ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი - კვირის პალიტრა

ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი

მძიმე ალიყური

2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, თამამად შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოებისა და ხელისუფლების ერთობლივი გამარჯვება იყო. რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ ჩაყრილ თუ გაბათილებულ ბიულეტენებსა და გაყალბებულ უბნებზე, მთლიანობაში, ფაქტია, ხელისუფლებამ გაყალბების ცდუნებას გაუძლო და ეს უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია საქართველოს დემოკრატიულ სახელმწიფოდ შედგომის გზაზე. ამის დასტურია საქართველოს 21 ქალაქსა და რაიონში და მათ შორის, დედაქალაქში გასამართი არჩევნების მეორე ტური და ამ მეორე ტურში გასული ლამის მთელი ოპოზიციური სპექტრი. არადა, დამეთანხმებით, არჩევნების ტრადიციულად გაყალბების ცდუნება დიდი იყო და ამას ირიბად, ალბათ, "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბებში ნაადრევად ატეხილი ტაშ-ფანდურაც შეიძლება ადასტურებდეს. თუმცა, ნათქვამია, ხე ნაყოფით იცნობაო და შედეგი კი ობიექტური და გაუყალბებელი არჩევნებია, რაც, როგორც ჩანს, ისევ ბიძინა ივანიშვილის პირადი დამსახურებაა, თორემ არჩევნების შემდგომ ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის ალოგიკური განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, ისინი ბოლომდე ვერც კი ჩასწვდნენ ამ უდიდესი აქტის: გაუყალბებელი და დამოუკიდებელი არჩევნების მნიშვნელობას, რაც მათი ხელისუფლების სახელითვე გაკეთდა.

ახლა კი ცოტა უფრო ღრმად იმ ტენდენციებზე, რომელიც ამ არჩევნებმა გამოაჩინა.

ხელისუფლებამ საზოგადოებისგან მძიმე ალიყური იწვნია გაუმართავი მენეჯმენტის, არარსებული რეფორმების, ეკონომიკური ვარდნის, სახელმწიფო ინსტიტუტების გაუმართაობის, შიდა შუღლის და როგორც ვწერდით, ამ არჩევნებზე საზოგადოებისთვის შეთავაზებული უცნობი, არაპოპულარული და არაფრისმთქმელი სახეების გამო. საზოგადოება კი ამით, არც მეტი, არც ნაკლები, შეურაცხყოფილი დარჩა და გამოხატა კიდეც თავისი პროტესტი: ზოგმა შინ დარჩენით, ზოგმა კი ოპოზიციის მხარდაჭერით. სამწუხაროდ, ახალგაზრდა ხელისუფლება ძალიან ადრე გაუუცხოვდა საზოგადოებას, საკუთარ ნაჭუჭში ჩაიკეტა და თავისი ვირტუალური რეალობა შეიქმნა, სადაც ყველაფერი კარგად არის. ამ არჩევნებმა კი აჩვენა, რომ საზოგადოებამ მათი თვალით დანახული რეალობა არ მიიღო. მოკლედ, ამ არჩევნებმა დაადასტურა ის, რასაც ორიოდე ნომრით ადრე ვწერდით "კვირის პალიტრაში":

ხელისუფლებამ თუ რადიკალური საკადრო განახლება არ დაიწყო, ძალზე გაუჭირდება მომავალ საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობით მოსვლა.

ამ არჩევნებმა ისიც აჩვენა, რომ საზოგადოებას არა ჰყავს ფავორიტი პოლიტიკური ძალა. ელექტორატის მხარდაჭერის თვალსაზრისით, ეს არჩევნები თანაბარი მარცხი იყო ყველა ოპოზიციური პარტიისთვისაც. ფაქტობრივად, საზოგადოებამ პროტესტი გამოუცხადა დღეს პოლიტიკურ არენაზე მყოფ ძალებს. არჩევნების შედეგებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საზოგადოების მხარდაჭერის რესურსი დიდია, მაგრამ ამ ეტაპზე არ არსებობს ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ამ რესურსს თავის პოლიტიკურ კაპიტალად აქცევს.

