მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები
05-05-2014
მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები
სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე

გასულ კვირას ქვეყანაში ლამის სამოქალაქო დაპირისპირება დაიწყო კანონის გამო, რომელშიც ახალი არაფერი წერია.  ყველა სადავო პუნქტი თუ ტერმინი აქამდეც არსებობდა სხვადასხვა კანონში. ერთადერთი სიახლე დისკრიმინაციის გამო დაჯარიმების უფლება იქნებოდა, რაც კანონიდან თავიდანვე ამოიღეს. მიუხედავად ამისა, სამღვდელოებისა და ოპოზიციური პარტიების ნაწილი საზოგადოებრივი მორალის სადარაჯოზე დადგა და "გაპიდარასტებისგან" გვიცავდა. ზოგი ვიღაცებს ანათემაზე გადაცემით ემუქრებოდა... დისკუსიამ აბსურდული ხასიათი მიიღო: ერთნი ამტკიცებდნენ, რისიც თქვენ გეშინიათ, არ წერია ამ კანონშიო, სხვები უმტკიცებდნენ
- წერიაო.
ეს არეულობა, ჩემი აზრით, ხელისუფლების საზოგადოებასთან არასწორმა და არასათანადო ურთიერთობამ გამოიწვია. ხომ შეიძლებოდა, მთავრობას თავიდანვე აეხსნა, რა არის ამ კანონის მიღების მიზანი, რომ მერე ათასგვარი შეთქმულების თეორია არ გაჩენილიყო.

ხალხმა ვერ მიიღო პასუხი კითხვაზე: თუ ეს ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში ისედაც დაცულია კონსტიტუციით, მაშინ
რა საჭიროა ახალი კანონის მიღება? რატომ გაიძახოდა მთავრობა, ეს ევროკავშირს კი არა, ჩვენ გვჭირდებაო? ევროპა ამ კანონის მიღებას ვიზალიბერალიზაციის სანაცვლოდ ითხოვს (და არა - ასოცირების ხელმოწერის სანაცვლოდ), ჰოდა, რატომ უნდოდა ევროპას, ეს კანონი მიგვეღო, ვიდრე უვიზო რეჟიმს დაგვიწესებდა? როგორც გავარკვიე (ვერაფერს ვამტკიცებ, რადგან ეს ოფიციალურად არავის განუცხადებია), ქართველები, ვისაც ევროპაში დარჩენა უნდათ, როცა იქ ჩადიან, პასპორტებს ხევენ, ლტოლვილად ბარდებიან და თავშესაფარს ითხოვენ ერთადერთი მოტივით - რომ მათ საქართველოში დევნიან, ზოგს - ეთნიკური ნიშნით, ზოგს - სექსუალური ორიენტაციის გამო. ამას აკეთებენ ის ქართველი ჯეელები, ვინც აქ გეებს აგინებენ, ევროპაში დასარჩენად კი "პიდარასტობას" იბრალებენ და საკუთარ ქვეყანას ლაფში სვრიან. ასეთ დროს ბევრ ევროპულ ქვეყანაში ბიუროკრატს არ აქვს უფლება, ადამიანს თავშესაფრის მიცემაზე უარი უთხრას, რადგან ის ვერც იმას შეამოწმებს, მართლა გეია თუ არა და ვერც იმას, ამ ადამიანს საქართველოში სდევნიან თუ ხელისგულზე ატარებენ. ამიტომაც თანხმდება. ჰოდა, უვიზო რეჟიმის შემდეგ ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდება?

