გამტაცებლებმა სამი ბავშვი მოკლეს, საპასუხოდ კი ებრაელმა ბიჭებმა საშინელება ჩაიდინეს - ბავშვი დაწვეს (ექსკლუზივი)
14-07-2014
გამტაცებლებმა სამი ბავშვი მოკლეს, საპასუხოდ კი ებრაელმა ბიჭებმა საშინელება ჩაიდინეს - ბავშვი დაწვეს  (ექსკლუზივი)
ექსკლუზიური ინტერვიუ ისრაელში მცხოვრებ ქართველ ებრაელთან


რამდენიმე დღეა ახლო აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. პერიოდულად ისრაელზე ავიაიერიშები ისევ გრძელდება. ქვეყანაში სრული მობილიზაცია გამოცხადდა და შეიარაღებული ძალები მზადყოფნაში არიან.  დაიბომბა თელ-ავივი, რაკეტები ჩამოვარდა იერუსალიმშიც. პარალელურად ისრაელის საჰაერო ძალებმა ღაზაში რადიკალური დაჯგუფება "ჰამასის" კუთვნილი ობიექტები და საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, სადაც ორგანიზაციის ლიდერები ცხოვრობდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ღაზაში დაღუპულთა რაოდენობამ 60-ს მიაღწია, დაჭრილია 400-მდე ადამიანი. სამწუხაროდ, დაშავებულებს შორის ქალები და ბავშვებიც არიან. არსებული ვითარების გამო
საგანგებო რეჟიმზე გადავიდა ისრაელში საქართველოს საელჩოც. ამოქმედდა ცხელი ხაზი, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს საჭიროების შემთხვევაში დახმარებას გაუწევს.


ჩვენ ქალაქ აშკელონში მცხოვრებ ლევან ბარდანს დავუკავშირდით. ბატონი ლევანი 42 წელია ისრაელში ცხოვრობს. ამჟამად ქალაქ აშკელონის მერიაში აბსობციის განყოფილების უფროსი გახლავთ, ასევე ქალაქის თავდაცვის შტაბს ხელმძღვანელობს.

ლევან ბარდანი: -
აშკელონი ღაზასთან ძალიან ახლოს მდებარეობს. დღეში 10-ჯერ მაინც ცხადდება განგაში. მადლობა უფალს, ჯერ მსხვერპლი არ გვაქვს. იერიშები ისევ გრძელდება, საბედნიეროდ გაგვაჩნია იარაღი, რომელიც ფაქტობრივად რაკეტების 95 პროცენტს ჰაერში ანეიტრალებს. რაც შეეხება რეგიონებს, მთელი დასავლეთი მხარე იბომბება. ყველაფერი დაკეტილია, მათ შორის საბავშვო ბანაკები, სადაც მოსწავლეებს უნდა დაესვენათ. ჩვენს ქალაქში 140 ათასი კაცი ცხოვრობს, 8 000-მდე ქართველი ებრაელია. ბავშვები გადაგვყავს თავშესაფრებში. სახლებში მყოფ პენსიონერებს, მოხუცებს ვეხმარებით. შექმნილია ჯგუფი, რომლებსაც მათთან მიაქვს საკვები და საჭირო პროდუქტები. ხაიფას რეგიონის მცხოვრებლები მზად არიან თავიანთ ხარჯზე მიიღონ ის ბავშვები, რომლებიც სახლებში არიან ჩაკეტილები. აქ ძალიან ძლიერია სამოქალაქო სექტორი, ძლიერია ერთმანეთის მხარდაჭერა. თითქმის მთელი მსოფლიო მოვლილი მაქვს, მაგრამ ყოველდღე მაოცებს ისრაელი, ასეთი ძლიერი სიყვარული სახელმწიფოს მიმართ იშვიათია.

- თავშესაფრები ქალაქში საკმარისია?

