მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები

ჭრელი პეპლის პოლიტიკა

მაგარი სასაცილო ხელისუფლება გვყავს. ამ ხელისუფლებას უნდა ერქვას "ნურც მოფრინდები, ნურც გაფრინდები". ვერც ერთი საქმე ბოლომდე ვერ მიჰყავს. დაწერენ კარგ კანონპროექტს, მერე ატყდება ერთი ამბავი, ვიღაცას ეს არ მოსწონს, ვიღაცას - ის და საბოლოოდ იღებენ გამოშიგნულ კანონს. ასე დაემართა თვითმმართველობის კოდექსსაც. კარგი კანონი გააფუჭეს. იგივე დამართეს ახლახან ანტიდისკრიმინაციულ კანონსაც. საბოლოოდ კონსერვატორები ხომ შემოსწყრნენ ხელისუფლებას (ერთი სასულიერო პირი ყველა პარლამენტარს, ვინც ამ კანონს მხარს დაუჭერდა, ანათემაზე გადაცემით დაემუქრა), ასევე უკმაყოფილო დარჩნენ ლიბერალებიც. არასამთავრობოები სანქციების ნაწილის ამოღებას აპროტესტებდნენ. მოკლედ, ხელისუფლებამ ამ კანონით ვერც ერთი მხარე ვერ მოიმადლიერა.

და რა ვითარებაა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის საქმეში?

სრული ბაკქანალია! დეკემბერში ჰქონდათ შანსი, ახალი სამეთვალყურეო საბჭო აერჩიათ, მაგრამ ერთმანეთში ვერ შეთანხმდნენ; მეორე წრეზე წავიდნენ და ვიდრე ბოლოში გავიდოდნენ, ამასობაში საკონსტიტუციო სასამართლომ ძველი ბორდის წევრებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა ანტიკონსტიტუციურად ცნო. ახლა ასეთი ვითარებაა: გვყავს ძველი ბორდის 7 წევრი და თითქმის არჩეული ახალი ბორდი და კაცმა არ იცის, რა მოხდება. უმრავლესობა ზის და ფიქრობს, როგორ გამოძვრეს შექმნილი ვითარებიდან. აქ არ გამოდგება ანდაზა, სულელმა თავმა ფეხებს ძალა დაატანაო, მხოლოდ იმიტომ, რომ ჯაფა არა ფეხებს, არამედ ისევ თავს დაადგა. როგორ გინდა ასეთ ვითარებაში გამოსავალი იპოვო? საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ გასაჩივრდება, ახალი ცხრაკაციანი ბორდი თითქმის არჩეულია (ორი კაცია ასარჩევი). ვიღაცებმა თქვეს, ბორდის შემადგენლობა გავზარდოთ, ძველებიც იყვნენ და ახლებიცო. ასეთ შემთხვევაში საზმაუს კონტროლი ისევ "ნაციონალების" ხელში გადადის. ძველი ბორდი ხომ მათი დაკომპლექტებული იყო, ახალშიც სამი წევრი მათი კვოტით იქნება. ჰოდა, საბოლოოდ გამოვა ათი ექვსზე მათ სასარგებლოდ. ეს, ბუნებრივია, "ოცნებას" არ აწყობს...

და მორატორიუმი? წარმოიდგინეთ, ადამიანი თუ დამნაშავეა, მაგრამ არჩევნებში მონაწილეობს, არ დაიჭერენ. ჰოდა, რა გამოდის: ამომრჩეველმა დამნაშავე უნდა აირჩიოს საკრებულოს წევრად თუ გამგებლად? პრემიერმა - ვითომ მძიმე დანაშაულში ბრალდებულებს ეს არ შეეხებაო. და არამძიმე დანაშაულში ბრალდებული მერი კარგი იქნება?

მოკლედ, ასეთია იმ ხელისუფლების ბედი, ვინც ჭრელი პეპლის პოლიტიკას ატარებს - ყველა უკმაყოფილო ჰყავს.

რუსეთი უკან აღარ დაიხევს!

დღეს ბევრი ამტკიცებს, რომ უკრაინას ყირიმში უნდა ეომა და დონეცკის და სხვა ქალაქების დაკარგვის საფრთხის წინაშე აღარ დადგებოდა (ამით ირიბად მიშას მიერ 2008 წელს გადადგმული ნაბიჯის გამართლებას ცდილობენ). მე კიდევ პირიქით მგონია: ყირიმში რომ ებრძოლა უკრაინას, დონეცკი დღეს უკვე დაკარგული ექნებოდა. ყირიმში სწორედ იმიტომ არ იბრძოლეს, რომ რუსული არმიის გამკლავების ერთი ადგილი არ ჰქონდათ და თუ რუსეთი დიდი ძალით შემოვიდოდა (და ომის შემთხვევაში ასეც მოხდებოდა), ყირიმში აღარ გაჩერდებოდა (როგორც ჩვენთან არ გაჩერდა ცხინვალში და ლამის ნახევარი საქართველო დაიკავა), მთელ აღმოსავლეთ უკრაინას დაიკავებდა და საქართველოსგან განსხვავებით ამ დაკავებულ ტერიტორიებს აღარ დატოვებდა, რადგან საქართველოსგან განსხვავებით, იქ მოსახლეობის მხარდაჭერა ექნებოდა.

