მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები

ვისი მოსასმენი ვის ჭერშია

ეტყობა, ვიღაცამ დაგვწყევლა - სკანდალები არ მოგაკლოთ ღმერთმაო. ჯერ იყო და, დავით კოდუას სცემეს, ყველა აქოთქოთდა, ვაიმე, რა გვეშველება, ე.წ. სამართლიანობის აღდგენის პროცესმა ქუჩაში გადაინაცვლაო. მეც ვიფიქრე, ჩემი "ფიქრების" მთავარი თემა ეს იქნებოდა, მაგრამ კვირის ბოლოს ვიღას ახსოვდა კოდუას ცემა? "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გვაუწყა, რომ მისი და საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნინო შუბლაძის კაბინეტში ვიღაცას სათვალთვალო მოწყობილობები ჰქონდა დამონტაჟებული, მერე მოხსნა, მაგრამ შსს-დან წყარომ მათ ამ კამერებით გადაღებული მასალები მიაწოდა.

მოკლედ, თვალთვალს ახალი ხელისუფლებაც აგრძელებს და თან ვის - მედიას უთვალთვალებსო! დამეთანხმებით, სკანდალთა სკანდალია. ასეთი ფაქტის გახმაურება დასავლეთის ყველა ქვეყანაში მთელი მთავრობის თუ არა, შს მინისტრის გადადგომის წინა პირობა მაინც იქნებოდა. სწორედ უკანონო ფარული მიყურადების გამო მოუწია პრეზიდენტ ნიქსონს თავის დროზე გადადგომამ. ჩვენთან რა ხდება? რა და, იმას ვარკვევთ, საკუთარ თავს თვითონ ხომ არ დაუმონტაჟა "რუსთავი 2"-მა სათვალთვალო აპარატურა. და რაც მთავარია, ეს მხოლოდ საზოგადოების პრობლემა არ არის. ეს არის "რუსთავი 2"-ისა და მისი ხელმძღვანელობის პრობლემაც - მედიასაშუალებამ სახელი ასე არ უნდა გაიტეხო.

მერე ეს ვერსია პროკურატურის გამოქვეყნებულმა ახალმა ჩანაწერებმაც გაამყარა, სადაც ჩანდა, როგორ მივიდა ტელევიზიაში მაშინ ჯერ კიდევ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაცვა ჩემოდნებით და იქ რაღაცის ჩხაკუნი დაიწყო. ამაზე გვარამიამ განაცხადა, ეს ხალხი ჩვენ მოვიყვანეთ შესამოწმებლადო. მოკლედ, ისეთი სიტუაცია შეიქმნა, როცა ვეღარ გაიგებ, ვისი მოსასმენი ვის ჭერშია და ნურავინ მისაყვედურებს, შენი კოლეგების რატომ არ გჯერაო. ნიკა გვარამია არ არის ჩემი კოლეგა და თუ ხელისუფლების არ მჯერა, ნება მომეცით, არც მისი მჯეროდეს. სხვა გზა არ დამრჩენია - მოვლენების განვითარებას უნდა დაველოდო, ვიდრე რამეს დავასკვნიდე.

მოვლენები კი - იცოცხლე! წინ გველოდება! გვარამიამ ბოდიშის მოხდით დაიწყო, მაგრამ ბოლოს მუქარით დაასრულა. ხელისუფლებას დაემუქრა, კიდევ მაქვს ფარული ჩანაწერები და ჯოჯოხეთს მოგიწყობთო! სავარაუდოდ, როცა გაზეთი გამოვა, ეს ახალი ჩანაწერები თქვენ უკვე ნანახი გექნებათ, მე კი ჯერ არ ვიცი, იქ რა ხდება. თუ რამე საინტერესო იქნება, სერიალის გაგრძელებას მეორე კვირას შემოგთავაზებთ.

ბევრი ცუდი და ერთი კარგი ამბავი

წინა კვირას საქართველოს მთავარმა დიპლომოლოგმა გოგა ხაჩიძემ აღმოაჩინა, რომ პარლამენტის წევრი "ოცნებიდან", ირაკლი ღარიბაშვილის ცოლისძმა ლექსო თამაზაშვილი უდიპლომოა და უფრო მეტიც: ჯერაც სტუდენტია. თამაზაშვილმა კი ეს ასე განმარტა: 2007 წელს დამამთავრებელ სემესტრში მუშაობა დავიწყე და სწავლის და სამსახურის შეთავსება ვეღარ მოვახერხე, ამიტომ სტუდენტის სტატუსი შემიჩერდა, ჰოდა, 2014 წელს გავიარე რეგისტრაცია დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტადო. ანუ უკვე პარლამენტარმა გადაწყვიტა სწავლის დამთავრება.

თან შეგვახსენა: კანონით, საქართველოს პარლამენტის წევრობისთვის უმაღლესი განათლება და მისი დამადასტურებელი საბუთი საჭირო არ არისო. გოგა ხაჩიძეს, ბუნებრივია, არ გახსენებია, რომ მათი მარიამ საჯაიაც სტუდენტია და პარლამენტარის ხელფასს აშშ-ში უგზავნიან, შენ ოღონდ კარგად ისწავლეო. ასევე წინა კვირას გაირკვა, რომ კახა ბენდუქიძემ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ისარგებლა და სახელმწიფოს ხარჯზე გაიკეთა ოპერაცია. მას ამ ფაქტზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია. ისე, მერე რა, რომ ბევრი ფული აქვს, ან ამ პროგრამას რომ აკრიტიკებდა და უაზრობას ეძახდა - თუ პროგრამა საყოველთაოა, ბენდუქიძეც შედის "ყველაში".

ასევე წინა კვირას ჩაატარეს ყრილობა "ნაცებმა" და უხაროდათ, რომ ისევ მოახერხეს სპორტის სასახლის გავსება, მაგრამ ტყუილები აქაც ვერ მოიშალეს და ადგილობრივი არჩევნების წინ მოსახლეობას დაჰპირდნენ, თუ ჩვენ გავიმარჯვებთ, საწვავს და გაზს აქციზის გადასახადისგან გავათავისუფლებთ და შედეგად საწვავი 25 თეთრით, ხოლო გაზი 8 თეთრით გაიაფდებაო, არადა, აქციზის გადასახადის გაუქმება მერს ან გამგებელს კი არა, მხოლოდ პარლამენტს შეუძლია.

ასევე წინა კვირას ისე გამოვცვივდით ევროვიზიიდან, ფინალშიც ვერ გადავედით. თუმცა ერთი კარგი ამბავიც მოხდა: პარასკევს "იმედის" ეთერში ირაკლი ღარიბაშვილმა აღიარა, რომ ცუდად მოიქცა, როდესაც არასამთავრობოები ძირგამომთხრელ საქმიანობაში დაადანაშაულა. წამომცდაო და მთლად ასეც არ უნდა მეთქვაო. ჩვენს პირველ მინისტრს შეცდომის აღიარება შესძლებია და დამიჯერეთ - ეს არ არის პატარა ამბავი...