"ზოგს ისიც შურს, სუფრაზე შენს სადღეგრძელოს რომ დალევენ" - კვირის პალიტრა

"ზოგს ისიც შურს, სუფრაზე შენს სადღეგრძელოს რომ დალევენ"

"ცესკო ვერ დაელოდება, როდის მორიგდება ერთმანეთთან ოპოზიცია"

"განა რომელიმე პოლიტიკური ძალა ხელისუფლებაზე პოპულარულია?"

"თუკი რუსეთი თავის ჯარებს გაიყვანს აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან, სანაცვლოდ საქართველო უარს იტყვის ნატოში შესვლაზე", - ამ სკანდალური განცხადების ავტორად "ნიუსვიკმა" დედაქალაქის მერი გიგი უგულავა დაასახელა, მაგრამ ეს ინფორმაცია უარყო დედაქალაქის მერიამ - ინტერვიუ უამრავ უზუსტობას შეიცავს, თბილისის მერს დეოკუპაციის სანაცვლოდ ნატოსკენ სწრაფვაზე უარი არ უთქვამსო.

გიგი უგულავას განცხადება საზოგადოების ერთმა ნაწილმა ოფიციალური მოსკოვისთვის ე.წ. "უტკის" შეგდებად მონათლა. რას ფიქრობენ სახელისუფლებო გუნდის წევრები დედაქალაქის მერის განცხადებასა და გასული კვირის სხვა აქტუალურ საკითხებზე, პარლამენტის ვიცე-სპიკერ გიგი წერეთელთან ინტერვიუში შეიტყობთ:

- ბატონო გიგი, ოპოზიციამ ცესკოს ახალ თავმჯდომარეს კვალიფიკაცია დაუწუნა. რის მიხედვით შეარჩია პრეზიდენტმა  ზურაბ ხარატიშვილი?

- ოპოზიციის ერთი ნაწილი მუდმივად უკმაყოფილოა. ამით ამომრჩევლებზე ზემოქმედება სურს, - ნახეთ, რა უსამართლობა ხდება და ამის ინიციატორი ხელისუფლებააო. ამით საზოგადოების აყოლიება უნდათ. წინასწარმეტყველებებიც გახშირდა - ცენტრალური საარჩევნო კომისია არ ვარგა, არჩევნები უსამართლოდ ჩატარდება და გაზაფხულზე რაღაც მოხდებაო. არჩევნებში ყველა ვერ გაიმარჯვებს და ვინც იცის, რომ წააგებს, ამით თავის მარცხს უძებნის გამართლებას.

წელს ოპოზიციას მიეცა ის შანსი, რაც აქამდე არ ჰქონია. მას ჰქონდა საშუალება, აერჩია ცესკოს თავმჯდომარე, მაგრამ ეს შესაძლებლობა ვერ გამოიყენა. ოპოზიციამ ვერ გაბედა პასუხისმგებლობის აღება და იმის თქმა, დიახ, ცესკოს ამ შემადგენლობას ხმა მივეცით და პასუხსაც მოვთხოვთო. ეს ოპოზიციის შეუთანხმებლობასა და არაორგანიზებულობაზე მეტყველებს. ცესკო ვერ დაელოდება, როდის მორიგდება ერთმანეთთან ოპოზიცია. ხომ ვიცით, ცალკეული ოპოზიციური პარტია ერთმანეთს რა ბრალდებებსაც უყენებს? ჩვენი ამოცანაა, ობიექტური არჩევნები ჩატარდეს. ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ საზოგადოებას ამ არჩევნების მეტი ნდობა ჰქონოდა.

ჩვენ გვინდა, ამ არჩევნების შემდეგ ქვეყანამ უკეთ იცხოვროს, მაგრამ ზოგიერთი პოლიტიკოსი არჩევნების შემდეგ მოსალოდნელ არეულობასა და რევოლუციაზე ლაპარაკობს.

- ელიან, რომ ეს არჩევნები გაყალბდება.

