"უნდათ მაიძულონ, რომ ჩემი მიწა გროშებად გავყიდო" - კვირის პალიტრა

"უნდათ მაიძულონ, რომ ჩემი მიწა გროშებად გავყიდო"

სახელმწიფო ჩინოვნიკების მიერ სტრატეგიული მიწების მიტაცება გრძელდება?!

ლარსამდე მისასვლელი გზის განაპირა ტერიტორიებს ფასი დაედო, სადაც თურმე ბენზინგასამართი სადგურების, სააფთიაქო დაწესებულებებისა და რესტორნების მშენებლობები იგეგმება. გზის ეს მონაკვეთი არა მხოლოდ იმით არის მიმზიდველი, რომ მასზე ტვირთის გადამზიდი ავტომობილები იმოძრავებს (ლარსის გახსნით მესამე სახელმწიფოს, სომხეთსაც  ვუხსნით საზღვარს რუსეთთან ვაჭრობისა და ეკონომიკური ურთიერთობებისთვის), არამედ იმითაც, რომ ზემოთ ხსენებული  ობიექტების მშენებლობა ამ გზებზე დაშვებულია. 2009 წლის 18 თებერვლის საქართველოს მთავრობის #104 განკარგულებით, გზის არაერთ მონაკვეთზე ღერძულა ხაზიდან 100-მეტრიან ზოლში, მიწების გასხვისება და გზისპირა ინფრასტრუქტურის ობიექტების განთავსება დროებით აიკრძალა, რაც მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების და ე.წ. მოდერნიზაციის აუცილებლობით აიხსნა. მსგავსი შეზღუდვა თბილისი-სტეფანწმინდის გზას არ შეხებია, რომლის განაპირა მიწებს ახალ-ახალი მეპატრონეები სოკოებივით მოუმრავლდნენ,… გლეხი კი ისევ გაწბილებული დარჩა. მის ქონებას ფასი ვერა და ვერ დაედო. გზის მიმდებარე ნაკვეთები თურმე სახელმწიფოსგან კერძო პირთა ხელში პირდაპირ საკუთრების უფლებით გადავიდა.

დგანან თუ არა ასეთ ტერიტორიებზე დაწყებული მშენებლობების უკან ქართველი ხელისუფლების მაღალჩინოსნები? "კვირის პალიტრას" ამ თემაზე სოფელ აღდგომლიანთკარის მკვიდრი მარინა პატაშური ესაუბრა.

- აღდგომლიანთკარში 4 ათასამდე კვმ მიწა გვაქვს. შეიძლება ითქვას, ეს არის ჩვენი  ერთადერთი ქონება. წლების განმავლობაში სახლი არ გვქონდა, შემდეგ ფინური სახლი დავდგით, სადაც დღემდე წყალი ჩამოგვდის. ვინ იცის, ხვალ თუ ზეგ  ჭერი თავზე ჩამოგვენგრევა. ჩემი სამი შვილიდან მხოლოდ ერთია დაოჯახებული და ისიც ცოლ-შვილს სიმწრით ინახავს, შვილიშვილი მძიმე ავადმყოფი მყავს და წამლებში მიდის მთელი ჩვენი შემოსავალი. ვიფიქრე, - ნაკვეთს გავყიდი და შვილებს დავაბინავებ-მეთქი. რუსეთ-საქართველოს ომამდე ჩვენს მიწას კარგი ფასი ჰქონდა, მერე გაიაფდა. თუმცა, ახლახან "ეკოპალიტრა" წერდა, უძრავ ქონებაზე ფასი ისევ მოიმატებსო და მეც იმედი მომეცა.

ერთ მშვენიერ დღეს, ადგილობრივი გამგეობის წარმომადგენელმა, გივი იორდანიშვილმა მითხრა, - შენი ნაკვეთის ყიდვის სურვილი ძალიან გავლენიან პირებს გაუჩნდათ, იცოდე, ამ საქმის უკან კუდ-ი დგას და არაფერი წამოგცდეს, მიწის გაყიდვა თუკი გინდა, ხმის ამოუღებლად გაყიდეო...

აბა, ჩემთვის რა მნიშვნელობა ჰქონდა, ჩემს მიწას კუდ-ი იყიდდა  თუ სოდ-ი. მთავარი იყო, ფული მოეცათ, მაგრამ გარიგება არ შედგა. ცოტა ხანში შევიტყვე, რომ ამ გავლენიან პირებს ჩემი მიწის წინ მდებარე გზისპირა ფართობი შეუძენიათ. არადა, იქ კავშირგაბმულობის მიწისქვეშა გაყვანილობაა, თანაც მიწაზე ათეულობით წლის ნაზარდი კაკლის ხეებია, რაც ფაქტობრივად ქარსაცავ ზოლს წარმოადგენს. აბა, ამ სახელმწიფო საკუთრების კერძო პირის ხელში გადასვლა შეიძლებოდა?! რამდენადაც ვიცი, აღნიშნულ  ტერიტორიაზე ბენზინგასამართი სადგურის აშენება იგეგმება, რაც  მწვანე ნარგავების გაჩეხასაც გამოიწვევს და კავშირგაბმულობის ხაზებსაც დააზიანებს. მე საცოდავს, ღობის წინ ბენზინგასამართ სადგურს  თუ ამიშენებენ, იძულებულს გამხდიან, ჩემი მიწა ჩალის ფასად ისევ მათ მივყიდო.

