"...ხალხი თავის კონსტიტუციურ უფლებას გამოიყენებს და აჯანყდება" - კვირის პალიტრა

"...ხალხი თავის კონსტიტუციურ უფლებას გამოიყენებს და აჯანყდება"

"მერის არჩევნებში მერობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ცესკოს თავმჯდომარე დანიშნა"

"თუკი უგულავა ხელისუფლებაში მოვა, პირველი, რასაც გააკეთებს, სააკაშვილის გასამართლება იქნება"

"ცესკოს თავმჯდომარედ ზურაბ ხარატიშვილის არჩევა მიხეილ სააკაშვილის რამდენიმესვლიანი კომბინაცია იყო", - აცხადებს კონსერვატორთა ერთ-ერთი ლიდერი კახა კუკავა.

- საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მხოლოდ საქართველოში კი არა, ქვეყნის გარეთაც არავის სჯერა, რომ ეს ხელისუფლება სამართლიანად არის არჩეული. ამიტომ სააკაშვილს სამართლიანი არჩევნების ფასადის შექმნა სჭირდება. ამისათვის პირველი ნაბიჯი იყო განცხადება, სამ კანდიდატს წარმოვადგენ და რომელიც უნდა, აირჩიოს ოპოზიციამო. სამი კანდიდატი, რომელიც ხელისუფლებამ დაასახელა, ცხადია, მისთვის მისაღები იქნებოდა. როდესაც ხელისუფლებამ უარი თქვა ისეთ კანდიდატებზე, რომელთაც არჩევნებზე დაკვირვების 8-9-წლიანი გამოცდილება ჰქონდათ და დასახელდა ლევან თარხნიშვილი, რომლის გამოც ლამის რევოლუცია მოხდა და ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მანდატები დაჭრეს,  სააკაშვილი საერთაშორისო ასპარეზზე ძალიან დაზარალდა.  მეორე მაქინაცია იყო ხელისუფლების მინიშნებები, თუ სამი კანდიდატიდან რომელიმეს არ აირჩევთ, თარხნიშვილს დავნიშნავთო.

იმედი ჰქონდათ,  ამით ოპოზიციის 4 ხმას მიიმხრობდნენ და ცესკოს თავმჯდომარის დანიშვნაზე პასუხისმგებლობას ოპოზიციას დააკისრებდნენ. სააკაშვილი მსოფლიოს ჰპირდებოდა, რომ ცესკოს თავმჯდომარედ კომპრომისული პირი დაინიშნებოდა და პირობა არ შეასრულა. ხელისუფლების მესამე, დამაგვირგვინებელი მაქინაცია იყო ლევან თარხნიშვილის მიერ საკუთარი კანდიდატურის მოხსნა. თავიდანვე ვვარაუდობდი, რომ თარხნიშვილის დანიშვნას ვერ გაბედავდნენ, რომ მისი გვარი ოპოზიციის "დასაშინებლად" დასახელდა. დიპლომატიური კორპუსის რამდენიმე წარმომადგენელთან უკვე მოვასწარი შეხვედრა და ვისაც ილუზია ჰქონდა, რომ საარჩევნო კოდექსზე მუშაობა პროგრესს მოიტანდა, საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ეს ფაციფუცი მხოლოდ ფასადის გადაღებვაა და მის უკან არაფერი დგას.

ცესკოს ახალ თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილს შეხება არასოდეს ჰქონია არჩევნებთან.  ის პირადად გიგი უგულავას კანდიდატურაა. ხარატიშვილი წარმოადგინა არასამთავრობო ორგანიზაცია "ალპემ", რომლის დამფუძნებელიც გიგი უგულავაა. წარმოგიდგენიათ, ასეთი რამ მხოლოდ საქართველოში შეიძლება მოხდეს, მერის არჩევნებში მერობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ცესკოს თავმჯდომარე დანიშნა! ხომ ცხადია, რომ ხარატიშვილი ჯიბის თავმჯდომარე იქნება.

ოპოზიციამ მაინც უნდა მოიგოს არჩევნები, მიუხედავად იმისა, რომ გიგი უგულავა მერიის 700-მილიონიან ბიუჯეტს თავისი საარჩევნო კამპანიისთვის იყენებს. ამისათვის  აუცილებელია, არჩევნებზე ერთიანი კანდიდატურით გამოვიდეთ.

