"ჩვენთვის ტყვიაც რომ ესროლათ, განმკითხავი არავინ იყო" - კვირის პალიტრა

"ჩვენთვის ტყვიაც რომ ესროლათ, განმკითხავი არავინ იყო"

"ყინულზე სრიალი და მერე ბათუმში გაფრენა სახელმწიფო საიდუმლოა?"

"ზუგდიდში ჩამოვედი და თან ჩემი ბიძაშვილი, ნიკა ალასანია ჩამოვიყვანე, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა და მშობლიურ მხარეს კარგად არ იცნობს", - თქვა ზუგდიდში, ყინულის სასახლეში ციგურებით მოსრიალე ბედნიერმა პრეზიდენტმა, თუმცა, რითი დამთავრდა ფიგურული სრიალი და რა მოჰყვა სააკაშვილის ვიზიტს ზუგდიდში, არც ერთ ნაციონალურ ტელეარხს არ გადმოუცია. გვესაუბრება მოძრაობა "დაიცავი საქართველოს" სამეგრელოს ბიუროს თავმჯდომარე კახა მიქაია, რომელიც იმ მოვლენათა ეპიცენტრში იყო.

- როცა ზუგდიდში გავრცელდა ინფორმაცია, ყინულზე სრიალისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა ფეხი იღრძოო, მე, ჟურნალ "ღია ბოქლომის" რედაქტორი ილია ჩაჩიბაია და "დაიცავი საქართველოს" რამდენიმე წევრი ინციდენტის ადგილისკენ გავეშურეთ. როგორც კი მანქანიდან გადმოვედი, გავიგონე პატრულის უფროს ბელქანიას, სამხარეო პოლიციის უფროსის თენგიზ გუნავას და მისი მოადგილის, მეგის ქარდავას ნათქვამი - "მოვიდა"! იქვე იყო კუდ-ის თანამშრომელი, ცნობილი ირაკლი გაწერელიაც, ისინი ჩემკენ გამოემართნენ. როცა ტელეფონი ამოვიღე და გადაღება დავიწყე, წონასწორობა დაკარგეს...

პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, ილია ჩაჩიბაიამ მოახერხა გადასულიყო გზის მეორე მხარეს და სცადა გადაეღო, როგორ გამოდიოდა კოჭლობით მიხეილ სააკაშვილი ყინულის სასახლიდან. მას ქეჩოში სწვდა მეგის ქარდავა და გინება და ცემა დაუწყო. ამ მომენტში წინამდებარე სახლის მეორე სართულიდან ახალგაზრდა ჯაბა შენგელიამ, რომელიც პოლიტიკისგან შორს დგას და ილიას კარგი ნაცნობია, მოძალადეებს დაუყვირა: რატომ სცემთ ილიასო? ზუსტად ხუთ წუთში, ამ ეგრეთ წოდებულმა მოიერიშე ჯგუფმა, ისიც დააკავა და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა. შენგელიას დედა ჩვენ გვეხვეწებოდა, მომაძებნინეთ შვილიო! ასე დასრულდა პირველი ინციდენტი... ამის შემდეგ ჩვენ სამხარეო პოლიციის შენობისკენ დავიძარით. პოლიციის შენობის გვერდით ფეხბურთის მოედანია, იქვე იდგა ვერტმფრენი, მის გვერდით - პრეზიდენტ სააკაშვილის ესკორტი.