ერთი ჩემი ნაცნობი (გვარს არ დავასახელებ, რომ პრობლემები არ შეექმნას) ელაპარაკა ბიზნესმენ ლექსო წიკლაურს, რომელიც ზემოთ აღნიშნული ტერიტორიის ფორმალური მყიდველი გახლავთ. სიტყვა ფორმალური ტყუილად არ მიხსენებია. ტელეფონზე მქონდა ყური მიდებული და მათ საუბარს ვისმენდი. წიკლაურმა თქვა, - შემიძლია უარი ვთქვა ამ მშენებლობაზე, მაგრამ ამ ყველაფრის უკან ისეთი ხალხი დგას, მე თუ არა, სხვას მაინც გააკეთებინებენ ამ საქმესო. მოკლედ, ეჭვი გამიძლიერდა, რომ ამ მშენებლობით დაინტერესებული არიან სახელმწიფო ჩინოვნიკები, რომელთაც თავად კომერციული საქმიანობის უფლება არა აქვთ. შესაძლოა, კუდ-ს და სოდ-ს ჩვენს დასაშინებლადაც ახსენებენ და სინამდვილეში სხვაგან არის ამ საცეცების თავი. მაგრამ ყველაფერი თუ მაინც სიმართლეა, გამოდის, სრულიად დაუცველები ვყოფილვართ. ჩვენთვის, გლეხებისთვის აღარც მიწას ადევს ფასი! უნდათ მაიძულონ, რომ ჩემი მიწა გროშებად გავყიდო...

გივი იორდანიშვილი: "მაქვს ინფორმაცია, რომ მარინა პატაშურის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის წინ მდებარე გზისპირა ნაკვეთი ვინმე წიკლაურმა იყიდა. ეს უკანასკნელი… მოვიდა ჩემთან, წარმოადგინა საჯარო რეესტრიდან ამონაწერი და მთხოვა, - იქნებ, ამ ტერიტორიის გამიჯვნას "სტატისტის" როლში დაესწროთო. სხვას ვერაფერს  გეტყვით, არავითარ კუდ-სა და სოდ-ზე ლაპარაკი პატაშურთან არ მქონია".

ლექსო წიკლაური (შპს "ჟინვალი-2007"-ის დირექტორი): "აღნიშნული ნაკვეთი კერძო პირისაგან შევიძინე. ეს გზისპირა ტერიტორია სახელმწიფოს საკუთრება იყო და შემდეგ კერძო პირზე გაიყიდა, მე კი ამ შემთხვევაში კეთილსინდისიერი მყიდველი ვარ. ის, ვისგანაც ვიყიდე ეს ნაკვეთი, რომელიღაც ბანკის დაცვის სამსახურში მუშაობდა. ვარ მშენებელი და ჩემს საკუთრებაში ბენზინგასამართ სადგურს ავაშენებ თუ სხვა რამეს, ეს არავის საკითხავი არ არის".

ჩვენი მხრივ დავძენთ, რომ ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობისას დასაცავია მთელი რიგი წესები და უსაფრთხოების ნორმები, რომელზე კონტროლიც საგზაო დეპარტამენტს ევალება. ამ შემთხვევაში კი საგზაო დეპარტამენტი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2008 წლის 8 დეკემბრის ბრძანების შესაბამისად მოქმედებს. საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აღდგომლიანთკარის გზის პირზე ბენზინგასამართი სადგური სულ მცირე 18 მეტრით მაინც უნდა იყოს ღერძულა  ხაზიდან დაშორებული. გამოდის, ამ შემთხვევაში ბენზინგასამართი სადგურის აშენების მსურველებს ან კანონის დარღვევა მოუწევთ, ან მარინა პატაშურის მიწაზე შეჭრა.

P.S. მცხეთის გამგეობაში აცხადებენ, რომ  აღნიშნულ ტერიტორიაზე რაიმე მშენებლობის ნებართვა არ გაუციათ და რომ ამ საკითხს ყურადღებით მოეკიდებიან. ასე რომ, ვნახოთ, - წესი, კანონი და უსაფრთხოების ნორმები ყველასათვის ერთი და იგივე იქნება თუ განსხვავებული.…