"რომ იღებთ, გეკუთვნით, რო?" - კვირის პალიტრა

"რომ იღებთ, გეკუთვნით, რო?"

გურამ ფირცხალავა: "როდის უნდა დამთავრდეს ეს უნამუსობა!"

"მთავარია, "სვასტიკებიანი" "ნაციონალები" არ მოვიდნენ"

"ნუთუ მადლობა უნდა ვუთხრათ იმის გამო, რომ თვეში აღებული 12 ათასი ლარიდან ქველმოქმედებისთვის ათას ლარს გაიღებენ?"

გასულ კვირას საზოგადოება პრემიებთან დაკავშირებული აჟიოტაჟის მომსწრე კიდევ ერთხელ გახდა. დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი თავისი უფლებამოსილების მიწურულს 300-პროცენტიან პრემიას, 12.000 ლარს აიღებს, რაც ყოველთვიურ ანაზღაურებას - 3.540 ლარს დაემატება. ასევე, სოლიდურ პრემიებს აიღებენ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეები.

ატეხილი აჟიოტაჟის ფონზე ირაკლი შიხიაშვილმა ისღა განაცხადა, რომ საკრებულოს დეპუტატებს ბოლო თვეში აღებული ხელფასი (დაახლოებით 3.000 ლარი) "ბერი ანდრიას საქველმოქმედო ფონდში" უნდა გადაერიცხათ. რამდენად გამართლებულია თუნდაც 3.000-ის გაღების სანაცვლოდ 9-10 ან 12-ათასიანი პრემიების გამოწერა? ამ კითხვაზე განმარტება შიხიაშვილს ვთხოვეთ, საპასუხოდ მხოლოდ იმას დაგვპირდა, რომ უახლოეს დღეებში მოაწყობს პრეზენტაციას და თბილისელებს გაკეთებული საქმეების შესახებ ანგარიშს ჩააბარებს. იქამდე კი, სავარაუდოდ, აჟიოტაჟის დასაცხრომადაც, ივნისში აღებული 7.080-ლარიანი პრემია საქველმოქმედო ფონდში გადარიცხა.

"კვირის პალიტრა" დაინტერესდა, თავად დეპუტატები მიიჩნევენ თუ არა, რომ ისეთი "საგმირო საქმენი" აკეთეს, რომ ამხელა პრემიები დაიმსახურეს? როგორც აღვნიშნეთ,

შიხიაშვილმა დამატებით ახსნა-განმარტებებზე უარი თქვა, რაც შეეხება დეპუტატებს, ბევრმა ტელეფონი გამორთო, ბევრმაც ზარებს არ უპასუხა, ზოგმა თქვა, ახლა არ მცალია, ერთ საათში შემეხმიანეთო და მერე დაიმალა(?!).

ჩვენ დავინტერესდით, თუ რას ფიქრობენ საკრებულოში გაცემულ სოლიდურ პრემიებზე საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლები.

გურამ ფირცხალავა:

- როცა ხალხი მშიერი კვდება, შენს თავს კი ამხელა პრემიას უწერ, სადაური წესია? რა იმოდენა საქმე უნდა გააკეთო, რომ ამხელა პრემია ალალად ჩაგეთვალოს?

მე თუ მკითხავთ, ეს სირცხვილია! ამიტომ საკრებულოში თანამდებობის პირებს მივმართავ: "ბიჭებო, ამხელა ხელფასი დაგინიშნეს, ნდობა გამოგიცხადეს, იმ ადამიანების პენსიაზე 60-ჯერ მეტს იღებთ, რომლებიც ქვეყანას დამსახურებულად ემსახურნენ. რა არ გყოფნით, რა დაგემართათ? ათასობით ფულს რომ ბიუჯეტიდან იღებთ, გეკუთვნით, რო? როდის უნდა დამთავრდეს? ყველაფერს აქვს საზღვარი, მათ შორის - უნამუსობასაც! ამას მე ვუწოდებ ნებადართულ კორუფციას, თვითნებობას.…

- საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, აღებული თანხების ნაწილი ქველმოქმედებისთვის იხარჯებოდა..

- ამ დალოცვილებმა საკუთარი ჯიბიდან რომ გასწიონ ქველმოქმედება, ქვეყანა დაიქცევა? ნუთუ მადლობა უნდა ვუთხრათ იმის გამო, რომ თვეში აღებული შვიდი, რვა, ცხრა ან თუნდაც 12 ათასი ლარიდან ქველმოქმედებისთვის ხუთას ან თუნდაც ათას ლარს გაიღებდნენ? მაგრამ მაინც უფრო მშვიდად ვიქნები, თუ ბავშვებს მცირეოდენი თანხა მაინც შეხვდათ. ეს იმას სჯობია, რასაც წინა ხელისუფლების წარმომადგენლები აკეთებდნენ, ფულს პირდაპირ ჯიბეში იდებდნენ.

მე არაფერი მწამს იმის, ვინც აცხადებს, ამხელა ხელფასები და პრემიები თუ არ მივეცით თანამდებობის პირს, ქვეყანას კორუფცია წალეკავსო.

ასეთი მიდგომით ქვეყანა თანამდებობის პირს ფულის მოყვარულ კაცად აქცევს, რომელიც არც ქრთამის აღებაზე დაიხევს უკან, იმიტომ, რომ ფულის მოყვარული კაცისგან ყველაფერი მოსალოდნელია.

- ბატონო გურამ, თქვენ საზოგადოების ნაწილს დანაშაულად ჩაუთვალეთ საარჩევნო ყუთთან მიუსვლელობა...

- არა, საარჩევნო ყუთებთან მიუსვლელობას გამართლება არა აქვს, ეს უპასუხისმგებლობაა როგორც საკუთარი ქვეყნის, ასევე ოჯახის წინაშე. სჯობია, ავირჩიოთ ხელისუფლება და მერე გავაკონტროლოთ. ნუთუ ხალხს დაავიწყდა, როგორ აუპატიურებდნენ ჯოხებითა და ცოცხებით კაცებს, უდანაშაულო ბიჭებს ქუჩაში ხოცავდნენ? ამიტომ არჩევნებს ნურავინ მოეკიდება გულგრილად, ნუ ჩავაგდებთ საცოდაობაში ქვეყანასაც და საკუთარ შვილებსაც. თუ ვინმეს არ მოგწონთ ნარმანია, ნება თქვენია, არიან სხვა პარტიების კანდიდატებიც, მთავარია "სვასტიკებიანი" "ნაციონალები" არ მოვიდნენ. ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ "ნაციონალები" მეორე ადგილზე გავიდოდნენ!

თენგიზ არჩვაძე: "ალბათ, გახსოვთ "დათა თუთაშხიაში" მუშნი ზარანდიას ნათქვამი: "კაცი უნდა ეყოს ჯამაგირს და არა ჯამაგირი კაცს. ისეთი ჯამაგირი არ არსებობს, კაცს რომ ეყოს. რაც მეტს მოგცემენ, მით მეტი მოგინდება. ჯამაგირი კი არ არის დიდი და პატარა, მადაა დიდი და პატარა". "დათა თუთაშხიაში" ისე ვითამაშე, ერთი პრემია არ ამიღია. სახელმწიფომ გვითხრა, ფული არა გვაქვსო და ხმა არ ამოგვიღია. რა ვიცი, ახლა რა გითხრათ,… მეზიზღება ამ ყბადაღებული პრემიების თემაზე საუბარი".