ნიკა გვარამია: "არ ვიცი, ვინ რა დაამონტაჟა ჩემს კაბინეტში" - კვირის პალიტრა

ნიკა გვარამია: "არ ვიცი, ვინ რა დაამონტაჟა ჩემს კაბინეტში"

ამ სიბინძურეში ყველაზე მეტად თქვენი კოლეგები, "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტები ზარალდებიან"

"ბევრი ნიუანსი გვაძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ ე.წ. თვალთვალის თემა ბრალმდებლის აგორებულია"

საქართველოში ფარული მოსმენების თემა, ძირითადად, წინასაარჩევნოდ გააქტიურდება ხოლმე. "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მას და პოლიტიკური ტოქშოუს წამყვან ნინო შუბლაძეს უსმენდნენ, თუმცა გვარამია უგულებელყოფს ხელისუფლების წარმომადგენლების თხოვნას, დაასახელოს ამ ინფორმაციის წყარო. ამის ნაცვლად იმუქრება და ხელისუფლებას იმ ფარული ჩანაწერების გასაჯაროებას ჰპირდება, მისივე თქმით, დღევანდელმა ხელისუფლებამ საკუთარ მაღალჩინოსნებს რომ გადაუღო. ამავე დროს, გვარამია ბოდიშს იხდის, გვაპატიეთ, რომ ჩვენც გისმენდითო(?!) რაც, მისივე განცხადებით, სხვათა უფლებების შემლახავი, მაგრამ იმდროინდელი ხელისუფლების კანონიერი ქმედება ყოფილა. გამოდის, რომ გვარამიას ბოდიში ყალბია და ის სულაც არ გრძნობს სინანულს...

მთავარი პროკურატურის შუალედური გამოძიების დასკვნით, "რუსთავი 2"-ში ფარული ჩანაწერები ჯერ კიდევ სააკაშვილის დაქვემდებარებაში მყოფი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლების ხელით კეთდებოდა. ამას ადასტურებს  ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის - თეიმურაზ კოვზიაშვილის ჩვენება. თ. კოვზიაშვილი სამსახურიდან 2014 წლის 7 მაისს გაათავისუფლეს, რის შემდეგაც მან გამოძიებას მისცა ჩვენება ტელეკომპანიის სათვალთვალო კამერების 2012 წლის 21 დეკემბრის ჩანაწერების შესახებაც. ვიდეომასალაში ჩანს, რომ 2012 წლის 21 დეკემბერს (სააკაშვილის დაბადების დღეს) ტელეკომპანიაში იყვნენ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დაქვემდებარებაში მყოფი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც შენობაში (გვარამიასა და შუბლაძის ოთახებშიც) ატარებდნენ ტექნიკურ სამუშაოებს სპეციალური აპარატურის გამოყენებით. ამან კოვზიაშვილი დააეჭვა და დაიწყო მოკვლევა. ტელეკომპანიის ერთ-ერთი სამუშაო კაბინეტის ჭერში მან აღმოაჩინა ფარული აუდიო-ვიდეომოწყობილობის მონტაჟის კვალი და დაუყოვნებლივ აცნობა ნიკა გვარამიას. "არ ინერვიულო, ჩვეულ რეჟიმში გააგრძელე საქმიანობა და ზედმეტ ინიციატივებს ნუ გამოიჩენ", - დაამშვიდა თურმე დირექტორმა. ამ ამბიდან ორი წლის შემდეგ კი კოვზიაშვილმა ჯერ ის გაიგო, რომ მისი აღმოჩენილი აპარატურით უსმენდნენ "რუსთავი 2"-ის დირექტორს, შემდეგ კი აცნობეს, რომ სამსახურიდან იყო გათავისუფლებული. გვარამიამ კი სააკაშვილის დაცვის სამსახურის ტელეკომპანიაში ყოფნის შესახებ განაცხადა, რომ მათი ქმედება კანონიერი იყო, რადგან ამ სამსახურს ტელეკომპანიამ სთხოვა შემოწმება.

შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორია გვარამიას მისივე გამოცხადებულ ომში მარცხს უწინასწარმეტყველებს. მისი განმარტებით, 2012 წლის 21 დეკემბერს პრეზიდენტს დაქვემდებარებულ დაცვის სპეციალურ სამსახურს უფლება არ ჰქონდა, შეემოწმებინა კერძო კომპანია და არც კერძო კომპანიას ჰქონდა სამართლებრივი საფუძველი, მიემართა ამ სამსახურისთვის. იზორია იხსენებს პრეზიდენტ სააკაშვილის ხელმოწერილ (2012 წლის 5 ოქტომბრის) ბრძანებას, რომლითაც მის დაქვემდებარებაში მყოფ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაექვემდებარა შსს-ს სპეციალური კავშირების სააგენტოც. "ამ გადაწყვეტილებით მის ხელში გადავიდა ტექნიკა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია თვალთვალი და მიყურადება", - განაცხადა იზორიამ, რომელიც  მიიჩნევს, რომ "რუსთავი 2"-ს სააკაშვილი უსმენდა.

