მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები
14-07-2014
მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები
ამომრჩევლის მოზიდვის ორიგინალური ხერხები

ბოლოს როდის ვიყავი არჩევნებზე, აღარც მახსოვს! რაც თბილისში ვცხოვრობ, ნაღდად არ ვყოფილვარ! ამის მთავარი მიზეზი დედაქალაქში რეგისტრაციის არარსებობა იყო. ახალი პირადობის აღება მეზარებოდა, თან არჩევნებზე რომ არ მივდიოდი, თავის გამართლების კარგი საშუალებაც იყო. ახალი ID-ბარათი დაახლოებით ერთი თვის წინ ავიღე, მაგრამ პირველ ტურზე მაინც არ წავედი. ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გამიჩინა ამის სურვილი, მაგრამ შაბათს მივედი და ხმაც მივეცი და აქ არც უგულავას დაჭერაა შუაში და
არც გამოცხადებული ფასდაკლებები.
ორივე ღონისძიება, ჩემი აზრით, კონტრპროდუქტიული გამოვიდა. ძნელია გადაჭრით ამტკიცო, რომ უგულავა მაინცდამაინც იმიტომ დაიჭირეს, რომ "ოცნებამ" რადიკალურად განწყობილ მხარდამჭერებს, ვინც ხელისუფლებას ე. წ. "სამართლიანობის აღდგენის" გაჭიანურების გამო შემოსწყრა, აჩვენა, მოქმედებას ვიწყებთ და ისევ დაგვიჭირეთ მხარიო, მაგრამ თუ ეს მართლაც ასეა, ამომრჩევლების მოზიდვის
ფრიად ორიგინალური ხერხი მოუგონიათ. როგორც უნდა იყოს, უგულავას დაჭერა წინასაარჩევნოდ არცთუ კარგი სვლა გამოვიდა. არც ის ვიცით, მისმა დაჭერამ ვინმეს გადააწყვეტინა თუ არა არჩევნებზე წასვლა, სამაგიეროდ, არჩევნების დემოკრატიულობას ჩრდილი მიადგა. მაშინ როდესაც ყველანი უპრეცედენტო მეორე ტურით ვამაყობდით, საერთაშორისო საზოგადოებრიობამ კითხვები უგულავაზე დაგვისვა.

უღირდა კი ეს ხელისუფლებას? რა დაშავდებოდა, დასრულებულიყო სასამართლო განხილვები და თუ დანაშაული დაუმტკიცდებოდა, მერე ჩაესვა სასამართლოს? ხომ ნახეს, რა ამბავი ატყდა ვანო მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობაზე, მაგრამ მერე, როცა სასამართლომ მიუსაჯა, ხმას აღარავინ იღებს.

კიდევ უფრო ორიგინალური ხერხი გამოდგა ბიზნესის ინიციატივა: რამდენიმე კომპანიამ შემოგვთავაზა, თუ არჩევნებზე წახვალთ, 20%-იან ფასდაკლებას მიიღებთო. მოკლედ, გვაჩვენეთ მარკირებული თითი და მიიღეთ ფასდაკლებაო! თითის ჩვენება იქით იყოს და რა არის ეს - მარკეტინგული გათვლა? ზოგი ბიზნესმენი საერთოდ დაიმალა და არაფერი თქვა, ზოგმა კიდევ მოქალაქეების წახალისება გადავწყვიტეთ, მოქალაქეობრივი ვალი რომ მოიხადონო. როდის მერე დაკავდა საქართველოში ბიზნესი სამოქალაქო აქტივობით? ასეთი რამ რაღაც არ გვახსოვს და ახლა რა ბუზმა უკბინათ? ეს არის ყველაზე საინტერესო კითხვა. თუ ეს მართლაც მათი ინიციატივაა, პრობლემას ვერ ვხედავ. ბიზნესს შეუძლია საკუთარი პროდუქციის რეკლამირებისთვის ყველანაირ ხერხს მიმართოს, მაგრამ თუ დაავალეს, უკვე ჭაკადაა საქმე. ისევ ზღაპარი ყოფილა ბიზნესის დამოუკიდებლობა!
მე კი არჩევნებზე წასვლა მარტივი მიზეზით გადავწყვიტე: ზოგჯერ დგება დრო, როცა არჩევანი არა ერთ-ერთი მხარის სასარგებლოდ, არამედ ერთ-ერთი მხარის საწინააღმდეგოდ უნდა გააკეთო.

