ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი - კვირის პალიტრა

ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი

საინფორმაციო ომები

როგორ მოხდა, რომ ახალი ხელისუფლების მოსვლიდან წელიწად-ნახევარში საქართველოს საზოგადოების დიდ ნაწილში რუსეთი, როგორც მტრის ხატი, "დასავლურმა" ჩაანაცვლა და ბოლო სამი საუკუნის მანძილზე საქართველოს სახელმწიფოებრიობის მთავარი საფრთხე - რუსეთი - დღეს ქართული ტრადიციების "დასავლური გახრწნილებისგან" დამცველად მოგვევლინა? როგორ აქცია 20 წელი დამოუკიდებლობისთვის მებრძოლმა და დასავლეთთან ინტეგრაციის მსურველმა ქართველი საზოგადოების დიდმა ნაწილმა დასავლურ ფასეულობებს ზურგი?! ფაქტია, რომ რუსეთმა მთლიანად დაიპყრო საქართველოს საინფორმაციო სივრცე. სად უნდა ვეძებოთ მიზეზები?!

ხელისუფლებაში, რომელმაც თითქოს ყველა მოსალოდნელი ბარიერი დასძლია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გზაზე და ხელმოწერამდე დარჩენილ თვე-ნახევარში თითქოს არ ჩანს, მთავრობამ არჩეულ კურსს გადაუხვიოს.„

დასავლეთში, რომელიც, შეუძლებელია, არ ხედავდეს, დღითი დღე როგორ კარგავს გავლენას საქართველოს საზოგადოებაში და რეალურად არაფერს თუ ვერაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს?! რატომ ვერ გამონახა დასავლეთმა ამდენ ხანს ქართველებისთვის გასაგები და მისაღები სალაპარაკო ენა?!

საქართველოს საზოგადოების ასეთი ტრანსფორმაცია მხოლოდ განვლილ წელიწად-ნახევარს უნდა დავაბრალოთ, თუ დასავლეთით იმედგაცრუებისა და უკმაყოფილების ეს ტალღა სულ მცირე, ბოლო ათი წელი გროვდებოდა და ახლა ნახა სადინარი?!

სად წავიდა ის ასეულობით მილიონი, რომელსაც დასავლეთი ორი ათწლეულის მანძილზე საქართველოს საზოგადოებაში დასავლური ფასეულობების (რომელიც მიმდინარე საინფორმაციო ომის წყალობით ლამის საგინებელ სიტყვათწყობად იქცა), დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებისთვის დებდა; რას მოხმარდა ეს უზარმაზარი თანხები?! მხოლოდ ე.წ. ელიტარული და მცირერიცხოვანი ე.წ. სამოქალაქო სექტორის ფორმირებას, რომლის გავლენაც საზოგადოებაზე შეუდარებლად მცირეა ტრადიციულ ინსტიტუტებთან შედარებით, აღარაფერს ვამბობ ეკლესიის გავლენაზე, რომელთან ახლოსაც, გავლენით სახელისუფლებო ინსტიტუტებიც კი ვერ მიდის.

ეს რესურსი 20 წლის მანძილზე რომ ადრესატამდე მისულიყო, ანუ საზოგადოების რიგით წევრამდე, რომ წარმოებულიყო კვალიფიციური საინფორმაციო პოლიტიკა, ანუ რა არის რეალურად საქართველოსთვის დასავლეთი, რისთვის სჭირდება და რას ელის მისგან (დღეს ყველაფერი პრაგმატიზმზეა აგებული), რუსეთის საინფორმაციო ნაკადი დღეს ასე ერთბაშად, წელიწად-ნახევარში ვერ წალეკავდა საზოგადოებას.

რატომ არაფერს აკეთებდა ამ წლების მანძილზე დასავლეთი საქართველოს ეკონომიკის ასაღორძინებლად მაშინ, როცა მისგან სხვადასხვა სახის დახმარების სახით შემოსული თანხები ამ ხელისგულისოდენა ქვეყანას ერთ-ერთ სანიმუშო ეკონომიკას შეუქმნიდა?!

რატომ არაფერს აკეთებს ხელისუფლება მიმდინარე თავსმოხვეული საინფორმაციო ნაკადების გასანეიტრალებლად?! საინფორმაციო სივრცე სრულიად კაპიტულანტურ მდგომარეობაშია რუსეთის საინფორმაციო ომის მიმართ. არ ჩანს არანაირი ნიშანწყალი იმისა, რომ ხელისუფლებამ აწარმოოს მიზანმიმართული, გრძელვადიანი საინფორმაციო პოლიტიკა, რომელიც რუსულ საინფორმაციო ნაკადებს გაანეიტრალებდა.

