მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები: გიგი და სარკოზი
07-07-2014
მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები: გიგი და სარკოზი
გიგი და სარკოზი

გიგი დაიჭირეს! ზოგს ეწყინა, ზოგს გაუხარდა! ზოგი აღფრთოვანდა, ზოგიც შეშფოთდა; ზოგი სიხარულისგან აჭყლოპინდა, ზოგიც ბრაზისგან ახავლდა! ზოგმა უკვე განაჩენი გამოუტანა და დამნაშავედ გამოაცხადა, ზოგმაც წმინდანად და წამებულად შერაცხა. გიგი დამნაშავეა! უარესი ეკუთვნის, ბიუჯეტის ქურდია! გიგი ვაჟკაცია, "ქოცებს" თავს არ უხრის, გიგი კეთილია, ბევრ ხალხს დაეხმარა! გიგიმ თბილისი გაალამაზა! - ასე ურთიერთგამომრიცხავია შეფასებები. "ქართული ოცნება" სასამართლოს გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს, "ნაციონალები" პოლიტიკურ დევნაზე ლაპარაკობენ!  ევროპიდან კარლ ბილდტი და ქეთრინ
ეშტონი შეშფოთდნენ. კულტურის მინისტრის მოადგილე ალექსი მარგიშვილმა კი საკუთარ ვნებებს ფართო ასპარეზი მისცა და "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე დაწერა: "ეს მოფერებად მოგეჩვენებათ, როდესაც მორატორიუმი დასრულდება და მართლმსაჯულების მანქანა ამოიქოქება ახალი საწვავით. უგულავა ვის გაგახსენდებათ?!" მერე "ქართულ ოცნებაში" გაუკვირდებათ, პოლიტიკურ დევნაში რატომ გვადანაშაულებენო. დიდმოხელეები ასეთ უპასუხისმგებლო განცხადებებს
რომ გააკეთებენ, აბა, რა იქნება? დიდად თავი არც პრემიერ-მინისტრს შეუკავებია - უგულავას დაკავებას მართლმსაჯულების ზეიმი უწოდა და საფრანგეთში სარკოზის დაკავება გაიხსენა, თუმცა, ის აღარ გახსენებია, სარკოზის დაკავების შემდეგ რა თქვა საფრანგეთის მოქმედმა პრეზიდენტმა, - სარკოზი უდანაშაულოა, ვიდრე გამოძიება და სასამართლო საწინააღმდეგოს არ დაამტკიცებენო. აი, ეს არის ცივილიზებული ქვეყნის, ცივილიზებული პრეზიდენტის განცხადება! სწორედ ამიტომ არ ლაპარაკობენ საფრანგეთში პოლიტიკურ დევნაზე, თავად სარკოზის გარდა, რომელმაც თავისი დაკავება მის მომავალ პოლიტიკურ გეგმას დაუკავშირა!

საერთოდ, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ სარკოზის დაკავებამ "ქართულ ოცნებას" სულზე მოუსწრო და ხელ-ფეხი გაუხსნა, "ნაციონალებს" კი ფრანგებმა აშკარად ცუდი საქმე გაუკეთეს. ახლა ვინც უნდა დაიჭირონ და ევროპაში ვინც უნდა შეშფოთდეს, "ოცნება" ყველას სარკოზის მაგალითს შეახსენებს.

ვისწავლოთ შეცდომებით

როცა "ნაციონალები" იმ მოსამართლეს, რომელმაც უგულავას პატიმრობა შეუფარდა, ლანძღავდნენ და პოლიტიკური დაკვეთების შესრულებაში ადანაშაულებდნენ, გაირკვა, რომ სწორედ ამ მოსამართლემ შეუფარდა თავის დროზე 14 წლის გიორგი ზერეკიძეს გაუგონრად მკაცრი სასჯელი, რასაც გახსოვთ, როგორი ვნებათაღელვა მოჰყვა! მახსოვს, მაშინ პარლამენტის შენობაში ნახევარი საათი მიხსნიდა გიგა ბოკერია, რომ ამ მოსამართლის გადაწყვეტილება იყო ჭეშმარიტების ბოლო ინსტანცია. მისი ყველა სიტყვა მახსოვს...

ეს ამბავი მხოლოდ იმიტომ არ გავიხსენე, რომ გიგა ბოკერია დავამუნათო. ეს ამბავი არის გაკვეთილი ყველასთვის, მათ შორის - ახალი ხელისუფლებისთვისაც. თუ ჩვენ შეგვიძლია ბოკერიას ვკითხოთ, ახლა აღარ მოგწონს ამ მოსამართლის გადაწყვეტილებაო, ხელისუფლებას შეგვიძლია პირიქით მივმართოთ: მაშინ რომ არ მოგწონდა ეს მოსამართლე და მონას ეძახდი, ახლა გახდა თავისუფალი და მიუკერძოებელი?! მოკლედ, ისევ წრეზე ვტრიალებთ! იქნებ ეს ხელისუფლება მაინც მიხვდეს, რომ ასეთი მოსამართლეების გამოტანილი გადაწყვეტილებები არ სჭირდება და "ნაციონალების" შეცდომებით მაინც ისწავლოს. მაგრამ ამასაც ნიჭი უნდა. "ნაციონალები", მაგალითად, საკუთარი შეცდომებითაც ვერაფერს სწავლობდნენ. თუმცა, აქვე ისმის კითხვა: ჩვენ, საზოგადოება, რას ვსწავლობთ ამ ყველაფრით?

სხვას რა უნდა მოსთხოვო, როდესაც მწერალმა ლაშა ბუღაძემ უგულავას დაკავების თაობაზე ისეთი ბლოგი დაწერა, თვალები შუბლზე ამივიდა. აი, ამას ჰქვია "ჭეშმარიტი ქართველი მწერალი"! ესე იგი, ლოგიკა რაშია: თუ კონკრეტული ადამიანებისთვის სიკეთე გაქვს გაკეთებული, შეიძლება ყველანაირი დანაშაული და სამართალდარღვევა გეპატიოს (საზოგადოდ ვამბობ და არა გიგიზე. გიგის დანაშაული ჯერ სასამართლომ უნდა დაუმტკიცოს!)?!

ბატონო ლაშა, თქვენ იცით, სტალინისტები რამდენ რამეს მოგიყვებიან სტალინის მიერ გაკეთებულ სიკეთეებზე? თქვენ იცით, სტალინს რამდენი მადლიერი ადამიანი ჰყავდა?! "ჭეშმარიტი ქართველი მწერალი" კი ამბობს: "დღეს ჩემთვის (გიგი უგულავას) "დანაშაულები" აბსტრაქციაა, რადგან მახსოვს, ვიცი და მსმენია, რომ ის მრავალს დასდგომია გვერდით მძიმე წუთებში. ჩემთვის კი დღეს ესაა პრიორიტეტი". ბატონო ქართველო მწერალო, პრიორიტეტი კანონს აქვს ერთი - მისი უზენაესობა! როგორ შეიძლება კონკრეტული ადამიანის დანაშაულები მხოლოდ იმიტომ იყოს აბსტრაქცია, რომ მას სიკეთე აქვს გაკეთებული?! დანაშაული აბსტრაქცია შეიძლება მხოლოდ იმიტომ გახდეს, თუ მას ვერ უმტკიცებენ. ამაზე უნდა ვილაპარაკოთ და არა იმაზე, რომ გიგი თურმე ბიუჯეტის ფულით ვიღაცებს დაეხმარა! რა თქმა უნდა, შეეძლო ეს არ გაეკეთებინა და ჩვენი გადასახადებიდან აკრეფილი თანხები მთლიანად სხვაგან გაეშვა და მეც მადლიერი ვარ მისი, რომ მერიამ თავის დროზე ჩვენს ერთ-ერთ კოლეგას სამკურნალოდ თანხა ჩაურიცხა, მაგრამ ეს რა შუაშია დანაშაულთან, თუ იგი ჩადენილია?!
qeti
18 ივლისი 2014 19:54
კომიკურად არ გეჩვენებათ,რომ ხელისუფლება,რომლის ჩინოვნიკებმაც გარღვეული ბიუჯეტიდან ასორმოცი მილიონი მიიტაცეს(მერე,რა რომ პრემია დაარქვეს), ნაციონალი მოხელეების "მოძველებული" მანქანები არ იკადრეს და უძვირფასესი ავტომობილები შეიძინეს იმ "ჩვენი ფულით", როგორც თქვენ ამბობთ,ვანო მერაბიშვილი ხუთი მილიონის(!) პარტიული მიზნებისათვის გამოყენების გამო ციხეში ჩააყუდეს და კრიმინალიტეტის ნიშნის მოსაგები და საქილიკო გახადეს და ახლა უგულავა დაიჭირეს ,იმისათვის რომ(თუმცა ამას ჯერ დამტკიცება სჭირდება) ამის მესამედი თანხა, ვითომ ნაც. აქტივისტებს,რომელთა უმეტესობა,არა მგონია დიდად შეძლებულები ყოფილიყო,დაურიგეს.
ან რა ბიზნესის თავისუფლებაზე ლაპარაკობთ,როცა ყველა მსხვილი ბიზნესმენი "ხალისით" სწირავდა ქართულ ოცნებას მსხვილ-მსხვილ თანხებს. ან ეს ფასდაკლებების აქცია არაფერს გეუბნებათ?!
რაც შეეხება იმის დაფიქსირებას,ვის მიეცით ხმა,მე მგონი ისედაც ყველა მიხვდებოდა ამას.
თეო
13 ივლისი 2014 16:10
მერაბ,თუ გგონიათ რომ საფრანგეთი დემოკრატიის განსახიერებაა,ძალიან ცდებით! დემოკრატია მხოლოდ იმათთვის არის,ვინც ლგბტ-ეა ,მოქალაქეა და ვისაც ფული აქვს.ფრანგ ერზე შოვინისტი და არადემოკრატიული ერი არ არსებობს! 2 წელია აქ ვცხოვრობ და არაფრანგების 99% ოლანდისა და ფრანგების დემოკრატიაზე იმავე წარმოდგენისაა,როგორც სააკაშვილზე ქართველების უმეტესობა. და კიდევ,სარკოზის დაკავება მართლა პოლიტიკური დევნაა.ეს ყველამ იცის და რაც არ უნდა თქვას ოლანდმა,ეს ფაქტს არ ცვლის.განა სარკოზი უდანაშაულოა,არა,მაგრამ ყველა შრეში კორუფციაა აქ და მაგ მიზეზით მხოლოდ მაშინ იჭერენ ადამიანს,როცა აწყობთ.რაც შეეხება ციხეებს ევროპაში,აქ ისეთები ხდება,გლდანში 10 წელი ჯდომა ჯობია ფრანგულ ციხეში 1 წლის გატარებასო!ტელევიზორიდან და ტურისტული თვალით სხვაა ევროპა,რეალური კი-სხვა!
david
13 ივლისი 2014 02:21
ბატონო მერაბ, ადამიანი რთული არსებაა, არ ვგულისხმობ ერთუჯრედიანებს, რომლებიც უხვადაა ჩვენს დალოცვილ ქვეყანაში. არ არსებობს მხოლოდ კარგი და მხოლოდ ცუდი, როგორც ეს ბევრს (ისევ ერთუჯრედიანებზე ვლაპარაკობ) ჰგონია.დანაშაული ყველა ადამიანს შეიძლება დააბრალო და ბრბო ამას დაიჯერებს, თანაც სიამოვნებით, რადგან საკუთარი თავის მიხედვით ზომავს ყველაფერს. გიგი ბევრისგან განსხვავებით ღირსეული ადამიანია, რაც ამ მთავრობის სხდომის დროს გამოჩნდა. ალბათ გახსოვთ, როგორ გამოირჩეოდა ის ბიძინას მონებში. თქვენ (თქვენი სანახევროდ სიმართლეების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ), ეს თვისება გაკლიათ. ბუღაძეც არ არის ვაჟკაცი, მაგრამ გიგიზე მაინც გაბედა და ადამიანურად დაწერა. თქვენც იმავეს გისურვებთ, იქნებ გეცადათ. საკუთარი თავის გამართლება რომ არ გაგიჭირდებათ, ვიცი, ამიტომ ამას ნუ ეცდებით. სხვის ადგილას დააყენეთ თქვენი თავი და ის სხვა მერე განსაჯეთ. არ ჩათვალოთ, რომ ჭკუას გარიგებთ.

რედაქტორის რჩევით