გიგი და ახალი ინტელიგენცია

უგულავას დაპატიმრებამ რამდენიმე საინტერესო ტენდენცია გამოავლინა, მათ შორის, გაირკვა, რომ ამ კაცს უამრავი გულშემატკივარი ჰყოლია ხელოვანებს შორის. ჯერ ლაშა ბუღაძემ დაიწყო და მოჰყვა და მოჰყვა გულის ამაჩუყებელი წერილები: ნიკა რაჭველიო, მაცაცო სებისკვერაძეო, მომღერლებიო. გიგის ციხეში გამამხნევებელი წერილები გაუგზავნეს - შენ აკეთებდი უამრავ სიკეთეს და თბილისში კულტურას მფარველობდიო. ლამის ხელოვნების ერთადერთ მოამაგედ გამოაცხადეს. შეიძლLება გიგი ამ ადამიანებს მართლაც ეხმარებოდა, შეიძლება მართლაც უფინანსებდა ჩვენი ფულით პროექტებს და ისინიც თავს ვალდებულად თვლიან, გაჭირვებაში მხარში ამოუდგნენ. ეს არ არის ცუდი საქციელი, მაგრამ ამ ხელოვანების გულის ამაჩუყებელ წერილებს რომ ვკითხულობ, სულ შევარდნაძე და მისით აღფრთოვანებული ქართველი მწერლები და რეჟისორები მახსენდება. კიდევ, ლეგენდები იმის შესახებ, როგორ უწყობდა ხელს დისიდენტურ მწერლობას და რომ მისი დამსახურებაა, '"მონანიება"' რომ ეკრანზე გავიდა...
ეს რომ სოციალურ ქსელში დავწერე, ვიღაცებმა მომწერეს, განსხვავებას ვერ ხედავ, შევარდნაძეზე ამ ლეგენდებს მაშინ ჰყვებოდნენ, როდესაც ძალაუფლება ჰქონდა, გიგის კი ეს ხალხი გაჭირვებაში დაუდგა გვერდითო. დიდი ბოდიში, მაგრამ ამ ლეგენდებს შევარდნაძეზე ეს ხალხი მას შემდეგაც ჰყვებოდა, რაც ის გადააყენეს. რა, ჯანსუღ ჩარკვიანმა, რეზო ამაშუკელმა ან გიგა ლორთქიფანიძემ "ვარდების რევოლუციის" შემდეგ მასზე აზრი შეიცვალეს? მე ეს პარალელი იმიტომ კი არ გავავლე, რომ ვამტკიცებ, გიგი ამ ყველაფერს არ აკეთებდა-მეთქი. გიგიც ეხმარებოდა, ალბათ, ამ ხალხს და Aშევარდნაძეც, უბრალოდ, მარტო ნიკა რაჭველის ან კახუჩელას დახმარება არ ნიშნავს ქართული კულტურის მოამაგეობას და რაც მთავარია, ეს ვერ გადაფარავს მის დანაშაულს, თუ ეს ყველაფერი ჩადენილი აქვს. რაც უნდა ბევრი სიკეთე ჰქონდეს გაკეთებული გიგის ბიუჯეტის ფულით, 50 მილიონის მოპარვა და პარტიის სასარგებლოდ დახარჯვა მაინც მძიმე დანაშაული იქნება!