ილია ჩაჩიბაია და მე კვლავ ვცდილობდით ამ ყველაფრის გადაღებას, თან გვინდოდა მეგის ქარდავასა და თენგიზ გუნავასთვის გვეკითხა: სად არის ჯაბა შენგელია? ამ მომენტში პრეზიდენტის დაცვამ დაიწყო ყვირილი, ბრძანებების გაცემა: წაართვით ტელეფონები! დავიწყე ლევან გაჩეჩილაძესთან დარეკვა. როგორც კი სააკაშვილის დაცვამ გაიგონა, რომ გაჩეჩილაძეს ვესაუბრებოდი, პირდაპირ ჩემკენ გამოემართა უშვერი გინებით: შენი დედა, ვის ელაპარაკები? პარალელურად ცდილობდნენ, ჟურნალისტ ნანა ფაჟავასთვის კამერა წაერთმიათ და დაემუქრნენ: ტვინს დაგასხმევინებთ ასფალტზეო! მეტად საგულისხმოა ის სიტყვები, რაც ამ დროს პრეზიდენტის დაცვის ბიჭებმა მითხრეს: ბიჭო, ჩვენ აქაური "ჩმორები" ხომ არ გგონივართ? დედას ... ზუგდიდელმა ძალოვანებმა, რომლებსაც "ჩმორები" უწოდეს, როგორც ჩანს, თავი შეურაცხყოფილად იგრძნეს, ერთ-ერთი "ზონდერი" ზაზა ხასაია მომწვდა და ხელის გადაგრეხით ცდილობდა ჩემთვის ტელეფონის წართმევას. "რატომ არ გვაძლევთ ამ ყველაფრის გადაღების უფლებას-მეთქი", - ვკითხე, რაზეც მიპასუხეს: ეს სახელმწიფო საიდუმლოაო. რა არის სახელმწიფო საიდუმლო: ყინულზე სრიალი და მერე ბათუმში გაფრენა? ამ დროს გავიგეთ, რომ "დაიცავი საქართველოს" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე საშკა მოლაშხია, ალექსანდრე გეთია და დათო სორდია, ოფისში მიმავლები დააკავეს და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, დააკავეს არა პოლიციელებმა, არამედ, გამგებელმა ალექსანდრე ქობალიამ და გამგეობის სხვა თანამშრომლებმა. ასე რომ, ქობალია უკვე პოლიციის ფუნქციასაც ითავსებს!

მოგვიანებით, ყველას გვთხოვეს, პოლიციის შენობაში დაკითხვაზე წამოდითო, იქ კი, მოულოდნელად, დაგვაპატიმრეს. ასე შევხვდით ახალ წელს "კა-პე-ზეში". შემდეგ კი შედგა სამარცხვინო სასამართლო პროცესი შეთითხნილი ყალბი ბრალდებით, რომ ჩვენ, თურმე, საზოგადოებრივ წესრიგს ვარღვევდით. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ მოხდა: ახალი წლის ღამეს, სასამართლოდან გასულებს თავს დაგვესხნენ ზონდერბრიგადის წევრები. როგორც ჩანს, ქობალია გაგულისდა, რომ არ დაგვაპატიმრეს და ასე გადაგვიხადა სამაგიერო.

პირადად მე, 50-მდე ნიღბიანი დამესია და დამიშინეს კვერცხები და პომიდვრები: მიქაია, შე მოღალატე, რატომ გაგიშვესო? სასამართლოს შენობასაც დაუშინეს კვერცხები: რატომ გაუშვითო?... დიდი პერიპეტიების შემდეგ, როცა სამშვიდობოს გასვლა დავაპირეთ, აღმოჩნდა, რომ ჩემი და ნანა ფაჟავას მანქანების ბენზინის ავზში შაქარი ჩაუყრიათ! აი, ასეთი განუკითხაობაა ზუგდიდში, სამეგრელოში. დარწმუნებული ვარ, იმ ღამეს ჩვენთვის ტყვიაც რომ ესროლათ, განმკითხავი არავინ იყო! ამ ხელისუფლების დანაშაულებრივი სახე განსაკუთრებული სისასტიკით სწორედ სამეგრელოს რეგიონში მჟღავნდება.

- ხშირად ამბობენ, რომ სააკაშვილს ყველაზე მეტი მხარდამჭერი სამეგრელოში ჰყავს...

- აქ პროცესების წარმმართველი მხარდაჭერის კი არა, შიშის, განუკითხაობის ფაქტორია. ყველაზე მეტად მიშა სააკაშვილს სამეგრელოში აგორებული საპროტესტო ტალღისა ეშინია და მიიღებს კიდეც ამ წინააღმდეგობას. ხომ ხედავთ, რომ ბოლო ხანს, მისი ყველა ჩამოსვლა ზუგდიდში ხმაურიანად და სამარცხვინოდ მთავრდება? ასე რომ, სამეგრელოს მის "დასასვენებელ ადგილად" ქცევას (როგორც თვითონ უყვარს ხოლმე თქმა) ნამდვილად არ დავუშვებთ და ის შეურაცხყოფა, რაც მან ჩვენს მხარეს მიაყენა, ასმაგად დაუბრუნდება.

ნინო კვიტაშვილი