"ნაციონალური მოძრაობისთვის" რაღაცების პატიება მოგვიწევს" - კვირის პალიტრა

"ნაციონალური მოძრაობისთვის" რაღაცების პატიება მოგვიწევს"

"მთავრობაში პრემიერ-მინისტრის თაოსნობით ისეთი ჯანსაღი ვითარებაა, რაც საქართველოს მთავრობაში  არასდროს ყოფილა"

"ჩვენ საფრთხის მრავალ ვარიანტს განვიხილავთ"

"ყველაფერი კეთდება, რომ არ დავუშვათ ჯავახეთში ხელოვნური დაპირისპირების პროვოცირება"

"აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ვულოცავ ჩვენს შეიარაღებულ ძალებს, იმ სამხედრო დანაყოფებს, რომლებიც ავღანეთში შეხვდნენ ამ დიდ დღესასწაულს, სრულიად საქართველოს და ვუსურვებ, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, შეიარაღებული ძალების ძლიერებითა და დიპლომატიის ძალით, ჩვენი ტერიტორიული სხეულის გამთლიანება დაწყებულიყოს", - სააღდგომო მილოცვით დაიწყო ჩვენთან საუბარი თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ.

- ბატონო ირაკლი, როგორ შეაფასებთ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს, ეს ყველაფერი როგორ შეიძლება აისახოს საქართველოზე?

- უკრაინაში განვითარებული მოვლენები ამ რეგიონის ქვეყნებისთვის და უპირველესად, საქართველოსთვის, მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა. ყველას გვახსოვს, 2008 წელს რუსეთმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევისთვის სწორედ ამგვარი ნაბიჯი გადადგა. საქართველოს 20% ოკუპირებულია, შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის უსაფრთხო ერთი დღეც არ არსებობს. შეიძლება ითქვას, საგანგებო რეჟიმით ვმუშაობთ, ვაკვირდებით რუსეთის შეიარაღებული ძალების გადაადგილებას როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე რეგიონში; ვამუშავებთ ყველა შესაძლო საფრთხის სცენარს და მასთან გამკლავების გეგმებს. რაც შეეხება უკრაინას, ახლა მთავარი ამოცანაა ჩატარდეს საპრეზიდენტო არჩევნები, რადგან ქვეყანას მაღალი ლეგიტიმაციის მქონე პრეზიდენტი სჭირდება. ბოლო დროს განვითარებული მოვლენები აღმოსავლეთ უკრაინაში აშკარად კარგად დადგმული სცენარით მიმდინარეობს, რათა არ შედგეს არჩევნები. რაც შეეხება ნატოსა და აშშ-ს, ვფიქრობ, არავის აქვს ილუზია, რომ რუსეთსა და ნატოს შორის ბირთვული ომი გაჩაღდება იმის გამო, რაც ამ რეგიონში ხდება. ნატოს ქვეყნების პოზიციაა ეტაპობრივად მოხდეს დეესკალაცია და რუსეთზე იმოქმედონ ეკონომიკურ-ფინანსური სანქციებითა და სამხედრო შემაკავებლებით. დადგა დრო, როდესაც ნატომ პარტნიორ ქვეყნებსაც მიაქციოს ჯეროვანი ყურადღება. შავი ზღვის აუზში უნდა გახშირდეს სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა; დაიგეგმოს ერთობლივი წვრთნები პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის - საქართველოსთან ერთად.

- იქნება კი საკმარისი რუსეთის შეჩერებისთვის ეს ღონისძიებები? რამდენიმე დღის წინ მოვისმინეთ, როგორ დაემუქრა პუტინი ნატოს, ის მოგუდვით დაემუქრა რუსეთის მტრებს.

- პუტინმა კარგად იცის, თუ რუსეთი ნატოსთან დაპირისპირებაში ჩაერთო, ის განწირულია დამარცხებისთვის. რაც შეეხება საქართველოს, ცხადია, ჩვენ ვერ გავუმკლავდებით ასეთ გამოწვევებს. სწორედ ამიტომ ქართველმა საზოგადოებამ გადაწყვიტა, გახდეს კოლექტიური სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის - ნატოს წევრი ქვეყანა.

- ერთია - ჩვენი სურვილი, მეორე კი ევროკავშირი და ნატო რამდენად დროულად განიხილავენ ჩვენი ევროინტეგრაციის პერსპექტივას.

- ივნისში ხელს მოვაწერთ ასოცირების ხელშეკრულებას. სექტემბერში დაგეგმილ ნატოს სამიტზე კი მინდა ფრთხილი ოპტიმიზმით გითხრათ, რომ ამ სამიტზე საქართველო უფრო მიუახლოვდება ნატოს და ეს მოხდება არა დეკლარირებულად, არამედ ინსტიტუციურად და სამხედრო-ტექნიკურადაც. ქვეყნის არჩეული გზა შეუვალია და ამაზე ვერაფერი იმოქმედებს, მათ შორის - ვერც რუსეთის რიტორიკა.

