულზე არიან და ამას ყოველ წუთს ვგრძნობთ. დღეს აფხაზეთის ბატონ-პატრონი რუსია, აფხაზი აფხაზეთში აღარავის სჭირდება.

ნანი შაპკოვსკაია: - მეგობარი მყავს რუსი. დამოუკიდებლობა რომ მივიღეთ, შევთავაზე, ნაკვეთი ეყიდა აფხაზეთში და ვაყიდვინე კიდეც. ახლა მირეკავს, ეს სად ჩამომიყვანე, ქუჩაში აფხაზები მეუბნებიან, ოკუპანტო, წადი აფხაზეთიდანო. მირჩევნია, გავყიდო სახლი და გავეცალო აქაურობასო.

თამაზ ქუჩუბერია: - მძიმედ ვიყავი დაავადებული და ნაცნობებმა მირჩიეს, საქართველოში გამეკეთებინა ოპერაცია. ოპერაცია ქართველმა ექიმმა გამიკეთა, თავისი სახსრებით, უკაპიკოდ. მერე პატარა ექსკურსიაც მოვიწყვე. მაინტერესებდა, რა ხდებოდა აქ. ხალხს დაველაპარაკე, მათ შორის აფხაზეთიდან დევნილებსაც. მაშინ დავრწმუნდი, რომ ქართველებს შურისძიება არ სურთ, არც ჩვენი ამოხოცვა აქვს ვინმეს განზრახული. ერთადერთი გზა ჩვენი გადარჩენისა შერიგებაა. ყოველდღე სანთელს ვანთებ და ჩვენს შერიგებაზე ვოცნებობ. ღმერთმა ქნას, აფხაზებს მალე გვეთქვას რუსების გასაგონად: "რუსებო, წადით აქედან, ჩვენ, ძმები, თვითონ მოვრიგდებით". სისხლი ჩვენ შორის აღარ უნდა დაიღვაროს. ამას რუსებმა ერთხელ უკვე მიაღწიეს, დარწმუნებული ვარ, კიდევ შეეცდებიან მას შემდეგ, რაც აფხაზეთიდან ყველაფერს გაზიდავენ, მილიარდებს იშოვიან. ვოცნებობ იმ დღეზე, როცა ქართველები და აფხაზები ენგურგაღმა-გამოღმა ნაპირს მოადგებიან, კედელს, რომელსაც დღეს რუსები აშენებენ, ერთად დაანგრევენ და ერთმანეთს ჩაეხუტებიან.

აფხაზებს ისტორიული გადაწყვეტილების მიღება მოგვიწევს და რაც შეიძლება სწრაფად. ვისთან ერთად გვირჩევნია ცხოვრება - ჩვენს სისხლისმიერ ძმებთან ერთად თუ იმ ხალხთან ერთად, ვინც უბიხები და შაფსუღები გადააშენა. წეღან ვთქვი, ჩემი ძმა ქართველებმა მოკლეს-მეთქი. დიდი სიმწარე გადავიტანე, მაგრამ მიუხედავად ამისა, მზად ვარ, დავივიწყო ყველაფერი. ომს თავისი კანონები აქვს და ვინ რა ჩაიდინა, ამის თვლა უაზრობაა. ქართველ ქალს აფხაზებმაც ხომ გადააყლაპეს მოკლული შვილის თვალი?! თუ ის ქალი მზად არის, აფხაზს მაინც გაუწოდოს ხელი და დაივიწყოს ყველაფერი, ჩვენ რაღა გვიდგას წინ?

KvirisPalitra.Geომარ ძაბავა: - ჩემს დას ქართველი ქმარი ჰყავდა, მისი შვილებიც ქართველები არიან. როგორ ვუთხრა ჩემს შვილებს, მამიდაშვილები თქვენი მოსისხლე მტრები არიან-მეთქი? ადრე თუ გვიან, ყველა აფხაზი მივა ამ დასკვნამდე, მაგრამ მეშინია, არ დავაგვიანოთ.

ალა, ქუჩუბერია: - ბავშვებს განათლებას ვეღარ ვაძლევთ, უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად იმხელა ქრთამია საჭირო, აფხაზი რომ ვერც იოცნებებს. როცა ვნახე, რა ხდებოდა ახალი წლის ღამეს ბათუმში, გული დამწყდა - ასეთი რამ ხომ შეიძლება სოხუმშიც მოწყობილიყო?

თამაზ ქუჩუბერია: -  აფხაზეთი საინფორმაციო ბლოკადაშია. რუსები ეტყვიან აფხაზებს სიმართლეს? აბა, გაბედე და ხმა ამოიღე? - ან ერის მოღალატედ გამოგაცხადებენ, ან ცოცხალს ვერ გაასწრებ. ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობით შეფუთეს აფხაზეთის ოკუპაცია. თავიდან საჩუქარი გვეგონა და რომ გავხსენით, ხელთ ოკუპაცია შეგვრჩა. აფხაზეთის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა უნდათ და რეფერენდუმის ჩატარებას აპირებენ საკითხზე - უნდათ თუ არა აფხაზებს რუსეთის შემადგენლობაში შესვლა. ბუნებრივია, რეფერენდუმი ისეთივე ძალადობრივი იქნება, როგორიც სხვა ყველაფერი დღევანდელ აფხაზეთში.

ინტენსიურად მიდის რუსების ჩამოსახლება აფხაზეთში. გადამდგარ სამხედროებს ქართველების ოჯახებში ასახლებენ. სომხები მასობრივად ყიდულობენ სოხუმში სახლებს. მალე აფხაზეთში აფხაზები უმცირესობაში ვიქნებით. თუ დროზე არ გაიღვიძეს აფხაზებმა, ქართველები მათ გადარჩენას ვეღარ შეძლებენ.

P.S დაბინდდა, ეს, ჩემთვის ალბათ, საუკეთესო შობა იყო - შობა აფხაზებთან ერთად. ჩემი მასპინძელი ბოლო სადღეგრძელოს სვამს - აჟვრაცუარა - ჩვენს სისხლისმიერ ძმობას გაუმარჯოს!