მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები

გესვათ, გეჭამოთ...

ჩვენ კი გვეგონა, რომ, როცა რესტორანში ერთად ივახშმეს, მათ შორის პრობლემები მოგვარდა, თუმცა, ყველაფერი პირიქით მოხდა: გასულ კვირას მათ შორის დაპირისპირება უფრო თვალსაჩინო გახდა. პრეზიდენტმა დუმილი დაარღვია და საჯაროდ თქვა, რომ მისი აზრით, სწორედ მან უნდა მოაწეროს ხელი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, თუმცა, იქვე დაამატა, რომ ამის გამო პრობლემებს არ შექმნის. რადგან პრეზიდენტმა პირდაპირ თქვა, პრემიერმაც პირდაპირ უპასუხა, ხელშეკრულებას ხელს მე მოვაწერო. არადა, ადრე ამბობდა, ხელშეკრულებას საქართველო მოაწერს ხელსო. ახლა გავიგეთ, რომ საქართველო ღარიბაშვილი ყოფილა.

ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ იურისტებიც ვერ შეთანხმებულან, რომელ მხარესაა სიმართლე. მათი ჩახლართული ლაპარაკიდან რაც გავარკვიე, ის არის, რომ უკანონობა არც ერთი იქნება და არც მეორე, უბრალოდ, პრეზიდენტს უფრო ეკუთვნის. ჰოდა, თუ პრეზიდენტს უფრო ეკუთვნის, ამ ისედაც უფლებაშეზღუდულ კაცს რატომ ვართმევთ იმას, რაც ეკუთვნის? პარაფირებაზე ხომ სწორედ მარგველაშვილი იყო ჩასული (აი, შალახო რომ დაგვიკრეს, მაშინ). მესმის, რომ ეს ხელშეკრულება ისტორიული დოკუმენტია და ყველას უნდა, მასზე მისი ხელმოწერა იყოს, მაგრამ ხომ არ შეიძლება, ქვეყნის პირველ პირებს "ბუტე, ბუტე, გაგებუტეს" სტილში ჰქონდეთ ურთიერთობა? მესმის, რომ ღარიბაშვილს სურს დაფიქსირდეს, როგორც ქვეყნის ლიდერი როგორც საშინაო, ისე საგარეო ასპარეზზე, ამიტომ არ თმობს არაფერს, მაგრამ ასეთი საქციელი მას კარგად ნამდვილად არ წარმოაჩენს, თან მარგველაშვილს დაჩაგრულის იმიჯს უქმნის და გულშემატკივრებს უმრავლებს.

მოკლედ, ერთად პურის ჭამამ ნაყოფი ვერ გამოიღო. ერთ თვეში საქართველო უმნიშვნელოვანეს ხელშეკრულებას გააფორმებს ევროკავშირთან, ჩვენ კი იმის მაგივრად, ეს ზეიმად ვაქციოთ, პრემიერისა და პრეზიდენტის დაპირისპირებას ვუყურებთ, არა მე მოვაწერ ხელს, არა - მეო. ეტყობა, იმ რესტორანში მათ ცნობილი სადღეგრძელო არ დალლიეს: "გვესვას, გვეჭამოს, ერთმანეთი არ დაგვეჭამოს!"

გარიგება?

