მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები

შენი უძველესი ნაწილი მოგესალმები!

მართალია, ევროპულ ცივილიზაციასთან უკვე ანტიკური ეპოქიდან ვართ დაკავშირებული, მაგრამ ჩვენი დასავლური კურსი სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე პირველად მაინც მირიან მეფემ განსაზღვრა. ვერავინ დამარწმუნებს, რომ 337 წელს, კონსტანტინოპოლის მიერ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან რამდენიმე წელიწადში, ქართლში იმავეს გაკეთება მირიანის გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება არ იყო. მირიანის ამ გადაწყვეტილების შემდეგ ჩვენ სამუდამოდ დავუკავშირდით დასავლურ, ქრისტიანულ სამყაროს, როგორც კულტურულად, ისე პოლიტიკურად. მიუხედავად იმისა, რომ ვახტანგ გორგასალი ნახევრად ირანელი გახლდათ, ქართველებს დაგვიბარა: გიყვარდეთ ბერძნებიო. მაშინდელი დასავლური სამყაროს ცენტრი სწორედ აღმოსავლეთ რომის იმპერია, ბიზანტია იყო. იგივე არჩევანი, ცოტა უფრო გვიან, ეგრისმა გააკეთა. გახსოვთ, პირველი პოლიტიკური დებატები, რომელმაც ჩვენამდე დოკუმენტურად მოაღწია, სწორედ საგარეო პოლიტიკურ კურსს ეხებოდა ფარტაზსა და აიეტს შორის და ისიც გეხსომებათ, რომ ამ დებატებში სწორედ დასავლური კურსის მომხრემ გაიმარჯვა. მართალია, შემდეგ ჩვენი და ბიზანტიის ურთიერთობა ცვალებადი გახლდათ (მაინც იმპერია იყო) და ჩვენ ხშირად ბალანსის პოლიტიკას მივმართავდით (ეს პოლიტიკა, მგონი, ჩვენი მოგონილია), მაგრამ ბოლოს მაინც მას ვუბრუნდებოდით. გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფეები სწორედ ბიზანტიურ ტიტულებს ატარებდნენ.

დასავლეთთან ჩვენს მჭიდრო კავშირს წერტილი 1453 წელს დაესვა, როდესაც კონსტანტინოპოლი დაეცა და ჩვენსა და ევროპას შორის თურქები ჩადგნენ. ჩვენ ისლამური იმპერიებით გარშემორტყმული აღმოვჩნდით, ევროპის ცენტრმა კი ნელ-ნელა სულ უფრო დასავლეთით იწყო გადანაცვლება და ჩვენ უკვე მათგან ძალიან შორს ვიყავით. მიუხედავად ამისა, ჩვენი მეფეები მუდმივად ცდილობდნენ დასავლეთთან ძაფების გაბმას და მხოლოდ მას შემდეგ, რაც სულხან-საბა "ლუდოვიკო მეთოთხმეტესთან ალოდინეს და მეთხუთმეტე კაცად შევიდა" და ხელცარიელი გამოუშვეს, მივაპყარით მზერა ჩრდილოეთისკენ. საბოლოოდ რუსეთიც ჩვენთვის ფანჯარა იყო ევროპაში, საიდანაც მთელი XIX საუკუნის განმავლობაში ევროპული ცივილიზაცია შემოდიოდა, თუმცა, ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ რუსეთმა იზოლაციონიზმი აირჩია და ჩვენ ისევ მოვწყდით ევროპას. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ მრავალი ტანჯვა გამოვიარეთ, რომ ისევ უკან, ჩვენს სახლში დავბრუნებულიყავით, და ამ გზაზე ყველა ხელისუფლებამ თავისი აგური დადო: გამსახურდიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, შევარდნაძემ, სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ, რუსეთთან კეკლუცობას თავი ანება, ქვეყანა დასავლეთისკენ პირველმა მოაბრუნა, როდესაც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტში ჩაერთო, სტამბოლში რუსეთის ბაზების გაყვანას მოაწერა ხელი და საჯაროდ განაცხადა, რომ ნატოს კარზე აკაკუნებდა; სააკაშვილმა ეს კურსი კიდევ უფრო განამტკიცა, ხოლო დღევანდელმა ხელისუფლებამ ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოაწერა!

ამიტომ ზღაპარია ყველანაირი ლაპარაკი ჩვენს აზიელობაზე ან რუსეთთან მრავალსაუკუნოვან კავშირზე. რა არის 200 წელი იმ დროსთან შედარებით, რაც ჩვენ და ევროპას გვაკავშირებს? ამიტომ გამარჯობა, ევროპა, შენი უძველესი ნაწილი მოგესალმები!

ნატო და რუსეთუმეები

რატომ ისევ პირში ჩალაგამოვლებული დაგვტოვა! რაღაც ახალ პაკეტს მოგცემთ, ოღონდ MAP-ს - ვერაო! რა იქნება ეს ახალი პაკეტი, არავინ იცის - MAP-ზე უკეთესი თუ უკეთესზე უკეთესი. ამ გაურკვევლობით და ნატოს გაუბედაობით კარგად სარგებლობენ საქართველოში არსებული ანტიდასავლური ძალები და პროპაგანდისთვის იყენებენ. აი, ხომ ხედავთ, ნატო მაინც არ გვიღებს კარს და ჯობია ისევ რუსეთთან დავამყაროთ კარგი ურთიერთობა. იმ ორგანიზაციის გამო, სადაც ცხვირს არ გვაყოფინებენ, პრობლემებს რატომ ვიქმნითო. ამიტომ მაინტერესებს, რა მოხდება, თუ საქართველო ოფიციალურად გამოაცხადებს (არა კულუარულად გააბამს პუტინთან ამაზე ვაჭრობას, როგორც ამას მიშა აკეთებდა თურმე, თავისივე აღიარებით), რომ იგი მზად არის, უარი განაცხადოს ნატოზე, თუ რუსეთი უკან წაიღებს თავის აღიარებას და მოახდენს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციას (ანუ მხოლოდ მზადყოფნას გამოვთქვამთ, უარს კი არ ვიტყვით)? სულაც არ მგონია, რომ რუსეთი ამაზე დათანხმდება, მაგრამ პუტინს მოესპობა ანტიქართული პროპაგანდის მასალა, რომ აი, საქართველო ამერიკელებს მიეყიდა და მზად არის, რასაც ისინი უბრძანებენ, ის გააკეთოს და რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგოდ ნატოში შევიდეს; ასევე მოესპობათ (რაც ყველაზე მნიშვნელოვანია) პროპაგანდის მასალა ქართველ რუსეთუმეებს, რომლებიც ხალხს ჩასჩიჩინებენ, თუ ნატოში არ შევალთ, რუსეთთან ურთიერთობა დალაგდება და  აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთსაც დავიბრუნებთ. ჩვენ რა დაგვაკლდება ამით, მაშინ, როცა MAP-საც ვერ გვაძლევენო?

ვაზუსტებ: შენ ამ ნაბიჯით უარს კი არ ამბობ ნატოზე, უბრალოდ, მზადყოფნას გამოხატავ, რომ ვიტყვი უარს, თუ დამიბრუნებ და სანამ არ დამიბრუნებ, გავაგრძელებ ნატოსკენ სვლას. რუსეთი ამაზე თუ დათანხმდა, მაგას რა ჯობია, მაგრამ ამის შანსი, ფაქტობრივად, არ არსებობს. მაშინ გამოდის, საკუთარ მოკავშირეებს უნდა უთხრას, რომ ჩემი აღიარება და თქვენ გვერდში დგომა არაფერს ნიშნავს და შემიძლია, როცა დამჭირდება, თხასავით გაგყიდოთო; ხოლო თუ არ  დათანხმდება (და ასეც მოხდება), ჩვენი რუსეთუმეები პირში ჩალაგამოვლებულები დარჩებიან. ეს კი სულაც არ არის პატარა საქმე.

რაც შეეხება აზრს, რომ ასეთი მზადყოფნის გამოხატვის შემთხვევაში დასავლეთი ზურგს შეგვაქცევს, სრული სისულელეა! უკრაინამ მარტო მზადყოფნა კი არ გამოხატა, საერთოდ უარი თქვა ნატოზე, მაგრამ დასავლეთი მაინც მხარში უდგას, ევროკავშირთან ასოცირებას სთავაზობს და იმაზე მეტად ეხმარება, ვიდრე ჩვენ 2008 წელს დაგვეხმარა. ჩვენ გამო რუსეთისთვის მაშინ სანქციებიც კი არ დაუწესებიათ! თან შეიძლება ეს ყველაფერი წინასწარ შევათანხმოთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან! ავუხსნათ, რომ ნატოს გაუბედაობით საქართველოში პრორუსული ძალები სარგებლობენ. ასე კი ყველა დაინახავს, რომ რუსეთთან ურთიერთობაში პრობლემა მხოლოდ ნატო სულაც არ არის, რომ მას სულ უფრო მეტი უნდა და აფხაზეთსა და სამაჩაბლოს ნეიტრალიტეტის სანაცვლოდაც კი არ დაგვიბრუნებს, როგორც არანაირი შეღავათი არ გაუწია უკრაინას ნატოზე უარის თქმის სანაცვლოდ.

გასაგებია, რომ საკამათო მოსაზრებაა, მაგრამ ვიკამათოთ, სხვა რა დაგვრჩენია?!