მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები

10 დასკვნა არჩევნების შემდეგ

1) როგორც იქნა, პირველად გვაქვს მეორე ტური, რაც დემოკრატიულობის კიდევ უფრო მაღალი სტანდარტია;

2) არც ისეა საქმე, "ოცნებას" რომ ეგონა, ჩვენს რეიტინგს არაფერი მოაკლდებაო.

3) არც ისეა საქმე, "ნაციონალებს" რომ ეგონათ, "ოცნებას" რაც აკლდება, ჩვენ შეგვემატებაო, გაირკვა, რომ ეს ხმები სხვაგან მიდის, რადგან მათ დაახლოებით იგივე პროცენტი აიღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით, რამდენიც საპრეზიდენტო არჩევნებზე;

4) არც ისეა საქმე, "ოცნებას" რომ ეგონა, "ნაციონალების" რეიტინგი ერთნიშნა იქნებაო;

5) "ნაციონალებმა" მადლობა უნდა უთხრან "ოცნებას", რადგან მათ მიერ მიღებული კანონმდებლობა რომ ყოფილიყო, ნარმანია უკვე გამარჯვებული იქნებოდა, რადგან მათ დროს არ იყო 50-პროცენტიანი ბარიერი;

6) კუკავასა და„"ახალი მემარჯვენეების" ადგილზე თავს არ გამოვყოფდი - მათ ირმა ინაშვილმა და ასმათ ტყაბლაძემ აჯობეს;

7) საარჩევნო გარემო კვლავ გასაუმჯობესებელია.

8) თურმე ხალხს არა მხოლოდ არჩევნებამდე აბოლებენ, არამედ არჩევნების შემდგომაც: "ნაციონალები" ცდილობენ, ხალხი დაარწმუნონ, რომ რეიტინგი გაუმყარდათ. ამბობენ, მართალია, ზუსტად იგივე პროცენტი ავიღეთ, რაც წინა არჩევნებზე, მაგრამ მაშინ ბაქრაძეს უფრო მისცეს ხმა, ვიდრე ჩვენ, შესაბამისად, ჩვენი მხარდაჭერა გაზრდილიაო. "ოცნება" ცდილობს, ხალხი დაარწმუნოს, რომ "ნაციონალები" სინამდვილეში არ არსებობენ, განადგურდნენ, რადარებიდან გაქრნენ, რასაც ვხედავთ, უბრალოდ მოჩვენებებია. მეტი დამაჯერებლობისთვის პარტიების რეიტინგის გამოსათვლელი ახალი მეთოდი მოიგონეს. მას ღარიბაშვილის თეორემა ეწოდება: პარტიის რეიტინგი უდრის არა მიღებული ხმების ჯამს, არამედ გაყვანილი მაჟორიტარების პროცენტს;

9) რა მნიშვნელობა აქვს რეიტინგსა და არჩევნების შედეგებს! "ნაციონალების" დაცემის მაჩვენებელი არის მათ მიერ სოციალური ქსელებით პლაჟზე გადაღებული "პლავკიანი" ნარმანიას ფოტოს გავრცელება და ამაზე ღადაობა;

10) ხელისუფლება წაუგებელ სიტუაციაშია: თუ პირველ ტურში მოიგებდა, იტყოდა, ხომ ვამბობდით, რომ მაგრები ვართო, თუ ვერ მოიგებდა, იტყოდა, ხომ ვამბობდით, დემოკრატები ვართო. ჰოდა, იყავით დემოკრატები და იქნებით მაგრები! ამისთვის სულაც არ არის საჭირო პირველ ტურში გამარჯვება ან რომელიმე პარტიის რადარებიდან გაქრობა.

სამარცხვინო და საშიში

"ოცნების" ხელისუფლებას თუ რამე გადაიყოლებს, ყბადაღებული პრემიების თემაა! დღე არ გავა, რომელიმე უწყებაში მაღალი პრემიების დარიგების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელდეს. ხალხსაც ყველაზე მეტად სწორედ ეს საკითხი აღიზიანებს! ბოლო ლახვარი "ოცნებას" თბილისის საკრებულომ ჩასცა! აქაოდა, მაინც ბოლო თვე გვაქვს, მერე ახალი საკრებულო იქნებაო და გაინავარდეს ბიჭებმა: თანამდებობის პირებმა პრემიად ხელფასის 300% გამოიწერეს, ანუ 4 ხელფასი აიღეს! მათი ხელფასები კი 2.000-დან 3.000 ლარამდე მერყეობს! მერე, დიდი ამბავი რომ ატყდა, გამოვიდნენ და განაცხადეს, ხელფასს საქველმოქმედო ფონდში გადავრიცხავთ და სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს დავეხმარებითო. ბავშვების დახმარება მართლაც დიდი საქმეა, მაგრამ ეს სადაური ქველმოქმედებაა - ხელფასს რიცხავ ფონდში, სამაგიეროდ კი ხელფასის სამმაგ ოდენობას იწერ პრემიად! ნამდვილი კეთილი სამარიტელები არიან! ბიუჯეტის ხარჯზე ქველმოქმედება მაგარია! თუ მაგრები ხართ, ის სამმაგი პრემია გადარიცხეთ ფონდში, ხელფასი კი დაიტოვეთ!

ეჰ, რა ვიფიქრო, აღარ ვიცი. ამდენი ხანია, ეს პრემიების საკითხი "ოცნების" თავზე დამოკლეს მახვილივით კიდია, რამდენი ხანია, გაიძახიან, უნდა შევიმუშაოთ რაღაც სისტემა, რომ ყველამ თავის ჭკუაზე არ გამოიწეროს პრემიებიო და საშველი ვერ დააყენეს! ახლა თქვეს, გერმანელი პროფესორი ჩამოვიყვანეთ, რომელიც ამ სისტემის შემუშავებაში დაგვეხმარებაო. ასეთ რა პრემირების სისტემაზე ფიქრობთ, გერმანიიდან პროფესორის ჩამოყვანა რომ გახდა საჭირო? სანამ თქვენ რამეს მოიფიქრებთ, შეიძლება მხარდამჭერების ნახევარი შემოგეცალოთ, რადგან უმეტესობა სწორედ გაჭირვებული და საშუალო ფენის წარმომადგენელია; მათ ზოგჯერ მთელი, ზოგჯერ კი რამდენიმე წელი უნდა იმუშაონ, რომ იმდენი ფული აიღონ, რამდენითაც ჩვენი მოხელეები საკუთარ თავს ერთ თვეში აჯილდოებენ! სირცხვილია, ბატონებო, და რაც მთავარია, საშიში! თქვენი ძალაუფლება სწორედ ამ ხალხის მხარდაჭერაზე დგას! ჰოდა, ცეცხლს ნუ ეთამაშებით!