"სააკაშვილი ფლანგებიდან გაგვეპარა" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილი ფლანგებიდან გაგვეპარა"

"კაცი გვეუბნებოდა, პარიზში წაგიყვანთო და კასპში ჩაგვიყვანა"

"ხომ არ დაგავიწყდათ, რომ უგულავა ნაძარცვი მანქანით დადიოდა"

"2010 წლის ადგილობრივი არჩევნები სამკვდრო-სასიცოცხლო იქნება"

"თურმე როგორც ძველი მანქანები, ახლანდელი მაღალჩინოსნების ძველი  ცოლებიც არ შეესაბამებიან ქმრების ახალ თანამდებობებს"

"ახალ წელს რომში საგანგებო დღესასწაულები - სატურნალიები იმართებოდა, ბატონები ერთი დღით მონები ხდებოდნენ, მონები კი - ბატონები. მონებს ეს დაამახსოვრდათ როგორც სასწაული.  ძველი დროიდან შემორჩა ეს განცდა და ამიტომაც ველით ყველა, რომ ახალ წელს სასწაული შეიძლება მოხდეს. მართალია, საქართველოში ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ოპტიმიზმი წამართვან, მაგრამ ახალ წელს მაინც ზომიერი ოპტიმიზმით შევხვდი", - გვითხრა რესპუბლიკური პარტიის წევრმა ლევან ბერძენიშვილმა, რომლის თქმითაც, 2009 წელი ძალიან საინტერესო იყო:

KvirisPalitra.Ge- ამ წელს ოპოზიციამ და საზოგადოებამ ვცადეთ, ხელისუფლება შეგვეცვალა  და როდესაც ეს არ მოხდა, 26 მაისს მთელი საქართველო შეიკრიბა სტადიონზე. ამას მოჰყვა სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე, რომელიც ოპოზიციის ოპერატიული მუშაობით თავიდან იქნა აცილებული. ამის მერე ხალხმა ხელი ჩაიქნია და ბევრის, განსაკუთრებით კი რადიკალურად განწყობილი ოპოზიციური პარტიების რეიტინგი მკვეთრად დაეცა. ქართველმა საზოგადოებამ კრიტიკული აზროვნების უნარი გამოამჟღავნა. ამოქმედდა მსოფლიო უნივერსალური კანონი: "დაგვპირდი და ვერ გააკეთე? არ მიყვარხარ". აქ აღარ მოქმედებს კანონი: "პოლიტიკოსმა რაც უნდა ქნას, მაინც მომწონს". ვიმედოვნებ, ოპოზიციაზე ნავარჯიშევი საზოგადოება უსათუოდ გადავა ხელისუფლებაზე და მასაც მოსთხოვს დანაპირების შესრულების ანგარიშს. ეს მაძლევს ზომიერი ოპტიმიზმის საფუძველს.

იყო ილუზია, რომ ხელისუფლების შეცვლა არაპოლიტიკური მოქმედებითაც შეიძლება, რომ შეიკრიბებიან ჭკვიანი კაცები (რომლებიც რომელიმე პარტიის წევრები არ არიან) და შეცვლიან ხელისუფლებას. გადაიდგა ისეთი გაუაზრებელი ნაბიჯები, რაც პოლიტიკურ ორგანიზაციაში არაფრით არ მოხდებოდა (რადგან იქ კოლექტიური მმართველობაა და  ნაბიჯის გადადგმამდე მისი განხილვაა საჭირო). მაგალითად, უსუფაშვილი ვერ გადახტება პოლიციის ეზოში. ასეთი ნაბიჯის გადადგმამდე უნდა იკითხოს და თუ პარტია დაავალებს, გადახტება კი არა, გადავაგდებთ. პოლიტიკური პარტიები რომ აუცილებელია, იმათაც დაასკვნეს, ვინც ადრე ასე არ ფიქრობდა. თუ ლევან გაჩეჩილაძე აცხადებდა, არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი არ ვიქნებიო, დღეს ის ფორმალიზებული საზოგადოებრივი მოძრაობის, "დაიცავი საქართველოს" წარმომადგენელია და აღარ არის ერთი ოჯახიდან მოსული კაცი.

- ადგილობრივ არჩევნებს ხალხი ინტერესითა და იმედით ელის. გაზვიადებული ხომ არ არის მისი მნიშვნელობა?

- 2010 წლის ადგილობრივი არჩევნები სამკვდრო-სასიცოცხლო იქნება, რადგან პირდაპირი წესით პირველად ვირჩევთ მერს. აქამდე უგულავას არ გაუგონია არც სამართლიანი, არც უსამართლო კრიტიკა და როდესაც პიარბრძოლა დაიწყება, კრიტიკას არც ერთი კანდიდატი არ დააკლებს. ბევრ კონკრეტულ ფაქტს გავაცნობთ საზოგადოებას.