- რაკეტა ღაზიდან მოდის და ასეთ დროს ჩვენ გვაქვს 30 წამი, რომ თავშესაფარი მოვძებნოთ. ახლა სახლში რომ მოვდიოდი, განგაში ატყდა, გავაჩერე მანქანა და 30 წამში თავშესაფარი მოვძებნე. 1992 წლის შემდეგ აშენებულ თითქმის ყველა კორპუსში და კერძო სახლში არის კუთხე, სადაც განგაშის დროს უნდა დადგე. ძველ სახლებშიც არის ადგილები, სადაც აფარებენ თავს, ყველა ებრაელმა იცის, თუ ქუჩაში მოხვდი და ვერ ასწრებ, მაშინ უნდა დაწვე, ორივე ხელი უნდა დაიდო თავზე.

(ინტერვიუს დროს უცებ განგაშის ზარი გაისმა. ჩემი რესპონდენტი თავშესაფარში გაიქცა. რამდენიმე წუთის შემდეგ მასთან საუბარი ისევ განვაგრძე):


- ახლაც განგაში იყო და თავშესაფარს შევაფარე თავი. მადლობა უფალს, შენობები არ დანგრეულა. მოსახლეობას სისტემატურად უტარდება სპეციალური სწავლება, როგორ დაიცვან თავი განგაშის დროს. ჩემი ვაჟი, ბადრი, ოფიცერია, ახლა ის წინა ხაზზეა. პალესტინელები არ ცნობენ ებრაელთა ერის არსებობას, ჩვენ წლებია ვუძლებთ მათ იერიშებს. რაც ისრაელში რამდენიმე დღის წინ მოხდა, ეს საშინელება იყო.

- კონკრეტულად გვიამბეთ ამ ფაქტის შესახებ.

- პალესტინელების დევიზია გაიტაცონ ადამიანები და აწამონ. ძალიან რთული სიტუაცია არის ღაზასთან ახლო ქალაქებში. 2005 წლიდან აშკელონში ასეთ დღეში ვართ, მაგრამ ასეთი მასშტაბის იერიშები არ ყოფილა. რამდენიმე დღის წინ სამი ბავშვი რელიგიურ სკოლაში მიდიოდა და ისინი "ჰამასის" ჯგუფის წევრებმა გაიტაცეს. ასე ცდილობენ გაათავისუფლონ ისრაელის ციხეში მყოფი თავიანთი მოქალაქეები, მაგრამ მოხდა საოცრება, ერთ-ერთმა ბავშვმა ისრაელის პოლიციის ხაზზე დარეკა. როცა ზარი შედის პოლიციაში, მაშინვე ფიქსირდება რა ტერიტორიიდან ხორციელდება ზარი. ამის გამო გამტაცებლებმა სამივე ბავშვი მოკლეს. მიაგნეს გვამებსაც, მაგრამ ამას მოჰყვა საშინელი რეაქცია. ჩვენდა სამწუხაროდ, აქაც არის მცირე ჯგუფი მემარჯვენე რადიკალების, საპასუხოდ მათ ერთი ბავშვი დაწვეს. ის უდანაშაულო ბავშვი შეეწირა, მას არანაირი კავშირი არ ჰქონდა ამ გატაცებასთან. ეს საშინელება ებრაელმა ბიჭებმა გააკეთეს, ამან გამოიწვია აფეთქება აღმოსავლეთ იერუსალიმში.

- იერუსალიმში ჩამოვარდა ნაღმი, იქ დაზიანდა შენობები?
- წმინდა მიწა არ დაბომბილა. მისამართი არ აქვს რაკეტას. ძალიან რთული სიტუაციაა. ისრაელის რაკეტამ ასევე დაარტყა ღაზის სექტორში იმ მანქანას, სადაც იჯდა ჯიჰადის სამი წარმომადგენელი. ყოველ 20 წუთში ერთხელ ვბომბავთ ღაზას. მათი მონაცემებით იქ 60 ადამიანია დაღუპული, 400-მდე დაჭრილია. საბედნიეროდ, ჩვენთან ჯერ არ არის მსხვერპლი და არც დაჭრილები გვყავს.

- ძირითადი იერიშები თქვენი მხრიდან ხორციელდება?
- სიწყნარეს სიწყნარით ვპასუხობთ, მაგრამ ეს გარდაუვალი მდგომარეობა გამოიწვია "ჰამასის" მმართველობამ. საბედნიეროდ, მათი პრესტიჟი დაეცა. იქ უჭირს მოსახლეობას. ბოლო ორი თვეა მოსამსახურეებს ხელფასი არ აუღიათ, ნაწილმა ხელფასის 60 პროცენტი აიღო მხოლოდ. 45 პროცენტამდე ავიდა უმუშევრობა, ფაქტობრივად, ბიუჯეტი გამოელიათ. მოსახლეობა, რა თქმა უნდა, მეცოდება, რადგან ეწირებიან ტერორისტებს.
ტერორისტი უნდა განადგურდეს, ვისაც უნდა მშვიდობა, მათ უნდა გავუწოდოთ მშვიდობის ხელი. ისრაელი ძალიან ძლიერი სახელმწიფოა. ჩვენ ვებრძვით არა სახელმწიფოს და მოსახლეობას, არამედ იმ ჯგუფს, რომელსაც ჰქვია ე. წ. პალესტინის განმათავისუფლებელი მოძრაობა. უნდა აღმოიფხვრას ტერორიზმის ბუნაგი სამუდამოდ. თუკი ასე გაგრძელდა იერიშები, შეიძლება გარდაუვალი გახდეს ღაზაში შესვლა. ეს ალბათ დიდ მსხვერპლს გამოიწვევს, მაგრამ რაც დრო გადის, რაც უფრო გარდაუვალი ხდება.

- ცოტა რამ თქვენს საქმიანობაზე, თქვენს ოჯახზეც გვიამბეთ
- მე დავიბადე დალოცვილ საქართველოში. მიყვარს ბანძა და ვამაყობ, რომ ჩემი აკვანი იქ დაირწა. ადრე საქართველოში ხშირად ჩამოვდიოდი. 42 წელია წამოსული ვარ. 1972 წელს დავტოვე ჩემი დედულეთი. ბებიაჩემის ეზოს ხშირად სიზმარში ვხედავ. ქართული ენა რომ დამევიწყებინა, სირცხვილი იქნებოდა. დედა აჯიაშვილის ქალი იყო, მამა ბათუმიდან იყო, ბარდალაშვილი გვარად. მე აქ ვატარებ ბარდანის გვარს. მეუღლე ისრაელში შევირთე. ისიც საქართველოში დაბადებული ებრაელია. პედაგოგი გახლავთ. გვყავს ქალ-ვაჟი. გოგო დიპლომატია, ვაჟი - ოფიცერი. შვილებმა კარგად იციან ქართული. ორივე შვილი მსახურობდა ჯარში, გოგო საზღვრის დაცვის ცენტრში იყო. ბიჭი რამდენიმე წელია ოფიცერია და ახლაც წინა ხაზზე დგას. აქ ბევრს შენარჩუნებული აქვს ქართული ენა, ჩვენმა მეორე თაობამაც კარგად იცის ქართული. 60 წლის ვხდები და სულ ვამბობ, მე ვარ რჯულით ებრაელი და სულით ქართველი.

