"გარდაბანში ხანჯლიანი ვაჰაბიტები "ალაჰ აკბარის" ძახილით დადიოდნენ"
02-06-2014
"გარდაბანში ხანჯლიანი ვაჰაბიტები "ალაჰ აკბარის" ძახილით დადიოდნენ"
"სიტუაცია "ნაციონალებისა" და "ქართული ოცნების" შტაბის ხელმძღვანელებმა არიეს"

"მთელი ქალაქი თავზე რომ დაიმხონ აზერბაიჯანელებმა, არავინ არაფერს ეტყვის, ჩვენ ღვედის გაკეთება რომ დაგვავიწყდეს, ჯოჯოხეთს მოგვიწყობენ"


28 მაისს გარდაბანში, ქალაქის ცენტრში ქართველებსა და აზერბაიჯანელების მცირე ჯგუფებს შორის დაწყებული კინკლაობა მოგვიანებით მასობრივ დაპირისპირებად იქცა. პოლიციის ქვედანაყოფების მცდელობის მიუხედავად, ბლაგვი საგნებით შეიარაღებული 200-მდე კაცი მთელი ღამე მკაცრად უსწორდებოდა ერთმანეთს. დაპირისპირება მეორე დღეს განახლდა. სოფლებიდან მანქანებით ჩამოსულები მზად იყვნენ, ქალაქის მცხოვრები ქართველი უმცირესობისთვის "ჭკუა ესწავლებინათ",
თუმცა, არც ქუჩის მეორე მხარეს შეჯგუფულ რამდენიმე ქართველს ეტყობოდა აზერბაიჯანელების მიმართ კეთილგანწყობა. ორდღიანმა გაურკვევლობამ რეგიონში ფუნდამენტალისტთა ჯგუფების ლუსტრირებაც მოახდინა. მაშინ, როცა ქალაქის ცენტრში ასობით აზერბაიჯანელი საკუთარი უფლებების დაცვას მოითხოვდა, ქუჩაში ხანჯლებმომარჯვებული ახალგაზრდები გამოჩნდნენ და "ალაჰ აკბარის" ძახილით გარს უვლიდნენ ქალაქს. აგრესიული ახალგაზრდების ქცევამ იქ შეკრებილი
დემონსტრანტების ოვაცია დაიმსახურა, თუმცა, პოლიციამ რამდენიმე წუთში აღკვეთა ფუნდამენტალისტთა ქმედება ქალაქში.

"კვირის პალიტრა" აქციის დასრულების შემდეგ შეეცადა, დაპირისპირებულ მხარეებს გასაუბრებოდა. კომენტარი ვთხოვეთ ექსპერტებსა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც კონფლიქტს ნეიტრალური პოზიციიდან ადევნებდნენ თვალყურს.

კუგარ მურსაგულიევი, კონფლიქტის მონაწილე: "ყველაფრის მიზეზი კარგა ხნის წინ მომხდარი ამბავი გახლავთ - საპატრულო პოლიციის თანამშრომელ აზერბაიჯანელს ადრე ერთი სვანი ბიჭი, მიშა დაუჯარიმებია (რომელიც ახლა 28 მაისის ჩხუბის მონაწილეც იყო). ამის გამო მოხდა დაპირისპირება. მაშინ კონფლიქტში ერთი ჩემი აზერბაიჯანელი მეგობარიც მონაწილეობდა.

იმ დღეს კი, 28 მაისს, მე და ჩემს ზემოხსენებულ მეგობარს ქუჩაში ნასვამი სვანები შეგვეფეთნენ. დაგვიძახეს. ჩემმა მეგობარმა მათ ხელი ჩამოართვა, მაგრამ მიშას, რომელთანაც ნაჩხუბარი იყო, არ მიესალმა. ამის გამო მან გინება და ცემა დაგვიწყო. ბევრნი იყვნენ და გამოვიქეცით. ჩაიხანაში წამოვედით, სადაც მენეჯერად ვმუშაობ. იმის მაგივრად, რომ თავი დაენებებინათ, 70 კაცი რკინის ხელკეტებით მოგვადგა და ყველას დაგვიწყო ცემა. მერე ქუჩაში მანქანებს აჩერებდნენ, აზერბაიჯანელ მძღოლებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ".

კაზიმ სადიკოვი, ჩაიხანის მფლობელი: "ერთ ქალაქში ვცხოვრობთ და გასაყოფი არაფერი გვაქვს. სამწუხაროდ, ჩხუბში პატარა ბიჭებთან ერთად უფროსებიც მონაწილეობდნენ. ძალიან აგრესიულები იყვნენ. ჩხუბის დროს კაფეში არ ვიყავი, იმ დროს მივედი, როცა სვანები ქუჩებში მანქანებს აჩერებდნენ და აზერბაიჯანელებს დაეძებდნენ. კაფეში თავდაყირა დამხვდა ყველაფერი, კლიენტები და თანამშრომლები - ნაცემი. მოკლედ, გარდაბანში მომხდარმა რიგითმა ჩხუბმა ეთნიკური დაპირისპირების სახე მიიღო.

ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილე ქართველი (სახელი არ გაამხილა): "აზერბაიჯანელები ყოველთვის გამომწვევად იქცეოდნენ, მათთვის რეგიონში უმცირესობად ქცეული ქართველები არაფერს წარმოადგენენ. შეურაცხგვყვეს და ის მიიღეს, რაც დაიმსახურეს. კარგად შეისწავლონ ჩვენი მდგომარეობა, ნახონ, როგორ იქცევიან აზერბაიჯანელები, რა ეპატიება მათ და როგორ გვაფასებს ჩვენი მთავრობა ადგილობრივ ქართველებს. ერთ მაგალითს გეტყვით: ღამით ქუჩაში რომ გაიაროთ, გაოცდებით. მთელი ქალაქი თავზე რომ დაიმხონ აზერბაიჯანელებმა, არავინ არაფერს ეტყვის, ჩვენ ღვედის გაკეთება რომ დაგვავიწყდეს, ჯოჯოხეთს მოგვიწყობენ. ქართველებს აზერბაიჯანელები გვავიწროებენ, მაგრამ ამას მთავრობა არაფრად აგდებს".

ხელისუფლების წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ საქმე პროვოკაციასთან გვაქვს, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის"" გარდაბნის შტაბის ხელმძღვანელმა რამინ ბაირამოვმა მოაწყო. სამწუხაროდ, "კვირის პალიტრასთან" ბაირამოვმა საუბარი არ ისურვა. 4-საათიანი ლოდინის შემდეგ კი მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელ ამბაკო ავალიანთან შექმნილ მდგომარეობაზე გასაუბრება მოვახერხეთ.

- ეს არ გახლდათ ეთნიკური დაპირისპირება, ინციდენტში რამინ ბაირამოვის ხელი ურევია. ის ყოველთვის ცდილობდა ეთნიკური აზერბაიჯანელების ქართველებთან დასაპირისპირებლად გამოყენებას. სამწუხაროდ, 28 მაისს ჩანაფიქრი აღასრულა.

- კონკრეტულად რა მოხდა?
-  ეს იყო ჩვეულებრივი გაუგებრობა, რომელშიც დამნაშავე იყო აზერბაიჯანელთა ის ნაწილი, რომლის გამოყენებაც შეძლო რამინ ბაირამოვმა. ქართველები, რომლებმაც იჩხუბეს, წესიერი ხალხია, ბევრ აზერბაიჯანელთან მეგობრობენ. სწორედ ამიტომ მოხერხდა დაპირისპირებული მხარეების ადვილად შერიგება.

რუსტამ მაილოვი, სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელი: - ვაჰაბიტები, რომლებიც ქალაქში გამოჩნდნენ ხანჯლებითა და "ალაჰ აკბარის" ძახილით, შეიძლება მართლაც ემსახურებოდნენ ვინმეს ინტერესებს, თუმცა, ამ ფაქტით ვერ ვიტყვით, რომ რელიგიურ დაპირისპირებასთანაც გვაქვს საქმე. ასე რომ ყოფილიყო, ახუნდები (სჯულის მცოდნეები) უნდა ჩართულიყვნენ საქმეში. მეჩეთი საერთოდ არ მონაწილეობდა ამ კონფლიქტში, შესაბამისად, რელიგიურ დაპირისპირებას არ ჰქონდა ადგილი.

ცუდი ის არის, რომ ვაჰაბიტების აგრესიულობა აზერბაიჯანელებისთვის მიუღებელი არ გამხდარა. მეტიც, როცა პოლიციამ ხანჯლებით შეიარაღებული ახალგაზრდების ავტომანქანები გააჩერა, ხალხი მათ დასაცავად დაიძრა, ანუ სოლიდარულებიც კი იყვნენ მათ მიმართ.

მამუკა არეშიძე, ექსპერტი კავკასიის საკითხებში:
- ხალხი, რომელიც დღეს გარდაბანში ადგილობრივ "ქართულ ოცნებას" წარმოადგენს, სინამდვილეში "ნაციონალური მოძრაობის"" გულმხურვალე მხარდამჭერია. ჩაიხანაში დაპირისპირების შემდეგ გამოჩნდა, რომ ორივე "ნაციონალების" შტაბის ხელმძღვანელი ბაირამოვი და "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი ზეინალოვი რეალურად ერთ საქმეს აკეთებენ და მათი არეულია სიტუაცია. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ჩხუბი პოლიტიკურ ნიადაგზე მოხდა, მაგრამ კულუარებში ამბობენ, რომ გარდაბანში ეთნიკური დაპირისპირება მწვავდება. როცა გამგებლად გეყოლება ამბაკო ავალიანისნაირები, რომლებსაც ერთი წიგნი არ აქვთ წაკითხული, კარგს რას უნდა ელოდო? ვაჰაბიტების გამოჩენაც ახალი ამბავი არ არის. არაერთხელ მითქვამს ხელისუფლებისთვის ამის შესახებ, მაგრამ ვინ მისმენს?!

მაქვს ინფორმაცია, რომ პოლიციის მაღალი თანამდებობის პირები შეკრული არიან ადგილობრივ ვაჰაბიტებთან და მათთვის შემოსული დაფინანსებიდან წილს იღებენ, ისევე, როგორც თავის დროზე პანკისში ხდებოდა.

უტა ბიწაძე
liza
06 ივნისი 2014 20:37
დათას,ვერ მოესწრები მაგ დღეს,ქართველების გამუსულმანებას.მთავრობამ კი კეთილი ინებოს და ეგ სექტანტი ვაჰაბიტები,რომლებსაც აზერბაიჯანის ხელისუფლებაც კი კრძალავს კანონგარეშედ გამოაცხადოს.
data
03 ივნისი 2014 18:22
წადით თქვენი კარგიც, ვითომც ერისთვის იღვწით ყველაფერი ფულზე გადაგაქვთ .სამშობლოსაც ყიდთ ისინი მუსურმნები კი რჯულისთვის ყველაფერს უფულოდ აკეთებენ მალე საქართველო მაჰმადიანური იქნება თქვენი ქართველების თაოსნობით, თქვენი გამყიდვლური სულით.

რედაქტორის რჩევით