რაულ ხაჯიმბა: ქართველების გამოსახლება აფხაზი ხალხის დაკვეთაა! - კვირის პალიტრა

რაულ ხაჯიმბა: ქართველების გამოსახლება აფხაზი ხალხის დაკვეთაა!

სოხუმის ცენტრში მიმდინარე ხალხმრავალი აქციები, ადგილობრივების თქმით, ყველაზე არარასურველი სცენარით ვითარდება, - თუ ასე გაგრძელდა, აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება გარდაუვალი იქნება.

"არავითარი კომპრომისი! მხოლოდ პრეზიდენტის გადადგომა და ნამდვილი, ეროვნული აფხაზური სახელმწიფო!" - აცხადებს ოპოზიციური ფრთის ერთ-ერთი ლიდერი, რაულ ხაჯიმბა:

-  ალექსანდრე ანქვაბმავერ შეასრულა ვერც ერთი დაპირება, რაც მოგვცა - აფხაზეთი ნეპოტიზმითა და კლანური ბიზნესით იმართება, რასაც კატასტროფული შედეგი მოჰყვა, ამხელა პოტენციალის მქონე ქვეყანა არ ვითარდება. პრეზიდენტს არც ერთ სფეროში რეფორმა არ გაუტარებია. ქვეყანა კორუფციაში იძირება... მხოლოდ მინისტრთა კაბინეტის და გენერალური პროკურორის გათავისუფლება ვერაფერს შეცვლის, მთავრობა უნდა გადადგეს... რაც შეეხება მეორე მოთხოვნას, იმ ქართველების გასახლებას, ვისაც აფხაზური პასპორტები კანონდარღვევით აქვთ მიღებული, ეს აფხაზი ხალხის დაკვეთაა,  ჩვენს ქვეყანაში კი ყველაფერი ისე უნდა მოხდეს, როგორც ხალხი ითხოვს... ნურავის ექნება იმედი, რომ აფხაზეთში არსებულ სიტუაციას სათავისოდ გამოიყენებს: ჩვენ სიტუაციას ვაკონტროლებთ და სამოქმედო გეგმასაც იმის მიხედვით დავსახავთ, როგორც აფხაზი ხალხის ნება-სურვილი გვიკარნახებს.

ვლადიმირ ზანთარაია, აფხაზური ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, მწერალი:

- ხალხი მუდმივი დაპირებებით დაიღალა. აქ მხოლოდ ორი სოციალური ფენაა, - ძალიან მდიდრები, ანუ პრეზიდენტის ახლობლები და ძალიან ღარიბები, ანუ უბრალო მოსახლეობა... ასე გაგრძელება არ შეიძლება და იფეთქა კიდეც. ოპოზიცია ერთ ძალად გაერთიანდა. უკანონო პასპორტიზაციასთან დაკავშირებით, რომელიც უკვე წლებია ოჩამჩირეში, ტყვარჩელსა და გალის რაიონში მიმდინარეობს, პრევენციული ზომების მიღებაა საჭირო. ეს ტერიტორია აფხაზეთი-საქართველოს საზღვარზე წარმოქმნილ ავტონომიას დაემსგავსა, სადაც ლამის ქართული ვალუტაც არის დაშვებული...

- თქვეს, რომ მათი გასახლების შემთხვევაში იქ სირიიდან ჩამოსახლებული რეპატრიანტი აფხაზები უნდა ჩასახლდნენ, რომლებიც მუსლიმები არიან და რუსეთის მიმართ საკმაოდ ნეგატიურად არიან განწყობილნი. როგორ შეხვდება ამ ინიციატივას რუსეთის ხელმძღვანელობა?

- აფხაზი მუჰაჯირების სამშობლოში დაბრუნება, ჯერ კიდევ  არძინბას, შემდეგ კი ბაღაფშის სურვილი იყო. ამ შემთხვევაში, საუბარია 100 ათასზე მეტ რეპატრიანტ აფხაზზე და არა 40 ოჯახზე, როგორც ეს საქართველოში ჰგონიათ. რამდენიმე ათეული ოჯახი უკვე დაბრუნდა ისტორიულ სამშობლოში. მათ შენარჩუნებული აქვთ თვითმყოფადობა და სწორი სახელმწიფო მიდგომის შემთხვევაში, აფხაზურ საზოგადოებასთან მათი ინტეგრაცია ძალიან მარტივად მოხდება... ქართულ მოსახლეობის უმეტესობას კი აფხაზურთან ერთად საქართველოს მოქალაქეობაც ჰქონდა, რაც აფხაზეთის კონსტიტუციის პირდაპირი უგულებელყოფაა. ჩვენ მცირე ეთნოსი ვართ, აფხაზეთის დამოუკიდებელი სახელმწიფო ძალიან ახალგაზრდაა და ასეთი გამოწვევები უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს..

- ოპოზიციამ ალექსანდრე ანქვაბის მთავრობა, რუსეთთან არასაკმარის ინტეგრაციის გამოც გააკრიტიკა...

- აფხაზეთსა და რუსეთს შორის ჯანსაღი ურთიერთობა ჩვენთვის, წმინათა წმინდა საკითხია... საზოგადოების ერთ ჯგუფს იმედი გაუჩნდა, რომ ისინი გარე სამყაროსთან ურთიერთობას დამოუკიდებლად შეძლებენ და აფხაზეთში ევროპის ქვეყნებისა და თურქული ინვესტიცია შემოვა. მათ თითქმის დაავიწყდათ რუსეთის როლი ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღიარების საქმეში; ასევე, ყველაზე მთავარი - ქართული მხარისგან მომავალი საფრთხეც დაავიწყდათ. არადა, ჩვენი უსაფრთხოების გარანტი ისევ და ისევ რუსეთია.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)