მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები
09-06-2014
მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები
როდემდე?

ვიცი, რომ ჟურნალისტები პოლიტიკოსებს არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არ უყვართ. ეს ასეც უნდა იყოს - აბა, რა საყვარლები ჩვენ ვართ! სადაც ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსებს ერთმანეთი უყვართ, იქ დიქტატურაა. აგერ, ჩრდილოეთ კორეაში მათი ბელადის გარდაცვალებას პირდაპირ ეკრანიდან დასტიროდნენ ჟურნალისტები. დემოკრატიულ ქვეყნებში ჟურნალისტი პოლიტიკოსის მთავარი "მტერია", რადგან პოლიტიკოსს თავის გაკეთებულ საქმეებზე ლაპარაკი უნდა, ჟურნალისტი კი გაუკეთებელზე ან დაშავებულზე ლაპარაკობს. ყველა პოლიტიკოსს ოდესღაც უჩნდება განცდა, რომ ის ამდენს შრომობს, ამდენ კარგ საქმეს
აკეთებს (ყველა პოლიტიკოსი აკეთებს რაღაცას), ჟურნალისტები კი მის ნაღვაწს ვერ ამჩნევენ და მხოლოდ პრობლემებზე ლაპარაკობენ. თავის დროზე ასე დაემართა მიშასაც - რაღაცებს აშენებდა, რაღაცებს აკეთებდა, მაგრამ დამოუკიდებელი მედიის გული მაინც ვერ მოიგო. ჰოდა, ადგა და ჯერ იმ არხებზე, სადაც ხელი მიუწვდებოდა, ტოქშოუები დახურა, მერე "იმედს"
ბოიკოტი გამოუცხადა, ბოლოს კი სულაც სპეცრაზმით შევარდა. შედეგად კი ის მიიღო, რომ ქვეყანაში რამდენიმე არხი მხოლოდ მის გაკეთებულ საქმეებზე ლაპარაკობდა, აღარავის ახსოვდა პრობლემები და ცხოვრობდა ქვეყანა "ბედნიერად". მაგრამ პრობლემები გაქრა? რა თქმა უნდა, არა.

გასაგებია, რომ ღარიბაშვილი ჯერ აქამდე არ მისულა და იმედია, არც მივა, მაგრამ რა მოხდება, თუ სულ უფრო გაუძლიერდება განცდა, რომ ჟურნალისტები მას უსამართლოდ აკრიტიკებენ და რომ ფაქტებს არასწორად წარმოაჩენენ?! ეს განცდა მას უკვე აქვს, რაც თავის ბოლო პრესკონფერენციაზე არც დაუმალავს. ნახევარი პრესკონფერენცია ჩვენს კრიტიკაში გაატარა და ლამის ყველაფერი ჟურნალისტებს დაგვაბრალა. ბოლოს ვიფიქრე, ეს კაცი მაპ-ის არმოცემასაც ჩვენ დაგვაბრალებს-მეთქი, მაგრამ გადავრჩით.

ბევრჯერ მითქვამს, რომ ჟურნალისტები ხელშეუხებლები არ ვართ, ჩვენი კრიტიკა, რა თქმა უნდა, შეიძლება და აუცილებელიცაა, მაგრამ პრობლემა აქ სხვა რამეა: როდესაც ამას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ან სხვა მაღალი თანამდებობის პირი აკეთებს, დიდია საფრთხე, რომ დაბალი რანგის ჩინოვნიკებმა - განსაკუთრებით რეგიონებში, ეს როგორც მაგალითი, ისე მიიღონ და ჟურნალისტებს მუშაობაში ხელი შეუშალონ. წარსულის გამოცდილება ასევე გვაფიქრებინებს, რომ თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება ღარიბაშვილიც ერთ, არცთუ მშვენიერ დღეს, მიშასავით დაასკვნის, რომ ამ ჟურნალისტების გამოსწორება არ იქნება, მაინც ვერაფერს იგებენ და მათი დასაფსები თვალები მაინც ვერაფერს ხედავენ, ჰოდა, ჯობია, ლაგამი ამოვდოთ. მე ამის მეშინია ყველაზე მეტად, თორემ ვაკრიტიკოთ ერთმანეთი და ვიყოთ - რა პრობლემაა. თუ წინა მთავრობის ხანას შევადარებთ, ბუნებრივია, ჯერ ყველაფერი არცთუ ცუდად არის, მაგრამ როდემდე?