მიუხედავად იმისა, რომ ამ არჩევნებმა საზოგადოების სიბრძნე კიდევ ერთხელ გამოავლინა, ის საფრთხეც გამოაჩინა, რომ ყველას მიმართ საპროტესტო ტალღაზე ულტრარადიკალები არ მოვიდნენ, ამაზე პასუხისმგებლობა კი ხელისუფლებას დაეკისრება. მით უფრო, რომ არავინ ლაპარაკობს იმ საფრთხეზე, რომელიც ამ არჩევნებმა ამოატივტივა: თბილისში მთლიანობაში ანტიდასავლურმა ძალებმა 18%-ზე მეტი მიიღეს და ეს ტრადიციულად პროევროპულად განწყობილ დედაქალაქში. ვფიქრობ, პროდასავლური პოლიტიკური სპექტრისთვისაც და ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის ეს განგაშის ზარის ტოლფასი უნდა იყოს.

ახლა რაც შეეხება მეორე ტურს: წუხილი "ნაციონალების" რეინკარნაციაზე, ვფიქრობ, სრულიად უადგილოა. 21 ქალაქიდან და რაიონიდან, სადაც მეორე ტური გაიმართება, მხოლოდ 6-ში მონაწილეობენ "ნაციონალები", ხოლო დანარჩენ საარჩევნო ოლქებში - სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. ასე რომ, ეს მონაცემები სულაც არ იძლევა პანიკის საფუძველს, სულაც პირიქით: ფაქტია, რომ სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლობა ადგილობრივ ხელისუფლებაში იზრდება.

ხოლო ის, თუ ვინ გაიმარჯვებს მეორე ტურში, რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. კერძოდ, იმ ადგილებში, სადაც მეორე ტურში "ნაციონალები" გავიდნენ, უპირობოდ გაიმარჯვებს "ქართული ოცნება", "ნაციონალების"“მიმართ საზოგადოებაში არსებული მაღალი საპროტესტო განწყობის გამო. იქ კი, სადაც ხელისუფლებას სხვა ოპოზიციური პარტიის კანდიდატი დაუპირისპირდება, ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად შეძლებს ესა თუ ის პარტია თავისი კანდიდატის გარშემო მთელი ოპოზიციური ხმების მობილიზებას, მინუს "ნაციონალური მოძრაობა"; ანუ თუ ამა თუ იმ რაიონსა ან ქალაქში არასახელისუფლებო კანდიდატს მთელი ოპოზიციური ელექტორატი დაუჭერს მხარს, დიდი შანსი აქვს, სახელისუფლებო კანდიდატი დაამარცხოს.

რატომ მინუს "ნაცმოძრაობა"?! ჯერ ერთი, იმიტომ, რომ "ნაციონალებს" იდეურად შეკრული ამომრჩეველი ჰყავს, რომლის შეხედულებები რადიკალურად განსხვავდება დღეს ოპოზიციურ სპექტრში წარმოდგენილი ყველა სხვა პარტიის ამომრჩევლის იდეებისგან. მეორე კი იმიტომ, რომ დღეს "ნაციონალების" მთავარი ამოცანაა, დასავლეთის თვალში არ დაკარგონ ქვეყნის მთავარი ოპოზიციური და მეორე პოლიტიკური ძალის სტატუსი; ხოლო საქართველოს სხვადასხვა რაიონსა და ქალაქში სხვა ოპოზიციური პარტიების გამარჯვება მას ამ სტატუსს მნიშვნელოვნად შეურყევს. ამიტომაც, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, "ნაციონალებს" ყველგან, სადაც მეორე ტური გაიმართება, ხელისუფლების გამარჯვება ხელს აძლევთ. ისევე როგორც ბათუმის იმ რამდენიმე საარჩევნო უბანში, სადაც ყუთებში იმაზე გაცილებით მეტი ბიულეტენი აღმოჩნდა, ვიდრე რეგისტრირებული ამომრჩეველი იყო, რაც საარჩევნო კომისიის "ნაციონალი" წევრების გარეშე ვერ გაკეთდებოდა, რადგან საარჩევნო კომისიები ამჟამად მხოლოდ ორწევრიანია: "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა".

თუმცა, ამ არსებული თუ მოსალოდნელი ლაფსუსების მიუხედავად, არჩევნებმა ნამდვილად ცხადყო, რომ საქართველოს, როგორც დემოკრატიულ ქვეყანას, მომავალი აქვს. საზოგადოებას კი მართებს თავი დაიზღვიოს რადიკალური ძალების პოპულიზმისგან და ბოლო დროს ჩვეული სიბრძნით ქვეყნის განვითარებას სწორი გეზი მისცეს.