გვარამია აცხადებს, რომ კოვზიაშვილი ახლანდელი ხელისუფლების აგენტია და ტელეკომპანიაში მოსმენა უსაფრთხოების სამსახურის ხელშეწყობით ხდებოდა. ის ასევე ბრალს სდებს კოვზიაშვილის წინამორბედს, "რუსთავი 2"-ის უსაფრთხოების ყოფილ უფროსს ბუნტურიძეს, რომელიც სასჯელაღსრულების დეპარტამენტში ერთ-ერთ განყოფილებას ხელმძღვანელობს.

გია კუჭავა, პოლიტოლოგი: - მოსმენების თემა შემოგდებულია წინასაარჩევნო პერიოდში. ჩემი აზრით, "ნაცმოძრაობამ" შექმნა პოლიტიკური კრიმინალის ხელოვნების ინდივიდუალური მიმდინარეობა, რომელიც ალბათ, შევა პოლიტიკის სახელმძღვანელოებში იმის თვალსაჩინოდ, თუ როგორ არ უნდა იქცეოდეს პოლიტიკოსი. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ნიუანსი გვაძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ ე.წ. თვალთვალის თემა სწორედ ბრალმდებლის აგორებულია.

- იქნებ მართლაც არსებობს წყარო, ვინც მოსმენის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა გვარამიას?

- მე მხოლოდ ფაქტების ლოგიკურ თანამიმდევრობას მივყვები. შეგახსენებთ ირაკლი ოქრუაშვილის ოფისის დალუქვის ფაქტს. "რუსთავი 2"-ის ეთერში ითქვა, რომ ოქრუაშვილის ოფისიდან ქუჩის პერიმეტრი კონტროლდებოდა უმაღლესი ხარისხის სათვალთვალო აპარატურით, რომელიც შსს-დან წამოიღო. რატომ არ შეიძლებოდა ბაჩო ახალაიას, გნებავთ, ვანო მერაბიშვილს ან ვინმე სხვას ასევე წამოეღო შსს-დან მოსასმენი აპარატურა და დღეს კვლავ "ნაციონალები" უსმენდნენ მათთვის საინტერესო ადამიანებს? ნუთუ ვინმე ისეთი გულუბრყვილოა, რომ ჰგონია, მოსმენა ერთი შენობიდან, მხოლოდ შსს-დან ან თუნდაც თავდაცვის სამინისტროდან არის შესაძლებელი? შეიძლება არსებობდეს მომსმენთა თუ მსმენელთა ქსელი, რომელსაც ახლო ურთიერთობა არ ჰქონდეს რომელიმე სახელმწიფო ან კერძო სტრუქტურასთან. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია, "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის კაბინეტში მოხვდეს კაცი ისე, რომ უამრავი ბარიერი არ გაიაროს?

- გვარამია ამბობს, რომ ჰყავს წყარო, თანაც შსს-დან...

- შესაძლოა, ვივარაუდოთ, რომ ჰყავს აგენტი შსს-ში. ჟვანიასა და სააკაშვილის გუნდს ხელისუფლებაში მოსვლამდე, ჯერ კიდევ შევარდნაძის რეჟიმის დროს ჰქონდათ ასეთი სისტემა: მათი ხალხი მუშაობდა სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციაში, მათ შორის შსს-ში და დავალებული ჰქონდათ იმდროინდელი პოლიტიკური რეჟიმის (რომელიც ისედაც დეგრადირებული იყო) და სახელმწიფოს დისკრედიტაცია. იმ პერიოდში საქართველოში ინვესტიციების განხორციელების მსურველი ბიზნესმენების გატაცებებიც, ძირითადად, პოლიციელებთან იყო დაკავშირებული, ამბებს კი სწორედ "რუსთავი 2" ახმაურებდა... ამით იმის თქმა მინდა, რომ დღესაც იგრძნობა "ნაციონალების" ხელწერა და შესაძლოა, პოლიციურ სტრუქტურებში (და არა მარტო იქ) კვლავაც ჰყავდეთ თავიანთი ხალხი, ვისი საქმეც თანამდებობის პირების შანტაჟი და ბინძური საქმეების კეთებაა.

