ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი
02-06-2014
ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი
ოცნებას კაცი არ მოუკლავს

მოვლენები საგარეო პოლიტიკურ არენაზე კალეიდოსკოპური სიჩქარით ცვლის ერთმანეთს:
გასულ კვირას საქართველოს ევროკავშირში გაწევრების შესახებ პირველი იმედიანი განცხადება გააკეთა ევროკომისარმა შტეფან ფულემ. ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, განაცხადა, რომ საქართველო, უკრაინა და მოლდავეთი ევროკავშირის წევრები უნდა გახდნენ. უფრო მეტიც -  შემდგომი გაფართოებისთვის ევროკავშირმა საჭირო პოლიტიკური და ინსტიტუციონალური ჩარჩოები უნდა შეიმუშაოს. მართლაც იმედისმომცემი განცხადებაა, თუ გავიხსენებთ, რომ აქამდე საქართველოს ევროკავშირის წევრობის პერსპექტივაზე არავინ ლაპარაკობდა. რა თქმა უნდა,
უკეთესი იქნებოდა, ეს ევროკავშირის ოფიციალური პოზიცია იყოს და არა მხოლოდ მისი ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობის პირის. მით უფრო, რომ ახლახან ჩატარებული არჩევნების შედეგად ევროპარლამენტში დიდ ადგილს სწორედ ის ძალა დაიკავებს, რომელიც არამცთუ ევროკავშირის შემდგომი გაფართოების მომხრეა, არამედ თავად ევროკავშირის პერსპექტიულობის მიმართაც სკეპტიკურად არის განწყობილი. მათ სახელიც
ასეთი ჰქვიათ - ევროსკეპტიკოსები, მაგრამ მთავარია, რომ ყინული დაიძრა.

ამ დღეებში ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ  მიიღო დეკლარაცია და  მოუწოდა ნატოს წევრი ქვეყნების მთავრობებსა და პარლამენტებს, რომ შემოდგომაზე, ნატოს უელსის სამიტზე საქართველოს მაპ-ი უნდა მიენიჭოს, რაც ასევე მნიშვნელოვანი გარღვევაა ბოლო დროს უკრაინაში განვითარებული მოვლენების შედეგად ნატოს გაფართოებისადმი სკეპტიკურად განწყობილ ადამიანთა რაოდენობის ზრდის ფონზე.

ძნელი სათქმელია, დასავლეთის თუნდაც განცხადებებით ასე გააქტიურება უკავშირდება თუ არა პუტინის მიერ კარგა ხნის წინ დაანონსებული ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შექმნას, თუმცა ფაქტია, რომ ეს მოვლენები ერთდროულად ხდება. 29 მაისს ასტანაში რუსეთმა, ყაზახეთმა და ბელორუსმა ხელი მოაწერეს პუტინის მიერ კარგა ხანს ნალოლიავები ევრაზიული კავშირის შექმნის ხელშეკრულებას, თუმცა, უკრაინის გარეშე ევრაზიის კავშირი კოჭლ იხვს დაემსგავსა. თანაც მასში, ფაქტობრივად, იძულებით გაწევრებული ორი ქვეყანაც არანაკლებ შეშინებულია რუსეთის ექსპანსიონისტური ზრახვებით და განსაკუთრებით, ყბადაღებული პასპორტიზაციით, რომელიც რუსეთისთვის იმპერიის აღდგენის გზაზე მძლავრ იარაღად იქცა. აბა, სადა აქვთ გარანტია ყაზახებს, რომ თუ პუტინს თვალი ცუდად აუთამაშდა, საკუთარი მოქალაქეების დაცვის მოტივით ნახევარ ყაზახეთსაც არ მიიერთებს. ამიტომაც მკვეთრად შეიცვალა ხელშეკრულების პირველი ვარიანტი, საიდანაც სწორედ ყაზახეთის მოთხოვნით ამოიღეს დებულებები ერთიანი ვალუტის, მოქალაქეობის და საგარეო პოლიტიკის ფორმირების შესახებ. ჯერ კიდევ 6 მაისს ორივე ქვეყნის პრეზიდენტი უარს აცხადებდა ამ დოკუმენტის ხელმოწერაზე, მაგრამ ამჯერადაც საერთო ბაზრის ფორმირება - 2018 წლამდე, ხოლო ერთიანი ენერგეტიკული - ნავთობისა და გაზის - ბირჟის ამუშავება სულაც 2025 წლამდე გადაიდო. თუმცა, ის მუხლებიც კი, რომლებიც უკვე ძალაში უნდა შესულიყო, არ მოქმედებს: ამ ხელშეკრულების თანახმად, გაერთიანებულ ქვეყნებში ადამიანების, ტვირთის, კაპიტალისა და მომსახურების თავისუფალი მიმოქცევა უნდა დაიწყოს, მაგრამ როგორც დასავლური მედია იუწყება, რუსეთი უკვე არღვევს ხელშეკრულების პირობებს და უარს ეუბნება ყაზახებს გაზსადენის ხელმისაწვდომობაზე.

ასე რომ, რუსეთს უკრაინაში განვითრებული პროცესები არც ისე შორეულ მომავალში შეიძლება უფრო ძვირად დაუჯდეს, ვიდრე წარმოუდგენია. ამ ახალშექმნილი კავშირის გაფართოების პერსპექტივებიც ძალიან უიმედოა. ალბათ, მას შეემატება სომხეთი და აი, უკვე აფხაზეთის პოლიტიკური სპექტრის ერთი ნაწილიც გამოთქვამს იქ გაერთიანების სურვილს, რაც, არა მგონია, ასე იოლად გადასაწყვეტი ამოცანა იყოს, რადგან ასეთ შემთხვევაში გამოდის, რომ ამ კავშირში შემავალი ქვეყნები პირდაპირ თუ არა, ირიბად მაინც აღიარებენ აფხაზეთის დამოუკიდებლობას, რაც საერთაშორისო სამართლისა და ტერიტორიების ურღვევობის პრინციპის სრული იგნორირება იქნება. ეს მათ სერიოზული პრობლემების წინაშე დააყენებს, განსაკუთრებით - სომხებს.
და მინდა აფხაზეთის თემით დავასრულო. ჭეშმარიტად პატრიოტი აფხაზები მიხვდნენ, რომ რუსეთის ხელში ისინი, როგორც ეთნოსი, გადაშენების ძალიან სწრაფ გზას ადგანან, თუმცა, მაშველ რგოლს ვერსად ხედავენ. ეს შანსია საქართველოს ხელისუფლებისთვის, თავისი გონივრული პოლიტიკით დაარწმუნოს აფხაზები, რომ მათი გადარჩენის ერთადერთი პირობა ევროკავშირის კანონმდებლობის არეალში მოქცევაა, რადგან თანამედროვე მსოფლიოში არავინ ისე არ იცავს ეთნიკური უმცირესობების უფლებებს, როგორც ევროკავშირი და სწორედ ევროკავშირის კანონმდებლობით შებოჭილი და ვალდებულებააღებული საქართველოს შემადგენლობაში შეეძლებათ მათ, მშვიდად გააგრძელონ ცხოვრება ყველაზე ფართო ავტონომიის გარანტირებული უფლებით. ოცნებას კაცი არ მოუკლავსო, ნათქვამია. ვნახოთ...
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები