მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები

არჩევნები ლაქებით

ყოველთვის რთულია არჩევნების წინ "ფიქრების" წერა. მე მასალას შაბათს ვწერ, თქვენ კი ორშაბათს წაიკითხავთ, როცა არჩევნების წინასწარი შედეგები უკვე ცნობილი იქნება, ამიტომ ცოტა მოვლენებს ჩამორჩენილი "ფიქრები" გამოდის, თუმცა, ჩემთვის არჩევნების პროცესი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი შედეგები. ვინ გაიმარჯვებს, ისედაც ვიცით. ამ არჩევნების მთავარი ინტრიგა ის არის, თუ ვინ გავა მეორე ადგილზე. შეიძლება, თბილისში მეორე ადგილზე ერთი პოლიტიკური ძალა გავიდეს, მთელ საქართველოში - მეორე. ვნახოთ, რა როგორ იქნება, თავად საარჩევნო პროცესმა კი ჩემზე გაორებული შთაბეჭდილება დატოვა. არასამთავრობოთა საერთო შეფასებით, ეს არჩევნები იმაზე უკეთესია, ვიდრე 2012 წლის საპარლამენტო იყო და იმაზე უარესი, ვიდრე 2013 წლის საპრეზიდენტო.

"ოცნებას" ერთი ილეთი აქვს დამუღამებული: როგორც კი რამეზე პრეტენზიას გამოთქვამ, მაშინვე "ნაცების" პერიოდთან ავლებს პარალელს: აბა, იმასთან შედარებით უკეთესობა არ არისო? არა, "ნაცებთან" შედარებით ყოველთვის ანგელოზი გამოჩნდები, მაგრამ რატომ - "ნაცები"? შენივე მიღწევას შეედარე.  უკუსვლას ხომ ბრმაც კი შეამჩნევს? კი ბატონო, ამას ობიექტური მიზეზებიც აქვს და სუბიექტურიც. ობიექტური ის არის, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ასეთი კონკურენცია არ იყო და ამიტომ არც ასეთი ვნებათაღელვა ბობოქრობდა. სუბიექტური კი ის გახლავთ, რომ ხელისუფლებამ ვერ აღკვეთა ძალადობა და სხვადასხვა რაიონში კანდიდატებზე ზეწოლა. ამ არჩევნებს ლაქად დააჩნდება ოპოზიციური პარტიების წევრების მიერ მოულოდნელად კანდიდატურების მოხსნა და მარნეულში განვითარებული მოვლენები, როდესაც საარჩევნო კომისიამ, საზოგადოების დიდი ნაწილის შეფასებით,  აშკარად უკანონოდ (ეს მერე სასამართლოს გადაწყვეტილებამაც დაადასტურა) გაუუქმა რეგისტრაცია "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატს.

თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ  როგორც იქნა, მოვესწარით და ვნახეთ სასამართლო, რომელიც აუქმებს იმ გადაწყვეტილებას, რაც ხელისუფლებას ხელს აძლევდა. ასეთი რამ "ნაციონალების" დროს არ ხდებოდა. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება, მგონი, "ნაციონალებზე" მეტად მე გამიხარდა. ვიხუმრე კიდეც: რადგან სასამართლოს ასეთ პრინციპულობას მოვესწარი, რაღა მომკლავს-მეთქი. სასამართლოს პრინციპულობამ  აიძულა "ოცნება", მარნეულში საკუთარი კანდიდატი მოეხსნა და ღარიბაშვილის დანაქადები - არც ერთ რაიონში არ დავუშვებთ ოპოზიციის გამარჯვებასო - ვეღარ შესრულდება! დანარჩენს საბოლოო შედეგები გვიჩვენებს!

იპოვეთ 41 განსხვავება

სოციალური ქსელებით გავრცელებულ ამ ფოტოს თუ დახედავთ, 41-ს კი არა, 5 განსხვავებასაც ვერ იპოვით. სახელი და გვარი ერთია, სლოგანიც კი თითქმის ერთნაირია. განსხვავებულია მხოლოდ პარტიის დასახელება და თმის ფერი. ბატონი ვაჟა (გიზო) ჩოხელი, ვიდრე "ნაცებიდან" "ქოცებში" აღმოჩნდებოდა, გაჭაღარავებულა კიდეც. ახლა ისღაა საკითხავი, "ნაციონალებში" ყოფნამ გააჭაღარავა თუ დუშეთზე ზრუნვამ?

