ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი
21-04-2014
ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი
სტრატეგიული შეჭიდება ევროპისთვის

პუტინმა ნატოს“მკვეთრად გაუვლო ის ზღვარი, რომლის გადაკვეთასაც თავის სასიცოცხლო ინტერესების შელახვად აღიქვამს და ყველაფერს გააკეთებს მის დასაცავად: ეს ზღვარი რუსეთის მეზობელ, შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებზე გადის. პუტინმა თქვა, რომ რუსეთი არ დაუშვებს მის გაძევება-შევიწროებას შავი ზღვის რეგიონში. ეს იყო პასუხი კითხვაზე, რომ თითქოს ნატო ავთვისებიანი სიმსივნის მსგავსად ევლება რუსეთს გარშემო და ახლა უკვე საქართველოსა და უკრაინის შესრუტვას ცდილობს.  სწორედ საქართველო და უკრაინა არიან შავი ზღვის ის ქვეყნები,
რომელთა დათმობას ნატოსთვის რუსეთი ცოცხალი თავით არ აპირებს. როგორც ჩანს, რუსეთის ამ პოზიციის გამოძახილი იყო პრეზიდენტ ობამას ამასწინანდელი განცხადებაც, რომ "ნატოს გაფართოება და მასთან უკრაინისა და საქართველოს მიერთება ახლო მომავალში არ იგეგმება".

ერთი შეხედვით, ყველაფერი ნათელია, მაგრამ თუ პროცესებს გრძელვადიან პერსპექტივაში განვიხილავთ, ჯერ ყველაფერი წინ
არის. ამ მხრივ საყურადღებოა პუტინის განცხადება ერთიანი ევროპის თაობაზე. მისი თქმით, სწრაფად ცვალებად და კონკურირებად მსოფლიოში ევროპა უნდა იყოს ერთიანი, რათა შეინარჩუნოს წამყვანი პოზიციები, გლობალური მოთამაშის როლი და შემდგომი ეკონომიკური ზრდის პერსპექტივები. ბუნებრივია, პუტინის წარმოდგენით ევროპის "შემკრების", "გამაერთიანებლის" როლი, ალბათ, რუსეთს მიეკუთვნება და ამ საქმეში პარტნიორად გერმანია და საფრანგეთი ეგულება. გასაგებია, რომ ამგვარად "შეკრებილ-გაერთიანებულ" ევროპაში ამერიკის ჰეგემონობის ადგილი აღარ არის. ეს არის, როგორც ჩანს, პუტინის გრძელვადიანი სტრატეგია, რომლის რეალისტურობასა და სიცოცხლისუნარიანობაში, რა თქმა უნდა, შეიძლება დავეჭვდეთ, მაგრამ თუ გავიხსენებთ, როგორ ცინიკურად უდგებოდნენ პუტინის მიერ დაანონსებული ევრაზიის კავშირის შექმნის იდეას და დღეს რამდენად რეალურია მისი კონტურები, უნდა ვივარაუდოთ, რომ არც ამ იდეის ხორცშესხმაზე დახარჯავს პუტინი ნაკლებ ძალისხმევას. ამასთან, კომფორტსა და კონფორმიზმზე ორიენტირებულ, არაიდეოლოგიზებულ ევროპაში, სადაც საინფორმაციო ბარიერები მორღვეულია, პუტინი ცდილობს მკვეთრად სტრუქტუირებული კონსერვატიული იდეოლოგიით შევიდეს - ტრადიციულ მორალსა და ეთიკაზე აპელირებით.

მაგრამ უკრაინაში განვითარებულ პროცესებში რუსეთის როლმა ხიბლში ჩავარდნილ ევროპელებსაც დაანახა რუსეთის რეალური სახე და ხელწერა: XXI საუკუნეშიც „ევროპის შემოკრების“ რუსული კონცეფცია სხვა ქვეყნების ტერიტორიების ექსპანსიასა და ინტერვენციას გულისხმობს. ეს მწარე სილა იყო რუსულ გაზზე დამოკიდებული ევროპისთვის, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ძლივს გადადგა რეალური ნაბიჯი და დაბლოკა რუსეთის გიგანტური პროექტის, "სამხრეთ ნაკადის" მშენებლობა, რომელიც ევროპისთვის გაზის მიწოდებას უკრაინის გვერდის ავლით აპირებდა. შეიძლება ითქვას, რუსეთისთვის დაწესებული სანქციებიდან ეს ერთ-ერთი, თუ ერთადერთი არა, ყველაზე რეალურია.

თითქმის იმავდროულად ვრცელდება საყოველთაოდ ცნობილი ზბიგნევ ბჟეზინსკის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ აშშ-მა რუსეთი ხანგრძლივ და ძალაგამომცლელ დაპირისპირებაში უნდა ჩაითრიოს უკრაინაში (იხ. გვ. 5). ეს გულწრფელობით გამაოგნებელი ინტერვიუ ზედმიწევნით ათვალსაჩინოებს შიშს რუსეთის ამბიციებისა და ევროპაში მისი გავლენის გაფართოების წინაშე.

რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ამერიკას დიდი შანსი აქვს, ევროპისთვის ბრძოლის ეს რაუნდი მოიგოს და ის რუსული საფრთხის წინაშე გააერთიანოს. ამ გზაზე მას ტაქტიკური უკან დახევაც უღირს, ნატოს გაფართოებაზე დროებითი უარის თქმით, მით უფრო, რომ ეს პერსპექტივა არც მის ევროპელ პარტნიორებს ხიბლავდათ, რომლებიც პარალელურად პუტინთან მეგობრობაში იყვნენ "შემჩნეულნი". თუმცა, იმავდროულად, "სამხრეთის ნაკადის" შეწყვეტით კიდევ უფრო იზრდება საქართველოზე გამავალი გაზსადენის მნიშვნელობა არა მარტო რუსეთისთვის, არამედ სწორედ რომ ევროკავშირისა და ნატოს ქვეყნებისთვის. ასე რომ, ფსონები ძალიან მაღალია.
ჯერი საქართველოს ხელისუფლებაზეა, რომ უკრაინის მსგავსად საქართველოც "დიდი საჭადრაკო" დაფის პაიკად და საჯილდაო ქვად კი არ იქცეს, არამედ მისი ხიბლი, როგორც ევროპის ენერგოუსაფრთხოების ალტერნატიული დერეფნისა და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონისა, მისთვის დივიდენდების მომტანი გახდეს და არა დიდი რეგიონული მოთამაშეების მორიგი შერკინების ობიექტი.

თენგო ბოჭორიშვილი
29 აპრილი 2014 12:11
ჩვენ უნდა აღვიქვათ რეალობა და ვაღიაროთ რომ რუსეთი პუტინის მოსვლის შემდეგ მსოფლიოს ერთერთ უძლიერეს სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა, მის დასუსტებას მინიმუმ 20 წელი დაჭირდება ისიც იმ შემთხვევაში თუ დასავლეთი მტკიცე, მიზანმიმართულ და სწორ პოლიტიკას გაატარებს, ამ ეტაპზე კი ეს არ ჩანს. რუსეთს ყავს ძლიერი ლიდერი, რომელმაც იცის რა უნდა და აქვს კონკრეტული გეგმა თავისი მიზნების განსახორციელებლად, ამ დროს კი დასავლეთში არ არიან რეიგანის, ტეტჩერის და კოლის ტიპის ლიდერები, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დასავლური პოლიტიკური ინსტებლიშმენტი მოეშვა და შეიძლება ითქვას ნელნელა ბიუროკრატიულ ჭაობში ჩაიძირა, ყველაფრიდან ჩანს რომ ისინი არ იყვნენ მზად რუსეთისთვის ადეკვატური პასუხის გასაცემად, მაშინ როცა პუტინი მოქმედებებს ეფექტურად და სწრაფად. აი ეს რეალობა უნდა დავინახოთ და აღვიქვათ სწორად, ჩვენს ხელისუფლებას მართებს გამოიჩინოს დიდი სიფრთხილე, რათა ამ სიტუაციაში მაქსიმალურად აიცილოს თავიდან პროვოკაციები და არავითარ შემთავევაში დაადგეს კონფრონტაციის გზას, რადგან ამ შემთხვევაში ჩვენი ქვეყანა უბრალოდ დასამარდება.
mindia
26 აპრილი 2014 14:23
ბატონ ვალერის ოღონდ ამერიკის (ნატოს, დასავლეთის) ლანძღვა მოასმენინე და პურს ნუ აჭმევ. ძალიან მარგინალურები არიან ჩვენი რუსეთუმეები. ახალი გეოპოლიტიკური რეალობა ნამდვილად მოდის, რომელშიც პუტინის რუსეთს თავისი ხუშტურების გატანის საშუალებას არავინ მისცემს. ამერიკა და ევროკავშირი ნელ-ნელა, მაგრამ მეთოდურად და რაც მთავარია ეფექტურად იწყებენ რუსეთისათვის ფრთების შეკვეცას. მიმაჩნია რომ საქართველოსათვის შესაძლებლობათა ფანჯარა იღება.

დიდი მადლობა ქალბატონ ხათუნას, შესანიშნავი ანალიზია.
hannibal
25 აპრილი 2014 11:54
პირველ რიგში, დიდი მადლობა ქალბატონ ხათუნას საინტერესო ანალიზისთვის.

"სამხრეთ ნაკადის" მშენებლობის დაბლოკვა არის პირველი საბრძოლო ოპერაცია გეოპოლიტიკურ ომში აშშს (სამწუხაროდ ევროპის ნაწილობრივი ჩართულობით) და რუსეთს შორის. შემდეგი შეიძლება იყოს ირანთან მიმდინარე მოლაპარაკებები, რომელიც თუ ნავთობზე ემბარგოს მოხსნით დასრულდა. ასევე ფიქალის გაზის აშშ დან ევროპაში ექსპორტი. წესით სადაო არ უნდა იყოს რომ გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთი ამ ეკონომიკურ ომს წააგებს, მაგრამ არის საკითხი რომ, მეორე მხარეს თუ სურს აქ გამარჯვება? რუსეთი დამარცხება მის დაშლას ნიშნავს - ქვეყნის შიგნით ოპოზიციის ფაქტიურად არ არსებობის პირობებში. ეს გამოიწვევს მის ტერიტორიაზე ქაოსს და უმართავ პროცესებს რაც ბირთვული იარაღის არსებობის პირობებში დიდი საფრთხის მატარებელია. ამიტომ ჩემი აზრით რუსეთს დაასუსტებენ ისევე როგორც ელცინის დროს რომ არ დაიშალოს და "ზესახელმწიფოს" ამბიციებიც გაუნელდეს.
ჩვენთვის ევრაზიული კავშირი არჩევანი არ შეიძლება იყოს, რადგან მას პერსპექტივა არ გააჩნია. ეს იქნება თავისუფალი და დემოკრატიული ქართული სახელმწიფოს მომავლის დასამარება.
ბატონი ვალერის პოზიცია სამწუხაროდ მარგინალურია. ამ პოზიციის ჯგუფის არსებობა საქართველოში შეიძლება რუსეთისთვის ახალი "შულავერის კომიტეტი" გახდეს.

რედაქტორის რჩევით