ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი - კვირის პალიტრა

ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი

საპარლამენტო მომავლის პოლიტიკური კონტურები

როგორი იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის შემდეგ შიდაპოლიტიკური კონფიგურაცია? რა როლს ითამაშებს თბილისის საკრებულო ახალი პოლიტიკური რეალობის ჩამოყალიბებაში?

ბოლო წლებში ერთგვარ ტრადიციად იქცა, რომ უნებო და მორჩილი პარლამენტების ფონზე, საინტერესო პოლიტიკური ფიგურები და შესაბამისად, პოლიტიკური ვნებათაღელვა თბილისის საკრებულოში ინაცვლებდა და სწორედ ის ხდებოდა პოლიტიკური დუღილის ეპიცენტრი. თუმცა, თუ "ქართული ოცნების" თბილისის საკრებულოს მაჟორიტარულ თუ პროპორციულ სიებს გადავხედავთ, დავინახავთ, რომ მმართველ პარტიას არ სურს საკრებულოში პოლიტიკური დუღილის ტემპერატურა ასწიოს. ისე ჩანს, თითქოს ხელისუფლებამ თავი დაიზღვია, რომ საკრებულო არ გახდეს ახალი ლიდერების სამჭედლო.

პარტია "ქართული ოცნების" ხანმოკლე ისტორიას თუ გადავხედავთ, აშკარად რჩება შთაბეჭდილება, რომ ის უფრთხის პარტიაში ახალი ლიდერების წარმოშობას ან მის გარეთ არსებული ავტორიტეტული სახეების გაერთიანებას პარტიაში, მით უფრო, მათ წარდგენას სხვადასხვა პოლიტიკურ თანამდებობაზე.

არადა, მაშინ, როცა მმართველი პარტია პრემიერით სათავეში უკვე საჯაროდ აცხადებს, რომ დიდხანს აპირებს შეინარჩუნოს ხელისუფლება, არსებული პოლიტიკური რესურსით მას ამის გაკეთება ძალიან გაუჭირდება. გასაგებია, რომ დღევანდელი ხელისუფლება ერთგვარად კომფორტულია დასავლეთისთვის, რადგან რუსეთთან დაძაბულობა გაანელა და შეამცირა იმის ალბათობა, რომ უკრაინის პარალელურად რუსეთმა საქართველოში მეორე ფრონტის ხაზი გახსნას. თუმცა, თუ არსებულმა პოლიტიკურმა გუნდმა საფუძვლიანი განახლება ვერ შეძლო, ის ვერ შეძლებს თავისი ავტორიტეტის გამყარებასა და გაფართოებას.

არანაკლებ საინტერესო საკითხია, რა კონფიგურაციით მივა მმართველი კოალიცია საპარლამენტო არჩევნებამდე. ამ ეტაპზე საუბრები კოალიციის დაშლაზე, ნამდვილად გადაჭარბებულია. სულ ახლახან კოალიციას დაშლის საბაბი მართლაც ჰქონდა, როცა გამგებლებისა და მერების კანდიდატების წარდგენის ერთპიროვნული პრიორიტეტი პარტია "ქართულ ოცნებას" მიენიჭა. კოალიციაში შემავალი სხვა პარტიების ლიდერები ლაპარაკობდნენ იმაზე, რომ მათივე სურვილით გადასცეს ეს უფლება პრემიერს, მაგრამ ეს განცხადება მეტად დაუჯერებელი ჩანს: რომელ პარტიას არ ექნებოდა სურვილი, ეხილა თავისი წარმომადგენლები მერისა თუ გამგებლის პოსტზე, თანაც სახელისუფლებო კოალიციის მიერ მხარდაჭერილი გარანტირებული გამარჯვებით? მაგრამ, როგორც ჩანს, სხვა პოლიტიკური გუნდები იძულებული გახდნენ, წამყვანი პოლიტიკური ძალის მიერ შემოთავაზებულ თამაშის წესს დასთანხმებოდნენ.

საუბრები კოალიციის დაშლაზე მხოლოდ მაშინ შეიძენს რეალურ კონტურებს, თუ პარლამენტს გარეთ გაჩნდება ძლიერი მიზიდულობის ცენტრი, ანუ პერსპექტიული პოლიტიკური ძალა, რომელიც შეძლებს კოალიციაში შემავალი პარტიებისთვის ლოკომოტივის ფუნქცია შეიძინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცალ-ცალკე კოალიციის პარტიებს ხელისუფლებაში მოსვლის რესურსი არა აქვთ, ამიტომაც მათი კოალიციიდან გამოსვლა აზრს მოკლებულია.

რაც შეეხება საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის მიხედვით ფლანგებზე ძალების განაწილებას, თავად პარტია "ქართული ოცნება" ცენტრისტულია, რაც მოცემულ ისტორიულ მომენტში ქვეყნის კატაკლიზმებისგან  დაზღვევის საშუალებას აძლევს.

ფლანგებზე გადანაწილდებიან მკვეთრად პროდასავლური და პრორუსული პარტიები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დღეს, დამოუკიდებელი საქართველოს ლამის 25-წლიან ისტორიაში პირველად, პროდასავლური ძალები ქვეყნის პოლიტიკურ სპექტრში ყველაზე ნაკლებად არიან წარმოდგენილნი.

თუმცა, იმავდროულად, მოვლენათა ლოგიკიდან გამომდინარე, ახალი პოლიტიკური ძალისთვის მოედანი თავისუფალია და არსებობენ საინტერესო სახეებიც, რომლებსაც აქვთ პოტენციალი, გაერთიანების შემთხვევაში გახდნენ ლოკომოტივი და მიზიდულობის ცენტრი სხვა პოლიტიკური გუნდებისთვის და შექმნან ხელისუფლების ალტერნატივა. თუმცა, ხელისუფლება, ალბათ, შეეცდება, მათ ერთ ძალად ჩამოყალიბებას ხელი შეუშალოს. იდეოლოგიური საფუძველიც მშვენიერი შეიძლება ჰქონდეს ამ გუნდს: დასავლეთი, როგორც ფარი, არის საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვის ერთადერთი საშუალება. ვინც დღეს ქვეყნის განვითარების დასავლურ კურსს იცავს, ის იცავს ფარს, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველო უნდა შეინახოს. ამიტომაც საჭიროა კონკურენტუნარიანი ახალი გუნდი, რომელიც სწორედ საქართველოს ფარს აიღებს ხელში.

ვნახოთ, რამდენად აქვს დასავლურ მიმართულებას იმის რესურსი, რომ პრორუსული განწყობისა და პოლიტიკური სუბიექტების მომრავლების ფონზე, მეორე სუნთქვა გაეხსნას და საქართველოს 25-წლიანი საგარეო პოლიტიკური არჩევანის  ძლიერი დასაყრდენი გახდეს.

პროდასავლური და ცენტრისტული ძალების თანამშრომლობა პრორუსულ ძალებთან ოპონირების ფონზე ქვეყნის განვითარების სტაბილურ პერსპექტივას შექმნის.