MAPროვოცირებელი წინადადება: ნატოში, მაგრამ სოხუმ-ცხინვალის გარეშე? (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

MAPროვოცირებელი წინადადება: ნატოში, მაგრამ სოხუმ-ცხინვალის გარეშე? (ექსკლუზივი)

"ბუქარესტის სამიტზე საქართველოსთვის მაპ-ის მიუცემლობით ალიანსმა დაუშვა სავალალო შეცდომა, რომლის

შედეგებსაც ახლა მთელი ევროპა იმკის"

"უმჯობესია სოხუმის და ცხინვალის გარეშე შეხვიდეთ ნატოში, ვიდრე საერთოდ ალიანსის მიღმა დარჩეთ"(?!)

ლიტვის ყოფილ თავდაცვის მინისტრს, ამჟამად კი ქვეყნის დელეგაციის წევრს ნატოში რასა იუკნევიჩენეს ბალტიისპირეთის ერთ-ერთი პრინციპული პოლიტიკოსის სახელი აქვს. სწორედ პონია იუკნევიჩენემ წარუდგინა ნატოს საპარლამენტო ასამბლეას ერთ-ერთი მოხსენება საქართველოსა და ნატოს პარტნიორობის შესახებ, რომლებზე დაყრდნობითაც საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო დეკლარაცია, სადაც ალიანსს მოუწოდებს, უელსის სამიტზე საქართველოს გაწევრების სამოქმედო გეგმა, ე.წ. მაპ-ი მიანიჭოს. ბალტიისპირული პოლიტიკის "რკინის ლედის" ექსკლუზიური ინტერვიუსთვის ვილნიუსში დავუკავშირდით:

- უპირველესად, მიღებული დეკლარაციის პოლიტიკურ წონადობაზე მინდა გკითხოთ. გამომდინარე იქიდან, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებსა და დეკლარაციებს არ გააჩნიათ მავალდებულებელი ძალა, რამდენად მოსალოდნელია, რომ უელსის სამიტზე დეკლარაციას "დაუჯერებენ" და მაპ-ს მართლაც მოგვცემენ?

- თავდაპირველად, მინდა ვთქვა, რომ დეკლარაცია ლიტვის დელეგაციის წინადადებით მიიღეს. მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო ასამბლეა ნატოს ვერ "ავალდებულებს", გზავნილს, რომ საქართველოსთვის მაპ-ის მიცემის საკითხი უკვე "მაგიდაზე დევს", უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. ჩვენ, ლიტველები, თქვენ გვერდით ვართ და გვჯერა, რომ ნატომ არ უნდა გადაუხვიოს გაფართოების პროცესს და ყურად უნდა იღოს იმ კანდიდატი ქვეყნების სურვილი, ვისაც ალიანსში გაწევრება სურს. სწორედ ეს არის ნატოს ღია კარის პოლიტიკის არსი.

- ღია კარისა, რომელზეც ქართველები უკვე წლებია, ვაკაკუნებთ...

- მართებული შენიშვნაა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბუქარესტის სამიტზე საქართველოსთვის მაპ-ის მიუცემლობით ალიანსმა დაუშვა სავალალო შეცდომა, რომლის შედეგებსაც ახლა მთელი ევროპა იმკის. მთავარი არგუმენტი, რომლის გამოც მაშინ საქართველოს უარი უთხრეს - არ მოგვეხდინა რუსეთის პროვოცირება - აშკარაა, რომ უსაფუძვლო გამოდგა. რუსეთი ალიანსის მხრიდან ყოველგვარი პროვოკაციის გარეშეც დაესხა თავს საქართველოს. შედეგად, საქართველო მაპ-ის გარეშეც დარჩა და რუსეთის აგრესიაც იწვნია. აი, ამიტომ ვთვლით, რომ ახლა უკვე აუცილებელია, საქართველოსკენ შემხვედრი ნაბიჯების გადადგმა. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ ისეთებიც არიან, ვინც ჩვენს პოზიციას არ იზიარებენ - დეკლარაცია ერთხმად, ყველას მოწონებით არ მიღებულა. თუმცა, მათი მცდელობები, დეკლარაციაში ზოგიერთი შესწორება შეეტანათ, მარცხით დასრულდა. ასე რომ, მიუხედავად ამ პოზიტიური გზავნილისა, წინ საკმაოდ მწვავე ბრძოლები გელით. ვითარებას საღი თვალით შეხედეთ - ნატოს საპარლამენტო ასამბლეას, მიუხედავად მისი სტატუსისა, მხოლოდ რეკომენდაციის გაცემა ძალუძს.

- ბუქარესტის სამიტის შემდეგ საზოგადოებაში ნატოს მიმართ იმედგაცრუების შეგრძნება გაჩნდა. თუ უელსის სამიტიც "მაპ-ზე უკეთესით" დასრულდება, სავარაუდოდ, ქართველი ხალხი კიდევ უფრო გაწბილებული დარჩება და "მხსნელი" ალიანსის მიმართ ნდობას კიდევ უფრო დაკარგავს. რას ეტყოდით მათ, ვინც ამ სკეპტიკურ განწყობას იზიარებს?

- მეც შეკითხვითვე გიპასუხებთ: თქვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის უკეთესი იქნება, თუ ნატოსკენ სვლას შეწყვეტთ და გაწევრებას არ შეეცდებით? რაც შეეხება უელსის სამიტს, დარწმუნებული ვარ, მაპ-ით თუ მაპ-ის გარეშე, საქართველოსკენ კონკრეტული შემხვედრი ნაბიჯები იქნება გადადგმული.

თქვენ ყველაფრისთვის უნდა იყოთ მზად, მათ შორის - სავარაუდო იმედგაცრუებისთვისაც. ეს ის ვითარებაა, როდესაც არ უნდა დანებდეთ.

- 2008 წელს საქართველოსთვის მაპ-ის მიუცემლობაში მთავარი როლი საფრანგეთმა და გერმანიამ ითამაშეს. როგორ ფიქრობთ, 6 წლის შემდეგ ვითარება შეიცვალა თუ უელსშიც იმავეს უნდა ველოდოთ?

- გადაჭრით ვერაფერს ვიტყვი, თუმცა, დღევანდელი გადმოსახედიდან, ვფიქრობ, ამ ქვეყნების მთავრობებთან უფრო მეტი უნდა იმუშაოთ. უნდა შეიძინოთ, რაც შეიძლება ბევრი მეგობარი, რომლებიც დაინტერესებული იქნებიან საქართველოს ინტერესების ლობირებით. ამ მხრივ შთამბეჭდავი იყო თქვენი დელეგაციის მიერ საპარლამენტო ასამბლეის სესიებზე გაწეული შრომა - ისინი იყვნენ ერთობ აქტიურები, დამაჯერებლები და ეფექტურად ასაბუთებდნენ საკუთარ აზრს. განსაკუთრებით სასიამოვნო იყო იმის ნახვა, რომ ოპოზიციისა და მთავრობის წარმომადგენლები ერთსულოვნად იღვწოდნენ ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლისათვის. ეს ქვეყნის დემოკრატიულობის აშკარა სიგნალია.

- კიდევ ერთ მტკივნეულ საკითხზეც ვისაუბროთ - ტერიტორიულ მთლიანობაზე. როგორ წარმოუდგენია ნატოს საპარლამენტო ასამბლეას მაპ-იანი საქართველო - აფხაზეთითა და სამაჩაბლოთი თუ მათ გარეშე?

-  ეს საფრთხილო თემაა, მაგრამ ჯერჯერობით საკითხი ასე დგას - ნატოს ქარტიის მეხუთე მუხლი არ იმოქმედებს იმ ტერიტორიებზე, რომლებიც ოკუპირებულია. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ აფხაზეთის ან სამაჩაბლოს დამოუკიდებლობა უნდა აღიაროთ ან ოკუპაციას უნდა შეეგუოთ, მაგრამ

ალიანსის ზოგიერთი წევრი ჯერაც ფიქრობს, რომ გაუმართლებელია, ნატომ თავის რიგებში მიიღოს ქვეყანა ტერიტორიული პრობლემებით.

მაპ-ის მოპოვებისას რეალობას თვალი უნდა  გაუსწოროთ - ნატოში გაწევრების შემთხვევაშიც კი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვაშინგტონის ხელშეკრულება არ გავრცელდება, განსაკუთრებით კი მისი მეხუთე მუხლი, რომლის თანახმადაც, ნატოს რომელიმე წევრ ქვეყანაზე თავდასხმა მთელ ალიანსზე თავდასხმად ფასდება. თუმცა, ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დრო გადის - დღევანდელი მოცემულობა, ავია ის თუ კარგი, შეიძლება ხვალ აღარ იყოს აქტუალური. ოკუპირებული ტერიტორიების აუღიარებლობა, რა თქმა უნდა, ტოპპრიორიტეტია, მაგრამ, ვფიქრობ, უმჯობესი იქნება, საქართველოს დანარჩენი ნაწილი მაინც იყოს ნატოს შემადგენლობაში, ვიდრე საერთოდ ალიანსის მიღმა დარჩეთ.

- რუსეთის ფაქტორზე რას იტყვით? მაპ-ი ნატოს არ ავალდებულებს, კანდიდატ ქვეყნებს სამხედრო დახმარება გაუწიოს, სამაგიეროდ, საქართველოსთვის მაპ-ის მიცემას, ალბათ, უყურადღებოდ არ დატოვებს რუსეთი, რომლის საპასუხო რეაქცია შესაძლოა ღია სამხედრო აგრესიაც აღმოჩნდეს. გააჩნია თუ არა ნატოს ასეთი სცენარის პრევენციის რაიმე მექანიზმი? თუ ბუქარესტის "შიშები" უელსში გამართლდა, რას უნდა ველოდოთ ალიანსისგან, გარდა შეშფოთების გამომხატველი განცხადებებისა და ჰუმანიტარული დახმარებისა?

- რაც უნდა სამწუხარო იყოს თქვენთვის ამის მოსმენა, მხოლოდ ნატოს წევრობა იძლევა ჰარდ-უსაფრთხოების (შეიარაღებული აგრესიისგან დაცვა) გარანტიას. მაპ-ის მიღება-გაცემა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომლის შემდეგაც ალიანსში გაწევრება მხოლოდ დროის საკითხია. ასე რომ, პასუხისმგებლობას ნატოც გრძნობს. ისევ ბუქარესტს გაგახსენებთ - მაპ-ი ვერ მიიღეთ, მაგრამ აგრესია მაინც იყო და დარწმუნებული იყავით,

თუ არაფერს ვიტყვით უელსში და შემდგომ სამიტებზე საქართველოს სამომავლო გაწევრების თაობაზე, სწორედ ეს იქნება ნამდვილი პროვოცირება რუსეთისათვის (იფიქროს, რომ ნატოს საქართველო აღარ აღელვებს).

ვაჟა თავბერიძე