ბოლო დროს "ოცნების" საქციელი სულ უფრო ხშირად აჩენს კითხვებს. ალბათ, თქვენც შეამჩნევდით, რომ ყველა გადაცემაში დებატებში "ნაციონალებთან" სხედან. აქამდე მეგონა, ეს თავად ჟურნალისტების არჩევანი იყო, თუმცა, რამდენიმე დღის წინ "იმედის" წამყვანმა ინგა გრიგოლიამ პირდაპირ განაცხადა, რომ "ოცნება" დებატებს მხოლოდ "ნაციონალებთან" თანხმდება, სხვა პარტიებთან არ ჯდებაო, ანუ მმართველი ძალა უარს ამბობს არასაპარლამენტო ოპოზიციასთან დებატებზე. ეს რას ნიშნავს? იმას, რომ მმართველი ძალა მხოლოდ "ნაციონალებს" აღიარებს ოპონენტად? ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მართლები არიან ის ადამიანები, რომლებიც აცხადებენ: "ოცნებას" ხელს აძლევს ოპოზიციად მხოლოდ "ნაციონალები" ჰყავდეს, რადგან ისინი დისკრედიტებული ძალაა და იოლად გაუმკლავდებიანო? მეტი არაა ჩემი მტერი, "ოცნება" მათ იოლად უმკლავდებოდეს, მაგრამ ამ ვერსიას უკვე ნამდვილად აქვს არსებობის უფლება. ყოველ შემთხვევაში, ვიდრე "ოცნება" დამაჯერებელ პასუხს არ გაგვცემს კითხვაზე: რატომ არ თანხმდება დებატებს სხვა პარტიასთან, მანამდე ჩვენ გვაქვს უფლება, რაც გვინდა, ის ვიფიქროთ.

საკადრო პოლიტიკა

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე დიმიტრი დარბაისელის გადადგომას პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა "ღირსეული ნაბიჯი" უწოდა და გვითხრა, რომ ეს გადაწყვეტილება მან თავად მიიღო. თითქოს ისტორია განმეორდა. ზუსტად იმავე ტიპის განცხადება გააკეთა ღარიბაშვილმა, როდესაც ფარცხალაძე გადადგა თანამდებობიდან - ეს ვაჟკაცური და ღირსეული ნაბიჯიაო, მაშინაც გვითხრა. ალბათ, ცოტაა ადამიანი, ვისაც სჯერა, რომ ეს ხალხი მართლაც საკუთარი სურვილით გადადგა, მაგრამ ეს ახლა მეასეხარისხოვანი საკითხი მგონია. მთავარი კითხვა ასეთია: რა სჭირს ღარიბაშვილის კადრებს? საერთოდ, ეს მისი მესამე კადრია, რომელიც შარში გაეხვია და გადადგომამ მოუწია. პირველი ხვედელიძე იყო, რომელიც არა მარტო გადადგა, პირადად ღარიბაშვილმა დააპატიმრა კიდეც. მასზე კარგი სიტყვები არ უთქვამს მაშინდელ შს მინისტრს, თუმცა, ჩვენი სასამართლო საოცრად ლმობიერად მოექცა და მხოლოდ პირობითი სასჯელი შეუფარდა. რა ხდება?

რატომ უშვებს ღარიბაშვილი ამდენ შეცდომას კადრების შერჩევაში? ან რა მოხდებოდა, მაგალითად, დარბაისელის მიერ გაუგონარი ოდენობის პრემიების გაცემის შესახებ ინფორმაცია რომ არ გახმაურებულიყო და საზოგადოება არ აღშფოთებულიყო? ეს ამბავი ხომ გასული წლის დეკემბერში მოხდა, დარბაისელი კი ამ დრომდე სკამს ინარჩუნებდა, თან მის სახელს უფრო მძიმე კითხვებიც დაუკავშირდა, მაგალითად, ციხეში ფარტენაძის მკვლელობის საქმე, ისევე როგორც ფარცხალაძის შემთხვევაში მერაბიშვილის ციხიდან გაყვანა იყო. რა ხდება? ერთი და იგივე შეცდომა ამდენჯერ? იქნებ ღარიბაშვილს კადრების შერჩევის კრიტერიუმები არ უვარგა? ან იქნებ მიზანმიმართულად არჩევს ასეთ ხალხს? იქნებ მას სწორედ ასეთი ხალხი სჭირდება გარკვეული შავი სამუშაოს შესასრულებლად? არაფერს ვამტკიცებ. ეს მხოლოდ კითხვებია, მაგრამ თუ ბოლო კითხვაზე პასუხი არის დადებითი, მაშინ ძალიან რთულად გვქონია საქმე. კი, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ღარიბაშვილი ხშირად იხევს უკან და წირავს თავის ფავორიტებს, როცა ისინი შეცდომებს უშვებენ, მაგრამ ასეთ ხალხს რატომ ნიშნავს?