ტერორისტული ნარკოკარტელი "ჰეროინის ომს" გამოგვიცხადებს?! - კვირის პალიტრა

ტერორისტული ნარკოკარტელი "ჰეროინის ომს" გამოგვიცხადებს?!

შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად საერთაშორისო ნარკოტრეფიკის ფაქტი გამოავლინეს. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა სატვირთო ავტომობილის ჩხრეკისას დაახლოებით 2 ტონა და 790 კილოგრამი თხევადი ჰეროინი (სპეციალისტთა ინფორმაციით, მისი ღირებულება დაახლოებით 400-500 მლნ დოლარი იყო) აღმოაჩინეს, რაც უპრეცედენტო ფაქტია. გამოძიებამ დაადგინა, რომ სატვირთო ავტომობილი საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან შემოვიდა და თურქეთის მიმართულებით მიდიოდა. სამართალდამცველებმა სატვირთო ავტომობილიდან 93 ერთეული 30-კილოგრამიანი კასრი (წარწერით "თხევადი საპონი") თხევადი ჰეროინი ამოიღეს. საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის წინასწარი ცნობით, ნარკოტიკული საშუალება შეიცავს 80% სუფთა ჰეროინს. დაკავებულია საქართველოს ორი მოქალაქე და გამოძიება მიმდინარეობს ნარკოტიკული საშუალების უკანონო ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის ფაქტზე.

ჯემალ ჯანაშია, უშიშროების გენერალ-მაიორი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი: - შეიძლება დავასკვნათ, რომ საქართველო ჩამოყალიბდა ნარკოტიკების ტრანზიტის კლასიკურ სივრცედ. ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ასეთი ტრაილერები ამა თუ იმ მიმართულებით არაერთია გასული. ნარკობიზნესს დიდი ლატენტურობა ახასიათებს. შეიძლება 8-10 შემთხვევიდან 1 აღმოაჩინონ, ისიც თუ ოპერატიულმა სამსახურებმა კარგად იმუშავეს. ქართულმა ოპერატიულმა სამსახურებმა საერთაშორისო სამსახურებთან ერთად კარგად იმუშავეს. ტვირთმა გამოიარა ავღანეთი, ირანი, აზერბაიჯანი და ჩვენს ტერიტორიაზე დააკავეს. დარწმუნებული ვარ, ოპერაციაში ჩართული იყო ძალიან ბევრი ქვეყნის სამართალდამცავი სტრუქტურა. თურქეთის მერე ვინ იყო ამ ტვირთის მიმღები, აღარ გაირკვევა, ეს რგოლები საქართველოში ჩაიკეტა.

ვფიქრობ, თხევადი ჰეროინი წესით იმ ადგილამდე უნდა მისულიყო, სადაც მას დაასაწყობებდნენ (ბოლო წერტილი ევროპის რომელიმე ქვეყანაა). მიმღებმა იცის, როგორ გააკეთოს მისი რეალიზაცია - დეკრისტალიზაცია მოახდინოს, ანუ ააორთქლოს მასში არსებული სითხე და მიიღოს სუფთა კრისტალური, პუდრისმაგვარი ნივთიერება. ასეთი სახით ჰეროინის გამოშვება კვალის არევას ისახავდა მიზნად, მუდმივად მოდიოდა შეფუთული პუდრის სახით. ეს მეთოდი შარშან აქ უკვე "დაიწვა" და ნარკობიზნესმენებმა ჩათვალეს, რომ ტვირთი ხსნარის სახით აზერბაიჯანის ვექტორზე გაეშვათ, რათა ეჭვი არ აეღოთ. მაგრამ აშკარად ჩანს, რომ საიდანაც ეს ტვირთი გამოგზავნეს, იქიდან მოდიოდა უკვე ინფორმაცია.

- თქვენი აზრით, ვინ შეიძლება იდგეს ამ ოპერაციის უკან, გამორიცხავთ ნარკოკარტელთან ქართული მხარის თანამზრახველობას?

- არა მგონია, ნარკოდილერებს აქ მაღალ ეშელონებში თანამზრახველები ჰყავდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ინფორმაცია გამოჟონავდა. გამომშვები არის საერთაშორისო ნარკობიზნესი, ის ყოველწლიურად ნახევარ ტრილიონ დოლარს შოულობს ამ უკანონო ნარკობიზნესით.

- როგორც ვიცით, წინა ხელისუფლების დროს, აშშ-ის ადმინისტრაციის ანგარიშში საქართველო როგორც ნარკოტიკების სატრანზიტო სივრცე მოხვდა..

- წინა ხელისუფლების დროს გაუქმდა ნარკობიზნესთან ბრძოლის ეროვნული ბიურო, სპეციალური, ცალკე დანაყოფი, რომელიც მე შევქმენი, მე ვიყავი მისი პირველი ხელმძღვანელი. ის მხოლოდ ნარკობიზნესს ებრძოდა და ერთ-ერთი უძლიერესი ოპერატიული სამსახური იყო. მართალია, იყო ხარვეზები, მაგრამ სრულყოფისა და გაძლიერების ნაცვლად, ის გააუქმეს.

-  გასულ წელს სომხეთიდან შემოსული ჰეროინის პარტიები ამოიღეს ახალციხეში. იქნებ აგვიხსნათ, რამდენი და რომელი მარშრუტებითაა შესაძლებელი საქართველოში ნარკოტიკების გავრცელება?

- საქართველოში დღეს ნარკოტიკების გავრცელება და უკანონო ტრანსპორტირება რამდენიმე მარშრუტითაა შესაძლებელი: 1. ჩრდილო ოსეთიდან საქართველოს სამხედრო გზის გავლით (ყაზბეგი- დუშეთი-მცხეთა-თბილისი, ფოთი, შემდგომ თურქეთი ან ევროპა); 2. ჩრდილო ოსეთიდან როკის გვირაბით (ცხინვალი-გორის ტერიტორია, თბილისი ან დასავლეთ საქართველოსკენ); 3. იგივე მარშრუტი, ოღონდ დასავლეთ საქართველოს ნაცვლად, ტვირთი შეიძლება წავიდეს ახალციხის ან ახალქალაქის საბაჟოსკენ; 4. ირანი-სომხეთი-საქართველო (შემდგომ შავი ზღვის პორტებით თურქეთისკენ ან ევროპაში); 5. აზერბაიჯანიდან საქართველოს ტერიტორიის გავლით; 6. აფხაზეთიდან ზუგდიდის ტერიტორიის გავლით აკრძალული ტვირთები მიედინება თბილისისკენ, ხოლო აფხაზეთის პორტებიდან თურქეთის პორტებისკენ. საერთაშორისო ნარკობიზნესი მიხვდა, რომ ახლა სომხური ვექტორი ჩაიკეტა და აზერბაიჯანის ვექტორი აამუშავეს.

- რა საფრთხეების წინაშე დგას საქართველო და მათი თავიდან აცილების რა პრევენციული ზომებია მისაღები?

- პირველი საფრთხე ის არის, რომ ყველაგატარებული ტვირთის გარკვეული ნაწილი დარჩება საქართველოში. ერთ კასრში არის 30 კგ ჰეროინი, 5 გ კი 50-70 კაცს ჰყოფნის და გამოდის, ერთი კასრი დაახლოებით 2 მილიონ მომხმარებელს ეყოფოდა; მეორე - თუ ჩვენ ჩამოგვიყალიბდა ნარკოტიკების სატრანზიტო ქვეყნის იმიჯი, ეს ჩვენთვის პოლიტიკურადაც და ეკონომიკურადაც წამგებიანია. აშშ-ის ადმინისტრაციას აქვს იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებიც ეფექტურად არ ებრძვიან ნარკობიზნესს და ამიტომ ხდება ინვესტიციების შეზღუდვა და ხილვადი და უხილავი სანქციების დაწესება. საფრთხეების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია, საქართველოში აღდგეს ნარკობიზნესთან ბრძოლის დეპარტამენტი ან ადმინისტრაცია, რომელიც მობილიზაციას გაუკეთებს ყველა ინფორმაციას, გააანალიზებს და მათ რეალიზაციას მოახდენს.

