"მეორე ტური გარდაუვალია"
09-06-2014
"მეორე ტური გარდაუვალია"
"თუ თბილისი მე ამირჩევს მერად, ცენტრალურ ხელისუფლებას მოუწევს  ბევრი რამის დათმობა"

"თბილისის მერიის ვებ-გვერდის მომსახურებისთვის წელიწადში მილიონი ლარი იხარჯებოდა"


"ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის" მერობის კანდიდატი დიმიტრი ლორთქიფანიძე:
-  "ვარდების რევოლუციის" სახელით მოსულმა ხელისუფლებამ პირველი გადაცდომა მაშინ ჩაიდინა, როცა კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულთა უფლებები შელახა. 2004 წელს ჩატარდა იმ მიწების ინვენტარიზაცია, რომელზეც 550 ათასი კვმ ფართის ბინები უნდა აშენებულიყო. მერიის ძალისხმევით ისინი საკუთრების უფლებით კი არ დაურეგისტრირდა იმ კოოპერატივებს, რომლებსაც უნდა დაეწყოთ მშენებლობები, არამედ
საჯარო აუქციონზე გაყიდეს. უმეტესად ეს მიწები ხელში ჩაუვარდათ დაინტერესებულ ბიზნესმენებს, ხოლო ქონების ნაწილი მერიამ საგანგებოდ შექმნილი ფონდების მეშვეობით კერძო კომერციულ ბანკში დატვირთა. შედეგად ათასობით დაზარალებული მოქალაქე მივიღეთ. 9 წლის განმავლობაში მხოლოდ 650 მლნ ლარი მოხმარდა ძველი თბილისის რეკონსტრუქციას და ეს თანხაც რაში დაიხარჯა, ბუნდოვანია.

ჩვენ
ვგეგმავთ, 50-მილიონიანი სახელმწიფო კომუნალური ფონდის შექმნას, რომელიც თანადაფინანსებას მოახდენს იმ მიზნით, რომ მრავალშვილიანმა ოჯახებმა შეძლონ გაფართოება. მათ მხოლოდ შესაძენი ქონების საბაზრო ღირებულების ერთი მესამედის დაფარვას შევთავაზებთ, ორ მესამედს კი ფონდი გადაიხდის. ყურადღებას მივაქცევთ უსახლკაროებსა და იმ პირებს, რომლებსაც იპოთეკური ვალდებულების გამო გამოსახლება ემუქრებათ. პენსიონერებსა და უმწეოებზე 25-ლარიანი დანამატის გაცემას ვგეგმავთ.

გავაუქმებთ იმ ფონდებს, რომლებსაც "ნაციონალები" ფულის გადმოსაქაჩად და პარტიული აქტივისტების დასასაქმებლად იყენებდნენ. თქვენთან ვიტყვი ექსკლუზიურად, რომ თბილისის მერიის ვებგვერდის მომსახურებისთვის წელიწადში მილიონი ლარი იხარჯებოდა.

ასევე, ვაპირებ თბილისის მერიის ავტოპარკის შეკვეცას. ყოველდღიურად მოქალაქეების წარმოუდგენელი გაჭირვების მომსწრე ვარ. უამრავი მოქალაქე მაჩვენებს დაჩხვლეტილ ვენებს. მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო ის არის, რომ თვეში ორჯერ გაიღებენ სისხლს და 60 ლარს ასე მოიპოვებენ. ბავშვებს ძილის წინ შაქრიან წყალს ასმევენ, რათა შიმშილის გრძნობამ არ გააღვიძოს.

- გამარჯვების შემთხვევაში, ცენტრალურ ხელისუფლებასთან დაპირისპირების ფონზე როგორ შეძლებთ დაპირებების შესრულებას?
- თუ სახელისუფლებო კანდიდატი მოგვევლინება მერად, ის ვერაფერს შეცვლის. თუ თბილისი მე ამირჩევს, ცენტრალურ ხელისუფლებას მოუწევს ბევრი რამის დათმობა.

- როგორ აფასებთ საკუთარ შანსს?

- არაერთი სოციოლოგიური გამოკითხვით გამარჯვების დიდი შანსი მაქვს. "ქართული ოცნების" რეიტინგი ყოველდღიურად იკლებს, თუმცა, ხელისუფლება ადმინისტრაციულ რესურსს აუცილებლად გამოიყენებს. ასე რომ, თბილისში მეორე ტური გარდაუვალია. ამასთან, უკვე მივიღეთ ივანიშვილისგან "მინდობილი საკუთრების" სახით პრეზიდენტი, რაც თბილისელებისთვის არ არის კარგი მაგალითი. რაც შეეხება ნარმანიას და მის თბილისელობა-არათბილისელობას, გეტყვით, რომ თბილისელობა უპირველესად სულის თვისებაა და არა გეოგრაფიული  თავისებურება, ბევრი რაიონიდან ჩამოსული კარგი თბილისელიც გვახსოვს.

- არიან მოქალაქენი, რომლებსაც მოსწონთ თქვენი კანდიდატურა, მაგრამ არ მოსწონს კოალიცია "ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიცია".

- ბურჯანაძეს ელაპარაკებიან როგორც ვაშინგტონში, ისე მოსკოვში, ბრიუსელში.  მას საერთაშორისო დონეზე ურთიერთობის დიდი რესურსი აქვს. ქვეყანას სჭირდება ასეთი გამოცდილი ლიდერი.

- მაგრამ ახლო წარსულში თქვენც გქონდათ ნინო ბურჯანაძის მიმართ შენიშვნები.

- რასაკვირველია, მქონდა. ვთვლიდი, რომ 7 ნოემბერს მას, როგორც პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ბევრად გაბედულად უნდა ემოქმედა. ბურჯანაძესთან ჩემი ასეთი დამოკიდებულება 26-მა მაისმა შეცვალა.  2011 წლის 26 მაისი კულმინაცია იყო საპროტესტო მუხტის გამოვლინებისა, რასაც, სამწუხაროდ, მსხვერპლი მოჰყვა. სხვათა შორის, ივანიშვილის წარმატებული დებიუტი პოლიტიკაში პირდაპირ კავშირშია 26 მაისთან. მან ეს საპროტესტო მუხტი გამოიყენა.

- კახა კუკავამ განაცხადა, რომ ის და "ახალი მემარჯვენეები" მზად იყვნენ თქვენ დაესახელებინეთ მერობის კანდიდატად, მაგრამ ბურჯანაძესთან ფულის გამო წახვედით.
- კუკავას პასუხისგება მოუწევს. მათ არანაირი წინადადებით არ მოუმართავთ. პირიქით, კუკავა აქტიურად მართავდა მოლაპარაკებებს ბურჯანაძესთან, მერე კი მამუკა კაციტაძესთან შექმნა ალიანსი, რაც, ალბათ, კომერციული მიზნით იყო ნაკარნახევი. 

- თუ არჩევნებში რომელიმე სხვა კანდიდატი გაიმარჯვებს, მიულოცავთ წარმატებას?
- თუკი არჩევნები არ გაყალბდება, რასაკვირველია, მივულოცავ. წინააღმდეგ შემთხვევაში გპირდებით, რომ ქუჩაში გადაინაცვლებს პროცესები.
მანანა
11 ივნისი 2014 20:06
ნეტავ, ვინ აირჩევს მერად დიმიტრი ლორთქიფანიძეს?

ყველამ ვიცით, რომ 2012 წლის ოქტომბერში ციხის კადრებმა გადაწყვიტა არჩევნების ბედი.

დიმიტრი ლორთქიფანიძე ის კაცია, რომელიც „მაესტროს“ პირდაპირი ეთერიდან, გადაცემა - „პოლიტმეტრში“ ირმა ინაშვილისა და დავით თარხანმოურავის დაჭერას ითხოვდა და ამბობდა -

2011 წლის სექტემბერში რომ გამოიტანა ამ ადამიანმა, მან ხომ ვინმეს გადასცა ეს კადრები, ამ ერთი წლის განმავლობაში ეს კადრები ხომ არსებობდა სადღაც, მაშინ გამოძიებამ იმაზეც უნდა იმსჯელოს, რომ ადგილი აქვს განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობას, დანაშაულის დაფარვას.

მხოლოდ მე მებადება ეს შეკითხვა? სხვას არავის? არცერთი ჟურნალისტისაგან არ მომისმენია ამ ამ კითხვასთან დაკავშირებით ინტერესი . . . იქნებ, ამაზეც დავინტერესდეთ. ბედუკაზე ხომ მარტო არ მოქმედებდა, დღეს მთელი ტვირთი ბედუკაძეზეა აკიდებული - 27-ე წთ.-იდან

ბედუკაძე ხომ მარტო არ მოქმედებდა, იმ ადამიანთა წრე, ვინც ბედუკაძეს გვერდით ედგა, რითი განსხვავდებიან ბედუკაძისაგან - 41-ე წთ-იდან.

გაეზადროს შვილები ჯანმრთელნი ბედნიერნი, მაგრამ რვა შვილი ინდულგენცია ხომ არ არის? რვა შვილის მამას , მით უმეტეს, არ სჭირდება მაღალი ზნეობა?


http://old.maestro.ge/?address=watch&id=6671&page=5 -
2013 წლის 9 ივლისის გადაცემა


რედაქტორის რჩევით