- ანუ ფიქრობთ, რომ უელსის სამიტზე საქართველო მაპ-ს მიიღებს? ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ ამის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს.

- უახლოეს თვეებში გადაწყდება, თუ თანამშრომლობის რა ფორმატზე შეთანხმდებიან ნატო და საქართველო. ვაშაძის ნათქვამის კომენტირებას არ ვაპირებ, სწორედ წინა ხელისუფლების მცდარი პოლიტიკის შედეგია, რომ საქართველოს 20% ოკუპირებულია.

- ბოლო ხანს გამოითქმის ვარაუდები, რომ რუსეთი პროვოკაციის მოწყობას ჯავახეთში შეეცდება. აქამდე რუსი ექსპერტებისგან ხშირად გვსმენია, რომ რუსეთის მიზანია სომხეთთან პირდაპირი სახმელეთო კავშირის გაჭრა. ამგვარი რამ ცოტა ხნის წინ ამერიკის კონგრესის დაზვერვის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ როჯერსმაც განაცხადა.

- ჩვენ საფრთხის მრავალ ვარიანტს განვიხილავთ. ჯავახეთზე ვიტყვი, რომ აბსოლუტურად ლოგიკურია ამგვარი საფრთხე, რადგან რუსეთის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებს საჯაროდ განცხადებები აქვთ გაკეთებული. იმ ინფორმაციის მიხედვით, რაც თავდაცვისა და შს სამინისტროებს დღეს აქვთ, ჩვენ სიტუაციას ვაკონტროლებთ. ერთობლივი ოპერატიული მუშაობით ამ პროცესში ჩართული ადამიანური რესურსით ყველაფერი კეთდება, რათა არ დავუშვათ ჯავახეთში ხელოვნური დაპირისპირების პროვოცირება. რაც შეეხება ჩვენი მოქალაქეებისთვის რუსული პასპორტების დარიგებას, როგორც საგარეო და შს სამინისტროებიდან გვაქვს ინფორმაცია, საგანგაშო არაფერია. ჯავახეთის მოსახლეთა ნაწილს აქამდეც  ჰქონდა ორმაგი - ქართული და სომხური, ან ქართული და რუსული მოქალაქეობა, მაგრამ ამას ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხე არ შეუქმნია. საზოგადოებაში განხეთქილების შეტანის მიზნით ბოლო ხანს სოკოებივით მრავლდებიან ანტისახელმწიფოებრივი ორგანიზაციები. ეს რუსეთის მეთოდია, რისი გამოყენებაც უკვე სცადა აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში. რუსეთი ცდილობს, საგარეო კურსის თაობაზე საზოგადოებრივი აზრის გახლეჩით დაშალოს ეს საზოგადოება, რათა მერე თავისი გავლენა ადვილად მოგვახვიოს თავზე. სწორედ ასე მოიქცა უკრაინაშიც. ამას ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ ერთიანობა და მივცეთ საშუალება კონტრდაზვერვით ორგანოებს, შს სამინისტროს, იმოქმედონ კანონის შესაბამისად და მოახდინონ ამგვარი საფრთხეების პრევენცია.

- თქვენ ახსენეთ საგარეო კურსის თაობაზე საზოგადოებაში განხეთქილების საფრთხე. თვითონ ხელისუფლებაში თუ გაქვთ ამ საკითხზე ერთიანი პოზიცია?

- მთავრობა ამ საკითხზე ერთიანია, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საქართველო ნატოსა და ევროკავშირის წევრი გახდეს. საპარლამენტო უმრავლესობაში ზოგიერთი პარტიის წარმომადგენელი დეპუტატის დამოკიდებულება და შეფასებები შესაძლოა ცოტა სხვანაირია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამ საკითხზე კოალიციაში განხეთქილებაა. ტრაგიკულს ვერაფერს ვხედავ იმაში, თუ ზოგიერთი დეპუტატი ვერ აღიქვამს ადეკვატურად ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებს და ნატოსა და ევროკავშირში ჩვენი ინტეგრაციის მნიშვნელობას.

- შს მინისტრის განცხადება მოსალოდნელ არეულობაზე საგანგაშოდ არ მიიჩნიეთ. მაშ, რატომ გაკეთდა ეს განცხადება თუ საფუძველი არა აქვს?

- მე პოლიტიკური არასტაბილურობის საფრთხეს ვერ ვხედავ.

- ბოლო ხანს პრესა ხშირად წერს თქვენსა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის დაპირისპირებაზე. ვრცელდება ინფორმაცია თქვენს კავშირზე "ნაციონალურ მოძრაობასთან". თითქოს ცოტა ხნის წინ თქვენ თურქეთში გიგა ბოკერიას შეხვდით. ეს მართალია?

- ეს უსაფუძვლო ჭორებია. პოლიტიკოსი მუდმივად კარგავს რაღაცას და იძენს კიდეც. პოლიტიკოსის რეიტინგი ხან იზრდება და ხანაც იკლებს…- ეს არის პოლიტიკური ცხოვრება და სამწუხაროდ, მისი ნაწილი უსაფუძვლო მითქმა-მოთქმა და ჭორების გავრცელებაც არის. შემიძლია გითხრათ - მთავრობაში პრემიერ-მინისტრის თაოსნობით ისეთი ჯანსაღი ვითარებაა, რაც საქართველოს მთავრობაში თითქმის არასდროს ყოფილა.

- ერთ-ერთ ინტერვიუში ბრძანეთ, ირაკლი ღარიბაშვილი წინამორბედთა მსგავსად ინტრიგანი არ არისო, წინამორბედებში ბიძინა ივანიშვილიც იგულისხმეთ?

- იმ განცხადებას მივაყოლე ფრაზა, გამგები გაიგებს-მეთქი.

- რას იტყვით, თუ არჩევნების შემდეგ თავდაცვის მინისტრი შეცვალეს?

- მაშინ გეტყვით... ჯერჯერობით ამის წინა პირობა არ ჩანს.

- მარგველაშვილზე ივანიშვილის კრიტიკული განცხადებების შემდეგ ბევრი ფიქრობს, რომ მარგველაშვილი ცალკე პოლიტიკურ თამაშს თამაშობს.

- უსაფუძვლოა ლაპარაკი, თითქოს აღმასრულებელ ხელისუფლებაში საპრეზიდენტო და სამთავრობო შტოებს შორის ინსტიტუციური შეუთავსებლობაა.

- ვინაიდან ბოლო ხანს ხშირად იხსენებენ სააკაშვილის ხელისუფლებაში თქვენს საქმიანობას და იმჟამინდელ კავშირებს, იქნებ გვითხრათ, რა დამოკიდებულება გაქვთ "ნაციონალურ მოძრაობასთან" დღეს?

- "ნაციონალური მოძრაობის" წევრი არასდროს ვყოფილვარ. ვმსახურობდი საჯარო სამსახურში და ერთ-ერთი პირველი ვიყავი, რომელმაც დავინახე ის საფრთხე, რაც განუსაზღვრელი ძალაუფლების მქონე სააკაშვილისგან გვემუქრებოდა. ამიტომაც დავტოვე საჯარო სამსახური და ოპოზიციაში გადავედი.

მეცინება, როდესაც  "ნაციონალურ მოძრაობასთან" ჩემს კავშირებზე ლაპარაკობენ.

მე "ნაციონალურ მოძრაობას" აღვიქვამ როგორც უმცირესობაში მყოფ პოლიტიკურ ძალას, რომელთანაც არ უნდა გვქონდეს დაძაბული ურთიერთობა.

- საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ პარტიას არსებობის უფლებაც კი არ აქვს.

- კარგად მესმის მათი, ვისაც ძალიან ცუდად მოექცა სააკაშვილის ხელისუფლება; ვისაც დევნიდნენ და უდანაშაულოდ გამოამწყვდიეს ციხეში. ვიცი, რომ მათთვის ეს ძალიან მტკივნეული საკითხია და მინდა ვუთხრა: ჩვენი შვილების მომავლისთვის აუცილებელია, არ დავუშვათ ძალადობა პოლიტიკური ოპოზიციის მიმართ. ქვეყნის მომავლისთვის მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ ის საფრთხეები, რაც ქვეყანას ემუქრება და არ დავანახოთ სამყაროს, რომ შიგნიდან ვართ გახლეჩილი. აქედან გამომდინარე, მოთმინება და "ნაციონალური მოძრაობისთვის" რაღაცების პატიება მოგვიწევს. ეს შემიძლია მე ვთქვა, რადგან შევძელი და ვაპატიე აფხაზებს, რომლებმაც მამა დამიხვრიტეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წინასაარჩევნოდ მორატორიუმი გამოვაცხადეთ. ეს იდეა მთავრობის სხდომაზე გაგვიზიარა ირაკლი ღარიბაშვილმა, რასაც ყველა დავთანხმდით. მორატორიუმი სრულად უნდა შესრულდეს და საარჩევნო კამპანიის წარმართვის საშუალება ყველას უნდა მიეცეს.

ნათია დოლიძე