ვახტანგ მაისაია, პოლიტოლოგი, სამხედრო ექსპერტი: "დარწმუნებული ვარ, ეს ტვირთი ავღანეთიდან წამოვიდა. არ არის გამორიცხული, ჰეროინი უშუალოდ თალიბებისგან  მოდიოდეს, ან ავღანეთში მოქმედი ნარკომაფიოზური ჯგუფებისგან (რომლებიც მჭიდრო კავშირში არიან თალიბებთან). დღეს თალიბებს ჰაერივით სჭირდებათ დიდი ფინანსები ახალი მებრძოლების დასაქირავებლად, შეიარაღებისთვის, რათა რაც შეიძლება მალე დაამხონ პროამერიკული ხელისუფლება. თალიბებმა ფულის საშოვნელად გამონახეს ყველაზე მოკლე ნარკოტრასა: ავღანეთი, თურქმენეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთი და მერე უკვე ევროპა.  აშკარაა, რომ ვიღაცამ გარისკა და გამოიყენა საქართველოს ძველი იმიჯი, როცა ეს ტრასა მათთვის სტაბილურად გამტარი იყო".

იოსებ ზაალიშვილი, ექსპერტი ახლო აღმოსავლეთისა და ისლამური ტერორიზმის საკითხებში: "საქართველოსთვის საშიშროება იმაში მდგომარეობს, რომ როგორც ლაფანყურის შემდეგ დაიწყო მუქარა საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების მისამართით, შეიძლება ახლაც იყოს დესტაბილიზაციის მცდელობა ამოღებული ნარკოტიკების პატრონისგან. აშკარაა, რომ 3 ტონა ტვირთი საქართველოში არ რჩებოდა, მას პატრონი ჰყავდა - გამომშვები და მიმღები. არ არის გამორიცხული, ამ ხალხმა დიდი პრობლემები შეგვიქმნას და "ჰეროინის ომი" გამოგვიცხადოს. დარწმუნებული ვარ, ნარკოკარტელი პირდაპირ კავშირში იქნება ტერორისტულ ორგანიზაციებთან.

არ დაგვავიწყდეს, რომ ერაყში ისლამისტების მხარეზე საქართველოს მოქალაქეებიც იბრძვიან, მოჯაჰედებში დიდი გავლენა აქვთ და ამ დროს 3 ტონამდე ნარკოტიკი შემოდის საქართველოს გავლით თურქეთში.

ხელისუფლებამ ამ ფაქტორს ყურადღება უნდა მიაქციოს".

ვახტანგ ქუთათელაძე, უშიშროების ყოფილი მინისტრი: "ამ მოვლენის უკან, ფაქტია, გავლენიანი ძალები დგანან. ასეთი დიდი რაოდენობით ნარკოტიკის ტრანზიტს ამდენ ქვეყანაში, უდიდესი გავლენა და ძალიან დიდი ფული სჭირდება. არც ერთი ნარკოკარტელი არ გარისკავს ტონობით ნარკოტიკის ტრანზიტს მანამ, ვიდრე არ ექნება შესწავლილი ეს ტრასა. თავისთავად საქართველოსაც გამოიყენებდნენ, პატარ-პატარა პარტიებით შეამოწმებდნენ ტრასას. ასეთი ტრანზიტი ხორციელდება მხოლოდ და მხოლოდ მრავალწლიანი დაკვირვებისა და შემოწმების შემდეგ. მეპატრონეებს საქართველოშიც ეყოლებოდათ თანამზრახველები, წინააღმდეგ შემთხვევაში, არავინ გარისკავს გაუკვალავ გზაზე ბრმად, შეუმოწმებლად გაატაროს ამ რაოდენობის ნარკოტიკი.

ამაში შესაძლოა, ჩართულნი იყვნენ როგორც სამართალდამცავები, ასევე კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები".

ნანა ფიცხელაური