ან ყველაფერი, ან არაფერი!

წინა კვირას პრემიერმა ბევრი საინტერესო რამ თქვა. მაგალითად, მიშაზე თქვა, "ეს სულელი კაციო", ბიძინაზე - "ეს ბრძენი კაციო". მიშაზე ისიც თქვა, უნდა ჩამოვიყვანოთ და პლანტაციებში ვამუშაოთო. ამაზე მიშისტებმა, რომლებსაც თავის დროზე ძალიანაც მოსწონდათ, მიშა პოლიტიკურ ოპონენტებს მუმიებს და საფლავიდან წამომდგრებს რომ ეძახდა, განგაში ატეხეს, რას ჰგავს ეს, ყოფილ პრეზიდენტს პრემიერი როგორ მოიხსენიებს, სულ დაკარგა ზრდილობა და სინდისიო. აგერ, ჩვენს მიშას პოლონეთში ობამაც კი დაელაპარაკა და საერთოდ, უკრაინის ამბებში მთელი მსოფლიო მაგას ეკითხება ჭკუასო. მიშისტები ისე გაახარა ობამას ხელის ჩამორთმევამ, რომ მზად იყვნენ, ღარიბაშვილისთვის ყველაფერი ეპატიებინათ.

მიშა და მიშისტები იქით იყოს და, პრემიერს წინა კვირას მართლაც ჰქონდა ეთიკის პრობლემა. მისი მოწოდება, ჩვენ არ დავუშვებთ არც ერთ რეგიონში სხვა პოლიტიკური ძალის გამარჯვებასო, ბევრისთვის შემაშფოთებელ სიგნალად იქცა. მარტო ოპონენტებმა კი არა, მისმა თანაგუნდელმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემაც კი მიუღებლად მიიჩნია ეს და განაცხადა, ეტყობა, მექანიკური შეცდომა მოუვიდაო, თუმცა მერე, ერთ-ერთი გამოსვლისას, თვითონაც გაიმეორა - დიახაც, არ უნდა დავუშვათო! რა შეიცვალა რამდენიმე დღეში კალაძის ცნობიერებაში? ნუთუ ღარიბაშვილმა კარგად აჩვენა, რა არის "მექანიკური შეცდომა"?

ისე, თუ საკითხს სერიოზულად მივუდგებით, საქმე სახუმაროდ არ გვაქვს. აქ მთავარი რიტორიკა არ არის. ის ფაქტები, რაზეც წინა კვირაში ვისაუბრე და ისიც, რაც ამ კვირაში მარნეულში მოხდა, როდესაც "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს რეგისტრაცია გაუუქმეს, აღძრავს ეჭვს - ხელისუფლების სიტყვა და საქმე ერთია?! ეს ამ შემთხვევაში მისასალმებელი სულაც არ არის! ნუთუ ღარიბაშვილი ვერ ხვდება, რომ ზუსტად იმეორებს სააკაშვილის შეცდომებს და მათ შორის მთავარ შეცდომას: ეყრდნობა პრინციპს - ან ყველაფერი, ან არაფერი! რატომ აქვს ყველა ხელისუფალს არჩევნების წინ ვნება, რომ ყველაფერი უნდა მოიგოს და დაუშვებელია სადმე ოპოზიციის გაჭაჭანება? ნუთუ ვერ ხვდება, რომ სწორედ ასეთმა მიდგომამ მიიყვანა მიშა დაღუპვამდე და ასე გაგრძელება მისთვისაც ზიანის მომტანი შეიძლება გახდეს.
DINO_ZAUR
13 ივნისი 2014 12:53
ძალიან სუსტი ანალიზია, ზედაპირული....

რედაქტორის რჩევით