მაგალითად, მე დავინტერესდებოდი "კმარას" დაფინანსებითა და ამ საქმეში უგულავას მონაწილეობით, სწორად დახარჯა ფული თუ მოიპარა. ნუ ჰგონია, რომ ეს ვინმეს დაავიწყდა. აქამდე უგულავა უმნიშვნელო ფიგურა, სხვისი დანიშნული კაცი იყო. თუ პირველობა უნდა, ბევრი რამის გაგონება მოუწევს. ბევრ შემთხვევაში უსამართლო კრიტიკა და ტყუილიც იქნება, მაგრამ პოლიტიკაში ასეთი რამ ხდება, ასევე ჩაერევიან მის პირად ცხოვრებაში.

- განა პოლიტიკოსს პირადი ცხოვრების უფლება არა აქვს?

- რამდენიც უნდა, იმდენი ცოლი მოიყვანოს და გაეყაროს, მაგრამ როდესაც ტენდენციაა, რომ თანამდებობაზე დანიშვნისთანავე ყველამ ცოლი უნდა გამოცვალოს, ეს კითხვას ბადებს. თურმე როგორც ძველი მანქანები, ახლანდელი მაღალჩინოსნების ძველი  ცოლებიც არ შეესაბამებიან ქმრების ახალ თანამდებობებს. ზოგიერთს ურჩევნია, მოდელი მოიყვანოს ცოლად, ვიდრე ჰყავდეს ძველი ცოლი, რომელიც ქმარს დასცინის და ვერ ამჩნევს, რომ ამაღლდა მისი მეუღლე.

თანამდებობა განსაცდელია და ის მეტად უნდა ამყარებდეს ოჯახურ კავშირს. ადამიანი ჭირსა და ლხინში გამოიცდება, მეგობარი კი ლხინში. მეგობარს შენი კარგი რომ არ გაუხარდება, ისაა პრობლემა, თორემ ჭირში მეგობარი კი არა, მტერი გეუბნება სამძიმარს.

- კითხვები, ალბათ, ირაკლი ალასანიასთანაც იქნება. ხშირად გვესმის მისი "კულინარიელობის" ამბავი და ისიც, რომ მას ორი მოზარდის გაუჩინარებაში მონაწილეობასაც სდებენ ბრალად.

- რა თქმა უნდა, ეს კითხვებიც დაისმება და ბევრი სხვაც. ვვარაუდობ, რომ მას კორუფციაშიც წაუყენებენ ბრალდებას. ამ მხრივ ვერაფერი უპოვეს, თორემ აქამდეც ითქმებოდა. მთავარი  ისაა, ირაკლი ალასანია ამისთვის მომზადებულია და გიგი კი - არა. ხომ არ გახსოვთ შემთხვევით ფეხბურთელ რატი ალექსიძის (BMW-X5) მანქანის ამბავი? მე კარგად მახსოვს, რომ მას მანქანა წაართვეს და  ნაძარცვი მანქანით უგულავა დადიოდა.  წინასაარჩევნოდ გამოჩნდება, რომ უგულავა ნულოვანი პოლიტიკური ფიგურაა, რომ ის არაფერია და არც ინტელექტით, არც პოლიტიკური წონით არ შეესაბამება თანამდებობას. უგულავას თბილისს კი არა, ორ ბატს არ ჩააბარებს კაცი. მას გაუხსენებენ იმ პერიოდს, "ალპეს" რომ ხელმძღვანელობდა და უპოვიან, რა ფინანსურ მაქინაციებში იყო ჩართული. უგულავას წინ ბევრი საინტერესო დღე ელის.

ასევე ბევრ რამეს ჰკითხავენ ირაკლი ალასანიასაც. მასაც არავინ შეუქმნის სასათბურე პირობებს.

- მაგრამ ოპოზიცია რომ ვერ თანხმდება პრაიმერის ჩატარებასა და ერთ კანდიდატზე?

- რაკი პრაიმერის საკითხზე ერთსულოვნება არ არის, ოპოზიციას სხვა გზას შევთავაზებთ ერთიანი კანდიდატის გამოსავლენად. არის შანსი, რომ სერიოზულ ოპოზიციურ ძალებს ერთიანი კანდიდატი ჰყავდეთ. ხელისუფლებას საჩუქრებს არ გავუკეთებთ. ჩვენ ისევე შევძლებთ ხმების დაცვას, როგორც საპრეზიდენტო არჩევნებზე. სააკაშვილი ფლანგებიდან გაგვეპარა, თორემ თბილისში მას ლევან გაჩეჩილაძემ მოუგო.

- ისევ ოპოზიციური ძალების ურთიერთობაზე მინდა გკითხოთ. ზურაბ ნოღაიდელმა  მოსკოვში ჩასვლის გამო თინა ხიდაშელის კრიტიკას უპასუხა, დავასახელებ იმ ემისრების გვარებს, ვინც ფარულად დადან მოსკოვშიო.