თუ ვინმე ფიქრობს, რომ რუსის ჯარმა 2008-ში თბილისი იმიტომ არ აიღო, რომ დასავლეთის შეეშინდა, ძალიან ცდება. ეს იმიტომ არ გააკეთა, რომ ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის გარეთ მათ მოსახლეობაში მხარდაჭერა ვერ დაინახეს. რომ აეღოთ თბილისი (რასაც აუცილებლად მოჰყვებოდა მსხვერპლი), მერე რა უნდა ექნათ? კარგი, სააკაშვილს ჩამოაგდებდნენ, მაგრამ ვის მოიყვანდნენ? რამდენ ხანს იქნებოდნენ თბილისში ტანკებით? ადრე თუ გვიან ხომ უნდა დაეტოვებინათ და ჩაეტარებინათ არჩევნები? მაშინ საქართველოში არც ერთი პრორუსული ძალა არ არსებობდა, ვისაც თუნდაც რაიმე რეიტინგი ექნებოდა. არც ბურჯანაძის პარტია იყო (თუმცა, ბურჯანაძე დღემდე ამტკიცებს, არა ვარ პრორუსიო), არც ნოღაიდელის პარტია და არც დღეს ასე მომრავლებული ევრაზიული კავშირის მხარდამჭერები ჩანდნენ. ამიტომ თბილისის აღებას მაშინ აზრი არ ჰქონდა.

დღეს სხვა ვითარებაა. დღეს რომ კონფლიქტი მოხდეს, რუსეთი უკან აღარ დაიხევს, რადგან აქ იმდენი მხარდამჭერი კი ეგულება, რომ შემდეგ პრორუსული ხელისუფლება დააფუძნოს.

უაზრო ნიჰილიზმი

ესე იგი, ყველას თავისი აზრი აქვს, თუ რატომ არ მივიდა ბევრი ხალხი აქციაზე "ჩვენ ვირჩევთ ევროპას". ზოგი ფიქრობს, იმიტომ, რომ ორგანიზატორებმა კლიპში კუკავა ჩასვესო. აგერ გაირკვა, რომ თავად ორგანიზატორები ყველაფერს "ნაცებს"' აბრალებენ: პარალელური აქცია დაგვიმთხვიეს და ვიღაცების თვალში ჩვენი აქციის ერთ პარტიასთან ასოცირება მოხდაო. მე კიდევ ვფიქრობ, რომ ბევრი ხალხი ამ აქციაზე მარტივი მიზეზით არ მივიდა: აქციის აზრი ვერ დაინახეს. დღეს ყოფილი ხელისუფლების მომხრეთა გარდა, მოსახლეობის სხვა ჯგუფში (კონკრეტულ ინდივიდებს არ ვგულისხმობ) არ არსებობს განცდა, რომ ჩვენს ევროპულ არჩევანს რამე ემუქრება და შესაბამისად, დასაცავიც რა იყო, ვერ გაიგეს.

ეს აზრი რომ გამოვთქვი, ბევრმა მომწერა, მშურს შენი ოპტიმიზმისო. მე კიდევ პირიქით, ვერ გავიგე, რას ეფუძნება ზოგიერთი ჩემთვის პატივსაცემი პიროვნების ნიჰილიზმი ჩვენი პროევროპული კურსის გამო. ერთადერთი არგუმენტი ასეთია: ასე ამბობდა იანუკოვიჩიც ბოლო დღემდე, ხელს მოვაწერ ასოცირების ხელშეკრულებასო... ეს რა არგუმენტია, ვერ გავიგე. რადგან იანუკოვიჩი ასე მოიქცა, ამიტომ ღარიბაშვილიც იმავეს იზამს?! განა ერთნაირია მაშინდელი უკრაინის მთავრობისა და დღევანდელი ჩვენი მთავრობის მდგომარეობა რუსეთზე დამოკიდებულების მხრივ?! ახლა, ვისაც იმის სჯერა, რომ ეს ხელისუფლება პუტინმა მოიყვანა და ივანიშვილს ორი მილიარდი გადაუხადა, მათთან კამათს არ ვაპირებ.

აგერ, კარასინსაც უთქვამს აბაშიძისთვის, არ ვაპირებთ საქართველოზე არანაირ ზეწოლასო. კარასინის კი არ მჯერა, კაცო, ლოგიკის მჯერა. ახლა, როცა უკრაინის ბედი წყდება, დანაწევრებული საქართველოს ასოცირება ადარდებს რუსეთს? ან როგორ უნდა მოახდინოს ზეწოლა? ჯავახეთში? მერე სომხეთი? აძლევს კი ხელს სომხეთს, რომელსაც უკვე ორ მეზობელთან საზღვარი აქვს ჩაკეტილი, ჩვენთან კონფლიქტი? სხვა საკითხია ნატო და მაპ-ი. თუმცა, მაპ-ს ჯერ არც არავინ გვპირდება. ამიტომ, ვფიქრობ, არ არის საჭირო უაზრო ნიჰილიზმის თესვა.