"პროკურატურა პატარკაციშვილი-კოდუას საუბრის ჩანაწერზე ახალ დეტალებს გამოამზეურებს"
14-07-2014
"პროკურატურა პატარკაციშვილი-კოდუას საუბრის  ჩანაწერზე ახალ დეტალებს გამოამზეურებს"
რა გაუხსენა თარგამაძემ მარგველაშვილის ადმინისტრაციის უფროსს

"ის, რაც დავით პატარაიამ 2007 წლის ნოემბრის დღეებში გააკეთა, ჭკუათამყოფელი ადამიანი არ გააკეთებდა"


გასულ კვირას "იმედის" საინფორმაციო-პოლიტიკური პროგრამების ყოფილმა დირექტორმა გიორგი თარგამაძემ პროკურატურას ჩვენება მისცა. რა შეკითხვები დაუსვეს პროკურატურაში, ამ საკითხზე "კვირის პალიტრას" ექსკლუზიურად გიორგი თარგამაძე ესაუბრა:

- ჩემი ჩვენება არა მხოლოდ 2007 წლის 7 ნოემბერს უკავშირდებოდა, არამედ იმ მოვლენებსაც, რაც ტელეკომპანია "იმედის" მუშაობის პარალელურად დაიწყო. დაძაბულობის ესკალაცია ტელეკომპანია "იმედის" მფლობელსა და ხელისუფლებას შორის
დღითი დღეE მწვავდებოდა. ყოველივე ამის კულმინაცია კი 2007 წლის 7 ნოემბერი იყო. მე დეტალურად ვესაუბრე გამოძიებას იმის შესახებ, რაც წინ უსწრებდა 7 ნოემბერს, როგორც ძალადობრივი აქტის გამოხატულებას, რასაც ტელეკომპანიის დარბევა და ჟურნალისტებზე ანგარიშსწორება მოჰყვა. თუმცა, ამით არ შემოფარგლულა ჩემი ჩვენება. 

მე წლების განმავლობაში ვითხოვდი 2007
წლის 7 ნოემბრის შემდგომ "იმედში" განვითარებული მოვლენების გამოძიებასაც. ეს ჩემთვის არანაკლებ საინტერესოა, ვინაიდან მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩემი პოლიტიკური ოპონენტები ცილისმწამებლური განცხადებებით ლახავდნენ ჩემს რეპუტაციას.

ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საქმის ყველა დეტალი, ეპიზოდი გამოძიებულ იქნეს. მე ჩემს ჩვენებაში აღვწერე, თუ როგორ ვითარდებოდა მოვლენები როგორც 2007 წლის ნოემბერში, ასევე დეკემბერსა და იანვარში და განვმარტე ისიც, თუ რის გამო მივიღე ტელეკომპანიიდან წამოსვლის შესახებ გადაწყვეტილება. პრინციპში, ეს ჩემი ნებით არ მომხდარა, ეს მაშინდელი ტელეკომპანია "იმედის" მმართველის პირდაპირი მოთხოვნა იყო. ჩემთვის  დასმული შეკითხვებისას მოვისმინე ის, რის თაობაზეც სულმოუთქმელად ველოდები პროკურატურისგან საჭირო განცხადების გაკეთებას და შესაბამისი მასალების გამოქვეყნებას. ამით ბოლო მოეღება იმ უნამუსო მითებსა და ცილისწამებას, რაც წლების განმავლობაში ჩემსა და ჩემს მეგობრებზე ვრცელდებოდა.
ჩემთვის საინტერესოა ის ეპიზოდი, რომელიც კოდუა-პატარკაციშვილის იმ ავადსახსენებელ ჩანაწერს უკავშირდება. პროკურატურამ იცის, სინამდვილეში როგორ გაკეთდა ეს ჩანაწერი და რა გზა გაიარა.

გამოძიებისთვის ცნობილია მნიშვნელოვანი დეტალები. პროკურატურის წარმომადგენელთა კითხვები გირგვლიანის მკვლელობის შესახებ ჩვენ მიერ ჩატარებულ ჟურნალისტურ გამოძიებასაც უკავშირდებოდა, იმას, თუ ვინ გვიშლიდა ხელს ან ვინ გვეხმარებოდა და ა.შ. ასევე, გამოძიება დაინტერესდა, თუ როგორ ჩაგვივარდა ხელთ პატიმარ პლატონ მამარდაშვილისა და კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, გია დგებუაძის, "მასტერას" ფარული ჩანაწერი, რომლის გამოქვეყნებასაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და კიდევ ერთი მტკიცებულება იყო, თუ როგორ გეგმავდა სხვადასხვა სტრუქტურა ადამიანის ფიზიკურ ლიკვიდაციას.

- გამოძიებას ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების თაობაზეც ხომ არ ჰქონია შეკითხვები?
- დიახ, შეკითხვები მართლაც დაისვა, თუმცა, პასუხის გაცემა ბევრ რამეზე ახლა არ შემიძლია.

