"უგულავას შეცდომა ის გახლდათ, რომ მერიც იყო და პარტიის ხელმძღვანელიც"
09-06-2014
"უგულავას შეცდომა ის გახლდათ, რომ მერიც იყო და პარტიის ხელმძღვანელიც"
"26 მაისსაც მქონდა გამოკვეთილი პოზიცია და შიხიაშვილისგან განსხვავებით, ტაში არ დამიკრავს მომხდარისთვის"

"ბევრი პროექტი არ მომწონდა, რომელიც თბილისში ერთპიროვნულად განხორციელდა"


თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია:

- წინა ხელისუფლებას უამრავი წარმატების კვალდაკვალ ბევრი შეცდომაც ჰქონდა. მათ ავად თუ კარგად დაასრულეს რეფორმების პირველი ეტაპი, ახლა მეორე ეტაპის განხორციელებაა საჭირო. ამ არჩევნებში  მე მყავს ორი კონკურენტი მერობის კანდიდატი და წინა ხელისუფლების შეცდომები... დავით ნარმანია უბოროტო ადამიანია, მაგრამ მისი დამოუკიდებლობის ხარისხი ნულის ტოლია. ეს
კი ძალიან მნიშვნელოვანია მერისთვის. დიმიტრი ლორთქიფანიძესთან შედარებით მორალური უპირატესობა ნამდვილად მაქვს. როცა 2008 წელს ანტისამთავრობო აქციაში ვმონაწილეობდი, მან პარლამენტში შესვლით სამოქალაქო პროტესტის მუხტი ჩაკლა, უღალატა თანაგუნდელებს და დათვური სამსახური გაუწია წინა ხელისუფლებას.

წინა ხელისუფლება აკეთებდა ესტაკადებს, გზებს, ადმინისტრაციულ შენობებს. ახლა სხვა საჭიროებები გაჩნდა. თუ გვინდა,
თბილისი ჰარმონიულად შეერწყას თანამედროვე სამყაროს, ფეხით მოსიარულემ ქალაქში მეტი კომფორტი უნდა იგრძნოს. მუნიციპალური ტრანსპორტი ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა შესაძლებლობის მქონეთათვის, უნდა შეიცვალოს სატარიფო სისტემა, გაიაფდეს და გარკვეული კატეგორიისთვის საფასური გაუქმდეს. ნუ ფიქრობთ, რომ წინა ხელისუფლების ყველაფერი მომწონდა. ერთი შენობა არ აშენებულა, რომელშიც გათვალისწინებული იქნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების პირთა უფლებები. უნდა დავასრულოთ რკინიგზის პროექტი, რომელიც შეაჩერა მოქმედმა ხელისუფლებამ.

- დღემდე თბილისს არ გააჩნია ურბანული განვითარების გენერალური გეგმა. წინა ხელისუფლებას არც უცდია ქალაქის მთავარ დოკუმენტზე ემუშავა. რატომ არ იზრუნა თქვენმა მეგობარმა გიგი უგულავამ ამაზე?
- გენერალური გეგმა არსებობს, მაგრამ მასში მხოლოდ მიწათსარგებლობის კომპონენტია დამუშავებული. აუცილებელია სხვა დანარჩენი კომპონენტების დამუშავებაც.

- თქვენთვის მისაღები იყო თბილისში წამოწყებული უკონტროლო მშენებლობები?
- ბევრი პროექტი არ მომწონდა, რომელიც თბილისში ერთპიროვნულად განხორციელდა. მაგალითად, რიყის თეატრი მაინცდამაინც  არ უხდება ძველი თბილისის ფონს. ამ პროექტებს ბიძინა ივანიშვილიც აკრიტიკებდა, მაგრამ მისი გულწრფელობისა არ მჯერა. რამდენიმე დღის წინ მერიაში ვნახე მისი პროექტი, რომლის განხორციელებასაც გეგმავდა რიყეზე - იაპონელი არქიტექტორის, ტაკამაცუს უზარმაზარი ჩიტის ფორმის კონსტრუქციაა და მთლიანად უნდა დაეფარა რიყის ტერიტორია. თუ ქალაქზე ზრუნავ, ობიექტურად აკრიტიკებ პროექტებს, უარესის გაკეთებას რაღატომ გეგმავ?

- საარჩევნო კამპანიის პერიოდში მკვეთრად აკრიტიკებთ იმ პოლიტიკურ ძალას, ვისი სახელითაც ჩაერთეთ საარჩევნო მარათონში. რამდენად გულწრფელია ეს კრიტიკა და ხომ არ ცდილობთ საზოგადოებას აჩვენოთ, რომ  დამოუკიდებელი ხართ მოქმედებებში?

