რუსული "უტკა"
19-05-2014
რუსული "უტკა"
"97 ჩეჩენი პანკისის ხეობაში დაბანაკებას, რუსეთის ტერიტორიაზე შეპარვასა და ტერორისტულ აქტებს გეგმავს"

"რუსეთის მიზანია საქართველოში ლიბანიზაციის დაწყება"

"ყველაფერი მზადდება იმისათვის, რომ რუსეთმა შეაკოწიწოს ახალი ტიპის ევრაზიული გეოპოლიტიკური თანამეგობრობა, რომელიც დაეფუძნება ეკონომიკურ მიმართულებას და გამოიკვეთება სამხედრო ალიანსის ნიშნები"


რამდენიმე დღის წინ ირანულმა სააგენტო "ფარს ნიუსმა" (Fars News) გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში სირიის მთავრობასთან მებრძოლი ჩეჩენი ბოევიკების დაჯგუფება თბილისში გადაიგზავნა. 97 ჩეჩენი მებრძოლი იორდანიის დედაქალაქ ამანიდან ჯერ სტამბოლში, შემდეგ
კი თბილისში ჩავიდა (იქვე მითითებულია რეისის ნომრები). ამასთან, მიმდინარეობს მებრძოლების განლაგება პანკისის ხეობაში და ისინი რუსეთის ტერიტორიაზე შეპარვასა და ტერორისტულ აქტებს გეგმავენ.
"კვირის პალიტრა" სამხედრო ექსპერტ ვახტანგ მაისაიას ესაუბრა:


- "ფარს ნიუსის" ინფორმაცია ირანის პროპაგანდისტული ომის წამოწყებაა. დასახელებულია ავიარეისებიც, რაც კარგად ორგანიზებული და დაგეგმილი სატყუარაა.

- რა არის ამ გზავნილის მიზანი და რატომ წამოვიდა ის მაინცდამაინც ირანიდან?

- ეს არის რუსეთ-ირანის ერთობლივი გეგმა. რუსეთის მიზანია პანკისის ხეობაში ვითარების არევა, რათა საქართველოში შემოჭრის საბაბად გამოიყენოს. მით უმეტეს, რომ იკვეთება საინტერესო ტენდენცია, როგორიც არის ყბადაღებული სატრანზიტო კორიდორის ფუნქცია. საყურადღებოა, რომ ეს გზავნილი წამოვიდა ირანული და არა სხვა, მაგალითად, კავკასიის რომელიმე ქვეყნის სააგენტოდან; ანუ ეს წყაროს სანდოობის საკითხია - ირანიდან წამოსულ ინფორმაციას უფრო დაეჯერება, ვიდრე რუსეთიდან...

- ირანის ინტერესი რაში მდგომარეობს?
- ირანის ფაქტორი ძალიან საინტერესოა. რამდენიმე დღის წინ მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა სირიის მთავრობის ვიცე-პრემიერი და გაიმართა საიდუმლო მოლაპარაკება. თუმცა, შემდეგ გაახმაურეს, რა იყო ამ შეხვედრის ლაიტმოტივი - სირიის გაწევრება ევრაზიის ფარგლებში მოქმედი საბაჟო კავშირის შემადგენლობაში. ამ კავშირის წევრები არიან რუსეთი, ყაზახეთი და ბელორუსია. მას უერთდება ყირგიზეთი და სომხეთი. სირიის შესვლის საკითხი ოფიციალურად დაისმება 3 ივნისს, როცა იქ საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება. მიუხედავად იმისა, რომ სირიაში გაქანებული ომია, მაინც ტარდება არჩევნები და მთავარი კანდიდატი კვლავ ბაშირ ასადია, რომელიც, რა თქმა უნდა, გაიმარჯვებს. შესაბამისად, ამ არჩევნების შემდეგ დადგება რეალური საკითხი, როგორ შევიდეს სირია საბაჟო კავშირში. სომხეთისა და სირიის შემდეგ, არ არის გამორიცხული, ირანმაც იგივე ნაბიჯი გადადგას, მით უმეტეს, რომ მაისში ირანი დააყენებს საკითხს, ოფიციალურად შეუერთდეს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციას (შანხაის ხუთეული, სადაც გამოკვეთილია ევრაზიული ორი დიდი სახელმწიფოს - ჩინეთისა და რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესები). შემდეგ პუტინი ჩავა ჩინეთში და ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს რუსული ნავთობისა და გაზის ჩინეთის მიმართულებით გატანის თაობაზე და არ არის გამორიცხული, შეიქმნას ახალი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი ევრაზიულ სივრცეში. ყველაფერი მზადდება იმისათვის, რომ რუსეთმა შეაკოწიწოს ახალი ტიპის ევრაზიული გეოპოლიტიკური თანამეგობრობა, რომელიც დაეფუძნება ეკონომიკურ მიმართულებას და გამოიკვეთება სამხედრო ალიანსის ნიშნები.

