"ქართულ ოცნებას" პროვოკაცია მოუწყვეს" - კვირის პალიტრა

"ქართულ ოცნებას" პროვოკაცია მოუწყვეს"

"მარნეულის ცნობილი გამყალბებელი სინამდვილეში "ნაციონალების" ახლობელია"

"შესაძლოა, ნარმანიას მაგივრად, თბილისისთვის უფრო მისაღები კანდიდატი რომ ყოფილიყო, მეორე ტური საჭირო არ გამხდარიყო"

15 ივნისს ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პერიპეტიებზე "კვირის პალიტრას" ექსპერტი მამუკა არეშიძე ესაუბრა.

- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებით გამოჩნდა საზოგადოების განწყობა: ნიჰილიზმი, იმედგაცრუება. სწორედ ეს იყო ამომრჩეველთა დაბალი აქტივობის ერთ-ერთი მიზეზი. ამასთან, ძალიან ცუდი რამ მოხდა რეგიონებში, ქვემო ქართლსა და ჯავახეთში ზუსტად ისევე გაყალბდა არჩევნები, როგორც შევარდნაძისა და სააკაშვილის დროს აყალბებდნენ. გარდა იმისა, რომ კარუსელი ტრიალებდა და ხმები საარჩევნო ყუთებში იყრებოდა, ახალი მეთოდოლოგიაც დაიხვეწა, რაც რამდენიმე საარჩევნო სუბიექტის შემოხაზვას გულისხმობს. შედეგად, ასეთი ბიულეტენები ბათილდება. ამგვარად, თუკი საპრეზიდენტო არჩევნებზე მთელი საქართველოს მასშტაბით მხოლოდ 30 ათასი ბიულეტენი გაბათილდა, ახლა ეს რიცხვი 66 ათასამდეა გაზრდილი.

ასეთი გაყალბებები, ძირითადად, ქვედა რგოლების ხარჯზე ხდებოდა. აზერბაიჯანელებსა თუ სომხებს აქვთ პოლიტიკური ამბიცია, რომ მონაწილეობა მიიღონ ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში. ისინი რომელიმე სეპარატისტულ ძალას ან უცხო ქვეყნის პარტიას კი არა, იმ პოლიტიკურ განრიგს ემხრობიან, რომელზეც ორიენტირებულია ქართული სახელმწიფო. მათ თუ ზემოთ ხსენებული ფორმით გაუბათილებ ბიულეტენებს და გაუყალბებ არჩევნებს, ეს ნიშნავს, რომ იდიოტებად თვლი და ძალაუნებურად საქართველოს პოლიტიკური ველიდან გაგყავს. მერე ნუღარავის უკვირს, თუ ეროვნული უმცირესობების ნაწილი საქართველოს მოქალაქედ თავს აღარ აღიქვამს.

- თუ გაქვთ ინფორმაცია, რა მოხდა მარნეულში, სადაც "ქართული ოცნების" კანდიდატმა 66%-ით გაიმარჯვა, მაშინ, როცა მას საარჩევნო შტაბი კანდიდატურის მოხსნას სთხოვდა.

- იყო ინფორმაცია, რომ მარნეულში პარტიებს შორის დაპირისპირება შესაძლოა ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაზრდილიყო, ამიტომ "ქართული ოცნება" წავიდა იმაზე, რომ თავისი კანდიდატი მოეხსნა არჩევნებიდან. თუმცა, თავად კანდიდატი ამ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა. ასეთი დაპირისპირება ქვედა რგოლებიდან ხდება. მაგალითად, უფრო ადრე გარდაბანში 500-მდე ახალგაზრდა დაერია ერთმანეთს და ეს ყოველივე ორი კაცის, "ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერისა და ყოფილი "ნაციონალის", ამჟამად კი "ქართული ოცნების" კოალიციის წევრისა და კონსერვატორების ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ იყო ინსპირირებული. მეტსაც გეტყვით. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გარდაბანში მოხდა ასეთი ფაქტი: ორი სვანი დაიჭირეს (გვარებიც ცნობილია ჩემთვის, უბრალოდ, ახლა არ დავასახელებ) და ისინი სასტიკად სცემეს აზერბაიჯანელმა პოლიციელებმა, ქართველი პოლიციის მაღალჩინოსანი კი იდგა იქვე და ყველაფერს ვიდეოკამერით იღებდა. ნაცემი სვანები გარდაბნიდან მარნეულში გადაიყვანეს და აზერბაიჯანელი პოლიციელები იქაც ფიზიკურად გაუსწორდნენ. არადა, ორივე აბსოლუტურად უდანაშაულო იყო და მალე გამოუშვეს, მაგრამ ამის შემდეგ დიდი ძალისხმევა გახდა საჭირო, რომ სვანების საპასუხო რეაქცია შეკავებულიყო.

ასეთი ფაქტები არ არის შემთხვევითი და მიზანმიმართულია იმისკენ, რომ ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირება მოხდეს.

