ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი
19-05-2014
ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი
ჯერი ქართულ დიპლომატიაზეა

ამდენი ნეგატივის ფონზე კარგია, როცა დამაიმედებელი ტენდენციების ანალიზიც გვიწევს.
დავიწყოთ საშინაო პოლიტიკით. პრეზიდენტისა და პრემიერის შეხვედრა ნამდვილად მისასალმებელი გადაწყვეტილება იყო. ძალიან კარგი, თუ პროცესები ურთიერთგაგების კალაპოტში გადავიდა და საზოგადოებას ამ თემაზე საშაირო აღარ მიეცემა. არც ქვეყნის იმიჯი დაზარალდება და არც ხელისუფლების. ხელისუფლების რომელიმე შტოს მიერ გადამეტებული უფლებებისთვის ბრძოლა მისი სისუსტის დადასტურება უფროა, ვიდრე ძლიერებისა და ეს მას მომხრეებს ნამდვილად არ მატებს, უფრო პირიქით. დამოუკიდებელი საქართველოს 20-წლიანმა ისტორიამ
ცხადყო, რომ უკონტროლო და დაუბალანსებელი ძალაუფლების თავმოყრა ერთი პირის ხელში ყოველთვის მისი გუნდის, პირადად მისი და ქვეყნის ტრაგედიით მთავრდება. საქართველოს დღევანდელი კონსტიტუცია მეტ-ნაკლებად იძლევა ხელისუფლების შტოთა შორის ბალანსის საშუალებას. იქნებ ხელისუფლება ეცადოს და ქართული პოლიტიკური კულტურისთვის ეს ჯერ კიდევ უცხო, მაგრამ ეფექტური ურთიერთთანამშრომლობის ფორმა დაამკვიდროს.

ახლა საგარეო პერსპექტივებზე: აღმოსავლეთ უკრაინაში განვითარებულ პროცესებზე რუსეთის შედარებით თავშეკავებული რეაქცია მიგვანიშნებს, რომ ის სერიოზულად ფიქრობს იმ შედეგზე, რომელიც შეიძლება მოუტანოს დასავლური სანქციების გამკაცრებამ, განსაკუთრებით, რუსულ ნავთობსა და გაზზე მოთხოვნის შემცირებამ. რუსული ენერგომატარებლების გასაღების ის ალტერნატივები, რომელთაც მონდომებით განიხილავს რუსული პროპაგანდა ჩინეთისა და ინდოეთის სახით,  დიდი წინააღმდეგობის წყაროა. რუსეთისთვის დასავლეთზე არანაკლებ საშიშია ჩინეთი, რომელთანაც რუსეთს თუნდაც ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობის არცთუ სახარბიელო გამოცდილება აქვს. რუსეთი ელის, რომ თუ ენერგორესურსების ევროპაში გასაღების პრობლემა გაუჩნდა, ჩინეთი მხოლოდ დემპინგურ ფასებს შესთავაზებს, რაც რუსეთის ეკონომიკისთვის დიდი ვერაფერი შეღავათია. ამიტომაც რუსეთი სულ უფრო ხშირად ავლებს პარალელს ირანთან, რომლისთვისაც დაწესებულმა სანქციებმა 10 წლის განმავლობაში მის ეკონომიკაზე დამანგრევლად იმოქმედა.

სწორედ ამიტომ პუტინი აღმოსავლეთ უკრაინაში ორ ცეცხლს შუაა: ერთი მხრივ, იმედგაცრუებულია აღმოსავლეთ უკრაინის ეთნიკურად რუსი მოსახლეობა, ვინც რუსეთისგან ყირიმის მიერთების მსგავსი სცენარის გათამაშებას ელოდა. ახლა კი გამოდის, რუსეთის ავანტიურას ისევ რუსი მოსახლეობა ეწირება და პუტინი ჯერჯერობით გადამწყვეტ ზომებს ვერ იღებს; ხოლო, მეორე მხრივ, დასავლური სანქციების, რომელმაც სხვადასხვა გათვლით რუსეთს უკვე 60 მილიარდამდე ზარალი მოუტანა, კიდევ უფრო გამკაცრების შანსი. გასაგებია, რომ დასავლური სანქციების დამანგრეველ შედეგებს რუსეთი ახლო მომავალში ვერ იხილავს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ დასავლეთმა აქტიურად დაიწყო ფიქრი ევროპის ნავთობითა და გაზით უზრუნველყოფის დივერსიფიკაციაზე. დიდი ბრიტანეთის ენერგეტიკის მინისტრმა რომში აწ უკვე "დიდი შვიდეულის" ენერგეტიკის მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ„"მიიღეს სტრატეგიული გადაწყვეტილება, დაიწყონ რუსეთის ენერგეტიკული განიარაღების პროცესი".

რაც შეეხება საქართველოს, უნდა ვივარაუდოთ, რომ თუ რუსეთმა რეალურად გააანალიზა დასავლური სანქციების მოსალოდნელი შედეგები და პუტინის გარემოცვას, უზარმაზარი ბიზნესინტერესებით, გაუჩნდა ამ სანქციების შიში, ეს საქართველოსთვისაც შეიძლება მშვენიერი ფარი აღმოჩნდეს. მით უმეტეს, რომ ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების ახალ ტალღაში საქართველოზე გამავალი ენერგოდერეფნების როლი კიდევ უფრო მიმზიდველია. ჯერი ქართულ დიპლომატიაზეა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით