ფრთხილად! სახიფათო კულმინაცია - კვირის პალიტრა

ფრთხილად! სახიფათო კულმინაცია

ქუჩის ცემა-ტყეპა სახელმწიფოს იმიჯს ანგრევს!..

თანდათან ხშირდება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებზე, მათ მხარდამჭერებსა თუ თანამოაზრეებზე ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტები. ძალადობასთან დაკავშირებით საზოგადოების დამოკიდებულება არაერთგვაროვანია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ხელისუფლებას, სამართალდამცავ ორგანოებს აქვთ უფლება, რომ ამგვარი ფაქტების აღსაკვეთად დროულად არ მიიღონ ზომები.

2013 წლის 8 თებერვალს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან დაპირისპირებისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს პარლამენტარ ჩიორა თაქთაქიშვილსა და "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერ გიგა ნასარიძეს. ეს უკანასკნელი იმავე წლის აპრილში, ფალიაშვილის ქუჩაზე, კიდევ ერთხელ გახდა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ობიექტი.

ა.წ. 30 მარტს დეპუტატ ნუგზარ წიკლაურს საკუთარ სახლთან დაესხნენ თავს, გამოძიება მიმდინარეობს.

3 მაისს სოდ-ის ყოფილი უფროსის ერეკლე კოდუას ძმას, დავით კოდუას ქუჩაში სასტიკად გაუსწორდნენ. შს სამინისტრომ ამ ფაქტზე დაზარალებულის ყოფილი ბიზნესპარტნიორი ნოშრევან ნამორაძე დააკავა, რომელმაც აღიარა, რომ თავდასხმის მოტივი პირადი შურისძიება იყო. თვითმხილველთა მტკიცებით, ნამორაძე მარტო არ ყოფილა, თუმცა, შს სამინისტროს სხვა პირების თანამონაწილეობა დღემდე არ დაუდგენია.

ამ ფაქტიდან მოკლე ხანში, ქალაქის ცენტრში, ბარნოვის ქუჩაზე, დღისით კაფე "ანტრეში" მწერალი მამუკა ხერხეულიძე ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრეს. მოგეხსენებათ, მამუკა ხერხეულიძე წლების განმავლობაში "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი და აპოლოგეტიც იყო. ახლობლები მიიჩნევენ, რომ ამ ფაქტზე "განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით" საქმის აღძვრა მომავალში ამგვარ თავდასხმებს კიდევ უფრო წაახალისებს.

რამდენიმე დღის წინ "ლიტერატურულ კაფეში" თავდასხმის მსხვერპლი "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი გახდა, რომელსაც მწერალმა რეზო თაბუკაშვილმა-უმცროსმა ჩაის ჭიქით თავი გაუტეხა, ჭიაბერაშვილთან ერთად მყოფ პუბლიცისტ ნოდარ ლადარიას კი სახეში ცხელი ჩაი შეასხა. თაბუკაშვილთან ერთად იმყოფებოდა რეჟისორი გიორგი მგელაძე, როგორც ამბობენ, მას ინციდენტში მონაწილეობა არ მიუღია.

ხმაური და დაპირისპირება იყო გირგვლიანის საქმის განხილვისას თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ირაკლი კაკაბაძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ბრალდებულთა ახლობლებს, საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდე რომ არ მივიდა, მანდატურთა დროული ჩარევის დამსახურებაა.

როდემდე შეიძლება გაგრძელდეს მსგავსი გარჩევები?

საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება სამართლიანობის აღდგენისთვის არაფერს აკეთებს და დღის წესრიგში ქუჩის სამართალი დგება, დამნაშავეებს კი მოუწევთ ასე აგონ პასუხი. ამგვარი ფაქტები ქვეყანას კარგს არაფერს უქადის, ამის დამადასტურებლად ჩვენი უახლოესი ისტორიის გახსენებაც კმარა, როდესაც ქვეყანას ქუჩის სამართალი მართავდა. იმაზე აღარაფერს ვამბობთ, რომ ქუჩის ცემა-ტყეპა სახელმწიფოს იმიჯს ულახავს. დროა, ხელისუფლება დაფიქრდეს, თორემ თუ პროცესმა მასშტაბური ხასიათი მიიღო, ქვეყანას ქაოსი ემუქრება, რომელიც უპირველესად ხელისუფლებას გადაიყოლებს. მით უფრო, არ არის გამორიცხული, ამგვარ ქმედებებს, ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც, ბევრი წამქეზებელი ჰყავდეს. მავანთათვის ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერა რომ უფრო მარტივია, ახალი ამბავი არ არის. "ოცნების" მხარდამჭერების თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" დაზარალებულისა და დევნილის მანტიის მორგებას დიდი სიამოვნებით ცდილობს. ამაში ქვეყნის მოსახლეობის დარწმუნება ალბათ, გაუჭირდებათ, თუმცა, თუ პროცესები ასე გაგრძელდა, ქვეყნის გარეთ ამგვარი იმიჯის შექმნას ნამდვილად მოახერხებენ.

ნათია დოლიძე