ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი
12-05-2014
ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი
პოლიტიკური კლოუნადა თუ აბსურდის თეატრი

პოლიტიკური რეიტინგები; საქართველოს თავდაცვის მინისტრის ამერიკაში გაკეთებული განცხადების გამო ატეხილი აჟიოტაჟი; მოახლოებული ადგილობრივი არჩევნები, რომელსაც ახალი ხელისუფლება დამშვიდებული სინდისით ატარებს კვლავ ძველი "ნაციონალური" სიებით; საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც კიდევ უფრო ასუსტებს პრეზიდენტის ინსტიტუტს და სულ უფრო უკონტროლო ძალაუფლების აკუმულირება ხდება აღმასრულებელი ხელისუფლების ხელში; წინააღმდეგობებით დახლეჩილი ევროპა და გაფართოებადი რუსეთი - აი, ძალიან მოკლედ განვლილი კვირის შეჯამება.
გრძელდება სოციოლოგიური კვლევების პოლიტიკური ბრძოლის იარაღად გამოყენების სამწუხარო ტენდენცია, რაც
როგორც კვლევის ავტორ-ჩამტარებლების, ასევე იმ საზოგადოების უპატივცემულობაა, სადაც კვლევებს ატარებ და აქვეყნებ. არადა, დღეს დასავლეთი, რომლის გავლენასაც საქართველოში მთელი ძალით ებრძვის რუსული საინფორმაციო მანქანა, ყველა თავისი ინსტიტუტის მეშვეობით უნდა ცდილობდეს სწორედ საკუთარი იმიჯის განმტკიცებას ქართველ საზოგადოებაში და არა უფრო მეტი კითხვის ნიშნის გაჩენას.

მოშლილია ქვეყნის
უსაფრთხოების ინტერესების ცნება და ფარგლები: საქართველოში „ნატოს“ თავდაცვითი სისტემების განთავსების თემა, ჩასაფრებული რუსეთის შემყურე, ასე საჯარო დისკუსიის საგანი რომ არ არის, დიდი პოლიტიკური გამჭრიახობა არ სჭირდება. არადა, ჩვენი უმაღლესი და მაღალი რანგის აღმასრულებელი და საკანონმდებლო შტოების პოლიტიკოსები ერთმანეთს ეჯიბრებიან ამ თემაზე ურთიერთგამომრიცხავი განცხადებების გაკეთებაში, რუსი კი ჩვენი შემყურე "იცინის, კვდება სიცილით".

იმედგაცრუებული მოსახლეობა აპათიურად შეჰყურებს პოლიტიკური პარტიების სვლას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისკენ, რომელიც ჩატარდება, ფაქტობრივად, ერთპარტიული საარჩევნო კომისიებითა და იმ საარჩევნო სიებით, რომლითაც "ნაციონალების" დროს არჩევნები ყალბდებოდა. მედია ხელისუფლებას მათ მიერვე შექმნილი კომპრომატების სერიის სააშკარაოზე გამოტანით ემუქრება. თავის მხრივ, ხელისუფლებაც წარბშეუხრელად იბრძვის მედიის, ექსპერტული თუ ანალიტიკური საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის დისკრედიტაციისთვის, რასაც ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ ზოგჯერ ჩვენც, ამ სფეროს წარმომადგენლებიც ვუწყობთ ხელს უპასუხისმგებლო მიდგომებით. როგორც ჩანს, სააკაშვილის მიერ დაწყებული გაკვეთილი, როცა მან მიზანმიმართულად გაანადგურა ძველი ელიტები“ და შექმნა საკუთარი ფსევდოელიტა, რომელსაც პროპაგანდისტული ფუნქცია დააკისრა, ახალ ხელისუფლებასაც ჭკუაში დაუჯდა. მისთვის ყველა არაპროფესიონალი და სუბიექტურია, ვისაც მასთან კითხვები უჩნდება ან ვისაც განსხვავებული მოსაზრებები აქვს ქვეყანაში სწრაფი ტემპით მიმდინარე აღმშენებლობით პროცესზე. "ავტორიტეტულ" ხელისუფლებას არავინ სჭირდება: არც მედია, არც სამოქალაქო სექტორი, არც ექსპერტები თუ ანალიტიკოსები, მაპატიეთ და, არც ეკლესია. მარტივი ლოგიკაა: რაც უფრო ნაკლები ავტორიტეტული სახე და სიტყვა იქნება საზოგადოებაში, მით უფრო დიდხანს იქნება ის აპათიასა და მორჩილებაში.

თუმცა, აქ ხელისუფლება წინააღმდეგობაში ვარდება: თუ ყველა სფერო არაპროფესიონალიზმით არის წალეკილი, ამდენი "პროფესიონალით" მთავრობა როგორღა დავაკომპლექტეთ?! მეტიც, ხელისუფლება ამ ტაქტიკით თვითიზოლაციაში ექცევა. მან საკუთარი თავიც კი დაარწმუნა, რომ გარშემო მხოლოდ არაკვალიფიციურები არიან და ამიტომ არ ცნობს მათ არსებობას. ასეთი საზოგადოება რამდენადაც იოლი სამართავია, იმდენად იოლი საკბილოა მტრისთვისაც. ამის გათვალისწინება მართებს ხელისუფლებასაც და საზოგადოებასაც.
grigori
18 მაისი 2014 17:07
მთავრობა, რომ სპეციალისტების აზრს არ ითვალისწინებს ძალიან ცუდია.რაც შეეხება ე.წ. არასამთავროების აზრს,{მათ უდიდეს უმრავლესობას ვგულისხმობ} მისი აზრის გათვალისწინება იგივე ქვეყნის ღალატის ტოლფასი იქნებოდა, რადგან ისინი სხვა ქვეყნის ინტერესების გამომხატველია, სულ ერთია ვისი, რუსეთის თუ დასავლეთის. თანაც შეუძლებელია გაარჩიო ვინ გამოხატავს დასავლეთის ინტერესება და ვინ რუსეთის.
nato
16 მაისი 2014 11:53
დონე არ არი,რა ხელისუფლებაა ეს სხვის სემკურე პირდაგებული,საკუტარი კვეკნის განვიტარების გეგმა არ არსებობს,ტავი მოაკვტ კიტრებივიტ.
liza
15 მაისი 2014 14:45
ხელისუფლება არა მარტო უნდა ითვალისწინებდეს,არამედ ვერც კი აცნობიერებს,რომ ასეთი განაცხადი "კადრების არ ყოლა" პირველ რიგში საზიანოა მათთვის. საზოგადოებაში კი არადა,თვით ხელისუფლებაში არ ყავს კვალიფიციური და პროფესიონალი კადრები.ასეთი კადრების შიშით შებოჭილები ტყუილად აცხადებენ ამას.რადგა ამით სურთ,რაც შეიძლება კიდევ დიდხანს შეინარჩუნონ საკუთარი არსებობა.ამით ყველაზე მეტად გვანან თავის წინამორბედებს!..

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები