აფხაზური მაიდანი იწყება?! - კვირის პალიტრა

აფხაზური მაიდანი იწყება?!

"ქართველები უნდა გავასახლოთ!"

"შესაძლოა, აფხაზეთში რეფერენდუმი რუსეთთან მიერთების საკითხზე მართლაც ჩატარდეს"

აფხაზეთში პოლიტიკური ტემპერატურა კრიტიკულ ზღვარზეა - 27 მაისიდან, სოხუმში დე ფაქტო პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბისა და მთავრობის გადადგომის მოთხოვნით ოპოზიცია აქციებს მართავს. ოპოზიციის წარმომადგენლები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიჭრნენ(!), შაბათს კი დროებითი მთავრობაც აირჩიეს.

ოპოზიციის ლიდერები კომპრომისზე წასვლას არ აპირებენ: "მხოლოდ პრეზიდენტის გადადგომა და ნამდვილი, ეროვნული აფხაზური სახელმწიფო!" - აცხადებს ოპოზიციური ფრთის ერთ-ერთი ლიდერი რაულ ხაჯიმბა:

- ანქვაბმა ვერ შეასრულა ვერც ერთი დაპირება. ამხელა პოტენციალის მქონე ქვეყანა ვერ ვითარდება. პრეზიდენტს არც ერთ სფეროში რეფორმა არ გაუტარებია. ქვეყანა კორუფციაში იძირება. მთავრობა უნდა გადადგეს! მეორე მოთხოვნა კი იმ ქართველების გასახლებაა, ვისაც აფხაზური პასპორტები კანონდარღვევით აქვთ მიღებული. ეს აფხაზი ხალხის დაკვეთაა!

"კვირის პალიტრა" ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, მწერალ ვლადიმირ ზანთარიას დაუკავშირდა: - აქ მხოლოდ ორი სოციალური ფენაა: ძალიან მდიდრები, ანუ პრეზიდენტის ახლობლები, და ძალიან ღარიბები, ანუ უბრალო მოსახლეობა. ასე გაგრძელება არ შეიძლება. ოპოზიცია ერთ ძალად გაერთიანდა. უკანონო პასპორტიზაციის აღსაკვეთად, რომელიც უკვე წლებია მიმდინარეობს ოჩამჩირეში, ტყვარჩელსა და გალის რაიონში, პრევენციული ზომების მიღებაა საჭირო. ეს ტერიტორია აფხაზეთი-საქართველოს საზღვარზე წარმოქმნილ ავტონომიას დაემსგავსა, სადაც ლამის ქართული ვალუტაც არის დაშვებული.

- როგორც ამბობენ, ქართველების გასახლების შემდეგ იქ რუსეთის მიმართ არცთუ პოზიტიურად განწყობილი სირიიდან ჩამოსახლებული რეპატრიანტი აფხაზები უნდა ჩასახლდნენ. როგორ შეხვდება ამ ინიციატივას რუსეთი?

- აფხაზი მუჰაჯირების სამშობლოში დაბრუნება ჯერ კიდევ არძინბას, შემდეგ კი ბაღაფშის სურვილი იყო. ლაპარაკია 100 ათასზე მეტ რეპატრიანტ აფხაზზე და არა 40 ოჯახზე, როგორც ეს საქართველოში ჰგონიათ. რამდენიმე ათეული ოჯახი უკვე დაბრუნდა ისტორიულ სამშობლოში. მათ შენარჩუნებული აქვთ თვითმყოფადობა და სწორი სახელმწიფო მიდგომის შემთხვევაში, აფხაზ საზოგადოებასთან მათი ინტეგრაცია იოლად შეიძლება.

- ოპოზიციამ ანქვაბის მთავრობა რუსეთთან არასაკმარისი ინტეგრაციის გამოც გააკრიტიკა.

- საზოგადოების ერთ ჯგუფს იმედი გაუჩნდა, რომ ისინი გარე სამყაროსთან ურთიერთობას დამოუკიდებლად შეძლებენ და აფხაზეთში ევროპული და თურქული ინვესტიციები შემოვა. მათ თითქმის დაავიწყდათ რუსეთის როლი ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღიარების საქმეში და რაც მთავარია - საქართველოსგან მომავალი საფრთხეც დაავიწყდათ. არადა, ჩვენი უსაფრთხოების გარანტი ისევ და ისევ რუსეთია.

თენგიზ აგრბა, ოპოზიციური ფრთის წარმომადგენელი:

- ანქვაბი ხალხის არჩეული პრეზიდენტია და მისი პატრიოტიზმის გვჯეროდა. არადა, ერთ-ერთი ყველაზე სუსტი ლიდერი გამოდგა, ვინც აფხაზეთს ჰყოლია.  მას აფხაზი მოსახლეობის სასარგებლოდ არც ერთი რეფორმა არ გაუტარებია!

ლეილა, სოხუმელი აფხაზი: - მალე აფხაზეთში დემოგრაფიული კრიზისი დაიწყება. იმ პოლიტიკით, რასაც ანქვაბის ხელისუფლება ატარებს, უმცირესობაში აღმოვჩნდებით, ამიტომაც მოვითხოვეთ ოჩამჩირიდან და გალიდან ქართველების გასახლება. დიახ, ქართველები უნდა გავასახლოთ!

მნიშვნელოვანი იქნება, თუ მათ ენგურის საზღვარზეც ჩაასახლებენ. დაახლოებით 50 ათასი ქართველის გასახლებაზეა ლაპარაკი. მათგან თითო-ოროლა უშვებს შვილს სასწავლებლად და სამუშაოდ სოხუმსა და სხვა ქალაქებში, ყველა ცდილობს თბილისში ან საზღვარგარეთ წავიდეს. არც ერთი მათგანი არ აღიარებს, რომ აფხაზური სახელმწიფო ენაა, რუსულად და ქართულად ლაპარაკობენ.

ანქვაბის არასწორი პოლიტიკის შედეგია, რომ აფხაზეთის "ენგურჰესი" ქართველებით არის სავსე, ჩვენები კი უმუშევრად არიან. თუ ყველაფერი მალე არ მოგვარდა, შესაძლოა, სისხლი დაიღვაროს.

შევეცადეთ გაგვერკვია, რა განწყობა აქვთ გალის რაიონის მცხოვრებ ქართველებს:

პაატა, სოფელ თაგილონის მკვიდრი: - ხმა დადის, თუ ხაჯიმბა ხელისუფლებაში მოვიდა, აფხაზურ პასპორტებსა და არჩევნებში ხმის მიცემის უფლებას ჩამოგვართმევენო. გამოდის, ჩვენივე სახლ-კარში უკანონო მოსახლეებად გამოვცხადდებით. შეიარაღებულ ხალხთან კი ომს რა აზრი აქვს. ამ დროისთვის გალის რაიონში 60 ათასზე მეტი ქართველია. წელიწადზე მეტია, აფხაზურ პასპორტებს აღარ იძლევიან. იმედია, ანქვაბი შეძლებს სოხუმში ვითარების დამშვიდებას.

აფხაზეთში მიმდინარე პროცესებს ქართული მხარეც გამოეხმაურა:

ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი: -  რუსეთი აფხაზეთში ვითარებას უპრობლემოდ მართავდა, მაგრამ ხაჯიმბას ასე გააქტიურებას არ ელოდა. სოხუმში მწვავე სოციალური და პოლიტიკური კრიზისია და ამის სათავისოდ გამოყენება უნდა რაულ ხაჯიმბას. გამოიყენა კიდეც, - რუსეთის ხელისუფლებას თვალები "აუხილა" - ანქვაბი თქვენ მიერ გამოყოფილ თანხებს არამიზნობრივად ფლანგავს და მოსახლეობა უკმაყოფილოაო. ისე კი, ვინაიდან რუსეთი ჯერ არ არის მზად ქართულ მხარესთან კონფლიქტის მოსაგვარებლად, ხაჯიმბასთანა ხისტი პოლიტიკოსი სჭირდება, რათა აფხაზეთის ფაქტორის გათვალისწინებით ქართულ-რუსული ურთიერთობა მართოს. მის პერსონას ერთგვარ საფრთხობელად იყენებს.

რუსეთს ანქვაბის გადაყენება გადაწყვეტილი რომ ჰქონდეს, დე ფაქტო პრეზიდენტი ასე არ გაჯიუტდებოდა, უბრალოდ, რუსეთი ჩვენს რეაქციას ელოდება.

ზურაბ შენგელია, ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ინსტიტუტის ხელმძღვანელი:

- რამდენიმე ხნის წინ აფხაზეთის პარლამენტში არსებული "რუსეთთან მეგობრობის ჯგუფი" მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც განუცხადეს, - საკითხი გადაწყვეტილია, თქვენ რუსეთის შემადგენლობაში იქნებითო. აფხაზების კითხვაზე, - ვინ გადაწყვიტა ეს და ჩვენ რატომ არაფერს გვეკითხებითო? - პასუხი არც გასცეს.

ამ პერიოდში მოსკოვში მცხოვრებმა მთავარმა იდეოლოგმა ტარას შამბამ თქვა, აფხაზეთის განვითარებისთვის საუკეთესო გზა რუსეთთან ასოცირების ხელშეკრულებააო, რასაც აფხაზეთში მღელვარება მოჰყვა. რამდენიმე თვის წინ 26 ათას ქართველს მოქალაქეობა ჩამოართვეს, ოღონდ სასამართლოს ძალით დაბრუნების პერსპექტივით; ანუ აფხაზეთის რუსეთთან მიერთების მოთხოვნით რეფერენდუმი რომ ჩატარდეს და აფხაზები და ქართველები მის წინააღმდეგ გამოვიდნენ, ეს უკვე დიდი ძალაა. ამ შემთხვევაში ქართველები და აფხაზები ერთ აზრზე არიან. ამიტომაც ქართველების გამორიცხვით გამოსავალი იპოვეს. 1992 წლის შემდეგ ქართველებსა და აფხაზებს საერთო ინტერესი პირველად აღმოაჩნდათ. რაც შეეხება ოპოზიციას, ხაჯიმბა, რომელიც "კაგებეს" პოლკოვნიკია, მუდმივად ცდილობდა რუსეთთან სიახლოვეს ქართველების განდევნის ხარჯზე და ამბობდა, ჩვენს განვითარებას ქართველები უშლიან ხელსო. რუსეთი ოპოზიციაში დასაყრდენს ეძებს, მაგრამ ახლის პოვნამდე, ქართულ მხარესთან სავაჭროდ, ვინმე დროებითი სჭირდება, მაგალითად, ხაჯიმბა და იყენებს კიდეც. ქართველები და აფხაზები თუ არ შეიკვრებიან, მოვლენები ძალზე მძიმე სცენარით განვითარდება. შესაძლოა, რეფერენდუმი რუსეთთან მიერთების საკითხზე მართლაც ჩატარდეს.

ლალი პაპასკირი