რამდენი ადამიანი გაიქცევა ევროპაში და "პიდარასტობას" დაიბრალებს, ოღონდ იქ დარჩეს. ეს, ეტყობა, ევროპაშიც კარგად წარმოიდგინეს და სწორედ ასეთი პროცესების თავიდან ასაცილებლად მოგვთხოვეს ამ კანონის მიღება.
თუ ეს კანონი გვექნება, ევროპელ ბიუროკრატს ფორმალურად ექნება უფლება, ნამდვილ თუ ყალბ გეის, ნამდვილ თუ ყალბ ოსს უთხრას, რომ ცრუობს, რომ მას საქართველოში  კანონი  იცავს, ვერავინ დაჩაგრავს და აჯობებს, უკან დაახვიოს. ჩემი აზრით, ეს არის ამ კანონის მიღების თავი და ბოლო. ევროპა გვეუბნება: უვიზო რეჟიმს თუ დაგიდგენ, კეთილი ინებე და ისე მოიქეცი, რომ შენი ნამდვილი თუ ყალბი გეები მე არ მომაწყდნენო.
ხელისუფლებამ კი იმის მაგივრად, რომ ეს აეხსნა მოსახლეობისთვის, გულზე მჯიღის ცემა და იმის მტკიცება დაიწყო, ეს კანონი ევროპას კი არა, ჩვენ გვჭირდება, ნორმალურ ქვეყნად რომ ვიქცეთო(?!).
ძალიან მიხარია, რომ პარლამენტმა ზეწოლას გაუძლო და ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღო, მაგრამ ძალიან არ მომწონს, რომ ერთხმად მიიღეს და ისეთმა დეპუტატებმაც კი, რომლებიც თავიდანვე აკრიტიკებდნენ კანონს, ხმა მაინც მისცეს, ან კენჭისყრას საერთოდ არ დაესწრნენ ანუ წინააღმდეგობასაც თავი აარიდეს. ეს არანაკლებ შემაშფოთებელი მგონია, ვიდრე ამ კანონის მიუღებლობა იქნებოდა.

ღარიბაშვილი არასამთავრობოების წინააღმდეგ

გასულ კვირას პრემიერმა არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი, რომლებიც მონაწილეობენ კამპანიაში "ეს შენ გეხება - ისევ გვისმენენ!" სახელმწიფოსთვის ძირგამომთხრელ საქმიანობაში დაადანაშაულა. ღარიბაშვილის ასეთმა მიდგომამ ბევრს სააკაშვილი გაახსენა. სწორედ მას სჩვეოდა, ყველას, ვინც მას აკრიტიკებდა ან აქციას უწყობდა, არა მხოლოდ პირად, არამედ სახელმწიფოს მტრად გამოცხადება. ასეთ დროს, თუ კარგ ხასიათზე იყო, მხოლოდ სულელს გეძახდა, თუ ცუდ გუნებაზე - ჩასარეცხს, ხოლო თუ ძალიან გამწარდებოდა - პუტინის აგენტს. ღარიბაშვილი ჯერ აქამდე არ მისულა, მაგრამ სტარტი უკვე აიღო.

სახელმწიფოს მეთაურს თავშეკავება და დაფიქრება მართებს. ბევრი ამბობს, როგორ, არასამთავრობოების და ჟურნალისტების კრიტიკა არ შეიძლებაო? კრიტიკა შეიძლება, მაგრამ დაპირისპირება -  არა. ეს, როგორც წესი, თავად ხელისუფლებისთვის არის საზიანო, თორემ ჩვენ რა - დიდი ხანია, ამასაც შევეჩვიეთ!
არა, შეიძლება არასამთავრობოების ხმაური ცოტა გადაჭარბებული იყო.
თავიდან მეც მეხამუშა, ამ კამპანიის მონაწილეებმა ასე პირდაპირ, უაპელაციოდ რომ გამოაცხადეს, ისევ გვისმენენო, მაგრამ ვიდრე კანონს არ მიიღებენ, შესაძლებლობა, რომ ისევ მოგვისმინონ, ნამდვილად არსებობს და რატომ არ უნდა გაემწვავებინათ თემა? ხელისუფლება გვპირდება, მალე მივიღებ ამ კანონსო, ანუ აქტიურობამ შედეგი გამოიღო...

არასამთავრობოებს თავის მართლება კი არ უნდა დაეწყოთ და ხელისუფლებისთვის ბრალი დაედოთ ან კალაძისთვის წარსული გაეხსენებინათ, უბრალოდ, უნდა ეთქვათ: ჩვენი მიზანი იყო, ხელისუფლება შეფუცხუნებულიყო და ბოლოს და ბოლოს, რაღაც გადაწყვეტილება მიეღო. მიზანი მიღწეულია და ჩვენც კმაყოფილი ვართო.