- რად გვინდა გაყალბება? განა რომელიმე პოლიტიკური ძალა ხელისუფლებაზე პოპულარულია? წავიდნენ და იკითხონ რეგიონებსა და თბილისში. თბილისში ოპოზიციას მართლაც ჰქონდა უკეთესი პოზიცია, მაგრამ დღეს აღარა აქვს. ყველა გამოკითხვაში გიგი უგულავა იმარჯვებს. Eეს რეალობაა და ამას უნდა შეეგუოს ოპოზიცია.

- ნოღაიდელი ამბოხებაზე ლაპარაკობს.

- ნოღაიდელი რას ამბობს, არ მაინტერესებს.

- რატომ? ნოღაიდელი "დიდი კაცია", პუტინს ელაპარაკება.

- ნოღაიდელი უფრო დიდი კაცი ხელისუფლებაში ყოფნისას იყო. სამწუხაროა, რომ მისი ყველა ნაბიჯი რუსეთსა და კრემლის პოლიტიკას უკავშირდება.

- მაგრამ ნოღაიდელის მსგავსი  განწყობა ჩანს გიგი უგულავას ინტერვიუში, რომელიც ჟურნალ "ნიუსვიკს" მისცა.

- არ წამიკითხავს ეს ინტერვიუ. მოგეხსენებათ, ხშირია ინტერვიუების ინტერპრეტაცია და ამიტომ შეფასებას ვერ გავაკეთებ.

რუსეთსა და საქართველოს შორის მომავალში უსათუოდ განახლდება მოლაპარაკებები, რომელიც დროებით არის შეწყვეტილი. ოფიციალური მოსკოვი მოლაპარაკებების დროს ხშირად გვეკითხებოდა, ნატოში რატომ შედიხართო. რატომაც შევდივართ, 2008 წლის აგვისტოში გამოჩნდა. არა მგონია, საქართველოს უკეთესი არჩევანი ჰქონდეს, ვიდრე ევროპა და ნატოა. არ მჯერა, რომ რუსეთი რამდენიმე თვეში უსაფრთხო მეზობლად გარდაიქმნება. აგვისტოს ომმა დაგვანახვა, რომ რუსეთთან ენის მოჩლექა არ შეიძლება.  მას ერთადერთი მიზანი აქვს, საქართველოში ის ხელისუფლება და მმართველი იყოს, ვინც რუსულ პოლიტიკას გაატარებს, რომელიც ეტყვის, არც ევროპა მაინტერესებს და არც ამერიკა, რასაც მეტყვი, იმას გავაკეთებო.

- მაგრამ ოპოზიციის მტკიცებით, რუსეთთან ასე ლაპარაკით ზურაბ ნოღაიდელმა რუსეთ-საქართველოს შორის ავიარეისის დროებით აღდგენას მიაღწია.

- ვინ არის ოპოზიციაში იმდენად მიამიტი, რომ ეს დაიჯეროს? რუსეთი ახლა ნოღაიდელს კი არა, ნებისმიერ დაბალი რანგის პოლიტიკოსს შეხვდება იმის დასანახვებლად, საქართველოში არის ჩვენი მხარდამჭერი ხალხი, პრობლემას მხოლოდ საქართველოს ხელისუფლება ქმნისო. ჩემთვის მიუღებელია პუტინთან ხლება და მადლობის გადახდა. ხელისუფლებაში ბევრი ადამიანია, რომელთაც რუსეთთან მოლაპარაკებების ბევრად მეტი რესურსი აქვთ, მაგრამ იმის გამო, რომ რუსეთი საამისოდ არაფერს აკეთებს, არ იწყებენ დიალოგს.

- მაღალი რანგის შეხვედრა რომ მქონდა მოსკოვში, შეშურდათო, - თქვა ექსპრემიერმა.

- შური პოლიტიკაში ჩვეულებრივი ამბავია. ბევრს მაშინაც შეშურდებოდა, როდესაც ზურაბ ნოღაიდელი პრემიერ-მინისტრი გახდა. ზოგს ისიც შურს, სუფრაზე შენს სადღეგრძელოს რომ დალევენ. სამწუხაროდ, ისტორიულად ისე ხდებოდა, რომ საქართველოს ყველაზე მეტად ქართველები მტრობდნენ.