ეს ფოტო ნამდვილად გამოდგება ამ არჩევნების სიმბოლოდ. და ხომ არ გგონიათ, ეს ერთადერთი შემთხვევაა? ბურჯანაძის პარტია ირწმუნება, ასეთი პორტირებულების 150-კაციანი სია გვაქვსო. რეგიონებში ზოგი ისეთია, მგონი, კომუნისტური ეპოქიდან რომ არის ხელისუფლებაში. ამ ადამიანებისთვის დრო არ იცვლება. ყოველთვის კარგად არიან, რადგან ისინი ყველა ხელისუფლებას ერგებიან. რატომ უნდა ეძებო ახალი ხალხი, აგერ არ არის გამოცდილი, რომელიც სულ ხელისუფლებაშია?

"ნაცების" გასაჭირი

წინა კვირას სასიკვდილო დარტყმა მიაყენა "ნაციონალებს" ვინმე "რიჟამ", იმავე გიორგი კაპანაძემ, რომელმაც სამართალდამცავებს გაუშიფრა  სქემა, თუ როგორ შემოჰქონდათ პარტიის დასაფინანსებლად უკანონოდ კეზერაშვილის ფული. როგორც ამბობენ, კაპანაძემ უგულავას ქვისლთან, ვინმე ღონიაშვილთან საუბარი ფარულადაც გადაიღო და სამართალდამცავებს მტკიცებულებაც მიართვაო. ამან "ნაცები" ისე გაამწარა, რომ გივი თარგამაძემ კაპანაძეს სულ ბოზი და ჩამშვები ეძახა. მეგობარი როგორ გადაიღო ფარულად მაგ უსინდისომო! ჩვენს დროს არ მოგწონდათ ბოზობა და ახლა რატომ მოგწონთო! ბატონო ჩე გივარა, მეც იგივე კითხვა მაქვს: თუ თქვენ მოგწონდათ ასეთი საქციელი, ახლა რატომ აღარ მოგწონთ? თქვენ არ იყავით, ქართველებს რომ ასწავლიდით, ეს ბოზობა კი არა, სამართალდამცავებთან თანამშრომლობაა და ყველა კანონმორჩილი მოქალაქე ასე უნდა იქცეოდესო? თქვენ არ ასწავლეთ ხალხს კამერის დამაგრება და ფარულად ერთმანეთის გადაღება? ჰოდა, ახლა რაღატომ შფოთავთ? აა, თქვენ რომ შეგეხოთ, იმიტომ?

ან როგორ მიიჩნიეთ მეგობრად ადამიანი, რომელსაც თურმე მთელი ცხრა წელი ფულს ახევდით და ამწარებდით?! რატომ უნდა ყოფილიყო თქვენი მეგობარი?! ეტყობა, თავის გადასარჩენად გიღიმოდათ და როგორც კი საშუალება მიეცა, სამაგიეროც გადაგიხადათ. მე თქვენი თავხედობა გამკვირვებია: კაცი თუ ასე გყავდათ გამწარებული, დახმარების  სათხოვნელად როგორღა მიადექით?!

რაო, ყველა მაშინ ხდება ცუდი, თქვენ რომ გადაგიდგებათ? და იწყებთ მერე წუწუნს - ეს ნაძირალა აღმოჩნდა, ეს გამყიდველი, ის კორუმპირებულიო. რომ დაიწყეთ ოქრუაშვილით, ნოღაიდელით და ბურჯანაძით, და ახლაც ყოველდღე ვიღაც ასეთს პოულობთ, თქვე კაი ხალხო, ამდენი ნაძირალა და გამყიდველი (როგორც თავად უწოდებთ) თუ გყავდათ, მაშ, როგორღა იყო თქვენი ხელისუფლება კარგი?