"თქვენს დროებითი მოთავსების იზოლატორებში უკვე საკმაოდ ბევრი უცხოელი ხვდება" - კვირის პალიტრა

"თქვენს დროებითი მოთავსების იზოლატორებში უკვე საკმაოდ ბევრი უცხოელი ხვდება"

"არ შეიძლება დროებითი მოთავსების იზოლატორში ათავსებდნენ ადამიანებს, რომელთაც ადმინისტრაციული პატიმრობა მიესაჯათ"

საქართველოში სტუმრად იყო ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხების ბრიტანელი ექსპერტი ჯეიმს მერდოკი. ამჯერად ის შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორებისთვის სტანდარტული ოპერატიული პროცედურების შესამუშავებლად ჩამოვიდა. მისი კვლევის სფეროა ადამიანის უფლებათა ევროპული კანონმდებლობა, კერძოდ, ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმები. ჯეიმს მერდოკმა მოინახულა დროებითი მოთავსების იზოლატორები თბილისსა და გორში. ექსპერტი ასევე შეხვდა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებსა და ადვოკატებს. ჩვენ ჯეიმზ მერდოკს ქვეყნიდან გამგზავრებამდე შევხვდით და გავესაუბრეთ.

- ბატონო ჯეიმს, თქვენ 2009 წელსაც იყავით საქართველოში. თქვენი ყურადღება მაშინაც მიიქცია დროებითი დაკავების იზოლატორებმა...

- 2009 წელს ჩემი კვლევის საგანი იყო დაკავებულთა მიმართ პოლიციელთა ძალადობრივი ქმედებები, მაინტერესებდა, რა სისტემა არსებობდა ამ სფეროში და როგორ მუშაობდა ის. ამავე საკითხს ვიკვლევდი უკრაინაში, მოლდავეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. მაშინ მოვითხოვე, მენახა დროებითი დაკავების იზოლატორები, დამეთვალიერებინა სააღრიცხვო ჟურნალი, სადაც, წესით, უნდა აღნუსხულიყო ყოველი დაკავებული ადამიანის მდგომარეობა. ამის მიხედვით დავადგენდით, იყო თუ არა ის პოლიციელთა ძალადობის მსხვერპლი, თუმცა,

იმჟამინდელმა ხელმძღვანელობამ არ მოგვცა იზოლატორებში შესვლის უფლება.

აგვიხსნეს, რომ მათი უარი უსაფრთხოების ნორმების დაცვით იყო განპირობებული, თუმცა ეს არ იყო მაინცდამაინც დამაჯერებელი არგუმენტი. მაშინ ჩვენი შეგროვებული ინფორმაცია ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში იგზავნებოდა. შარშანაც მომიწია საქართველოში ჩამოსვლამ, ამჯერად უკვე - ციხეებში მდგომარეობის შესასწავლად. გვაინტერესებდა, პატიმრები საკუთარი უფლებების დარღვევის შემთხვევაში თუ წერდნენ საჩივრებს და ამას რა რეაგირება მოჰყვებოდა. ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ ციხეებიდან პატიმრების საჩივრების გამოტანა კვლავაც პრობლემა იყო. ამის მიზეზი ზოგჯერ სისტემისადმი უნდობლობა იყო, ზოგჯერ კი ის, რომ პატიმრებს ადვოკატის მომსახურებაზე ხელი არ მიუწვდებოდათ. ძირითადად პატიმრები ფიქრობდნენ, რომ შეიძლებოდა საჩივრის დაწერას მათი მდგომარეობა კიდევ უფრო გაეუარესებინა.

- ახლა რას იტყვით დროებითი მოთავსების იზოლატორების სისტემაზე?

- ვფიქრობ, რომ ეს სისტემა საკმაოდ დამოუკიდებელია და კარგად მუშაობს, თუმცა, გაუმჯობესება ყველანაირ სისტემას სჭირდება. რაც ვნახე, იმ იზოლატორების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და სანიტარიული მდგომარეობა მაღალი სტანდარტის შესაბამისია. მე შევხვდი არასამთავრობო ორგანიზაციებსაც და არც მათ ჰქონიათ შენიშვნები. ითქვა, რომ 2012 წლის ნოემბრიდან მოყოლებული, იზოლატორებში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების შესახებ მათთან საჩივარი არ შესულა, რაც ძალიან კარგია.

