ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი - კვირის პალიტრა

ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი

ფორმულა საქართველოს ნატოში გაწევრებისთვის?!

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა - რა არის მისი არსი? მე ჩემს ხედვას შემოგთავაზებთ: ეს არის მზადება ევროპელობისთვის. ხელშეკრულება ითვალისწინებს სახელმწიფოს ყველა სფეროს არა მიახლოებას, არამედ გადასვლას ევროპულ სტანდარტებზე, რაც მარტივად ნიშნავს ევროპული ხარისხის ეკონომიკას, ჯანდაცვას, განათლებას, სოფლის მეურნეობას, ტურიზმს და ა.შ. რა თქმა უნდა, ცვლილებების ეს გზა მარტივი არ იქნება, რადგან დიდ ხარჯებს მოითხოვს, მაგრამ ხელისუფლებამ ევროკავშირის ქვეყნების ფინანსური მხარდაჭერით ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ საქართველოს ეკონომიკას, ქართულ ბიზნესს ტრანსფორმაციისა და ევროპულ სტანდარტებთან მიახლოების ეს მძიმე გზა მაქსიმალურად გაუადვილდეს. ალბათ, ეს ცალკე პროგრამა უნდა იყოს, რომელიც გაითვალისწინებს მწყობრ და დროში გათვლილ ნაბიჯებს. მათ შორის, მაგალითად, ბიზნესისთვის უფასო კონსულტაციებს ასოცირების ხელშეკრულების უპირატესობებისა და მოთხოვნების გაცნობის თაობაზე; ასევე მუშაობას იმაზე, რომ დონორებისგან გაიხსნას სპეციალური საგრანტო ხაზი, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ბიზნესის ადაპტირებას ევროკავშირის სივრცესთან და არაერთი სხვა.

ამ ხელშეკრულებაზე კიდევ ბევრი რამ ითქმება, მაგრამ ამჯერად ერთ უმნიშვნელოვანეს თემაზე მინდა გავამახვილო ყურადღება: ასოცირების ხელშეკრულება დადებულია მთელ საქართველოსთან, ოკუპირებული ტერიტორიების ჩათვლით. ევროკავშირი ადასტურებს, რომ მისი„მიზანია, მოხდეს შეთანხმების განხორციელება საქართველოს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ საზღვრებში. ევროკავშირი მზად არის, განიხილოს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის დამკვიდრება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, როგორც კი სათანადო პირობები შეიქმნება. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის მიზანი ისეთი ეკონომიკური ინტეგრაციისთვის ხელშეწყობაა, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიას მოუტანს სარგებელს", - ამბობს ევროკავშირი ასოცირების შეთანხმებასთან დაკავშირებულ დოკუმენტში.

წინამდებარე შეთანხმების ან  IV კარის სრული გამოყენება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ეფექტურად ვერ აკონტროლებს, დაიწყება მაშინ, როდესაც საქართველო მთელ ტერიტორიაზე უზრუნველყოფს წინამდებარე შეთანხმების სრულ იმპლემენტაციასა და შესრულებას", - ვკითხულობთ ასოცირების შეთანხმებაში.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ფორმულა, რომელიც აფიქსირებს, რომ წევრობასთან დაკავშირებული საერთაშორისო ხელშეკრულება იდება მთელ საქართველოსთან, ოკუპირებული ტერიტორიების ჩათვლით, მაგრამ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები ამოქმედდება მას შემდეგ, რაც მათზე დამყარდება საქართველოს ხელისუფლების კონტროლი. ესეც თქვენ ფორმულა ნატოსთვის“და პასუხი მათთვის, ვინც წუხან, როგორ უნდა მიგვიღონ„ნატოში - ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე თუ მათთან ერთად. ზუსტად ასე: ნატოს წევრობა გავრცელდეს მთელ საქართველოზე, მაგრამ მისი ყველასთვის ცნობილი მუხლი კოლექტიური თავდაცვის შესახებ, ანუ გარე აგრესიის შემთხვევაში,„ნატოს ერთი წევრი ქვეყნის სხვა წევრების მიერ დაცვის ვალდებულება ოკუპირებულ ტერიტორიებზე გავრცელდეს მათზე საქართველოს გავლენის დაბრუნების შემდეგ. ამით არც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დადგება ეჭვქვეშ და არც საქართველოს ჩრდილოატლანტიკური მომავალი.

და კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი რამ: საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ საკუთარ მოსახლეობასთან ერთად გაიზიარა ევროკავშირთან ასოცირების სიხარული და ამ დღეს ბედნიერი უწოდა. ვის, თუ არა პატრიარქს, ყველაზე უკეთ მოეხსენება, რამხელა წინსვლა მოუტანა ევროპის მართლმადიდებლურ ქვეყნებს ევროკავშირსა და ნატოში“გაწევრებამ. ამიტომ მისი მხარდაჭერა და ხალხის გვერდით დგომა ამ გზაზე უმნიშვნელოვანესია, ისევე როგორც საქართველოს ტრადიციებისა და კულტურის განუხრელი დაცვა.