- ეს სახელები და გვარები ნოღაიდელმა იცის და ვანომ არა? რაღაც არა მგონია. არ მოგვეწონა მისი მოსკოვში ჩასვლა და ამას არც ვმალავთ.

- ნოღაიდელი ამბობს, შეგშურდათ, ასეთი მაღალი დონის შეხვედრები რომ მქონდაო.

- პოლიტპატიმარი რომ ვიყავი, სასჯელი ბოლომდე მოვიხადე. გათავისუფლებამდე ჩემი ორი პასპორტი მაჩვენეს. ერთ პასპორტში საფრანგეთის ვიზა იყო ჩარტყმული. საპატიმროდან პირდაპირ პარიზში მივდიოდი და ცოლ-შვილიც მიმყავდა (ნახევარი ზონა ასეც მოიქცა), მეორე პასპორტი კი მეუბნებოდა, რომ თბილისში მივდიოდი. მე ავიღე პასპორტი, რომლითაც სახლში წავიდოდი. არ მშურს, ნოღაიდელი პუტინს რომ შეხვდა, პუტინზე დიდ ფიგურებს შევხვედრივარ. ჩვენი პარტიის რამდენიმე წევრს ზეობის ხანაში ჰყავთ ნანახი გორბაჩოვი და რეიგანი. პუტინთან შეხვედრა როგორ უნდა შემშურდეს? აგრესორი ქვეყნის მეთაურის ისე დახატვა, თითქოს ის ქართველებზე მზრუნველია, არ არის სწორი. ვინც იტყვის, პუტინს მეც შევხვდებიო, არც ის მოგვეწონება და მასაც გავაკრიტიკებთ.

- ამას წინათ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა განათლების საკითხზე გაამახვილა ყურადღება. ამ სფეროში ისევ ორიანს უწერთ ხელისუფლებას?

- ჩვენს ხელისუფლებას ჯერ კიდევ არ სცალია განათლებისთვის. ეს ჩანს იქიდანაც,  რა იოლად ინიშნებიან ამ სფეროში მინისტრები და რა შეფარდებაში არიან ისინი განათლებასთან. განათლების მინისტრი რომ სასწავლებლად მიდის, ამის მერე რაღა უნდა ვთქვათ? რეკორდების წიგნშია შესატანი. ხომ აჯობებდა, ჯერ ესწავლა და მერე დაენიშნათ?

- კიდევ რას ელით 2010 წლისაგან?

- (იღიმის) ყველაფერ კარგს. მიხეილ სააკაშვილს, წესით, არ უნდა გახარებოდა ამ წლის დადგომა. შესაძლოა, ამიტომაც მოგვილოცა 5 წუთით ადრე. შობის დღეებში კი მისტიკურად გაუჩინარდა. სააკაშვილი არ მოგვწონს, მიუხედავად იმისა, რომ უცხო ენები და პიარი იცის. მან არ გაამართლა და მისი აჩრდილი, კუბური ფესვი მიშა სააკაშვილიდან - გიგი უგულავა გაამართლებს? ეს სერიოზული კითხვაა, რომელსაც პასუხი არჩევნებზე უნდა გასცეს ხალხმა.

ხალხმა უნდა გაიხსენოს, რას ჰპირდებოდა სააკაშვილი და რა მისცა. სააკაშვილი გვპირდებოდა საქართველოს გაერთიანებას, ნატოსა და ევროკავშირში შესვლას და რა მოგვცა? გვეუბნება, გზა აგიშენეთ კასპამდეო. კასპი ევროკავშირია? კაცი გვეუბნებოდა, პარიზში წაგიყვანთო და კასპში ჩაგვიყვანა. გზა კარგია, მაგრამ ყველა გზა ტაძარში არ მიდის.

ეს ძალიან საინტერესო პოლიტიკური წელი იქნება. არ დაგვავიწყდეს, რომ გარდა არჩევნებისა, სხვა პროცესებიც მიდის. არ დაგვავიწყდეს ტალიავინის დასკვნა, რომელიც თაროზე არავის შემოუდვია. მას გაგრძელება მოჰყვება, უსათუოდ ამოყვინთავს და საინტერესოდ გაგვახსენებს თავს. არ გამოვრიცხავ, პოლიტიკური პარტიები დღეს რომ ამბობენ, არჩევნებში არ ვმონაწილეობთო, პირიქით მოიქცნენ.  შეიძლება სააკაშვილი არ იყოს და ისე ჩატარდეს ადგილობრივი არჩევნები.

- ამის თქმის საფუძველს რა გაძლევთ?

- ყველაფერი შეიძლება მოხდეს. სააკაშვილს შეიძლება აღარ მოუნდეს პრეზიდენტობა და წავიდეს. ამ წელში გპირდებით ბევრ ისეთ რამეს, რასაც არავინ ელის. 2010 წელი, სულ ცოტა, ერთი გარანტირებული მოულოდნელობის წელი მაინც იქნება.