ივანიშვილის ახალი ამპლუა

ჯერ იყო ბიზნესმენი, მერე ქველმოქმედი, მერე ოპოზიციური პარტიის ლიდერი, მერე პრემიერ-მინისტრი, მერე სამოქალაქო საზოგადოების წევრი და ახლა გახდება ჟურნალისტი. რა თქმა უნდა, ის თავისუფალი ადამიანია და შეუძლია ის აკეთოს, რაც მოესურვება. რა თქმა უნდა, მას შეუძლია ერთ დღეს საჩხერის "ჩიხურას" მწვრთნელიც გახდეს (ამ გუნდსაც ის აფინანსებს), მაგრამ დამეთანხმებით, მისი გადაწყვეტილება ცოტა უცნაურია. ჯერ გვითხრა, რომ სამოქალაქო სექტორიდან აპირებდა ჩვენს განათლებას, თუმცა, ლამის ერთი წელია იქ არის და საერთოდ არ აქტიურობს.

საინტერესოა, რა ერქმევა მის გადაცემას. ასევე საინტერესოა ფორმატი. ეყოლება თუ არა სტუმრები? თუ ეყოლება, საინტერესო იქნება მის ეთერში ირაკლი ღარიბაშვილის ხილვა. რა მწვავე შეკითხვებს დაუსვამს? "ნაციონალებს" თუ მიიწვევს გადაცემაში? საინტერესო სანახავი იქნებოდა მიშას ჩართვა კიევიდან ივანიშვილის სტუდიაში.
მოკლედ, ინტრიგა ნამდვილად არის. ასევე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მის გადაცემას მაღალი რეიტინგი ექნება, რადგან ყველას დააინტერესებს, რას იტყვის  მთავრობაზე. GDშ-ისთვის ეს კარგი შანსია, რომ რეიტინგი აიმაღლოს. თუმცა, ბოლო სკანდალმა, რომელიც ამ ტელევიზიაში გასულმა შოუმ გამოიწვია, სადაც დრამერი ორი წაკუზული მანდილოსნის ნახევრად შიშველ უკანალზე უკრავდა რაჭულ სიმღერას, დიდი ვნებათაღელვა და პროტესტი გამოიწვია. გაბრაზდნენ როგორც ქართველობის, ისე ადამიანის უფლებების დამცველები. ერთნი მათ ქართული ფოლკლორის წაბილწვაში, ხოლო მეორენი სექსიზმსა და ქალის უპატივცემლობაში ადანაშაულებდნენ. ახლა კი ამ არხს, რომელიც აქამდე გასართობ გადაცემებზე იყო ორიენტირებული, საინფორმაციო გამოშვებები და ივანიშვილს ანალიტიკური შოუ დაემატება. ძალიანაც კარგი, მაგრამ ერთი კითხვა მაინც დამრჩა: თუ ამ კაცს საინფორმაციო და ანალიტიკური გადაცემები უნდოდა, რაღას ხურავდა მეორეჯერ "მეცხრე არხს"? როგორ, ვინმე უარს ეტყოდა ამ ტელევიზიაში გადაცემის წაყვანაზე?
gavazeli
18 ივლისი 2014 18:51
მამუკა,
მე სხვა ინფორმაცია მაქვს:
1) ნაცების ჟიმჟიმი;
2) ბოღმამ არ გაგხეთქოთ;
3) იყო დრო და მომენტი გულაობდა დომენტი
4) ნაცებო მემთხვიეთ ერთ ალაგას.

გეყოფა, თუ გავაგრძელო?
Manukau
18 ივლისი 2014 18:40
ძალიან ბლაგვი იუმორია.
მამუკა
18 ივლისი 2014 16:51
როგორც ბიძინას გარემოცვიდან გამოჟონა, საკუთარი გადაცემისთვის ივანიშვილს სახელის რამდენიმე ვარიანტი აქვს მოფიქრებული:
1. "აზრზე მოდი,დეპუატატო";
2. "ბიძოს პარადიგმა";
3. "უნიღბო ბიძინა";
4. "ჭორვილური გამბიტი";
5. "ბოღმიანი კაცის შოუ";
6. "რიგითი ღარიბაშვილის გადასარჩენად";
7. "ბიძინას აისიდან, ირაკლის დაისამდე"...



რედაქტორის რჩევით