- არასდროს ვერიდებოდი  მიუღებელი საკითხების მიმართ აზრის გამოთქმას. მაგალითად, მიუღებელი გახლდათ ის, რომ ძალოვან სტრუქტურებზე არ იყო საკმარისი კონტროლის მექანიზმი და შს სამინისტრო ყველაფერი იყო ქვეყანაში. წინა ხელისუფლების დროს ლიდერები, რომლებიც გავლენიან პოლიტიკოსებად მიიჩნეოდნენ, იქცეოდნენ ისე, როგორც ერთ უწყებას უნდოდა. ამიტომ ვმონაწილეობდი ორ ანტისამთავრობო აქციაში სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნისას. 2008 წელს საჯარო მოხელე ვიყავი და ახლობლებთან ერთად ვიდექი იპოდრომზე გრეჩიხას მიტინგზე.

- ანუ საზოგადოებას ვინც ლიდერი ეგონა, სინამდვილეში მარიონეტი იყო? გიგი უგულავა თუ შედიოდა უუფლებოთა სიაში?
- ჩვენ ერთ გუნდს წარმოვადგენთ, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ მისი ყველაფერი მომწონდა. ერთ-ერთი შეცდომა ის გახლდათ, რომ მერიც იყო და პოლიტიკური გაერთიანების ხელმძღვანელიც, რაც აფერხებდა მის მთავარ მოვალეობას. მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ მის დროს დედაქალაქში ბევრი რამ გაკეთდა.

- ცდილობთ დაგვარწმუნოთ, რომ დამოუკიდებელი იყავით და ხართ. დემონსტრაციებშიც მონაწილეობდით, თან ვერავინ გეხებოდათ. გინდათ თქვათ: ასეთი საქციელისთვის სააკაშვილის ხელისუფლებაში არ ისჯებოდნენ, ან კარიერას არ ამთავრებდნენ?
- ხალხმა ზარ-ზეიმით მოიყვანა წინა ხელისუფლება, მაგრამ მოგვიანებით ვნახეთ, ასეთ გაკერპებას რა შედეგიც მოჰყვება. როცა აქციაზე ვიყავი, მქონდა ამის მიზეზი და არც შემშინებია. სამწუხაროდ, დღესაც იმ გზით მიდის ღარიბაშვილის მთავრობა, სადაც წინა ხელისუფლება გადაიჩეხა. დღევანდელმა ხელისუფლებამ წინა ხელისუფლებისაგან გადმოიღო მხოლოდ ცუდი. პრემიერ-მინისტრს ისეთივე აგრესიული და კონფრონტაციული მიდგომა აქვს ჟურნალისტებთან, არასამთავრობო თუ კერძო პირებთან, როგორიც ჰქონდა სააკაშვილს.

- როცა აქციები იმართებოდა, თქვენ უშიშროების საბჭოში მუშაობდით და იქნებ შესაბამისი უწყების დავალებით იყავით აქციაზე...

- უშიშროების საბჭო იყო სამოქალაქო სამსახური და არა აქციების დამკვირვებელი უწყება. მე ჩემი მეგობრების გვერდით ვიდექი და ვაპროტესტებდი წინა ხელისუფლების შეცდომებს. არაფერს ვერიდებოდი მაშინ და არც დღეს ვცდილობ ბრმად დავიწყო იმ გარემოებების გამართლება, რასაც წლების წინ ადგილი ჰქონდა. თბილისს სჭირდება ადამიანი, რომელიც პოლიტიზებული კი არ იქნება, არამედ გააკეთებს საქმეს და იზრუნებს ქალაქის მომავალზე.

- ონლაინგამოცემებში წერენ, რომ 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევაშიც მონაწილეობდით, 2011 წლის 26 მაისის ღამეს ზონდერთა შორის იყავით. თავი იმართლეთ - იმ დროს უცხოეთში ვსწავლობდიო, თუმცა 2006 წელს თქვენ უკვე საქართველოში ცხოვრობდით.

- 2002 წელს წავედი სასწავლებლად და 2006-ში დავბრუნდი. მაგრამ ეს არ ამტკიცებს, რომ ჩამოვედი და აქციების დარბევაში მივიღე მონაწილეობა. 26 მაისსაც მქონდა გამოკვეთილი პოზიცია და შიხიაშვილისგან განსხვავებით, ტაში არ დამიკრავს მომხდარისთვის. 

- 2008 წლიდან იმ აღსრულების ბიუროს ხელმძღვანელობდით, რომელიც 2012 წელს "ქართუ ბანკის" გაკოტრებაში მონაწილეობდა. რატომ არ შეეწინააღმდეგა ამ უკანონობას სამართლიანი ნიკა მელია?

- ვერ გეტყვით, რომ "ქართუ ბანკის" საქმე არ იყო პოლიტიკურად მოტივირებული. მეც მქონდა კითხვები, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილებისთვის რა უნდა მექნა?!

უტა ბიწაძე
ტატა
11 ივნისი 2014 14:13
ამ კაცს გზა კვალი აქვს არეული, კომპასი მაინც მიეცით, თუ ამდენი რამ არ მოგწონდა მაზოხისტი ხარ, ვინ გაძალებს ამ პარტიიდან კენჭისყრას.

რედაქტორის რჩევით