"ამისთვის ყველას - საზოგადოებასა თუ ხელისუფლებას მადლობა უნდა გადაუხადონ" - კვირის პალიტრა

"ამისთვის ყველას - საზოგადოებასა თუ ხელისუფლებას მადლობა უნდა გადაუხადონ"

"ესენი ამას საშინელებას ეძახიან, გვაბრმავებენ თუ როგორ არის მაგათი საქმე?!"

"საშინელი ამბები მოხდა სასამართლოსთან!!! დაკავებულია ლევან ბეჟაშვილი, კოტე გაბაშვილი და კიდევ 7-8 ადამიანი", - ასე აცნობა "ფეისბუკელებს" თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე პროცესების ამბავი დეპუტატმა გოგა ხაჩიძემ. საზოგადოებას თავად შეეძლო მიედევნებინა თვალი უგულავას სასამართლო პროცესის შემდეგ განვითარებული მოვლენებისთვის, შეედარებინა როგორც პროტესტანტების, ასევე პოლიციელთა მოქმედება წინა ხელისუფლების დროს მსგავსი აქციების დაშლისას ნანახ კადრებთან და დასკვნებიც გამოეტანა. უგულავას განაჩენით განაწყენებულმა "ნაცმოძრაობის" ლიდერებმა და მხარდამჭერებმა გადაწყვიტეს, მთელი რისხვა პროკურორებისთვის დაეტეხათ და ლანძღვა-გინებით გაეკიდნენ. პოლიციასთან დაპირისპირების შედეგად რვა ადამიანი დააკავეს, მათ შორის: კოტე გაბაშვილი და დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, ხელწერილით გაათავისუფლეს. შს სამინისტროს განცხადებით, დაკავება ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე მოხდა, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს და ჯარიმას ითვალისწინებს.

ლევან ბეჟაშვილი, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, პარლამენტარი: - "არანაირი ხელწერილის საფუძველზე არ მომხდარა ჩემი გათავისუფლება. სამსაათიანი უკანონო დაკავების შემდეგ დაადგინეს, რომ თურმე პარლამენტის წევრი ვყოფილვარ და დაკავების უფლება არ ჰქონდათ, ამის საფუძველზე გამომიშვეს. აAუცილებლად ვიჩივლებ".

გია გაჩეჩილაძე (უცნობი): - ესენი ამას საშინელებას ეძახიან, გვაბრმავებენ თუ როგორ არის მაგათი საქმე?! უამრავმა ადამიანმა ტელევიზიით ნახა, რაც ხდებოდა იქ, თვითონ მოაწყვეს პროვოკაცია, იხულიგნეს, რის გამოც ეს ხალხი პოლიციამ სასამართლოს ეზოდან გაიყვანა. საშინელება ის იყო, რასაც ეგენი აკეთებდნენ, რომელი ერთი გავიხსენო - 7 ნოემბერი თუ 6 მაისი, როდესაც ხალხი დაასახიჩრეს. ერთს ვიტყვი, ღმერთი მაღალია და ყველას საკადრისს მიუზღავს, ესენი ახლა ამას იღებენ, ოღონდ იმაზე ბევრად ნაკლებს, რასაც იმსახურებენ და ამისთვის ყველას - საზოგადოებასა თუ  ხელისუფლებას მადლობა უნდა გადაუხადონ. "ნაცმოძრაობის" დროს მსგავსი დებოში სასამართლოს შენობასთან ვინმეს რომ გაებედა, ხომ წარმოგიდგენიათ, რას უზამდნენ?! სულ მცირე, ცოცხებით გაუმასპინძლდებოდნენ, შეიძლება ვინმე მოეკლათ კიდეც.

ნათქვამია, - "რასაც დასთეს, იმას მოიმკიო", "ნაცმოძრაობას" სწორედ ამ სამკალის დრო უდგას".