თუმცა, არის საკითხი, რომელსაც, ვფიქრობ, სწრაფად გადაჭრა სჭირდება. ჩემი აზრით, არ შეიძლება დროებითი მოთავსების იზოლატორში ათავსებდნენ ადამიანებს, რომელთაც ადმინისტრაციული პატიმრობა მიესაჯათ. მიმაჩნია, რომ კანონმდებლობა უნდა შეიცვალოს. კარგი იქნება, თუ ადმინისტრაციული მსჯავრი დაკავებას გამორიცხავს. ჩემი ერთ-ერთი რეკომენდაცია სწორედ ამ საკითხს შეეხება. რაც შეეხება იზოლატორების თანამშრომლების კომპეტენციას, ამ მხრივ შენიშვნები არ მაქვს, მაგრამ მიმაჩნია, რომ საჭიროა კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლება, ადამიანის უფლებათა დაცვისთვის შესაბამისი ტრენინგების დაგეგმვა და განხორციელება. კარგი იქნებოდა თანამშრომელთათვის ენების შესწავლა, რადგან თქვენს დროებითი მოთავსების იზოლატორებში უკვე საკმაოდ ბევრი უცხოელი ხვდება. თუ იზოლატორიდან დაკავებული გადაჰყავთ ციხეში, კარგი იქნება, თუ იზოლატორისა და ციხის ექიმები დაკავებულის ჯანმრთელობის თაობაზე ერთმანეთს დაუკავშირდებიან. ჩემი აზრით, ვითარება გაუმჯობესებულია, თუმცა ადამიანის უფლებების დაცვა ის სფეროა, რომელსაც მუდმივი ყურადღება და განვითარება სჭირდება.

საქართველოს ციხეებში 188 უცხოელია

ცოტა ხნის წინ თბილისი შემზარავმა ფაქტმა შეძრა - ერაყის რამდენიმე მოქალაქემ 15 წლის ბიჭის გაუპატიურება სცადა. სამწუხაროდ, ეს ერთადერთი შემთხვევა არ არის, როცა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში სხვადასხვა ბრალდებით აკავებენ. ჩვენ დავინტერესდით, რამდენი უცხოელი იმყოფება დღეს საქართველოს ციხეებში და საკმაოდ საინტერესო სტატისტიკას მივაკვლიეთ.

მიმდინარე წლის მარტის თვის მონაცემებით, საქართველოს ციხეებში 188 უცხოელი ბრალდებული და მსჯავრდადებული იყო. შედარებისთვის, გასული წლის მარტში საპატიმროებში 174 უცხო ქვეყნის მოქალაქე იხდიდა სასჯელს, 2012 წლის ანალოგიურ პერიოდში მათი რაოდენობა 315 იყო, 2011-ში კი - 387.

უცხოელი პატიმრებიდან უმეტესობა თურქეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის მოქალაქეა. უმცირესობაში არიან გერმანიის, ეგვიპტის, ყაზახეთის, ალბანეთის, ბანგლადეშის, ინდოეთის, მოლდავეთის, რუმინეთის, საფრანგეთისა და ტუნისის მოქალაქეები.

უცხოელი მოქალაქეები უმეტესად სასჯელს იხდიან საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისთვის, ქურდობისა და თაღლითობისთვის. რაც შეეხება უცხოელების მიერ ჩადენილ მძიმე დანაშაულს, 2011 წელს მკვლელობის მცდელობისთვის სომხეთის მოქალაქე დააკავეს, დაფიქსირდა თურქეთისა და სომხეთის მოქალაქეების მიერ კონტრაბანდის რამდენიმე შემთხვევა და ნარკოდანაშაული, რომელშიც ბრალდებული იყვნენ აზერბაიჯანის, ჰოლანდიის, საბერძნეთისა და თურქეთის მოქალაქეები.

ნათია დოლიძე