"ცხინვალის იზოლატორში კედელზე ქართულად ეწერა - "სააკაშვილის გამო ასე არ უნდა ვისჯებოდეთ" - კვირის პალიტრა

"ცხინვალის იზოლატორში კედელზე ქართულად ეწერა - "სააკაშვილის გამო ასე არ უნდა ვისჯებოდეთ"

21-ე საუკუნის "ლეკიანობა" - შეიძლება ასე ეწოდოს რუსი ოკუპანტებისა და ოსი სეპარატისტების ქმედებას კონფლიქტურ რეგიონში. სამწუხაროდ, ბოლო დროს ქართველ ჟურნალისტებსაც მოუწიათ ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში საკუთარი ნერვების გამოცდამ. 15 აპრილს TV-3-ის თანამშრომლები ე.წ. საზღვართან ახლოს რუსმა ოკუპანტებმა დააკავეს, მოგვიანებით კი ოს სეპარატისტებს გადასცეს. ცხინვალის იზოლატორში რამდენიმესაათიან პატიმრობაზე "კვირის პალიტრას" სეპარატისტების ერთ-ერთი მსხვერპლი ბელა ზაქაიძე ესაუბრა.

- მე და ჩემი მეგობრები ისეთი ადამიანების ხელში აღმოვჩნდით, რომლებისგანაც ყველაფერი იყო მოსალოდნელი.

მას შემდეგ, რაც ტყვეობა გამოვცადე, უფრო თანავუგრძნობ იმ ადამიანებს, რომლებიც კონფლიქტის რეგიონში ცხოვრობენ.

- როგორ მოხვდით ამ სიტუაციაში?

- პროდიუსერმა გორის რაიონის სოფელ აძვის მცხოვრებთა პრობლემების შესახებ სიუჟეტის გაკეთება მთხოვა. ჩავწერეთ რამდენიმე ინტერვიუ, რომლებშიც იქაურები წართმეულ სახნავ-სათესზე ლაპარაკობდნენ, ასევე წუხდნენ მე-6 საუკუნის ეკლესიის ბედზე, რომელიც ოკუპანტებმა თავიანთ ტერიტორიაზე მოაქციეს.

- ოკუპანტებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ე.წ. საზღვარი დაარღვიეთ.

- ჩვენ საზღვარი არ დაგვირღვევია. სოფელში ინტერვიუები რომ ჩავწერეთ, ეკლესიის გადაღება გადავწყვიტეთ და მისკენ მიმავალ გზას დავადექით, თან ადგილობრივი მცხოვრებიც გავიყოლეთ. გზაზე საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი შევამჩნიეთ და მისგან მოშორებით გავჩერდით. ასე რომ, ეგრეთ წოდებული საზღვარი არ დაგვირღვევია.

რუსები პირდაპირ საგუშაგოდან რომ წამოსულიყვნენ, დავინახავდით და გაქცევასაც შევძლებდით, მაგრამ ჩუმად მოგვიჭრეს გზა, ბუჩქებიდან გამოძვრნენ და გაქცევას აზრი აღარ ჰქონდა... გამოგვკითხეს, რას ვაკეთებდით მათ ტერიტორიაზე, გადაგვიღეს ფოტოები და წინასწარი დაკავების იზოლატორში წაგვიყვანეს. მხოლოდ ის გვითხრეს, რომ მოგვიანებით ოსებს გადაგვცემდნენ...

- ოსები როგორ გექცეოდნენ?

- ოსები უფრო აგრესიულები იყვნენ, ვიდრე რუსები, ერთი ეგ იყო, ტელეფონზე დარეკვის უფლება მომცეს.

- ცხინვალში რა პირობებში მოგიწიათ ყოფნამ?

- ცხინვალში შესვლისას ყველაზე მეტად ბეტონის ფილები დამამახსოვრდა წარწერებით: "რასია" და შუაში გულები, იქვე სააკაშვილის მისამართით სალანძღავი სიტყვებიც ეწერა. ოსებთან საბჭოთა კავშირის დროინდელი უშიშროების იზოლატორები დაგვხვდა. ჩაი და პური მოგვიტანეს და შემდეგ საკნებში შეგვიყვანეს. იქ ისეთი ანტისანიტარია იყო, ცუდად გავხდი. ცემას უფრო გაუძლებს ადამიანი, ვიდრე ასეთ ადგილზე დიდხანს გამომწყვდევას. საკანში ქართული წარწერები შევნიშნე - '"სააკაშვილის გამო ასე არ უნდა ვისჯებოდეთ". გულზე არავის ვეხატებოდით, თუმცა შეურაცხყოფა არ მოუყენებიათ. მეგონა, საზღვრის დარღვევისთვის გაგვასამართლებდნენ, ადმინისტრაციულ ჯარიმას გადაგვახდევინებდნენ და გამოგვიშვებდნენ, თუმცა უარესი მოხდა: ყველა იქაურმა მაღალჩინოსანმა ცალ-ცალკე დაგვკითხა. ბრალს გვდებდნენ ჯაშუშობაში, ფაქტებად კი ჩვენი გადაღებული რუსული საგუშაგოებისა და მესაზღვრეების ფოტოები მოჰყავდათ.

- სხვა ქართველი თუ იყო იზოლატორში?

- იზოლატორში ერთი ქართველი დაგვხვდა, უკვე ერთი თვეა, ჯურღმულში ჰყავთ. თურმე ოსების წინააღმდეგ იბრძოდა და არავინ იცის, როდის გაათავისუფლებენ. ჩვენც გვკითხეს, 2008 წლის ომში თქვენი ოჯახის წევრები ხომ არ მონაწილეობდნენო. ჩვენებებს, რაზეც ხელი მოგვაწერინეს, ფანქრით წერდნენ. როცა უნდათ, მაშინ წაშლიან და რაც უნდათ, იმას ჩაწერენ. ერთი ქართველი მოხუცი ჩვენ რომ გვიშვებდნენ, მაშინ მოიყვანეს(!).

უტა ბიწაძე