- მაგრამ ოპოზიციაში სწორედ ერთიანობის პრობლემა დგას ყველაზე მწვავედ.

- გეთანხმებით. ოპოზიციის ნაწილი ერთიანი კანდიდატის იდეის დისკრედიტაციას ცდილობს. ზოგიერთი ოპოზიციონერი აცხადებს, ერთიანი კანდიდატი სისულელეა, პრაიმერი კი ხელისუფლების თამაში, როგორ შეიძლება სხვადასხვა იდეოლოგიის პარტიებს ერთიანი კანდიდატი ჰყავდეთო. ჩვენი აზრით კი, პოლიტიკური მიდგომებისა და განსხვავებების მიუხედავად, მაინც უნდა მოვახერხოთ ერთი იდეის გარშემო გაერთიანება. ჩვენთვის მთავარია საქართველო სააკაშვილის გარეშე. ზოგიერთი ოპოზიციური ძალისთვის კი, კერძოდ, რესპუბლიკელებისთვის, გაცილებით აქტუალურია საქართველო ნოღაიდელისა და ოქრუაშვილის გარეშე.  28 მარტამდე დრო გვაქვს.

- ბოლო დროს რესპუბლიკელები და კონსერვატორები რატომ ხართ წაკიდებული?

- ეს საარჩევნო კამპანიის ფორმაა, რომელსაც ყველა ძალა თავად ირჩევს. მოწინააღმდეგის ლანძღვა ჩვენ არ აგვირჩევია.

- მერობის კანდიდატთა შორის არ არის ლევან გაჩეჩილაძე, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებზე თბილისში გაიმარჯვა. რატომ თქვით მასზე უარი?

- უარი არ გვითქვამს. მას ახალი წლის დადგომამდე შევხვდით და შევთავაზეთ პრაიმერში მონაწილეობა. ლევანმა თქვა, კონსულტაციებს გავაგრძელებ პოლიტიკურ ძალებთან, რადგან ჩემთვის ყველას აზრი მნიშვნელოვანიაო. თუ ოპოზიციამ მოახერხა პრაიმერით ერთი კანდიდატის გამოვლენა, არჩევნებზე გავალთ ერთიანი ძლიერი გუნდით, რომელიც, ფაქტობრივად, დაუმარცხებელი იქნება.

- ბოლო დროს კონსერვატორები ნოღაიდელთან ერთად ხშირად ჩანხართ. მახსენდება, რამდენიმე თვის წინ თქვენმა თანაპარტიელმა ბიძინა გუჯაბიძემ საჯაროდ რომ აუკრძალა ნოღაიდელს მიტინგზე მოსვლა. რა მოხდა, ნოღაიდელი შეიცვალა და უწინდელი  წარსული აღარა აქვს?

- უცნაურია, რომ ზოგიერთი პარტიის წევრები, რომლებიც თავად იყვნენ შევარდნაძისა და სააკაშვილის ხელისუფლებაში, დღეს ნოღაიდელს იმის გამო იწუნებენ, რომ შევარდნაძის ფინანსთა მინისტრი და სააკაშვილის პრემიერ-მინისტრი იყო. თუ ყველას ამ კრიტიერიუმით მივუდგებით, მაშინ ქართული პოლიტიკიდან უნდა გავაძევოთ ნინო ბურჯანაძე, ირაკლი ოქრუაშვილი, ირაკლი ალასანია, სალომე ზურაბიშვილი და გოგა ხაინდრავა. განცხადება, რომელიც თქვენ გაიხსენეთ, არ ყოფილა ბიძინა გუჯაბიძის ინიციატივა. მას მხოლოდ ამის გამოცხადებამ მოუწია. მართებული არ იქნება, ოპოზიციის დაქუცმაცება დავიწყოთ იმ ნიშნით, ვის რა თანამდებობა ეკავა.

- დამთხვევაა, რომ კონსერვატორები ნოღაიდელს მოსკოვში ბოლო ვიზიტის შემდეგ განსაკუთრებით დაუახლოვდით?

- ასე არ არის. ოქტომბერში გავაფორმეთ პრაიმერის ინტერპარტიული ჯგუფი და იქ ნოღაიდელის წარმომადგენელიც შედიოდა. მოსკოვში ნოღაიდელის ვიზიტის შემდეგ ზოგიერთმა ოპოზიციურმა პარტიამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნოღაიდელს ჯაშუშის იარლიყი მიაკრეს. კონსერვატორების აზრით, ეს ყველაზე უღირსი ნაბიჯია, რომელიც შეიძლება გადაიდგას საარჩევნო კამპანიის დროს.

- ზოგიერთი ოპოზიციონერის აზრით, ნოღაიდელი პუტინის გაკეთილშობილებას ცდილობს.

- უკაცრავად, მაგრამ ვლადიმირ პუტინს მიხეილ სააკაშვილი არ შეხვდა? აფხაზეთის ომის მერე (რომელმაც გაცილებით ბევრი ჩვენი თანამემამულე შეიწირა) შეიძლებოდა რუსეთთან ლაპარაკი და ახლა არა? სინამდვილეში ეს ხელისუფლების ისტერიაა. რუსეთთან პრობლემები გვაქვს, ნოღაიდელის აზრით კი, ეს დიპლომატიური მოლაპარაკების გზით უნდა მოგვარდეს, სააკაშვილი კი გვთავაზობს, რუსეთს არ ველაპარაკოთ ჩვენთვის მტკივნეულ თემებზე. ისინი, ვინც დღეს ჯაშუშს უწოდებენ ნოღაიდელს, რუსეთის საელჩოს მეოთხე თუ მეხუთე რანგის ჩინოვნიკებთან იყვნენ მოლაპარაკებაში ჩართული. მიუხედავად ამისა, პრაიმერის კარი მათთვისაც ღიაა, ვინც გვლანძღავენ და ჯაშუშებს გვიწოდებენ.

- ნოღაიდელმა პროგნოზი გააკეთა, არჩევნები გაყალბდება, ამას კი აჯანყება და რევოლუცია მოჰყვებაო.

- თუ ხარატიშვილი თარხნიშვილივით გააგრძელებს მუშაობას, ვფიქრობ, ხალხი თავის კონსტიტუციურ უფლებას გამოიყენებს და აჯანყდება.

- შეიძლება ითქვას, რომ უგულავას სახით სააკაშვილს უკვე მოძებნილი ჰყავს შემცვლელი?

- მიხეილ სააკაშვილი არ არის ის კაცი, რომელიც ნებაყოფლობით გადასცემს ვინმეს ხელისუფლებას. მან კარგად იცის, რომ თუკი ხელისუფლებას სხვას გადასცემს, მას ხელისუფლების ლეგიტიმაციისათვის სააკაშვილის გასამართლება დასჭირდება. თუკი უგულავა ხელისუფლებაში მოვა, პირველი, რასაც გააკეთებს, ან სააკაშვილის გასამართლება იქნება, ან ისეთი ნაბიჯების გადადგმა, ხალხი რომ დარწმუნდეს, ერთ გუნდში არ არიანო.

- უგულავა მნიშვნელოვან პოლიტიკურ განცხადებებსაც აკეთებს: თუ რუსეთი საქართველოდან ჯარებს გაიყვანს, ნატოზე უარს ვიტყვითო (ეს განცხადება მოგვიანებით მერიამ უარყო).

- ამ კონცეფციის გამო ნოღაიდელი ლამის მოღალატედ შერაცხეს და ამ დრო მას გიგი უგულავა იმეორებს. უგულავას პოლიტიკურად მომგებიანი განცხადებები სჭირდება წინასაარჩევნოდ და აკეთებს კიდეც. მან იცის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის განწყობაც. ყველაზე გიჟ სააკაშვილისტებსაც კი არ სჯერათ, რომ ამ ხელისუფლების დროს მოხერხდება ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დაბრუნება. ამ საკითხებზე რუსეთის ხელისუფლებასთან ხალხის ლეგიტიმაციით აღჭურვილი ახალი ხელისუფლება ილაპარაკებს.