მოვლენები კი საქართველოს ირგვლივ ორბიტულ სივრცეში ვითარდება - სომხეთი, სირია, ირანი... არ დაგავიწყდეთ, რომ ირანსა და რუსეთს გეოსტრატეგიული ინტერესები აქვთ სირიაშიც. რუსეთი ჩარეულია სირიაში სამხედრო შენაერთებითაც კი. უბრალოდ, უკრაინაში არსებულმა მდგომარეობამ ის განაპირობა, რომ რუსეთი იძულებული გახდა, სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში გადმოესროლა ის ჩეჩნური შენაერთები, რომლებიც სირიაში ასადის რეჟიმის მხარდასაჭერად იყვნენ გაგზავნილი.

- შესაძლოა, რუსეთმა მიზნის მისაღწევად მართლაც ჩეჩენი ბოევიკები, პლაცდარმად კი პანკისი გამოიყენოს? და რა არის მისი მიზანი?
- რუსეთის მიზანია საქართველოში ლიბანიზაციის დაწყება. მას სჭირდება  კონკრეტული სატრანზიტო კორიდორი და ამ მიზნის მისაღწევად შეიძლება ნებისმიერი საშუალება გამოიყენოს, მათ შორის - ოკუპაციაც, თუკი "მადა ჭამაში მოდის" სცენარი გათამაშდა... იმედია, თავიდან ავიცილებთ მოვლენების ასეთ განვითარებას, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, მტერს არ სძინავს. ყოველ შემთხვევაში, სირიის შესვლა საბაჟო კავშირში, მისი შეყვანა ამ გეოპოლიტიკურ სივრცეში, უკვე მოითხოვს კორიდორის ამოქმედების რეალური პერსპექტივის განვითარებას. როცა რუსეთს უკვე ათვისებული აქვს ყირიმი, მას, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო აინტერესებს შავი ზღვის სანაპირო ზოლი და მის ირგვლივ თავისი ინფრასტრუქტურის განვითარება, პლუს სახმელეთო კორიდორი.

ყველაფერი დამოკიდებულია მმართველი პოლიტიკური ძალის გონივრულ გათვლებზე. მთავარია, დავინახოთ რეალური საფრთხე და გამოვნახოთ მისი აცილების გზები, რაც საქართველოს მთავრობის პრეროგატივაა. არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსებმა თავის რომელიმე ქალაქში მოაწყონ ტერაქტი, მით უმეტეს, ამის გამოცდილება აქვთ. იმასაც თუ დავამატებ, რომ ე.წ. "უტკა" გაშვებულია, ეს ტერაქტი შეიძლება რუსეთის საქართველოში შემოჭრისთვის საბაბიც გახდეს.

სხვათა შორის, ასეთივე სცენარი, თითქოს პანკისში არასტაბილური ვითარებაა, რუსმა პოლიტოლოგებმა ჯერ კიდევ აპრილში წარმოადგინეს, როდესაც ლუკიანოვისა და მაკედონოვის წარმომადგენლები იყვნენ ჩამოსული. ამ შეხვედრას მეც ვესწრებოდი და მათ ეს საკითხი გაახმაურეს. მე, როგორც კავკასიის საკითხთა ექსპერტმა, დავუმტკიცე მათ ამის აბსურდულობა. როგორც ჩანს, სცენარის განვითარების ამგვარი იდეა რუსულ ანალიტიკურ წრეებში მუსირებდა. ჩვენს ტელევიზიებს შეუძლიათ ჩავიდნენ და დააფიქსირონ, რომ დღეს პანკისში სრული სიწყნარეა და ეს ყველაფერი მონაჩმახი და ჭორია.

ნანა ფიცხელაური

mindia
27 მაისი 2014 13:51
davit67

"mindia ნუ წუხდები რა!! შენ იმდენსაც ვერ ხვდები რომ აქ ვისთანაც ვკამათობ საუბარი სულ სხვა რაღაცაზეა და არა სკოლის მოსწავლეების ფეხმძიმეობაზე."

უბრალოდ ცნობა მოგაწოდე. ვფიქრობ როგორც რუსეთის მოქალაქეს და რუსი ოლიგარქის ამომრჩეველს გამოგადგება.
vep1963
26 მაისი 2014 14:29
ruso-გაიხარე ,სწორედ სისხლით ქართველები მენტალობით კი ხან სპარსელები ხან ტურქები და ხან რუსები რომ ჰყიდნენ საქართველოსა და საწყალ ქართველებს ,სწორედ ამაშია საქმე და ამიტომაც უკვე დროა რომ გონზე მოვეგოთ და სწორი არჩევანი გავაკეთოთ.რაც არ უნდა გათახსირებული იყოს ევროპა ამერიკა ჩვენი სწორად განვითარების გზა სწორედ მათკენ მიდის და არა მგონია იმაზე უფრო გავთახსირდეთ და გავირყვნათ როგორც ერი როგორც ეს რუსეთთან ცხოვრებით მოგვივიდა და მოგვივა კიდევ უარესად ტუ ისევ ახლანდელ რუსეტს მივუბრუნდით.
vep1963
26 მაისი 2014 14:16
davit67- თქვენ კითხვებზე კი ასე გიპასუხებთ.თქვენი კომენტარების შემხედვარე არა მგონია პატივცემულო იმდენად მიამიტი ბრძანდებოდეთ რომ არ იცოდეთ თუ ქვეყანას რომელიც ერების მოტყუებით,სიცრუეებით ,შანტაჟებით დაპყრობა მიერთებაზეა აგებული იმპერია ჰქვია და სწორედ რომ ამ სიცრუეების გამო იშლება იგი მას კი გამწარებული დამონებული ხალხი შლის.სწორედ ასეთი ქვეყნის აღდგენა უნდა პუტანს და გთხოვთ თავს ნუ ისულელებთ. პირადად მე თქვენს შესახებ ასეთი აზრი მაქვს: თქვენ ქართველი კი ხართ და ქართულიც გტკივათ.მაგრამ ურუსეთოდ მიუხედავად იმისა იგი კომუნისტურია თუ იმპერიალისტური საქართველოსა და ქართველების ცხოვრება ვერ წარმოგიდგენიათ თუმცა გინდათ თავი მოგვაჩვენოთ რომ ეს ასე არაა.სწორედ ამაშია ჩვენი განსხვავება.მე რაც შემეხება რუსეთი რომ ნამდვილად დემოკრატიული ქვეყანა იყოს რაღა ჭირად მინდა ევროპა ამერიკა ,რუსეთზე უკეთესს ვის ვინატრებდი.ასე რომ რაც არ უნდა ფაროთ თქვენი ,ნამდვილი სახე მაინც არ დაიმალება

რედაქტორის რჩევით