"რუსთავი 2"-თან დაკავშირებულმა ახალმა სკანდალმა ანდაზა გამახსენა მექოთნეზე, საითაც უნდა, იქით რომ მოუქცევს ყურს ქოთანს. ფარული ჩაწერის დიდოსტატებს შეუძლიათ, ვისაც უნდათ, იმას დააბრალონ თვალთვალი. ერთი რამ კი ცხადია - ამ სიბინძურეში ყველაზე მეტად თქვენი კოლეგები, "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტები ზარალდებიან. მათ საქმიანობას ვიღაც იყენებდა და ალბათ, დღესაც იყენებს თავისი ინტერესების სასარგებლოდ, რაც არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ მედიასაშუალებას, მთელ ქართულ მედიას უტეხს სახელს.

- შენიშნავდით: "რუსთავი 2"-ის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი ამბობს, რომ სააკაშვილის დაცვამ დაამონტაჟა დირექტორის კაბინეტში აპარატურა... ცნობილია, რომ მაშინ გვარამია დაკავებული იყო. ის მეორე დღეს, 22 დეკემბერს, გირაოს გადახდის შემდეგ გამოუშვეს...

- მოდი, დავსვათ კითხვა: შეიძლებოდა თუ არა და რატომ მაინცდამაინც იმ პერიოდში უნდა დაემონტაჟებინა სააკაშვილის დაცვას მოსასმენი აპარატურა გვარამიას და შუბლაძის კაბინეტებში? იქნებ იმიტომ, რომ თუ გვარამიას არ გამოუშვებდნენ და "რუსთავი 2"-ში ახალი ხელისუფლების კადრი მოვიდოდა, თუნდაც დროებით, შესაძლებელი ყოფილიყო მისი გაკონტროლება "ნაციონალების" მიერ?! გვარამია და "ნაციონალები" ახლა ცნობილი ცრუს მდგომარეობაში არიან - სიმართლესაც რომ ამბობდნენ და სხვისი დამონტაჟებული იყოს მოსასმენი ტექნიკა, იმდენი სიბინძურის შემდეგ, რაც ფარული აუდიო და ვიდეოჩანაწერების სახით გამოვლინდა, ვინ დაუჯერებთ? ათასი წიკლაურის თავის გატეხა არ ეყოფა მაგათი გატეხილი სახელის აღდგენას. არის კიდევ ერთი საინტერესო ფაქტორი: სამწუხაროდ, დღევანდელ ხელისუფლებას, კერძოდ, პროკურატურას, ისე უჭირს საქმეების გამოძიება და ლოგიკურად ერთმანეთთან ბევრი რამის დაკავშირება, რომ ძნელი დასაჯერებელია, მოსმენა შეძლონ და თუ გაბედავენ, არ ეშინოდეთ იმის, რომ "ნაციონალები" აკონტროლებენ.

"კვირის პალიტრა" ნიკა გვარამიას ესაუბრა: - იმის გამო, რომ 2012 წლის 21 დეკემბერს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვიჯექი, არ ვიცი, ვინ რა დაამონტაჟა ჩემს კაბინეტში.

ეს არის გამოსაძიებელი საქმე და ასეც ვთხოვე ხელისუფლებას, მაგრამ პროკურატურამ წარმოადგინა შუალედური დასკვნები. საერთოდ რას ნიშნავს ეს შუალედური დასკვნა, რა ინსტიტუტია? პროკურატურის მოუქნელობის გამო მიმყარდება აზრი, რომ ეს სათვალთვალო ტექნიკა წინა ხელისუფლებას არ დაუმონტაჟებია. კოვზიაშვილის გახმაურებული ჩვენება მთავარი პროკურატურის შეთითხნილია.

- გამორიცხავთ, რომ მოსასმენი აპარატურა მართლაც სააკაშვილის დაცვამ დაამონტაჟა?

- თეორიულად ყველაფერი შესაძლებელია. თუმცა, არ მჯერა ამის.

- არსებობს ვერსია, რომ სააკაშვილს სჭირდებოდა სათვალთვალო მოწყობილობა "რუსთავი 2"-ში თქვენი სავარაუდო შემცვლელის გასაკონტროლებლად?

- მე არ ვსაჭიროებდი კონტროლს და სხვა საჭიროებდა? ეს პარამენტალური ვერსიაა. ეჭვის რაციონალური საფუძვლების ასეთი ძიება კი პარანოიაა.