ვინ მოაწერს ხელს? - კვირის პალიტრა

ვინ მოაწერს ხელს?

ჯონი ხეცურიანი: "პრეზიდენტის უფლებები გარკვეულწილად შეზღუდულია. ის მთავრობასთან შეუთანხმებლად ვერც ერთ საერთაშორისო შეთანხმებას ვერ დადებს"

ავთანდილ დემეტრაშვილი: "დოკუმენტი უკანონო არ იქნება, იმის მიუხედავად, რომელი მოაწერს ხელს"

ივნისში, თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება იგეგმება - 27 ივნისს ბრიუსელში ხელი მოეწერება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებას. იურისტების აზრით, კონსტიტუციის მუდმივმა ჭრა-კერვამ ქვეყნის მთავარი კანონის ზოგიერთი პუნქტი გააბუნდოვანა. ალბათ, ეს არის მიზეზი, რომ პოლიტიკოსები კარგად ვერ გარკვეულან, ვინ უნდა მოაწეროს ხელი ასოცირების ხელშეკრულებას - მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა თუ სახელმწიფოს მეთაურმა გიორგი მარგველაშვილმა.

ერთ დროს ძლიერ პრეზიდენტის ინსტიტუტს დღეს მხოლოდ სახელი აქვს შემორჩენილი, მაგრამ დღევანდელმა პრეზიდენტმა ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე მაინც უნდა წარმოაჩინოს. თუმცა დოკუმენტში არის ქვეპუნქტები, რომლებიც კონსტიტუციის ამ ნაწილს თავდაყირა აყენებს და პრეზიდენტს ამ საკითხშიც ზღუდავს. "ნაცმოძრაობის" წევრებისთვის დღეს მიუღებელია, რომ ბრიუსელში ხელშეკრულების გასაფორმებლად შესაძლოა პრემიერ-მინისტრი წავიდეს და არა პრეზიდენტი. გიორგი ბარამიძის აზრით, საქართველოში ღარიბაშვილი მესამე პირია და არა აქვს უფლება, იყოს მთავარი აქტორი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტის შედგენაში. ქართველი კონსტიტუციონალისტები კი პოლიტიკოსებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ პრემიერ-მინისტრის ხელმოწერის შემთხვევაში ხელშეკრულება შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს ძალადაკარგულად გამოცხადდეს, კონსტიტუციის კარგად წაკითხვისკენ მოუწოდებენ.

გიორგი ბარამიძე, პარლამენტარი: - დალაგებულ სახელმწიფოში შეიძლება გარკვეული დეკრეტის საფუძველზე პრემიერ-მინისტრმა მოაწეროს მსგავს ხელშეკრულებას ხელი, თუმცა, ჩვენს შემთხვევაში, ასეთ მნიშვნელოვან დოკუმენტზე აუცილებელია პირველი პირის ხელმოწერა. აკვიატება, რომ მაინცდამაინც ღარიბაშვილის ხელმოწერა უნდა იყოს დოკუმენტზე, იმას უკავშირდება, რომ პრემიერი და პრეზიდენტი გაბუტულები არიან და ერთმანეთს ექიშპებიან, ან \მუხანათური გეგმა აქვთ - არაუფლებამოსილი პირის ხელმოწერის შემდეგ დოკუმენტი ძალადაკარგულად გამოცხადდეს.

- კონსტიტუციის 73-ე მუხლის 1ა ქვეპუნქტი სხვას მეტყველებს. იქ წერია, რომ პრეზიდენტს საერთაშორისო პოლიტიკის განსაზღვრის დროსაც კი მთავრობის თანხმობა სჭირდება, მაგრამ პრემიერი დამოუკიდებლად წარმართავს როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკას. თუმცა, რომელი მოაწერს დოკუმენტს ხელს, მნიშვნელობა არა აქვს და დოკუმენტის ანულირებაზე საუბარი გადაჭარბებული ხომ არ არის?

- დოკუმენტს გაგება უნდა და არა ყავის ჭიქაში მარჩიელობა. კონსტიტუციაში განსაზღვრულია ყველა დეტალი, მათ შორის ის, თუ ვინ არის სახელმწიფოს მეთაური.  პრეზიდენტი წარუდგენს პარლამენტს პრემიერ-მინისტრს დასამტკიცებლად, რაც იმას ნიშნავს, რომ პრემიერზე მაღლა თანამდებობრივად პრეზიდენტი დგას და ამიტომ ჰქვია სახელმწიფოს მეთაური.

- გავრცელდა ფოტო, სადაც მხოლოდ პრემიერი და პრეზიდენტი უსხედან სუფრას. როგორ ფიქრობთ, მარგველაშვილს ჭკუაში ხომ არ დაუჯდა თქვენი შეგონება, რომ მას ეკუთვნის ხელშეკრულების გაფორმება და არ ანებებს პრემიერს?

- გამორიცხული არ არის, ამ მიზეზით შეხვედროდნენ ერთმანეთს. თუ პრეზიდენტმა დათმო თავისი ფუნქციების უმნიშვნელოვანესი ნაწილი, ეს იმას ნიშნავს, რომ ივანიშვილმა შემოუთვალა, თითი მოკაკვე, თორემ დაისჯებიო. ხელმოწერის დღეს ვნახავთ, ვინ დადგება დოკუმენტთან, მაშინ გამოჩნდება, როგორ დაიცვა პრეზიდენტმა თავისი უფლებები. ისე, მარგველაშვილი და ღარიბაშვილი მხოლოდ პაიკები და არარაობანი არიან ივანიშვილის გარეშე.

ვიქტორ დოლიძე, პარლამენტარი: - სისულელეა იმაზე ლაპარაკი, ვინ მოაწერს ხელს ასოცირების ხელშეკრულებას, მთავარია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი შეთანხმება დაჩქარებულად ფორმდება. "ნაციონალებს" ყველაფერი კარგი ცუდად ეჩვენებათ, ნურავინ წუხს იმაზე, ვინ მოაწერს ხელს, ჩვენი გუნდი ამაზე შეთანხმდება. მთავარია, არც ერთ შემთხვევაში კონსტიტუცია არ ირღვევა.

- ოპოზიცია კონსტიტუციას იშველიებს, რომ ქვეყანაში სახელმწიფოს მეთაური პრეზიდენტია, რომელიც განსაზღვრავს საერთაშორისო პოლიტიკასა და უსაფრთხოებას. თუკი ასეა, რატომ არ ეძლევა უფლება პრეზიდენტს, იყოს მთავარი აქტორი მნიშვნელოვანი შეთანხმების დადებისას?

- ვერაფერს ვხედავ ამ საკითხში რევოლუციურს. კარგი იქნება, სხვა რაღაცებით თუ დაიტვირთავენ გონებას "ნაციონალები" და სახელმწიფოებრივად იაზროვნებენ. ვინ მოაწერს ხელს, გადაწყვეტილი არ არის და წინასწარ ნუ სპეკულირებენ ამ საკითხით.

- ოპოზიციის აზრით, თქვენს გუნდში დაპირისპირებაა და ქვეყნის პირველი პირები ერთმანეთის კომპეტენციებზე ვერ თანხმდებიან.

- მარგველაშვილისა და ღარიბაშვილის შეხვედრა გასაიდუმლოებული არ ყოფილა. მათ ერთად ისადილეს, ეს ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში ხდება. ვერ ვხვდები, ასეთი ამბის ატეხა ვის სჭირდება, ეს ხომ შიზოფრენიული ახირებაა და მეტი არაფერი. გარწმუნებთ, არანაირი დაპირისპირება დღეს ხელისუფლების შტოებს შორის არ არის, "ნაციონალებს" საქმე აქვთ გამოლეული...

ჯონი ხეცურიანი, კონსტიტუციონალისტი: - კონსტიტუციაში წერია, რომ საქართველოს მთავრობა არის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, რომელიც ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას. მთავრობის ხელმძღვანელი და მინისტრები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენენ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს. დღეს ნახევრად საპარლამენტო მოდელზე ვართ გადასული, ამიტომ პრეზიდენტის უფლებები გარკვეულწილად შეზღუდულია. ის მთავრობასთან შეუთანხმებლად ვერც ერთ საერთაშორისო შეთანხმებას ვერ დადებს.

ვინც ამბობს, რომ პრეზიდენტი განსაზღვრავს საერთაშორისო პოლიტიკასო, ცდება. ვიმეორებ - მას მთავრობასთან შეუთანხმებლად უბრალო დონის საერთაშორისო დოკუმენტის გაფორმების უფლებაც კი არა აქვს.

- კონსტიტუციაში ისიც არის მითითებული, რომ პრემიერ-მინისტრის ხელმოწერილი საერთაშორისო დოკუმენტი პრეზიდენტმა უნდა წარადგინოს პარლამენტში. რა საჭიროა გართულება? ხომ შეიძლება პირდაპირ პრეზიდენტმა მოაწეროს ხელი?

– ხელშეკრულება თავისი მნიშვნელობით მაღალი დონის არის და ამიტომ გუნდში უნდა მოილაპარაკონ, ვინ მოაწერს ხელს - სახელმწიფოს თუ მთავრობის მეთაური. რაც მთავარია, ორივე შემთხვევა გამართლებულია და იურიდიული ძალა ექნება.

ავთანდილ დემეტრაშვილი, კონსტიტუციონალისტი: - კონსტიტუციაში არის ისეთი საკითხები, რომლებიც შეიძლება სადავო გახდეს ბევრი მნიშვნელობით. მაგალითად, პრეზიდენტს აქვს უფლება, მოაწეროს ხელი დოკუმენტს, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამის გაკეთება შეუძლია მხოლოდ მთავრობის თანხმობით. იმავდროულად, 65-ე მუხლში წერია, რომ ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს საერთაშორისო ორგანიზაციებში შესვლას, პრემიერის ხელმოწერის შემდეგ პარლამენტს მაინც პრეზიდენტმა უნდა წარუდგინოს. თუ მაინც პრეზიდენტს შეაქვს პარლამენტში დოკუმენტი, რასაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი, მაშინ რატომ არ უნდა აწერდეს პირდაპირ პრეზიდენტი ამ დოკუმენტს ხელს და შემოვლითი გზით რატომ მივდივართ? მოკლედ, ამ გაურკვევლობას შიდა მოლაპარაკება გადაწყვეტს. რაც მთავარია, დოკუმენტი უკანონო არ იქნება, იმის მიუხედავად, რომელი მოაწერს ხელს.

უტა ბიწაძე