თამარაშენის ადგილას "სოლნეჩნაია" გაჩნდა... - კვირის პალიტრა

თამარაშენის ადგილას "სოლნეჩნაია" გაჩნდა...

"ექსპერტთა კლუბის" ექსპერტის, გოგი მაისურაძის განცხადებით, ცხინვალის რეგიონში ვაჰაბიზმი ძლიერდება, გამოდევნილი ქართველების მიწაზე კი ვაჰაბიტები და რუსი ჯარისკაცები სახლდებიან. გადამთიელები ცხინვალში მეჩეთის აშენებას მოითხოვენ, რაც ოსების გაღიზიანებას იწვევს. სეპარატისტულ რეგიონში უმცირესობაში დარჩენილი ოსები სხვა უამრავი საკითხის გამოც გამოთქვამენ უკმაყოფილებას. მაისურაძის განცხადებით, კოკოითის რეჟიმისადმი ოპოზიციურად განწყობილმა ძალებმა საპროტესტო მიტინგებიც გამართეს. თუმცა, სეპარატისტთა ლიდერის სადამსჯელო რაზმებმა სახალხო გამოსვლები დაარბიეს. ოსები კვლავაც კარვებში ან ღია ცის ქვეშ, დანგრეულ სახლებში ატარებენ კიდევ ერთ ზამთარს. ამასობაში მიწასთან გასწორებული ქართული სოფლის, თამარაშენის ტერიტორიაზე ახალი რუსული სამხედრო დასახლება "სოლნეჩნაია" გაჩნდა. 137 კოტეჯში რუსი სამხედრო ოფიცრების ოჯახები შეასახლეს. თუმცა, კოტეჯების ეს რაოდენობა ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც რუსი სამხედრო პირების დასაკმაყოფილებლად არის საჭირო. ამიტომაც კარვებში რჩებიან რუსებიც, სადაც ყინვისგან შექმნილ მძიმე პირობებს ართულებს რუსეთის ჯარში მძვინვარე ეკონომიკური პრობლემები და რუსული არმიისთვის ტრადიციული "დედოვშჩინა".

რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, არკადი ედელევის განცხადებით, საქართველოდან იზრდება საფრთხე, რომ დაინტერესებულმა სპეცსამსახურებმა რუსეთის ტერიტორიაზე ტერაქტები მოაწყონ. კერძოდ, ედელევი ამტკიცებს, რომ თურმე საქართველოში სამხედრო ბაზებზე უცხოელი ინსტრუქტორები ამზადებენ ტერორისტებს, რომელთაც ტერაქტები უნდა განახორციელონ ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკებში. გენერალ-პოლკოვნიკის აზრით, სავარაუდო ტერორისტული ჯგუფები საფრთხეს წარმოადგენენ ჩრდილოეთ ოსეთისთვის, ინგუშეთის, დაღესტნის, ჩეჩნეთის, ყაბარდო-ბალყარეთისა და ყარაჩაეთ-ჩერქეზეთისთვის(!).

"კვირის პალიტრა" ცხინვალის რეგიონსა და ჩრდილო კავკასიაში არსებული მდგომარეობის შესახებ გოგი მაისურაძეს ესაუბრა.

- ბატონო გოგი, ვინ ავრცელებს ცხინვალის რეგიონში ვაჰაბიზმს?

- მშენებლები, რომლებიც ჩრდილო კავკასიიდან ჩამოჰყავთ რუსებს. რუსეთი ცდილობს როგორმე მოიგოს იმ ხალხის გული, ვინც დაუსაქმებელია ან განაწყენებულია რუსეთის ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებებზე. სამშენებლო ბრიგადები ძირითადად შედგება ახალგაზრდა მამაკაცებისგან, რომელთა რელიგიურ მრწამსს რუსები არ ამოწმებენ. თუმცა, რუსული სპეცსამსახურები ალბათ ამაზეც უნდა ამახვილებდნენ ყურადღებას. ვინაიდან არ არის გამორიცხული, დაინტერესებულმა სპეცსამსახურმა სწორედ ამ სამშენებლო ბრიგადების მეშვეობით შემოიყვანონ ცხინვალის ტერიტორიაზე არა მხოლოდ ვაჰაბიტი ემისრები, არამედ ტერორიზმის ინსტრუქტორებიც. მდგომარეობას ართულებს ის ფაქტიც, რომ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი ოსური ოჯახების ქალიშვილები თხოვდებიან ვაჰაბიტებზე. სიძეები კი ადგილზევე ყიდულობენ მიწის ნაკვეთებს და იქვე სახლდებიან. ამაში ხელს უწყობთ ადგილობრივი ხელისუფლებაც.