- პროკურატურამ ამჟამინდელ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსზე, დავით პატარაიაზეც თუ გკითხათ? 2007 წელს ის კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი იყო.
- პატარაია არავის უხსენებია, თუმცა, გამოძიება დაინტერესდა, 2007 წლის 7 ნოემბერს ჰქონდათ თუ არა სამართლებრივი კომუნიკაცია "იმედის" ხელმძღვანელობასთან სამართალდამცავ სტრუქტურებს ან მარეგულირებელ კომისიას. ეს მოხდა თუ არა მანამ, ვიდრე "იმედს" დაარბევდნენ? ჩვენ ისე შეგვიჩერეს მაუწყებლობა, რომ სახელმწიფოს, აღმასრულებელ ხელისუფლებასა და სამართალდამცავ უწყებებს საამისოდ არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდათ. ჯერ დაგვარბიეს და მერე უკან დაგვადევნეს კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება, რომელიც მაუწყებლობის შეჩერებას ითვალისწინებდა. ვგულისხმობ იმ დოკუმენტს, რომლის ძალითაც კომისიამ ტელეკომპანია "იმედი" ანტიკონსტიტუციურ ქმედებაში დაადანაშაულა. როგორც მახსოვს, ამ დოკუმენტს კომისიის ორი წევრი აწერდა ხელს და ერთ-ერთი სწორედ დავით პატარაია, პრეზიდენტის ამჟამინდელი ადმინისტრაციის უფროსი…იყო. ჩემი აზრით, მაშინ მარეგულირებელმა კომისიამ მიიღო სრულიად უკანონო გადაწყვეტილება და ეს იყო იმდროინდელი პოლიტიკური კონიუნქტურისა და ქვეყნის ხელმძღვანელობის მითითების პირდაპირი შესრულების შედეგი.

- ფიქრობთ, რომ დავით პატარაიაზე ზეწოლა მოახდინეს?

- ეჭვიც არ მეპარება. ცხადია, ნორმალური, ჭკუათამყოფელი და კანონის მცოდნე ადამიანი ასეთ რამეს ნებით არ გააკეთებდა.

P. S. ჩვენ ვცადეთ დავით პატარაიასთან გასაუბრება, მაგრამ მან კომენტარის გაკეთება არ ისურვა. "დავით პატარაია არ საუბრობს ამ თემაზე!" - გვითხრეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. მოგვიანებით კი ამ უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა წერილობით გვაცნობა (სტილი დაცულია): "2007 წლის 7 ნოემბერს ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მოსთხოვეს სასწრაფო სანქციების გატარება "ტელეიმედის" მიმართ, რასაც მთავრობა ხსნიდა ტელეკომპანიის მიერ კანონმდებლობის დარღვევით. 7 ნოემბერს კომისიის წევრებზე განხორციელდა ზეწოლა, კომისიის შენობაში იმყოფებოდა ძალოვანი სტრუქტურების მრავალი თანამშრომელი. როგორც ჩანს, ხელისუფლებას 7 ნოემბერს "იმედის" ლიცენზიის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა. ამის მიუხედავად, 7 ნოემბერს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მაინც არ მიიღო ტელეკომპანიისთვის ლიცენზიის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება, რითაც ხელისუფლებას "იმედზე" ზემოქმედებისთვის არ მისცა იურიდიული საფუძველი. მაშინ ყველა ღონისძიება ტელეკომპანიის მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილებით განხორციელდა.

8 ნოემბერს, როდესაც უკვე გამოცხადებული იყო საგანგებო მდგომარეობა და ტელეკომპანიის მიმართ კი ყველა სანქცია გატარებული, მთავრობის მოთხოვნის საფუძველზე კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ლიცენზიის დროებით შეჩერების შესახებ. ეს გადაწყვეტილება დავით პატარაიასა და კომისიის სხვა წევრებს უსამართლოდ მიაჩნდათ. ისინი შემდგომი დღეების განმავლობაში გადაწყვეტილების გაუქმებაზე მუშაობდნენ, რაც ძალიან სწრაფად მოიყვანეს სისრულეში (კომისიამ მოახერხა და 8 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა დეკემბრის დასაწყისში). ეს იყო ის, რაც კომისიის მაშინდელმა შემადგენლობამ იმ მძიმე დღეებში მოახერხა. დავით პატარაია არ ეთანხმებოდა ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და "ტელეიმედის" მიმართ განხორციელებულ ქმედებებს. კომისიის წევრისთვის მიუღებელი იყო დამოუკიდებელ მარეგულირებელ კომისიაზე ზეწოლა, რის გამოც დავით პატარაიამ გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო", - გვაცნობეს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან.
vvv
17 ივლისი 2014 21:49
თარგამაძე არის ყველა დროის ყველაზე დიდი მოღალატე.

რედაქტორის რჩევით