ყველაზე გულუხვი დაპირება

ჯერ იყო და, ჩემს ბავშვობაში მილიონ ვარდზე მიმღეროდნენ, რომლებიც ფიროსმანმა მარგარიტას გაუფინა, მერე, რომ წამოვიზარდე, მილიონი სამუშაო ადგილის დაპირება გაჩნდა, ახლა კიდევ - მილიონი ხე! რა ვქნათ, ვერ ვძლებთ ამ მილიონის გარეშე! დაპირებები გულუხვი ვიცით ქართველებმა და ნარმანია ვისზე ნაკლები ქართველია?! ჰოდა, ახლა ზოგმა იმის გარკვევა დაიწყო, სად დაეტევა მილიონი ხე, ზოგმა - იმის, დ|ღეში რამდენი ხე უნდა დარგო, რომ სამ წელიწადში მილიონამდე ახვიდე. მოკლედ, პირველივე დაპირება არ შეარგეს კაცს! არადა, რას ერჩი - დაპირების კვალობაზე ძალიან მაგარია! მთავარია, ესეც ისეთივე მითად არ იქცეს, როგორიც მილიონი ვარდი ან მილიონი სამუშაო ადგილი იყო. ამისთვის კი საჭიროა, ნარმანიამ რამდენიმე ათეული ათასი ხე მაინც დარგოს, მილიონი თუ არა, ასი ათასი ხის მილიონად გასაღება უკვე ტექნიკის საქმეა - ვინ არის მაგის დამთვლელი?
თუმცა "ნაციონალური მოძრაობა" ისეა მოწადინებული, შეიძლება დათვალოს კიდეც.
gela
16 მაისი 2014 19:49
ახლობლისაგან ვიცი (საფრანგეთში ერთი პატარა ქალაქის მაგალითზე), რომ იქ სულ ცოტა ორმა ქართველმა მოახერხა სწორედ ასეთი საბაბებით (ერთმა დაჩაგრული ოსი ვარო, მეორემ - საქართველოში განკიცხული ჰომოსექსუალიო), თავშესაფრის მიღება.

ასე რომ, ბატონი მერაბი სავსებით მართალია!

და გარდა ამისა, ქართველებმა უნდა ვისწავლოთ, რომ სახელმწიფო ინტერესები მოითხოვს ზოგჯერ, ერთი შეხედვით, არალოგიკური ღონისძიებებით თუ კანონებით ქვეყნის ინტერესები დაიცვას და ამის აფიშირება და აჟიოტაჟის ატეხვა სრულებით არაა საჭირო!

ისე, ჩვენთან გაცილებით უარესებიც ხდება - მაგალითად, პოლიტიკური ქულების დასაწერად მავანმა პირმა თუ მთელმა პარტიამაც კი შეიძლება განაცხადოს, "საწყალ" რუსეთს ქართველები დავესხით თავსო!

არა, ასე ვერ გავფრინდებით, მეგობრებო!!!

თუმცა ერთიცაა, მოვა დრო და ასეთი პირები მართლაც გაფრინდებიან "თბილ" (თუნდაც ცივი კლიმატის) ქვეყნებში (არაერთი მაგალითი გვაქვს და აწიც გვექნება!) და ჩვენ კი გასაბრწყინებელი ივერია, გნებავთ იბერია, თავზე ნაცარწაყრილი დაგვრჩება!
mzia
16 მაისი 2014 15:07
მილიონი ხის დარგვა ძალიან, ძალიან კარგი იდეაა . . .გარშემო მთები ნამდვილად დაიტევს მილიონ ხეს . . . მართლა რომ გამოვიდოდესს ეს საქმე კარგი იქნება.
kako
10 მაისი 2014 00:20
ისე ნარმანიას იდეა ცუდი არ უნდა იყოს, არ ვიცი მერს რამდენი ხნით 4თუ 5 წლით ვირჩევთ უგულავას შემხედვარე ასე მგონია მუდმივად სანამ სული არ გაძვრება თბილისის დამახინჯებით და გავყლეფით, მაგრამ ერთ არჩევით პერიოდში ნარმანია კი მოასწრებს მილიონი ხის დარგვას და ჩვენც დაუჭერთ მხარს. პალმებს მაინც აჯობებს.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები