"უგულავა საკრებულოს კი არა, ადეიშვილს მართავდა"
12-05-2014
"უგულავა საკრებულოს კი არა, ადეიშვილს მართავდა"
"დღეს თბილისში 170 000 კაცს აქვს უსახლკაროდ დარჩენის პრობლემა"

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი, რომელიც საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის" უმრავლესობის დაშლის მთავარი მოქმედი გმირია, კოალიცია "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში ვერ მოხვდა. "როცა ბევრი შიხიაშვილი დაგიგროვდება, ცხადია, ადრე თუ გვიან წააგებ" - განაცხადა გიგი უგულავამ "კვირის პალიტრასთან" (# 19) ინტერვიუში. რას პასუხობს მას ირაკლი შიხიაშვილი, ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ:

- დიდ პიარს მიკეთებს "ნაციონალური მოძრაობა", ამისთვის "მადლობა" უნდა გადავუხადო. გიგი უგულავა კიდევ ბედავს
საზოგადოების სახელით ლაპარაკს? ეს ის კაცია, რომელმაც ბიუჯეტიდან 50 მილიონი ლარი მოიპარა და ახლა ურცხვად აცხადებს, არაფერ შუაში ვარო. ეს მილიონები რომ მოპარულია, თავისი ჩვენებით ზურაბ ადეიშვილმა დაამტკიცა, თუმცა ისიც უტიფრად ტყუის, როცა ამბობს, უგულავამ არაფერი იცოდაო. არადა, ჭკუათამყოფელი ადამიანი დაიჯერებს, რომ მერიის სტრუქტურიდან ისე
შევიდა პარტიაში ფული, რომ უგულავამ არ იცოდა?! როგორც გველი იცვლის ტყავს, ისე ცდილობენ ესენიც შეცვლას... გამოდიან და ბოდიშს იხდიან, იმავე წუთს კი იაპონური მამალივით სხვას ახტებიან და დანაშაულების გადაბრალებას ცდილობენ. ქვეყანა ფასადური პოლიტიკით ჭაობში ჩაფლეს, დღეს კი უსინდისოდ გაიძახიან, - ავამუშაოთო. ერთი ადამიანი შემოვედი საკრებულოში და უგულავას ერთპიროვნული მმართველობა და ბიუჯეტის თავის ჭკუაზე ხარჯვა შევაწყვეტინე, თუმცა მერიაში კვლავაც ჰყავთ სევდია უგრეხელიძე, ირაკლი აბესაძე, კიდევ რამდენიმე კაცი, რომლებიც მონურ მორჩილებას უცხადებენ და კვლავაც უსიტყვოდ ასრულებენ მის ბრძანებებს.

- ბოლო საქმე, რომელზეც გიგი უგულავა პროკურატურამ დაჰკითხა, "სითი პარკის" თემაა. ვიცი, რომ ამ საკითხზე საკრებულოს სარევიზიო კომისიაც მუშაობდა, რა გაარკვიეთ?

- ამ თემაზე კომისიის სხდომა ჯერ არ ჩატარებულა, ამიტომ სრულყოფილ ინფორმაციას არ ვფლობ. გარდა ამისა, მერიის სამსახურების მიერ კანონის დარღვევის 12 ფაქტზე მომზადებული დასკვნები სამართალდამცავ ორგანოებს უკვე გაეგზავნა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი არასდროს ვყოფილვარ, მათი სურვილი იყო და დამასახელეს საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატად, ასე გავხდი საკრებულოს წევრი. ასე რომ, "ნაცმოძრაობას" კი არ ვუღალატე, მისი ფრაქცია საკრებულოში 2012 წლის 1-ელ ოქტომბრამდე კარგა ხნით ადრე დავტოვე.

- 2012 წლის 27 სექტემბერს, ანუ სულ რამდენიმე დღით ადრე...
- ეგ, როცა ხმამაღლა ვთქვი. ისე, ცხრა თვით ადრე დავტოვე.…

- ამდენ ხანს რატომ იყავით ჩუმად?
- ჩუმად კი არ ვიყავი, ვმუშაობდი...

- ანუ არჩევნებამდე ცხრა თვით ადრე უკვე "ქართულ ოცნებაზე" მუშაობდით?

- რა თქმა უნდა. ვმუშაობდი საკრებულოს გარეთაც და შიგნითაც. უკვე მქონდა იმ ადამიანების სია, ვინც დატოვებდა "ნაცმოძრაობას" და შედეგად უმრავლესობა აღარ ეყოლებოდათ. თავიდან ამ ყველაფრის წამოწევა არ ღირდა, რისკი მაღალი იყო - შეიძლება ბევრი ადამიანი გაუბედურებულიყო არჩევნების სხვა შედეგით დასრულების შემთხვევაში.
გაიხსენოს უგულავამ, როდის და როგორ ხაოდა, როგორმე შიხიაშვილი გააჩერეთო. ეს 26 სექტემბერს იყო, როცა გაიგეს, რომ მეორე დილით ბიძინა ივანიშვილს ვხვდებოდი და განცხადების გაკეთებასაც ვგეგმავდი. მოკლედ, არჩევნებამდე ცხრა თვით ადრე არაოფიციალურად დავტოვე "ნაცმოძრაობა", მაინცდამაინც არც მანამდე ვახდენდი პარტიასთან იდენტიფიცირებას.

- როგორ არა, სხვა თუ არაფერი, კარგად გვახსოვს 2011 წლის 26 მაისის თქვენეული შეფასება...

- 26 მაისს "ნაცმოძრაობას" კი არა, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას დავუჭირე მხარი. დავინახე, რომ საფრთხე ექმნებოდა ქვეყანას.

- ვის უქმნიდა საფრთხეს ის ხალხი, ვინც იქ იმ ღამეს იდგა?

- საფრთხეს უქმნიდა პოლიტიკოსების უპასუხისმგებლობა. კადრები "პაკლონაია გორაზე" ბურჯანაძის მონაწილეობით, თქვენც გაქვთ ნანახი და - მეც.

26 მაისის აქციის მონაწილე რიგით ადამიანებზე არც მაშინ მითქვამს აუგი და არც ახლა ვამბობ... როცა საკრებულოს უმრავლესობიდან გასვლის ნაბიჯი გადავდგი, ვიცოდი, რომ არჩევნები სხვაგვარად რომ დასრულებულიყო, ნამდვილად გამატყავებდნენ.

რომ არა ივანიშვილი და პატრიარქი, ქვეყანას ამ სენს, ამ გესტაპოსავით მომზადებულ პარტიას ვერავინ მოაშორებდა.
ისინი დღესაც ინარჩუნებენ სტრუქტურას, ყველა მედიასაშუალება მათთვის გახსნილია, პიარი იდეალურად აქვთ აწყობილი - ტყუილს ყიდიან, როგორც სინამდვილეს. მიხარია, რომ ამ ბოროტი ძალის შესუსტებაში ჩემი წვლილი შევიტანე.

- როგორც ჩანს, "ქართულ ოცნებაში" მაინცდამაინც ვერ დაინახეს ეს, თქვენი ადგილი თბილისის საკრებულოს კანდიდატთა სიაში ვერ მოიძებნა...
- თუ ფიქრობენ, რომ ჩემი ადგილი არ არის საკრებულოში, ამას უპრობლემოდ მივიღებ. ისე, მე არც "ქართული ოცნების" წევრი ვარ... როდესაც "ნაცმოძრაობის" შიგნით ხალხის გაჭირვებისა და ზეწოლის თემა განიხილებოდა, ხშირად მომისმენია ასეთი განცხადებები: - არა უშავს, ახლა სჯობს "დავაჭიროთ", არჩევნებამდე ექვსი თვე რომ დარჩება, ცოტა "ავუშვათ", ამ ხალხს ექვსი თვის მეხსიერება აქვს, ავიც და კარგიც ამ დროში ავიწყდება, ამიტომ ექვსი თვის მერე ხმას ისევ ჩვენ მოგვცემენო.…

- ამას ვინ ამბობდა?
- მაგალითად, მიხეილ მაჭავარიანი, თუმცა, ეს ზოგადად პარტიის ლიდერთა აზროვნების სტილი გახლდათ.

- იმაზე რას იტყვით, მერიის ყველა ინიციატივას საკრებულო ულაპარაკოდ რომ აფორმებდა...

- იცით რა, ჩუმადაც რომ გამოგეთქვა პროტესტი, მეორე დღეს სადღაც გიბარებდნენ... საკრებულოს შიგნითაც ირთვებოდა მანქანა, რომელსაც საეჭვო დეპუტატებისთვის ყურადღების მიქცევას ავალებდნენ... პირადად უგულავა მართავდა ამ პროცესს. ის საკრებულოს კი არა, ლამის ზურაბ ადეიშვილს მართავდა. ეს არის ხალხი, რომელმაც არ იცის ოჯახის, ქრისტიანობის, სამშობლოსა თუ ტრადიციების მნიშვნელობა. ტიპური ინტერნაციონალია, ბოლშევიკების მუტაციის შედეგია ეს პარტია. კრისტალიზაცია გაიარეს, შედეგად კი დარჩა სექტა.

- საკრებულოსა და რესპუბლიკური პარტიის წევრმა გულიკო ზუმბაძემ გაგაკრიტიკათ, თქვა, რომ შესაძლოა იმპიჩმენტი მოგიწყონ.
- ეგ ქალბატონიც შემჩნეულია სექტანტურ აზროვნებაში. ხალხს ყურები აქვს და კარგად ესმის, რომ ეს ქალი და მთელი "ნაცმოძრაობა" ერთ ხმაში ლაპარაკობენ. ვინ მისცა ამ ქალს უფლება ილაპარაკოს კოალიციის სახელით, ვინ ჰგონია თავი?!

- ბატონო ირაკლი, ლაპარაკია ე.წ. ხრუშჩოვკებთან დაკავშირებულ განცხადებებზე, ამბობენ, რომ ეს უსაფუძვლო განცხადებები იყო, რამაც კოალიციის უკმაყოფილება გამოიწვია.

- არანაირი უკმაყოფილება კოალიციაში არ არის. ამ საკითხის დისკრედიტაცია მოახდინა "ნაციონალურმა მოძრაობამ".

- თქვით, რომ უკვე არსებობდა რეალური ინვესტორი, რომელიც ქალაქის მასშტაბით მოახდენდა "ხრუშჩოვკების" დემონტაჟს და ახალ მშენებლობებს დაიწყებდა, რაც ტყუილი  გამოდგა...
- ასეთი რამ არ მითქვამს, ჩვენ გავაფორმეთ მემორანდუმი ინვესტორთან, როგორც სამომავლოდ გამოცხადებული კონკურსის პოტენციურ მონაწილესთან. ამგვარი მოლაპარაკებები გვქონდა ჩინელებთან, ჩეხებთან, ებრაელებთან... ვცდილობთ, ქალაქის ამ უმნიშვნელოვანესი პრობლემის აქტუალიზაციას, ასევე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ძველ თბილისში არსებული პრობლემების გადაჭრის გზების ძიება. ამ თემაზე დავით ნარმანიასთან არაერთხელ ვისაუბრეთ და თანამოაზრეები ვართ. დღეს თბილისში 170 000 კაცს აქვს უსახლკაროდ დარჩენის პრობლემა, ამიტომაც "ნაცმოძრაობის" ბოდვის მოსმენას, სჯობს, ამაზე ვიმუშაოთ.

ნათია დოლიძე
გიორგი
19 მაისი 2014 06:42
შიხიაშვილმა ის მაინც შეძლო, რომ ხმამაღლა დააფიქსირა თავის პოზიცია ნაციონალებთან დამოკიდებულებაში. კაცი, ყველგან შეიძლება მოგახვედროს სიტუაციამ, მაგრამ როცა ხედავ ბოროტისგან განუკითხაობას და მის ზეიმს შენს გარშემო და ამაზე ამ ბოროტი ძალის თუნდაც დასუსტების შემდეგაც არ იღებ ხმას , მაშინ შენც მისი ნაწილი გამხდარხარ. ცოტა გეგულებათ ის ნაძირალები, რომლებიც ასევე ხედავდნენ ამ უმსგავსოებენს, მაგრამ მიიყუჩნენ და შიშით ფიქრობენ ყვარყვარეს " ფილოსოფიით" , - ვაითუ მობრუნდნენო.


aragvi
16 მაისი 2014 20:15
"როდესაც "ნაცმოძრაობის" შიგნით ხალხის გაჭირვებისა და ზეწოლის თემა განიხილებოდა, ხშირად მომისმენია ასეთი განცხადებები: - არა უშავს, ახლა სჯობს "დავაჭიროთ", არჩევნებამდე ექვსი თვე რომ დარჩება, ცოტა "ავუშვათ", ამ ხალხს ექვსი თვის მეხსიერება აქვს, ავიც და კარგიც ამ დროში ავიწყდება, ამიტომ ექვსი თვის მერე ხმას ისევ ჩვენ მოგვცემენო"(ირაკლი შიხიაშვილი)


ჩემი ნება რომ იყოს, ამ არგუმენტს მრავალი მედიასაშუალებით გავავრცელებდი, რათა მოსახლეობას კიდევ ერთხელ გაეგო, რომ მას ცხვრის ფარად თვლიდნენ მაჭავარიანები, უგულავები და სხვები.

შიხიაშვილი გულნატკენი იქნება, მაგრამ ვინძლო უკეთესი სამუშაოსთვის ჰყავთ შეგულებული?
ნიჭიერი, ნამუსიანი და შეუპოვარი ჩანს.
არ დაკარგავენ.

რედაქტორის რჩევით