- რა გამოდის, მალე უძველეს ქრისტიანულ მიწაზე მეჩეთებს ვიხილავთ?

- მეჩეთებთან დაკავშირებით უფრო მკაცრად დგას საკითხი. ოსები ეწინააღმდეგებიან ვაჰაბიტების ამ სურვილს. თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ სწორედ რუსების ზეწოლით ეს საკითხი ვაჰაბიტებისთვის დადებითად გადაწყდეს. ვიმეორებ, რუსეთი ჩრდილოკავკასიელების გულის მოგებას ცდილობს და ამ პროცესში შესაძლოა თავის დასაკლავი დანაც გამოთხარონ.

- რუსები ახალგორის რაიონის სოფლებში ქართულ სკოლებს ძარცვავენ და შენობებს შლიანო...

- ხსნიან და ძარცვავენ ყველაფერს, რათა გათავისუფლებულ ადგილებზე ბაზები ააშენონ. სანაკოევის ადმინისტრაციის დროს დიდი ყურადღება ეთმობოდა რეგიონში ინფრასტრუქტურის განვითარებას, ამის გამო უძვირფასესი ტექნიკა და საყოფაცხოვრებო ნივთები ჩაიტანეს თბილისიდან. ამჯერად ეს ყველაფერი დაიტაცეს კერძო პირებმა და საჯარისო შენაერთებმა. გაძარცული სკოლების შენობებს რუსი ოფიცრების ოჯახების საცხოვრებლადაც იყენებენ. ახალგორი ახლა ყველაზე მილიტარიზებული რაიონია, აქ თავმოყრილია დიდი რაოდენობით ცოცხალი სამხედრო ძალაც, რომლებსაც მძიმე პირობებში უწევთ ცხოვრება. ამიტომაც არ გამოვრიცხავ, რომ წელს უფრო მეტი ჯარისკაცი გამოექცეს რუსულ უმძიმეს სამხედრო რეჟიმს. ჯარს საკვებიც კი არა აქვს. ამ ეტაპზე რეგიონში მობილიზებულია 3500-მდე სამხედრო პირი. ოპერატიული ვითარებიდან გამომდინარე, შესაძლოა მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდოს.

ამასთან, სამხედრო დასახლებების შექმნას აქვს სხვა სტრატეგიული დანიშნულებაც. ტრადიციულად, რუსეთი სადაც კი შევიდოდა, პირველ რიგში დიდ ყურადღებას აქცევდა სამხედრო დასახლებების შექმნას, რათა იქ განეთავსებინა მისთვის ყველაზე საიმედო კონტინგენტი, რომ მერე მყარად მოეკიდა ფეხი.

- ჯერ კიდევ ორი თვის წინ აცხადებდით, რომ ცხინვალის რეგიონში გამალებული შეიარაღება იმის ნიშანია, რომ რუსეთი ახალი ომისთვის ემზადებაო. დღეს როგორ ფიქრობთ, რუსეთი იმავეს განაგრძობს?

