მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები

"ოცნების" "ნაციონალიზაცია"

ნელ-ნელა "ქართული ოცნება"  სულ უფრო მეტად ემსგავსება "ნაციონალურ მოძრაობას"! თუ ასე გააგრძელეს, მალე მათ შორის ტოლობის ნიშანს დავსვამ. ჯერჯერობით წინსვლა მხოლოდ დემოკრატიას ეტყობოდა და ამ წინასაარჩევნოდ შეიძლება აქედანაც აღარაფერი დაგვრჩეს. საარჩევნო გარემო ძალიან დამძიმდა. მე არ ვგულისხმობ "ნაციონალების" განცხადებებს, რეგიონებში ჩვენს ლიდერებს იჭერენო. ეს რომ ცუდად აისახებოდა წინასაარჩევნო გარემოზე, ღარიბაშვილიც მიხვდა და დაკავებებზე მორატორიუმი გამოაცხადა, მაგრამ ეს არ იყო ყველაზე დიდი პრობლემა. ისე, კაცმა რომ თქვას, თუ ადამიანი დამნაშავეა, რატომ არ უნდა დაიჭირო და ხალხს დამნაშავე რატომ უნდა აარჩევინო? წინასაარჩევნოდ მთავარი პრობლემა სულ სხვაა: რეგიონებში ოპოზიციური პარტიების ("ნაციონალების", ბურჯანაძის პარტია) სიებიდან ხალხი გარბის! ისინი დასთანხმდნენ ამ პარტიებს, რომ მათი სახელით იყრიდნენ კენჭს და უცებ, არჩევნების წინ, ყველას ერთად გაახსენდა, რომ არჩევნებში მონაწილეობა აღარ უნდა, არადა, კანონის მიხედვით, თუ სიაში პარტიას 15 კაცზე ნაკლები ჰყავს, ის სია უქმდება. ახალი კანდიდატების დამატების უფლება კი უკვე აღარ აქვთ. შედეგად, რამდენიმე რაიონში ბურჯანაძის პარტია არჩევნებში ვეღარ მონაწილეობს, რადგან კანდიდატთა რაოდენობა 15-ს ჩამოსცდა  და მათი სია განულდა. ეს ხალხი საჯაროდ საუბარს ერიდება, მაგრამ პირად საუბრებში თანაპარტიელებს გაუმხილეს, რომ მათ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ზეწოლის გამო თქვეს.

ჩაგვასუნთქეთ, ბატონებო!

ხელისუფლების საქმე მაშინ მიდის ცუდად, როდესაც ხალხი სულელი ჰგონია და მის აბუჩად აგდებას იწყებს. წინა კვირას მათი შექება ვერ მოვასწარით იმის გამო, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი, ბატონი დარბაისელი გაუშვეს, რომ ამ კვირას საოცარი ამბავი გავიგეთ: დარბაისელის მაგივრად უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მისი მოადგილე გოგი გახარია დაუნიშნავთ. ეს ის გახარიაა, რომელსაც დარბაისელმა ყველაზე დიდი პრემია - ლამის 39 000 ლარი გამოუწერა. ესე იგი, რა - ვინც პრემია გასცა, ის ცუდია და ვინც აიღო, ის - კარგი? ვიღაცამ "ფეისბუკზე" მომწერა, გახარია პატიოსანი კაცია, ეგ ფული არ აუღია, "ატკატის" სახით დარბაისელს დაუბრუნაო. არავინ იცის, სინამდვილეში რა მოხდა, მაგრამ ასეც რომ იყოს, ეს უარესი დანაშაული არ არის?! სწორედ ამიტომ ვამბობ: ამ ხელისუფლებამაც დაიწყო ხალხის დაცინვა. მაშ, რით გამოარჩიეს გახარია? ააა, მივხვდი: ეტყობა, ვისაც მაღალი პრემიები ჰქონდა აღებული, მათ ცოლებს ჩამოურეკეს და აღმოჩნდა, რომ პრემია სახლამდე მხოლოდ გახარიამ მიიტანა. გადაწყვიტეს, წესიერი კაცი ყოფილაო და დააწინაურეს. სხვას ვერაფერს ვფიქრობ!

ან ის რა იყო, ბათუმში პოლიციის დღეზე სასტუმროდან გამოსულ ადამიანებს სადგომზე მანქანები რომ აღარ დახვდათ? სასტუმროში ჩამოსული პოლიციის მაღალჩინოსნების "ჯიპებისთვის" ადგილი რომ აღარ იყო, სხვა მანქანები, ისე, რომ მათი პატრონებისთვის არაფერი უკითხავთ, სხვა სადგომზე გადაუყვანიათ. ხალხს მანქანების ძებნა და ბარგით ქუჩაში სირბილი მოუხდა. თუ შენს ხალხს პატივს სცემ და არ ფიქრობ, რომ რადგან პოლიციის მაღალჩინოსანი ხარ და უზარმაზარი ჯიპით დადიხარ, ვინმეზე უკეთესი ხარ, ეს როგორ უნდა ჩაიდინო? არ შეიძლება, ხელისუფლება თანამოქალაქეებს ისე მოექცეს, როგორც მეორეხარისხოვან ადამიანებს!

ამას წინათ, გადაცემაში სტუმრობისას "ოცნების" წევრმა ნუკრი ქანთარიამ მითხრა - მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ერთმა ამომრჩეველმა გვითხრა, თქვენ რომ მოხვედით, კი ამოვისუნთქეთ, მაგრამ ახლა ჩასუნთქვაც ხომ გვინდაო. ჰოდა, ნუ დაგვტოვებთ ამოსუნთქულებს და გაღიმებულებს, ბატონებო, ჩასუნთქვის საშუალებაც მოგვეცით.

რაში იხარჯება გრანტები

არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში მართლაც დიდ და კარგ საქმეს აკეთებენ და მე არ მივეკუთვნები იმ ადამიანთა რიგს, ვინც მათ იმის გამო საყვედურობს, რომ დაფინანსებას უცხოეთიდან იღებენ. მათი უმეტესობა ქართული დემოკრატიის სადარაჯოზე დგას და რომ არა ისინი, ამ მხრივ მდგომარეობა უფრო მძიმე იქნებოდა. თუმცა ზოგჯერ ისინიც ძალიან უცნაურად იქცევიან. მაგალითად, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსებით გადაიღეს კლიპები, სადაც ექოსკოპიაზე მისული მამაკაცი ორსული ცოლის მუცელს ეფერება და თან მოთქვამს: ბიჭი ყოფილხარ და რა საშინელ სამყაროში უნდა დაიბადო, რომ გაიზრდები, ოჯახის რჩენის ტვირთი მარტო შენ დაგაწვება კისერზეო. მეორე კლიპში უკვე დედა ელაპარაკება მუცელში ნაყოფს: გოგო ხარ და მთავარია, ისეთ კაცს გაჰყვე ცოლად, რომელიც ოჯახს არჩენს, ოჯახის რჩენა აბა, რა გოგოს საქმეაო. კლიპების ბოლოს შეგვაგონებენ, რომ ოჯახის რჩენა მარტო მამაკაცის საქმე არ არის და ქალიც შეიძლება იყოს ოჯახის მარჩენალი. და ეს ხდება ქვეყანაში, სადაც ბოლო ოცი წელია, ლამის ყველა მეორე ოჯახის (თუ უფრო მეტის არა) მარჩენალი ქალია. სულ იმაზე ვწუწუნებთ, კაცმა ფუნქცია დაკარგა, ქალებმა უკეთ აუღეს ალღო ცხოვრებას და ოჯახებს ისინი არჩენენო და ესენი ახლა შეგვაგონებენ: ოჯახის მარჩენალი მარტო კაცი არ უნდა  გვეგონოს, და ქალმაც უნდა გამოიღოს ხელიო. თქვე კაი ხალხო, თუ არ იცით, ფული რაში დახარჯოთ, გვითხარით და იქნებ მოგიფიქროთ რამე!