"შესაძლოა, ლელა კილაძის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს" - კვირის პალიტრა

"შესაძლოა, ლელა კილაძის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს"

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სახელწიფო აუდიტის სამსახურმა მთავარ პროკურატურას გაუგზავნა ანგარიში, რომელიც 2006-2010 წლებში საახალწლო დღესასწაულებზე ქალაქის გაფორმებისთვის თბილისის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების განკარგვას შეეხება.

ამ ინფორმაციის თანახმად, სახელმწიფო აუდიტს დაებადა კითხვა, ხომ არ ჩატარდა ტენდერები (საახალწლო აქსესუარების შესაძენად) ფორმალურად, რაც არაკონკურენტული გარემოს შექმნას, მოწოდებული საქონლისა და სამუშაოების ღირებულებებზე გარიგებებს არ გამორიცხავს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შესაძლოა, სამართალდამცველებს კითხვები გაუჩნდეთ უგულავას მეუღლე ლელა კილაძის მიმართ, რომელიც რამდენიმე წლის წინ მერიაში კულტურულ ღონისძიებებს კურატორობდა. საკრებულოს არაერთი წევრი ადრეც სთხოვდა მერიას ინფორმაციას საახალწლო მორთულობის ხარჯების, შემსყიდველებისა და მომწოდებლების შესახებ, მაგრამ ამაოდ. ამ საკითხებზე "კვირის პალიტრა" ესაუბრა იმჟამინდელ საკრებულოს წევრებს კახა კუკავასა და ზაზა გაბუნიას.

კახა კუკავა: - არაერთხელ მითქვამს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ელიტური კორუფცია ყვაოდა. "ნაციონალური მოძრაობა" რომ ფულს ათეთრებდა შესყიდვებში და "ატკატებით" აფინანსებდა პარტიას, ამაზე 9 წელია ვლაპარაკობ.

ცხადია, სახელმწიფო აუდიტის ანგარიში უნდა შეისწავლოს საგამოძიებო ორგანომ, თუმცა, ასე არ არის. არჩევნების წინ ასეთი ინფორმაციის ულუფებად გამოქვეყნება არის არა კორუფციასთან ბრძოლა, არამედ პოლიტიკური კორუფცია! თუ როგორ ხდებოდა საახალწლო ღონისძიებების გატარების საბაბით დედაქალაქის ბიუჯეტიდან ფულის "მოტეხვა", სახელმწიფო ორგანოებმა ადრეც მშვენივრად იცოდნენ. ცხადია, ამ ყველაფერს არჩევნებამდე ერთი დღით ადრე არ გაიგებდნენ.…ჩემთვის მნიშვნელოვანია არა კომპრომატების ომი, რომელსაც ორი მხარე ("ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნება") სიცილიური მაფიის მსგავსად აწარმოებს, არამედ სიმართლის დადგენა.

ზაზა გაბუნია: - ყოველ წელს ვთხოვდი თბილისის მერიას დეტალურ ინფორმაციას, თუ რა დაჯდა ესა თუ ის საახალწლო გაფორმება, უხარისხო გირლანდები, განათებები და ა.შ. დეტალური ინფორმაცია არასდროს მიმიღია, მხოლოდ გაწეული ხარჯის ამსახველ ზოგად ციფრს მისახელებდნენ. ახლახან გავიგე, რომ თურმე ასეთ საკითხებს ლელა კილაძე კურირებდა. რასაკვირველია, აუდიტის ანგარიში პროკურატურამ საფუძვლიანად უნდა შეისწავლოს და ვერც იმას გამოვრიცხავ, რომ შესაძლოა, ლელა კილაძის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.