ის, რომ ამ საინფორმაციო ნაკადებს ალტერნატიული საინფორმაციო ნაკადები შეაგებო, არ ნიშნავს იმას, რომ შენ რუსეთს ბრძოლას უწყებ. არა, შენ იბრძვი საქართველოს სახელმწიფოდ არსებობისთვის, რაც დასავლეთთან ინტეგრირების გარეშე დაუძლეველი ამოცანაა. შესაძლოა, ეს რუსის გადმოსახედიდან ერთი და იგივეა, მაგრამ შეიძლება ამ საინფორმაციო პოლიტიკის წარმოება ისე, რომ რუსეთს სადგისივით კი არ გაერჭო, არამედ ამ საინფორმაციო პოლიტიკას ჰქონდეს სხვა რაკურსი - მე ვიბრძვი დასავლური სამყაროს წევრობისთვის არა რუსეთის გადავლით.

ის, რომ მე არ ვარ რუსეთისთვის ნელი მოქმედების ნაღმი, მაგრამ არც მისი გავლენის სფერო ვარ, მე მინდა ამ ქვეყანასთან ისეთი დამოკიდებულება, რომელიც არაფერს დამიშავებს. შესაბამისად, მეც უნდა ვიქცეოდე ისე, რომ მას არაფერი დავუშავო. ილუზია იმისა, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და რუსეთს რას დაუშავებს, რუსეთის ხელისუფლება ამას ასე არ აღიქვამს.

პუტინი იდეოლოგიისგან დაცლილ დასავლურ სამყაროს სწორედ იდეოლოგიით სჯობნის ამ ეტაპზე. მან შემოიტანა კონსერვატიული იდეოლოგია, რომელიც ღირებულებით საწყისებსა და მორალურ სიმებს, ძალზე ფაქიზ, მოწყვლად და ლაბილურ თემებს ეხება, რომლის მთავარი მესიჯები არც სოციალიზმია, არც კომუნიზმი და არც დემოკრატია, არამედ ყველა ოჯახისთვის მტკივნეული და დამაფიქრებელი თემები: როგორ უნდა შეინარჩუნო ტრადიციები და როგორ დააზღვიო მომავალი თაობა განსაცდელისა და საფრთხეებისგან. ის თითქოს არ გეუბნება, რუსეთი აირჩიეო, მაგრამ გაიძულებს, დასავლეთი არ აირჩიო. ასეთ შემთხვევაში შენ განიარაღებული რჩები რუსეთის პირისპირ.

გამოდის, რომ განვლილი წლების მანძილზე სწორი მიმართულებით არ უმუშავია იმას, ვისაც უნდა ემუშავა - არც ხელისუფლებას და არც სამოქალაქო სექტორს. დღეს კი საერთოდ, გამაოგნებელია მათი დუმილი. კარგი, ბატონო, ხელისუფლება, დავუშვათ, ვერ აკეთებს იმას, რომ წინ აღუდგეს რუსეთის საინფორმაციო ომს. შენ, რომელიც დემოკრატიის ფორპოსტი ხარ ამ ქვეყანაში, რას აკეთებ?! უამრავი არასამთავრობო კოალიცია რომ არის ჩამოყალიბებული, ამ კუთხითაც შეიქმნას არასამთავრობოთა კოალიცია, რომელიც ალტერნატიული საინფორმაციო პოლიტიკის შექმნის და გატარების ინიციატივით გამოვა?!

ეს არ არის იაფი სიამოვნება და მარტივი პროექტი: განსაკუთრებით დიდი თანხები რუსეთს არ დასჭირვებია ამ საინფორმაციო პოლიტიკის საწარმოებლად, მაგრამ ახლა უკვე სიტუაციის მოსაბრუნებბლად არცთუ მცირე რესურსი იქნება საჭირო. ამ რესურსის მობილიზებაც შეიძლება, მთავარია, გაჩნდეს სურვილი, იდეა და იდეოლოგია, რომელიც ამ რუსულ საინფორმაციო ტალღას დააბალანსებს და საქართველოს მოქალაქეებს მიიყვანს კონსენსუსამდე - რას ეფუძნება მისი სახელმწიფოებრიობა.