რაც შეეხება ცნობილ ვიდეოკადრს, რომელშიც მოქალაქე მარნეულის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ყუთში ბიულეტენებს ყრის, ის კაცი "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის, აზერ სულეიმანოვის ახლობელია. არადა, როცა "ნაციონალებმა" ეს ვიდეოფირი გაავრცელეს, ვიშვიში ატეხეს სოციალურ ქსელებში, არიქა, "ქართული ოცნების" სასარგებლოდ ასე ხდებოდა გაყალბებაო. სინამდვილეში, ძნელი დასადგენია, ვის უყრიდა ეს ტიპი ყუთში ხმებს... მე ვფიქრობ, ეს "ნაციონალებმა" დაავალეს და "ქართულ ოცნებას" პროვოკაცია მოუწყვეს.

- რით ხსნით იმას, რომ თბილისის მერის გამოსავლენად მეორე ტური გახდა საჭირო?

- ნარმანიას არ ჰქონია ძალიან ეფექტიანი წინასაარჩევნო პიარკამპანია. სამწუხაროდ, "ქართული ოცნების" კანდიდატმა თავი აარიდა თავისი თვისებების უფრო მეტად წარმოჩენას, არ ჩანდა მისი პირადი ინიციატივები, არ უსვამდა ხაზს, რომ თბილისს დაუბრუნებდა იმ თვისებებს, რაც ადრე ჰქონდა. მის საარჩევნო კამპანიაში უფრო ის ჩანდა, თუ რას აპირებს ხელისუფლება და არა თავად ნარმანია. რაც შეეხება მის თბილისელობა-არათბილისელობას, ამომრჩეველზე ეს ფაქტორიც მოქმედებს. ამას გვერდს ვერ ავუვლით. თბილისშიც ისევე ფიქრობენ, როგორც ფოთში, ქუთაისში, ზუგდიდსა და სხვა ქალაქებში, რომ მათ სატკივარს ქალაქის ძირძველი მკვიდრი უფრო გაიგებს. შესაძლოა ნარმანიას მაგივრად სხვა, თბილისისთვის უფრო მისაღები კანდიდატი რომ ყოფილიყო, მეორე ტური საჭირო არ გამხდარიყო. თბილისელების ერთ ნაწილში ამ ფაქტორმა იმუშავა, თუმცა, ის გადამწყვეტი არ ყოფილა. შედეგებს თუ გადავხედავთ, კარგად ჩანს, რომ ნარმანიამ ყველა უბანში კონკურენტებს ბევრად გაუსწრო. სხვათა შორის, იმ უბნებშიც (ნაძალადევი, ვაკე, მთაწმინდა და ა.შ.) აიღო დიდი რაოდენობით ხმები, სადაც ძირითადი განწყობა ასეთია - "თბილისის მერი თბილისელი უნდა იყოს". ვფიქრობ, რომ არა ახალი კანონმდებლობა, რომელიც 50%-იანი ბარიერის გადალახვის აუცილებლობას აწესებს, ნარმანია პირველივე ტურში გამარჯვებული იქნებოდა. მეორე ტურში კი მის გამარჯვებას, ალბათ, წინ ვერაფერი დაუდგება.

უპირველესად თბილისის განვითარების ინფრასტრუქტურაა მისახედი. იცით, გიგი უგულავას მთავარი დანაშაული რა არის? ის, რომ მან დაღუპა დედაქალაქი! ახლა ყველა ამბობს, რომ უგულავა ბიუჯეტიდან რაღაც ფინანსური მაქინაციებით ფულს იპარავდა, მაგრამ არავინ ახსენებს, რომ ქალაქი განადგურების პირას მიიყვანა. თბილისში უკვე სუნთქვა აღარ შეიძლება, მანქანას ვერსად დააყენებ, აბსოლუტურად უგეგმოდ არის აგებული დიდი შენობები, რომლებმაც პატარა ქუჩები ჩახერგეს, უამრავი ნარგავი და სკვერი მოსპო. ეს არის უგულავას მთავარი დანაშაულები, რაზეც ჩემთან პირად საუბარში ნარმანია ჯერ კიდევ მაშინ ამახვილებდა ყურადღებას, როცა მის მერობაზე საუბარი არც იყო. ამიტომ იმედი მაქვს, რომ ამ პრობლემების გამოსასწორებლად ძალ-ღონეს არ დაიშურებს.

- ირმა ნადირაშვილსა და ზურაბ ჯაფარიძესთან დაკავშირებულ სკანდალზე რას გვეტყვით?

- ჩემი წყაროს ინფორმაციით, მათ კეზერაშვილის ფული "ქეშად" უნდა წამოეღოთ. ვერ გეტყვით, ეს რა ოდენობის თანხა იყო, თუმცა, ვიცი, რომ ეს სკანდალი ძალიან სერიოზული პირის ჩარევის შემდეგ მიჩუმდა, რომელიც აზერბაიჯანული მხარის წარმომადგენელია.

სხვას ვერაფერს გეტყვით. ეს არის ინფორმაცია, რომლის დეტალები მომავალში უფრო დაზუსტდება.