"სი-თი პარკის" საქმეში უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის მდივანი მონაწილეობდა"
07-07-2014
"სი-თი პარკის" საქმეში უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის მდივანი მონაწილეობდა"
"სი-თი პარკი" "ნაციონალებისთვის" იყო ხვრელი, საიდანაც დიდ ფულს შოულობდნენ"

"ამ საქმეში იქნება არაერთი მოწმე, რომელთაც უგულავას საქმის არსებითი განხილვისას ნახავთ. მათ შორის ებრაული მხრიდანაც..."


თბილისის მერიასა და კომპანია "სი-თი პარკს" შორის გაფორმებული ხელშეკრულება ბოლო წლების განმავლობაში მუდმივად იყო ინტერესის საგანი, თუმცა 2012 წლის ბოლომდე ამ დოკუმენტის მოპოვება ვერავინ მოახერხა. მერიაში აცხადებდნენ, რომ კომპანიის ფინანსების კონფიდენციალურობიდან გამომდინარე, დოკუმენტი გასაიდუმლოებული იყო. თბილისის საკრებულოს დეპუტატი ჯაბა სამუშია აცხადებს, რომ მან მხოლოდ 2013 წლის
დასაწყისში მოახერხა მიეღო ეს დოკუმენტი, ოღონდ არასრული სახით. ერთ-ერთ დამატებით მუხლში ცვლილებების შედეგად გაჩენილ ჩანაწერებს დღემდე გრიფი "საიდუმლო" ადევს. გიგი უგულავას გარშემო შავი ღრუბლები არ წყვეტს შემოკრებას. კიდევ ერთი ბრალდება, რაც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უგულავას წაუყენა, სწორედ "სი-თი პარკთან" გაფორმებულ ხელშეკრულებას შეეხება. საქმე სახელმწიფო
ბიუჯეტიდან დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის ფაქტზეა აღძრული. ხელშეკრულება მერსა და ხსენებულ კომპანიას შორის 2007 წლის 7 დეკემბერს გაფორმდა და როგორც საგამოძიებო უწყების განცხადებიდან ირკვევა, თბილისში პარკირების მომსახურების გაწევისგან მიღებული შემოსავლის 60%-ს იღებდა თბილისის მთავრობა, ხოლო 40%-ს შპს "სი-თი პარკი".

"გიორგი უგულავამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, შპს ,,სი-თი პარკს" მიანიჭა არამართლზომიერი უპირატესობა, რაც გამოიხატა სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივი განკარგვით ზემოაღნიშნული კომპანიისათვის შემოსავლის ხელოვნურად გაზრდაში. კერძოდ,  უგულავამ შპს "სი-თი პარკის" სასარგებლოდ, 2009 წლის 11 თებერვალს გამოცემული ბრძანების დანართში განზრახ არასწორი სახაზინო კოდი მიუთითა, რის საფუძველზეც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის თბილისელების მიერ გადახდილი ჯარიმის თანხა ნაცვლად სახელმწიფო ბიუჯეტისა, გადაირიცხა შპს "სი-თი პარკის" ანგარიშზე. ამავდროულად, უგულავას გადაწყვეტილებით, თბილისის მერიასა და შპს "სი-თი პარკს" შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში 2011 წელს შევიდა ცვლილება, რის საფუძველზეც კომპანიის სასარგებლოდ შეიცვალა ჯარიმებიდან მიღებული შემოსავლების განაწილების წესი", - ვკითხულობთ საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში. უწყების ცნობით, მთლიანობაში გაიფლანგა სახელმწიფოს კუთვნილი 1 086 718 ლარი. საქმეში მთავარი მოწმე ექსდეპუტატი კობა ბექაურია.


კობა ბექაური: - 2004 წელს ისრაელში შევხვდი კომპანიას, რომელსაც ჰქონდა ამ მიმართულებით კარგი გამოცდილება. მაშინ ჯერ კიდევ ჭიაბერაშვილი იყო ქალაქის მერი, რომელიც შევახვედრე კომპანიის წარმომადგენლებს, მაგრამ ვერ მიიღო გადაწყვეტილება, შეეშინდა ე.წ. სტაიანშჩიკების საპროტესტო მიტინგის, თუმცა პარკინგის საპრეზენტაციო ნაწილი მაინც მომზადდა და 2005 წელს აღნიშნულმა კომპანიამ პროექტის პრეზენტაცია მოაწყო. იმავე წელს მომიხდა პარლამენტის დატოვება, რის მერეც გიგი უგულავამ და მამუკა ახვლედიანმა ამ პროექტიდან ჩემი ჩამოშორება გადაწყვიტეს.

ისრაელში შეხვდნენ კომპანიის წარმომადგენლებს და პირდაპირ უთხრეს, ბექაური ამ საქმესთან აღარაფერ შუაშია, ჩვენთან უნდა ითანამშრომლოთო, თუმცა მე მაინც მიწევდა ებრაულ მხარესთან ურთიერთობა. უგულავა და ახვლედიანი უსინდისოდ იყენებდნენ ჩემს კონტაქტებს, თან ჩემთან ერთად ხვდებოდნენ მათ და ცხვირწინ მაცლიდნენ ჩემს წამოწყებულ საქმეს. ორი წელი მიმდინარეობდა წინასწარი მოლაპარაკებები და სატენდერო პირობებზე გარიგება, რაც კანონის დარღვევაა. დღეს რომ აცხადებენ, უგულავა არაფერ შუაშია და მას არ აქვს ხელშეკრულებაზე ხელი მოწერილიო, ეს ბლეფია. ხელი ახვლედიანმა მოაწერა, თუმცა ყველა წვრილმანში იღებდა უგულავა მონაწილეობას, დიდი ინტენსივობით იმართებოდა შეხვედრები როგორც ისრაელში, ასევე აქ, უგულავას კაბინეტში. ამ საქმეში ფიგურირებს ქართველი ებრაელი მერაბ ფიჩხაძე, რომელიც შუამავლობდა.

მან შუამავლობიდან აიღო ფული. ვფიქრობ, მასაც აუცილებლად მოუწევს პასუხისგება. "სი-თი პარკის" საქმეში მონაწილეობდა უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის მდივანი, რომელიც ებრაულ მხარეს ხელისუფლებასთან კომუნიკაციაში ეხმარებოდა და თავისი ხეირი ნახა ამ საქმიდან. სააკაშვილმა "სითი პარკის" საქმიანობაზე ყველაფერი მშვენივრად იცოდა. მოკლედ, გამოაცხადეს ტენდერი, რომელშიც, რა თქმა უნდა, ებრაულმა კომპანიამ გაიმარჯვა. ამის მერე პროექტი 4-5-ჯერ შეიცვალა და საბოლოოდ კატასტროფული სახე მიიღო. ბიუჯეტის ქურდი უგულავა ამას არ დასჯერდა. 2007 წელს ტენდერი მოიგო ებრაულმა კომპანიამ "ამაგონი და შოხარი", რომელსაც ხელშეკრულებით არ ჰქონდა უფლება, 15 წლის განმავლობაში საქმიდან გასულიყო. ამ ხნის განმავლობაშიK სწორედ ამ კომპანიის სახელით უნდა წარმართულიყო სამუშაოები. სამი წლის შემდეგ, როდესაც ყველაფერი სათავისოდ დაალაგეს, ხელშეკრულებაში შეიტანეს ცვლილებები და "ამაგონი და შოხარი" საერთოდ გავიდა ამ ტენდერიდან და მისი წილი გადაფორმდა ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებულ სულ სხვა კომპანიაზე. მოკლედ, ახვლედიანი და უგულავა თუ მანამდე არაოფიციალურად იყვნენ წილში, ამის მერე ეს წილები ოფიციალურად გაიფორმეს. არანაირი ინვესტიცია აქ არ განხორციელებულა, 8 მანქანა შემოიყვანეს, რომელიც ავტომობილების საჯარიმოზე გადასაყვანად სჭირდებოდათ და ქუჩები დახაზეს. არადა, თავდაპირველი პროექტით იგეგმებოდა თანამედროვე ევროპული ტიპის სისტემის დანერგვა, თავისი ავტოსადგომებით, მიწისქვეშა პარკინგის ადგილების მოწყობით და ა.შ. მაგრამ სახელშეკრულებო პირობები ისე შეცვალეს, რომ "სი-თი პარკს" მოვალეობები გაუმარტივეს. რაში აწყობდათ დიდი ფულის დახარჯვა, როდესაც უგულავამ პარკინგის სფერო საკუთარ ბიზნესად გაიხადა.

- კიდევ ვინ შეიძლება ვიხილოთ ამ საქმეში მოწმეებად?

- იქნება არაერთი მოწმე, რომელთაც უგულავას საქმის არსებითი განხილვისას ნახავთ. მათ შორის ებრაული მხრიდანაც. 2012 წელს სწორედ აღნიშნული კომპანიიდან აფინანსებდნენ გიგა ნასარიძის პიარკამპანიას. "სი-თი პარკში" ვინც ჰყავდათ მენეჯერად გაფორმებული, პირადად ის ურიცხავდა ნასარიძეს ფულს, როგორც შემოწირულობას. "სი-თი პარკი" "ნაციონალებისთვის" იყო ხვრელი, საიდანაც დიდ ფულს შოულობდნენ. კომპანიის წარმომადგენლები და უგულავა შეთანხმებულად კარგად ითბობდნენ ხელს, ამიტომაც კომპანიის მესვეურთა პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს.

უნდა დადგეს მამუკა ახვლედიანის პასუხისმგებლობის საკითხიც. ერთ-ერთი შეხვედრისას, ებრაული კომპანიის წარმომადგენელმა მითხრა, პირდაპირ მოგვთხოვეს და ახვლედიანს საქმის 50% უნდა მივცეთო.
რა შეიძლება ეწეროს ხელშეკრულების გასაიდუმლოებულ მუხლში, თავისი ვარაუდი აქვს საკრებულოს წევრ ჯაბა სამუშიას:

- გასაიდუმლოებულია ფინანსური ნაწილი, ანუ ის, თუ როგორ უნდა განაწილებულიყო შემოსავლები ქალაქსა და კომპანიას შორის. ასევე, სავარაუდოდ, გრიფი "საიდუმლო" ადევს იმ ვალდებულებებს, რომელიც თავდაპირველად ჰქონდა კომპანიას და არ შეასრულა, ქალაქის ხელმძღვანელობამ კი უმტკივნეულოდ აპატია. ეს ჩანაწერები მე არ მინახავს, მაგრამ ამას ამბობენ ის ადამიანები, ვისაც აქვს ნანახი და ვისთანაც მქონდა კონსულტაციები. დღემდე უცნობია, თუ რა ოდენობის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება ჰქონდა კომპანიას და აქედან რა განახორციელა. ასევე უცნობია, რამდენი მოქალაქე ფლობდა თბილისის ტერიტორიაზე პარკირებისთვის დადგენილი ერთწლიანი და 6-თვიანი მომსახურების პაკეტებს, რაც შესაბამისად 50 და 25 ლარი ღირს. ჩვენთვის ცნობილია, რომ 2010 წლიდან მოყოლებული, ამ პაკეტების გაყიდვიდან ბიუჯეტში შესული თანხის მთლიანი რაოდენობა 3 მილიონ ლარზე ოდნავ მეტია. იმის გათვალისწინებით, რომ თბილისში ნახევარ მილიონამდე მანქანა მოძრაობს, ეს საეჭვოდ დაბალი თანხაა. ცალკე საკითხია ჯარიმები და საურავები, საიდანაც "სი-თი პარკის" ოპერირების 7-წლიან მონაკვეთში ბიუჯეტში შესულია 14 მილიონი, არადა, ეს თანხა  წლიურად, სულ ცოტა, 10 მილიონ ლარს მაინც უნდა შეადგენდეს. საჯარიმო სადგომზე გადაყვანილი მანქანების დაჯარიმებიდან თანხა ყოველგვარი კონტროლისა და დაბეგვრის გარეშე მთლიანად კომპანიაში მიდის, რაც ჩვენი ანგარიშით, წელიწადში სულ ცოტა, 2 მილიონი ლარია.
""კვირის პალიტრა" დაინტერესდა "სი-თი პარკის" პოზიციითაც, მათ ოფიციალურად გავრცელებულ განცხადებაზე მიგვითითეს და მეტი კომენტარისგან თავი შეიკავეს.

"სი-თი პარკმა" გაიმარჯვა საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით შედგენილ და გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში; ყოველი გადახდილი ჯარიმა ირიცხება სახელმწიფო ხაზინაში, რის შემდეგაც ეს თანხა ტრანსფერდება თბილისის ადგილობრივ ბიუჯეტში და მხოლოდ ამის შემდეგ, თანხის 40% ირიცხება კომპანიის ანგარიშზე, 60% კი რჩება ადგილობრივ ბიუჯეტში".

ნათია დოლიძე
alamaria
07 ივლისი 2014 10:20
ახალი ამბავი რომ მიშას ზედამხედველობის გარეშე არც მოხდებოდა!

რედაქტორის რჩევით