-  რუსეთის მიზანი კვლავ საქართველოს პროვოკაციაზე წამოგება და ომში ჩათრევაა. თუმცა, ზამთარში ეს არ მოხდება. სიტუაციის გამწვავება გაზაფხულიდან არის მოსალოდნელი. თრუსოსთან დაკავშირებითაც შესაძლოა ამ დროისთვის უფრო დაიძაბოს მდგომარეობა. გასული საუკუნის 90-იან წლებში თრუსოს ხეობიდან გაქცეული ოსები (ისინი არავის  გაუგდია, თვითონ წავიდნენ) ვლადიკავკაზში გაერთიანდნენ ორგანიზაცია "დარიალში", რომელიც აცხადებს, რომ ყაზბეგი თურმე ოდესღაც ეკუთვნოდა ოსებს, რის გამოც ეს რაიონი უნდა შეუერთდეს ცხინვალის რეგიონს.  სანამ საქართველოდან ძალდაუტანებლად გაქცეული ოსები აბსურდულ მოთხოვნებს აყენებენ, ცხინვალის რეგიონი ოსებისგან ცარიელდება. ეს ხალხი არ მოელოდა, რომ ზამთრის გატარება კვლავ მძიმე პირობებში მოუწევდათ და გადარჩენის მიზნით რეგიონიდან გარბიან. გარბიან ყველგან - ვლადიკავკაზში, სტავროპოლში, კრასნოდარისა და ხაბაროვსკის მხარეში, სადაც მათ ლტოლვილის სტატუსს აძლევენ და მატერიალურადაც ეხმარებიან. ქართული მიწა კი გადამთიელებს რჩებათ.

P.S. "ექსპერტთა კლუბის" განცხადებით, რუსეთს არ სცალია რეგიონის ოსი მოსახლეობის მისახედად, რადგან ახლა უფრო მნიშვნელოვანი მიზნები აქვს განსახორციელებელი. მალე დაიწყება როკის გვირაბის რეკონსტრუქცია. ჩრდილო ოსეთის მთავრობის ხელმძღვანელის, ვლადიმირ ივანოვის განცხადებით,  სარეკონსტრუქციო სამუშაოები სამ წელს გაგრძელდება, რომლის დროსაც გვირაბის ოთხკილომეტრიან მონაკვეთზე მთლიანად დაიგება ახალი გზის საფარი, გამოიცვლება სავენტილაციო სისტემა და ელექტროაღჭურვილობა.

ამასთან, რუსეთის ფედერალური საგზაო სააგენტო "როსავტოდორი" აცხადებს, რომ 2011 წლიდან დაიწყება რუსეთ-სამხრეთ ოსეთის დამაკავშირებელი გზის სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომლის დროსაც კაპიტალურად შეკეთდება ყველა ზვავსაშიში უბანი, დამატებით გაიჭრება ორი ახალი გვირაბი. ამასთან, რუსეთი რეგიონში განსაკუთრებით აძლიერებს სასაზღვრო ჯარების კონტინგენტს, რომლის მთავარი სამმართველო უშუალოდ ცხინვალში იქნება განლაგებული. რეგიონის ყოველ რაიონში თითო განყოფილება, ხოლო დასახლებულ პუნქტებში 15 ქვეგანყოფილება განთავსდება. რუსი მესაზღვრეებისთვის დაგეგმილია 20-მდე სამხედრო ქალაქის მშენებლობა შესაბამისი ინფრასტრუქტურით(!).

დაგეგმილია ე.წ. ვერტოდრომების მშენებლობა, რომლებსაც ექნებათ საშუალება ერთდროულად მიიღონ 2-3 ვერტმფრენი. საერთო ჯამში იგეგმება 9-დან 12-მდე ასეთი ვერტოდრომის მშენებლობა. აქედან 4-ის მშენებლობა თითქმის დასრულებულია. ამ მხრივ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ახალგორის რაიონს. სწორედ ამ მიმართულებაზეა კონცენტრირებული რუსი ოკუპანტების სამომავლო სამხედრო გეგმები. ამასთან, კონფლიქტის ზონაში აქტიურად მიმდინარეობს საველე-სამედიცინო ინფრასტრუქტურის მოწყობა. საამისოდ რეგიონში ჰუმანიტარული აქციების საფარქვეშ ხშირად ჩადიან რუს სამხედრო ექიმთა ჯგუფები, რომელთაც საველე პირობებში, განსაკუთრებით ჩრდილოეთ კავკასიაში მუშაობის გამოცდილება აქვთ. შექმნილი სურათიდან გამომდინარე, მხოლოდ ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება, - რუსეთი ცხინვალის რეგიონის დატოვებას უახლოეს მომავალში არ გეგმავს, რაც მოსალოდნელი პროვოკაციების საფრთხეს კიდევ უფრო ამწვავებს.