თეა ხურცილავა
temida
23 ივლისი 2014 23:15
ისრაელი არის ოკუპანტი, (დე ფაქტო, ღაზა ოკუპირებული ტერიტორიაა). და ის ხალხი, ვინც რუსებს ამტყუნებთ, რა ნამუსით იცავთ ისრაელს? ძალიან მაინტერესებს, რას ელოდება ისრაელი პალესტინელებისგან? პალესტინელი ბავშვი, რომელსაც თვალწინ უფეთქებ სახლ-კარს, უხოცავ და-ძმას, მშობლებს, რა გაიზრდება? ტერორისტი, ხო? ამით ხეირობს სწორედ ისრაელი. მერე გამოვა და, აი ხალხო, ტერორისტები მოსვენებას არ მაძლევენო, იძახის.
tsisana
23 ივლისი 2014 10:16
თამარ,ადვილია შორიდან ლაპარაკი და ისრაელების გაკრიტიკებამ, რომ უდანაშაულო ბავშვებს ხოცავენ. რადიკალები აქ ბევრად ნაკლებნი არიან, ვიდრე შენ გინდა, რომ იყვნენ. ხო, ჩვენთან ქალაქებში მსხვერპლი არ არის, მაგრამ ამის გამო ბოდიშს არ მოგიხდი არც შენ და არც შენისთანებს. ჩვენ რომ თავდაცვის საშუალებად "რკინის გუმბათი" არ გვქონოდა, ყოველდღიურად ასობით გამოსვრილ რაკეტას ისრაელის ასობით და ათასობით მოქალაქე შეეწირებოდა. პალესტინელ ბავშვებს დაბადებიდან ისრაელის და ებრაელების სიძულვილით ასაზრდოებენ. ჰამასის ტერორისტულმა დაჯგუფებამ ასობით მილიონი დოლარი ებრაელების ამოსახოცად და გასატაცებლად გვირაბების გათხრას მოანდომა იმის ნაცვლად, რომ თავის გაჭირვებულ ხალხს დახმარებოდა. ვინ არის იმაში დამნაშავე რომ ტერორისტები ბავშვებისა და ქალების ამოფარებულნი გვესვრიან რაკეტებს. მინდა ისიც იცოდეთ შენ და შენისთანებმა,როგორიც კალოა, ისრაელის ჯარის მსგავსი ჰუმანური ჯარი მსოფლიოში არ არსებობს. წარმოიდგინე, რომ ვიღაც შენს მოსაკლავად მოვიდეს და ხელი არ გაანძრიო და თავი არ დაიცვა. ეას იზამ, ჩვენ სიძულვილით არ ვსაზრდოობთ, მაგრამ ჩვენმა შავბედითმა ისტორიამ და წარსულმა გვაიძულა მტერს მტრულად მოვექცეთ. არ გისურვებ პალესტინელების მსგავს მტერს. მაგრამ გონების გახსნა და ლოგიკურად აზროვნება არ გაწყენს.
Tamari
18 ივლისი 2014 18:27
სამწუხაროა რაც ხდება. რესპოდენტმა სწორად ტქვა - ისრაელის მხარესაც არიანო რადიკალები , უფრო სწორად დზირიტადად ეგენი არიან და ცოტაა გონიერი და ღვტისნიერი ადამიანი. ამიტომაც იმ საწყალ პალესტინელებ, განსაკუტრებიტ კი ბავსჰვებს უმოწყალოდ ხოცავენ... უამრავი ვიდეოა ნეტში სადაც დაფლეთილი ბავშვებითაა მოფენილი დიდი ტერიტორიები... მერე ამ გამწარებული ხალხისგან რაღას ელიან? რომელ ჰუმანიზმზე იქნება აქ ლაპარაკი - სიმწარემ აზრი დააკარგვინა საწყლებს და თავადაც შურისძიებაზე არიან გადართული:(((( სამწუხაროა რომ არც ერთ მხარეს არ ყოფნის გონიერება ერთიანი და მშვიდობიანი თანასწორობისკენ გადადგან ნაბიჯები! :((( საშინლად მეცოდებიან პატარები - მომაკვდავი ბავშვების თვალებს რომ ვუყურებ ძალაუფლება და ომი უაზრო ჩანს.. ამაზე დიდი ბოროტება რაღა უნდა იყოს? თაობებს ანადგურებენ :(((

რედაქტორის რჩევით