"იარაღი უგულავამ ჩამიდო" - კვირის პალიტრა

"იარაღი უგულავამ ჩამიდო"

"ვანომ შეასრულა მუქარა - გამანადგურა"

გასულ კვირას მთავარმა პროკურატურამ აჭარის უშიშროების მინისტრის ყოფილი მოადგილე გოგი კუპრეიშვილი დაჰკითხა. არ არის გამორიცხული, კუპრეიშვილის ჩვენების საფუძველზე გიგი უგულავას ბრალი დაუმძიმდეს. საქმე ეხება "აჭარის რევოლუციის" შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, როცა უგულავა საქართველოს უშიშროების მინისტრის მოადგილე იყო.

გოგი კუპრეიშვილი: - "ნაციონალებმა" აჭარის რევოლუციის შემდეგ აჭარის უშიშროების სამინისტროდან გაზიდეს ყველაფერი: ძვირად ღირებული ტექნიკა, ჭურჭელი და ა.შ. ამას ვადასტურებ. სად წაიღეს, გამოძიებამ დაადგინოს.

- თქვენ როგორ დაგაკავათ უგულავამ?

- ჯერ კიდევ 2004 წლის 5 მაისს ჩემს წინააღმდეგ ორი სისხლის სამართლის საქმე აღძრეს: პირველი - ვახტანგ კომახიძის ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელშეშლის, ხოლო მეორე საქართველოს პრეზიდენტზე ტერაქტის მცდელობის ორგანიზების ბრალდებით. ვხვდებოდი, ცენტრალურ ხელისუფლებასაც გაუჭირდებოდა ჩემთვის დანაშაულის დამტკიცება, ამიტომ მინდოდა, "ნაცმოძრაობის" ლიდერებთან მელაპარაკა. შემატყობინეს, ჩოლოქთან ზურაბ ადეიშვილი გელოდებაო. წავედი, იქ გივი თარგამაძე დამხვდა, მან კი გიგი უგულავასთან მიმიყვანა. ამ უკანასკნელმა მაშინვე გასცა განკარგულება, გაჩხრიკეთ და წაიყვანეთო. მთელი ღამე ფოთის უშიშროების სამხედრო კონტრდაზვერვის ოთახში გამატარებინეს, ტელეფონიც წამართვეს. ფაქტობრივად, უკანონოდ აღმიკვეთეს თავისუფლება. მეორე დღეს დამიბრუნეს ტელეფონი და ჩართვის უფლებაც მომცეს. 6 მაისს წამომიყვანეს თბილისში, რასაკვირველია, დაცვით და მაშინდელი უშიშროების საბჭოს მდივანთან, ვანო მერაბიშვილთან მიმიყვანეს. ვიჩხუბეთ, ცუდი სიტყვები ვუთხარით ერთმანეთს და ერთმანეთზეც კი გავიწიეთ. ვანომ მითხრა, დამთავრებულია შენი საქმე, გაგანადგურებ, ახლა კი დაკავებული ხარო. გადამიყვანეს მოდულში და დაკავების ოქმის შედგენის გარეშე…საკანში ჩამსვეს. 8 მაისის ჩათვლით უკანონოდ ვიყავი დაპატიმრებული და 9 მაისს ჩემმა ადვოკატმა ეს გაასაჩივრა.

ორივე ის ბრალდება უსუსური რომ გამოდგა, ახალი შეთითხნეს. ერთი ეხებოდა თენგიზ ასანიძის უკანონოდ დაპატიმრებას, მეორე კი არალეგალურად იარაღის შენახვას. არადა, თანამდებობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩემზე არასდროს ყოფილა დამოკიდებული ასანიძის ციხიდან გაშვება-არგაშვების საკითხი. ვითხოვდი კიდეც, პროკურატურასა და სასამართლოს განემარტა ჩემი უფლებამოსილება, რასაც პრინციპულად არ აკეთებდნენ. რაც შეეხება იარაღს, რომელიც თითქოსდა ჩემი კაბინეტის მოსასვენებელ ოთახში აღმომიჩინეს, ის თავად უგულავამ ჩამიდო. 10 მაისს ჩატარდა ჩხრეკა და ამ დროს უგულავა უკვე იჯდა ჩემს ყოფილ კაბინეტში და გასცემდა ბრძანებებს. სხვათა შორის, ამ საქმეზე უკვე დაჰკითხეს გივი თარგამაძე და გიგი უგულავა. თუმცა, მათ ცრუ ჩვენებები მისცეს, მაგრამ ჩემი სიმართლე სხვა მტკიცებულებებით მაინც დასტურდება. უსამართლოდ მომისაჯეს 8 წელი და ბიუჯეტის სასარგებლოდ 370 ათასი ლარის გადახდა დამაკისრეს; ჩამომართვეს ქონება, რაც დეკლარაციაში მქონდა შეტანილი: სახლი სოფელში, ბინები ბათუმში და ა.შ. ვანომ შეასრულა მუქარა - გამანადგურა. წელიწადი და ერთი თვე ცოლ-შვილის ნახვის უფლებას არ მაძლევდნენ. 4 წელი, 7 თვე და 5 დღე გავატარე ციხეში და პატრიარქის ძალისხმევით შემიწყალეს. ახლა მწარედ მეღიმება, როცა "ნაციონალები" გაიძახიან, გიგი უგულავა უსამართლოდ დააკავეს, პოლიტიკური ანგარიშსწორებააო.